FM97.5 / LIVE

‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.10.2019
აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში რეორგანიზაცია დაიწყო. საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების პირობებში, დაწესებულებას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. მეცნიერ-თანამშრომლები ამბობენ, რომ ობსერვატორიის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას ათი წლის განმავლობაში ითხოვდნენ.

‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

მთავრობის დადგენილების მიხედვით, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია დამოუკიდებელი ერთეულის სტატუსს 24 ნოემბრიდან მიიღებს. მანამდე კი დაწესებულებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.

მეცნიერ-მკვლევარი ოთარ კვარაცხელია, რომელიც ობსერვატორიაში რამდენიმე ათეული წელია მუშაობს, ამბობს, რომ 2007 წელს, როცა ობსერვატორია ილიას უნივერსიტეტს შეუერთდა, თანამშრომლებისთვის არაფერი უკითხავთ. მას შემდეგ, დამოუკიდებელ კვლევით ერთეულად ჩამოყალიბების მოთხოვნით მეცნიერ-მკვლევარები სამთავრობო უწყებებს პერიოდულად აკითხავდნენ.

„ფინანსები, რომლებიც ობსერვატორიიდან შემოდიოდა, არ იყო ხელმისაწვდომი ჩვენთვის. დირექტორებს ყოველ წელს ცვლიდნენ და ჩვენ არაფერს გვეკითხებოდნენ. ამიტომ 2010-2011 წლებში პარლამენტის კომიტეტში შევიტანეთ განცხადება სსიპ-ად ჩამოყალიბების შესახებ. ამას გავლენა ჰქონდა ჩვენს მდგომარეობაზე. ხუთი მაგიდა დგას პატარა ოთახში, იქ მეცნიერული მუშობა შეიძლება?! ერთი მაგიდა ორ ან სამ კაცს რომ ჰქონდეს შეიძლება?!“, - ამბობს კვარაცხელია.

მისივე თქმით, ობსერვატორიას საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად განკარგვა არ შეეძლო - „ათი წელია ამას მოვითხოვთ და ღმერთმა შეგვისმინა ახლა. უკვე შეგვეძლება შემოსავლები ჩვენვე გამოვიყენოთ. ჩვენ რომ გვინდა საპონი ვიყიდოთ, უნდა შევეკითხოთ ილიას უნივერსიტეტის რექტორს. არ გვაქვს ბეჭედი და ბლანკი“.

კიდევ ერთი მეცნიერ-მკვლევარი, თეიმურაზ კვერნაძე ამბობს, რომ 2007 წლამდე ობსერვატორიას ეროვნული სტატუსი ჰქონდა და ყურადღებაც მთავრობისგან სათანადოდ ექცეოდა: „ეროვნული სტატუსის გაუქმების შემდეგ, აბასთუმნის ობსერვატორია გადაიქცა საუნივერსიტეტოდ. ჩვენ ავიღეთ ეროვნული საგანძური, დავუწიეთ სტატუსი და მივეცით ერთ-ერთ უნივერსიტეტს. მან თავის სასარგებლოდ გამოიყენა ეს ყველაფერი. პროფესორებმა შეადგინეს პროგრამები და დაიწყეს სწავლება. ახლა მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ მისი სტატუსის შეცვლა და ეროვნულობის მინიჭება რაღაცით დააზიანებს სწავლების პროცესს, მე მიკვირს ასეთი მოსაზრებების“, - ამბობს კვერნაძე.

იმას, რომ ობსერვატორიის დამოუკიდებლობა სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის, დაწესებულების ამჟამინდელი დირექტორი, მაია თოდუაც ადასტურებს: „ფორმდება მემორანდუმი უნივერსიტეტებთან და სასწავლო პროგრამები გაგრძელდება ისევ ისე, როგორც ახლაა. რა თქმა უნდა, ყველა უნივერსიტეტს ექნება კონტაქტი ობსერვატორიასთან, ისევ“.

‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოგვარებასაც ობსერვატორიის თანამშრომლებს სსიპ-ად ჩამოყალიბების პრობებში მოაგვარებენ, სამეცნიერო ინფრასტრუქტურაა. მეცნიერ-მუშაკები ამბობენ, რომ 2011 წელს ობსერვატორიის ყველაზე დიდი ტელესკოპი AZT 11 მწყობრიდან გამოვიდა და დღემდე უნივერსიტეტმა მის შესაკეთებლად ფინანსები ვერ მოიძია.

„რეაბილიტაციას 200 000 ევრო სჭირდებოდა, მაგრამ რვა წლის განმავლობაში არ მოიძებნა ეს თანხა. ალბათ ვიღაცამ დააკლო მცდელობა და ბოლომდე არ მიჰყვა პროცესს. ამის გამო, ბევრი სამუშაო დაზარალდა“, - ამბობს თეიმურაზ კვერნაძე.

ოთარ კვარაცხელია მიიჩნევს, რომ 125 სანტიმეტრიანი დიამეტრის მქონდე ტელესკოპის შეკეთება ადმინისტრაციას იმ თანხითაც შეეძლო, რომელსაც ობსერვატორიასთან არსებული სასტუმროების შემოსავლებიდან იღებს.

„ჩვენ „NASA“-ს პროგრამაში ვმუშაობთ და გვეუბნებიან, რომ დაფინანსებას იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ ერთ მეტრზე დიდი ზომის ტელესკოპით მოგვცემთ ინფორმაციასო. ეს ტელესკოპი რომ მუშაობდეს, მაშინ ჩვენ დიდი შესაძლებლობები გვექნებოდა. როდის გაჩერდება ეს ერთი მოქმედი ტელესკოპი არავინ იცის. როცა ჩვენ ვიქნებით დამოუკიდებლები მაშინ იმ სასტუმროს ფულს, რომელიც ორ თვეში 200 000 ლარამდე შემოდის, ტელესკოპისთვის გამოვიყენებთ“.

ობსერვატორიის დირექტორი, მაია თოდუა ირწმუნება, რომ შემოსავლები, რომლებიც დაწესებულებას აქვს ტელესკოპის რეაბილიტაციისთვის საკმარისი არ არის: „230 000 დაგვიფასეს AZT 11 – ის ელექტრონული ნაწილის რეაბილიტაცია. ნამდვილად არ აქვს სასტუმროებს ასეთი მოგება“.
გასულ რვა წელში ვერ მოხერხდა, თუმცა თოდუა ამბობს, რომ ამ ეტაპზე „მუნიციპალური განვითარების ფონდთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც, ტელესკოპის შესაძლოა 2020 წლისთვის შეკეთდეს: „თითქოს არის დადებითი პასუხი მათი მხრიდან და არის მზაობა რომ გააკეთონ ტელესკოპი“.

სსიპ-ად ჩამოყალიბების პირობებში სამომავლო გეგმები აქვთ მეცნიერ-მკვლევარებსაც. ჯერ დაფინანსების წყაროზე ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ტექნიკური განვითარების თვალსაზრისით, კონკრეტული გეგმა უკვე არსებობს: „მოვამზადეთ კონცეფცია ობსერვატორიის განვითრების, რომელიც საკმაოდ დიდ თანხას მოიცავს. მასში შევა გადაიარაღება, არსებულის რეაბილიტაცია და რამდენიმე ახალი ტელესკოპების დადგმა. იმედი გავქვს, რომ დაფინანსებაში მთავრობაც მიიღებს მონაწილეობას და ასევე გამოჩნდებან კერძო ინვესტორები. შემდეგ კი შეიძლება ტელესკოპს დაერქვას ამ მეცენატის სახელი, ასე რომ ტელესკოპის ახალ სახელსაც გაიგებთ“.

ამ ეტაპზე აბასთუმნის ობსერვატორიაში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა იგი ტექნიკურ გადაიარაღებას არ ეხება. მეცნიერ-მუშაკები ამბობენ, რომ მათთან შეთანხმების გარეშე დაწყებულმა პროექტმა შესძლოა მუშაობაში ხელი შეუშალოთ: „AZT 11 ტელესკოპი, რომელიც ობსერვატორიასა და საქართველოში ყველაზე დიდია, არ აინტერესებთ, მისი შენობის რემონტი მიმდინარეობს გარედან, ფასადურად, თუმცა შიგნით არავინ შესულა. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ტურისტებისთვის არის გათვლილი. ობსერვატორიის ცენტრში, ეზოში ტელესკოპების სამი გუმბათის შუაში განათების ბოძები დაგვიდგეს, ის რომ გაანათებს მერე იქ რა დაკვირვება უნდა ჩაატარო?!“- კითხულობს კვარაცხელია.

განათების მოძების შესახებ ცნობილია ობსერვატორიის დირექტორისთვისაც: „ჩვენ მოვუვლით განათების ბოძებს, ისე, რომ მათ დაკვირვების პროცესს ხელი არ შეუშალოს. მაგალითად, ზემოდან დავუმატებთ რამეს ან ღამე გამოვრთავთ“, - ამბობს თოდუა.

24 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც აბასთუმნის ობსერვატორია სსიპ-ად ჩამოყალიბდება, დაწესებულებაში ახალი ხელმძღვანელი დაინიშნება და წესდება დამტკიცდება.

ამჟამად ობსერვატორიაში სულ 125 თანამშრომელი მუშაობს, მათგან დაახლოებით 15 ადამიანი აბასთუმანში, დანარჩენები კი თბილისში.

რეორგანიზაციის შემდეგ, ისინი კვლავ საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან: „იმ ბრძანების მიხედვით, რომელიც გამოიცა, არანაირი გათავისუფლება არ მოხდება და ყველაფერი ავტომატურად გადადის. ყველა რჩება თავის ადგილზე“, - აცხადებს თოდუა.

მისივე თქმით, ობსერვატორიაში ხელმძღვანელი „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით აირჩევა. რომელიც ჯერ სამეცნიერო საბჭოს არჩევას გულისხმობს, შემდეგ კი დირექტორის.

„მიხეილ სააკაშვილის დროს მიღებული კანონის მიხედვით, დირექტორი უნდა იყოს 65 წლამდე ასაკის პირი. აქ კი ყველა მეცნიერ-მკვლევარი დიდი ასაკისაა. ასე რომ ესეც რთული მომენტი იქნება“, - ამბობს ოთარ კვარაცხელია.

‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

[თაკო ფექირიშვილი, ადიგენი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: ცვლილებები აბასთუმნის ობსერვატორიაში [ვიდეო]
ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორია ჩამოერთმევა და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება
აბსთუმნის ობსერვატორიის ფინანსური პრობლემები
აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია ხუთი თვის დაგვიანებით დასრულდება
აბასთუმნის ობსერვატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
სამინისტროში დიდი ტელესკოპისთვის თანხის გამოყოფაზე არ უმსჯელიათ
როგორი იქნება აბასთუმნის ობსერვატორია რეაბილიტაციის შემდეგ [Photo]