FM97.5 / LIVE

აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.10.2019
აბასთუმანში „არაზინდოს“ დასახლებაში შიშობენ, რომ საკუთარი ბინების დაცლა მოუწევთ. მათი თქმით, დაბაში საუბრობენ, რომ ტერიტორიის შესყიდვა, სადაც ორი კორპუსი და ერთი ძველი სანატორიუმის შენობა დგას, კერძო პირს სურს.

აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

დარეჯან ზაზაშვილი „არაზინდოს“ დასახლებაში, ხუთსართულიან კორპუსში უკვე 50 წელია ცხოვრობს. ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, ხშირად ეკითხებიან, როდის უნდა დატოვოს ეს დასახლება: „ობსერვატორიის გადასახვევთან ერთი კაცი შემხვდა და მითხრა, ქალბატონო არაზინდოდან გასახლებენო? უკვე არის ლაპარაკი ამის შესახებ. აქედან ვინმემ რომ გადაგვიყვანოს ინფარქტს მივიღებ. ჩვენ არავინ არაფერს გვეუბნება ვისთვის და რისთვის უნდათ. აქ ვცხოვრობთ ამდენი წელია და არ გვინდა არსად წასვლა“, - ამბობს დარეჯანი.

იგივეს ფიქრობენ მისი მეზობლებიც. მათი თქმით, „არაზინდოთი“ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც დასახლებაში ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა: „აქ იყო მოსული და შეგვხვდა. გვითხრა, სამ წელიწადში აქაურობას ზღაპრულს გავხდიო, მაგის მერე დაიწყო ეს ყველაფერი“, - ამბობს ჟენია ხაჩატურიანი.

ამავე კორპუსში მცხოვრები ანდრო დავითიანი იხსენებს, რომ ივანიშვილს ხალხის განწყობის შესახებ უთხრა კიდეც: „მე ვუთხარი, რომ აქედან არავინ არსად წავა. აქ დაბადებულები ვართ და აქ ვიქნებით ცხოვრების ბოლომდე“.

ვინ არის დაინტერესებული „არაზინდოს“ დასახლებით, მცხოვრებლები ვერ აკონკრეტებენ. მათი თქმით, სავარაუდოდ, ტერიტორიის შემსყიდველი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძეა.

„აქ სანატორიუმის შენობაში აკეთებენ რაღაცას. ზოგი ამბობს კაზინო უნდა გახსნანო, მაგისთვის დასჭირდებათ ეს ტერიტორიაც. რაც უნდა გააკეთონ, მაგრამ ჩვენ ნუ გაგვიყვანენ. ხალხს სხვა რამეში დაეხმარონ გასახლებაში კი არა“.

არაზინდოს დასახლებაში არსებულ ერთ კორპუსში ახლა მხოლოდ შვიდი ოჯახი ცხოვრობს. სხვა ბინების მეპატროეები დაბაში მხოლოდ ზაფხულში ჩამოდიან.

„მე ბათუმიდან ვარ. უკვე 20 წელია აქ ვცხოვრობ. ამაზე სუფთა ჰაერი არსად არის. ახლა გვეუბნებიან სოფელ აბასთუმანში უნდა გაგასახლონო. იქ რა გვინდა, სხვაგან ცხოვრება რომ მინდოდეს, ბათუმში ვიცხოვრებდი, ბინა მაქვს“, - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.

გასახლების წინააღმდეგია ნარგიზა დავითიანიც: „გავიგეთ გასახლებაზე, მაგრამ არ მინდა დაჯერება. არ მივდივართ აქედან, ამდენი წელია ვიშრომეთ და ახლა აქედან უნდა წავიდეთ?! არც ფული მინდა მაგათი და არც არაფერი. აქედან არსად წავალ!“.

დასახლების მეორე კორპუსი პირველისგან 50 მეტრში, სანატორიუმ „არაზინდოს“ გვერდით მდებარეობს. შენობაში მუდმივი მცხოვრები სამი ოჯახია. გასახლების შესახებ ისინიც საუბრობენ. ამბობენ, რომ ამის შესახებ მათთან საკრებულოს დეპუტატმა ისაუბრა: „მე და ჩემი და ერთად ვცხოვრობთ აქ. გავიგეთ, ამ დასახლებიდან უნდა გაგიყვანონო. ჩემი და შეხვდა აბასთუმნის დეპუტატს და იმან უთხრა უნდა გაგიყვანოთო. ისეთ ადგილს ნუ გადაგვიყვანენ, რომ სასამხურს მოვწყდე. აქედან თუ წავედი სამსახურში როგორ უნდა ვიარო, არ ვიცი, - ამბობს ელისო ენდელაძე.

აბასთუმნის დეპუტატი გენადი ბოლქვაძე ამბობს, რომ მას მოსახლეობასთან ამის შესახებ არ უსაუბრია: „არაფერი გამიგია. მე ყოველ დღე ავდივარ, ხან გაზი ეთიშებათ მირეკავენ, ხან შუქი უქრებათ და მირეკავენ. გზას აკეთებენ და ხშირად დავდივარ მსგავსი ლაპარაკი არ გვქონია“.

კითხვაზე იყო თუ არა ზოგადად, საუბარი „არაზინდოს“ დასახლებიდან ხალხის გამოყვანაზე, დეპუტატი გვპასუხობს: „ჯერ-ჯერობით არა“.

აბასთუმანში, კონკრეტულად „არაზინდოს“ დასახლებაში ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის აგვისტოში იმყოფებოდა. იგი აქ ადგილობრივებსაც შეხვდა. მისი ვიზიტის შემდეგ, დასახლებაში კანალიზაციისა და წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო. ამ დროისათვის კი, დასახლებამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება.

დაინტერესებულია თუ არა „არაზინდოს“ დასახლებით კახა კალაძე ან ბიძინა ივანიშვილი „სამხრეთის კარიბჭემ“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებთან გადაამოწმა.

„სრული სიცრუეა, მსგავსი არაფერი გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა კახა კალაძის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოთხოვნით კითხვა ელექტრონულად გავაგზავნეთ და რედაქცია პასუხს ელოდება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, „არაზინდოს“ დასახლებაში, პირველ კორპუსთან 2 387.28 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა და მეორე კორპუსთან 11 434 კვ. მეტრის დასარეგისტრირებლად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ რეესტრს 2018 წლის 30 ნოემბერს მიმართა. სარეგისტრაციო წარმოება იმავე წლის ოთხ დეკემბერს დასრულდა. რის შედეგადაც, ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაში შევიდა.

ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სანატორიუმ „არაზინდოში“. შენობა 7 328 კვ. მეტრია. მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი შპს სითი ლოფტია.

საინფორმაციო სააგენტო at.ge- ის ინფორმაციით, ამ შენობაში „აჭარა ჯგუფი“ 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს და სასტუმრო „რუმს ბათუმს“ გახსნის.

აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’
ყოფილი სანატორიუმის შენობა

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
ვისთვის შენდება აბასთუმანში სამსართულიანი კორპუსი
აბასთუმანში კანალიზაციის სისტემა და გამწმენდი ნაგებობა აშენდება
აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს  აშენებს
ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში სახლს იშენებს
აბასთუმანში  მიმდინარე პროექტები [Video]
ახალციხეში, მარდის დასახლებაში მცხოვრებლები ‘ოცნების’ მხარდამჭერებს ზეწოლაში ადანაშაულებენ