FM97.5 / LIVE

ცენტრალიზებული თვითმმართველობა

მთავარიპოლიტიკა 14.06.2012
თვითმმართველობის ინსტიტუტზე, საქართველოში მის ფუნქციონირებასა და ადგილობრივი ხელისუფლების თავისებურებებზე “სამხრეთის კარიბჭე” სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარეს კონსტანტინე კანდელაკს ესაუბრა

- როგორი უნდა იყოს თვითმმართველობის ინსტიტუტი საერთაშორისო სტანდარტებით და რამდენად შეესაბამება ამ სტანდარტებს თვითმმართველობა საქართველოში?

ჩემი აზრით, ჩვენთან, საქართველოში ინსტიტუტიც და კანონიც ფიზიკურად არსებობს, თუმცა, სამწუხაროდ თვითმმართველობის არსთან მას საერთო არაფერი აქვს.

თვითმმართველობა, პირობითად რომ ვთქვათ, ხელისუფლების დანაწილებაა. კანონის მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურს არ ემორჩილება და საკუთარი კომპეტენცია აქვს. ამ კომპეტენციის ფარგლებში, ყველა საკითხს დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებით წყვეტს. თავად სიტყვა – თვითმმართველობა ცენტრალიზებულობას არ უნდა აღნიშნავდეს, ჩვენთან კი პირიქითაა. საქართველოში არა მხოლოდ თვითმმართველობაა ცენტრალიზებული, არამედ ხელისუფლებაც მთლიანობაში ცენტრალიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონი და კანონი თვითმმართველობას ყველა საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებას აძლევს.

- რა არის პრობლემა?

მიზეზი ისაა, რომ ყველაფერი ინერციით მიდის, ჩვეულებისა და მენტალიტეტის მიხედვით, ყველა ზემოთ იყურება. ამიტომ თავად ცენტრალურ ხელისუფლებას არ უნდა ძალაუფლების ხელიდან გაშვება და ამბობს, რომ თუ თვითმმართველობას მეტ დამოუკიდებლობას მივცემთ, კორუფცია გაჩნდება და არაფერს გააკეთებენ.

- არის თუ არა კორუფცია თვითმმართველობის ორგანოებში და იცის თუ არა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყველაფრის შესახებ, რაც ადგილზე ხდება?

მათ ყველაფერი იციან, რადგან ფაქტობრივად საქართველოს მთელი თვითმმართველობა ისევ და ისევ სამინისტროებს ემორჩილება. ეს დაუწერელი, არაფორმალური ურთიერთობაა. თუ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და მათ ნორმატიულ აქტებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ისინი ერთმანეთს ტყუპებივით გავს. ეს ნიშნავს, რომ ვიღაც სადღაც რაღაცას წერს და შემდეგ პრაქტიკაში ყველა ამ დაწერილს იყენებს. ასევეა სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები – ფაქტობრივად ყველას ერთი და იმავე პრიორიტეტი აქვს. თვითმმართველობის არსი კი ისაა, რომ მაგალითად, რაც პრიორიტეტულია ახალქალაქში, ბათუმში ან სხვა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი არ არის.

- განსხვავდება თუ არა თვითმმართველობის ორგანოები ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებსა და სხვა მხარეებს შორის?

მუნიციპალიტეტების საქმიანობა ძალიან გავს ერთმანეთს. უბრალოდ, სხვაობა ისაა, რომ ახალქალაქში დაახლოებით ექვსი მილიონი ლარია ბიუჯეტი, სხვაგან შეიძლება სამი მილიონი ლარი იყოს. ბიუჯეტის მუნიციპალიტეტის თანხა დამოკიდებულია ამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობაზე და ზოგიერთ სხვა ნიუანსზე. და მაინც, დღეს სერიოზული ბიუჯეტი მხოლოდ დიდ, დამოუკიდებელ ქალაქებს აქვს. დანარჩენი მუნიციპალიტეტები, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე მდგომარეობაში არიან.

- ბიუჯეტის დიდი ნაწილი საკანონმდებლო (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა) ორგანოების შენახვაზე იხარჯება...

ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ჯერ ფინანსთა სამინისტროს გაივლის. თანხმობასაც სწორედ ის იძლევა. ფინანსთა სამინისტროს თანხმობის გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობა ერთ ნაბიჯსაც არ დგამს. საქართველოს მთავარი დამსაქმებელი თავად საკრებულო და გამგეობაა. თითოეულ მუნიციპალიტეტში ამ ორგანოებში, საშუალოდ, 300-400 ადამიანი მუშაობს. ამიტომაც საკუთარი სამსახურებისა და თანამშრომლების შესანახად საჭირო ადმინისტრაციული სახსრები საკმაოდ მნიშვნელოვან თანხას აღწევს. წელს არჩევნების წელია და მომავალ წელსაც იგივე გველის. ამიტომ თუ თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოებიდან თანამშრომლებს გაუშვებენ, უმუშევრობა 50%-ით გაიზრდება და მეტი უკმაყოფილო იქნება.

- თუ როგორც თქვენ ამბობთ, თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოები დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ და ამავე დროს, მათზე ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი იხარჯება, ხომ არ იქნება უკეთესი საკრებულოსა და გამგეობის გაუქმება და საბიუჯეტო თანხების პირდაპირ მოსახლეობისთვის ხარჯვა?

ერთხელ დავსვი ეს საკითხი, თუ ჩვენი თვითმმართველობა პრაქტიკულად ცენტრალიზებულია, რაში გვიჭირდება საკრებულო, თუ მას პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა არ შეუძლია? მაგრამ ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ და თვითმმართველობის გარეშე გამოგვაძევებენ. ჩვენს რეგიონში ყველგან ასეა, სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც არსებითად იგივე მდგომარეობაა. ფორმალურად თვითმმართველობა გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ის მეტ დამოუკიდებლობას შეიძენს.

- თუ თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოებისა და მათი მუშაობის შესახებ ინფორმაციის შეკრება გახდება საჭირო, რამდენად ღიაა ინფორმაცია ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში?

ახალქალაქში სიტუაცია გაცილებით უკეთესია. ნინოწმინდა ამ თვალსაზრისით არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. მათ (ნინოწმინდის თვითმმართველობას) უნდა, რომ ყველა ნაბიჯი ცენტრთან იყოს შეთანხმებული. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიც რომ სთხოვო, უარს გეტყვიან, არადა ეს ინფორმაცია იუსიტიციის სამინისტროს ვებ გვერდზე დევს. ეს უბრალოდ აბსურდული და გაუგებარია.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ირაკლი მელაშვილი: თვითმმართველობებში კადრები კონკურსის წესით შეირჩევა
სოფლებში საზოგადოებრივი თვითმმართველობის შექმნა იგეგმება
თვითმმართველობა და ხალხი – ახალციხეში კვლევის შედეგებს გაეცნენ
ძლიერი თვითმმართველობა – ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები
როგორ აპირებენ ადიგენის მერობის კანდიდატები თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართვას
მომავლის თვითმმართველობა
რა იცვლება ადგილობრივ თვითმმართველობაში