FM97.5 / LIVE

ასოციაცია – 'გრინვეი' ცდილობს ბინძური თამაშის წესები შემოიტანოს ბიზნესში

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.10.2019
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია“ და ავტოინსპექტირების ცენტრი შპს „მესხეთი“, „გრინვეის“ ტექდათვალიერების მოძრავი ცენტრის ახალციხეში გადმოტანას აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანია არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციებს და მოძრავ ცენტრს მაღალმთიანი დასახლების ნაცვლად ახალციხეში ანთავსებს.

ასოციაცია – 'გრინვეი' ცდილობს ბინძური თამაშის წესები შემოიტანოს ბიზნესში

ამ დროისთვის ახალციხეში ტექდათვალიერების ორი ცენტრი მოქმედებს. შპს „მესხეთი“ მეორე კი „გრინვეის“ მობილური ჯგუფი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ასპინძიდან კვლავ ახალციხეში გადმოინაცვლა. „გრინვეის“ მობილური ჯგუფი პერიოდულად სამ ლოკაციაზე გადაადგილდება. ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში.

ააიპ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია“ პრეზიდენტი დავით მესხიშვილის თქმით, „გრინვეის“ საქმიანობა წინააღმდეგობაში მოდის ეკონომიკის სამინისტროს დაპირებასთან.

„გრინვეის“ მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის მარტივად ხელმისაწვდომი უნდა გაეხადა სერვისი. ეკონომიკის სამინისტროს დაპირება იყო, რომ მოსახლეობა ყველგან მიიღებდა აღნიშნულ სერვისს და გრინვეის უნდა უზრუნველყო ეს. ახლა კი, სამწუხაროდ ვხედავთ სხვა სურათს. ეს ყველაფერი კი რამდენიმე ცუდ შედეგს გვაძლევს. პირველი ის რომ მთიანი რეგიონი პერიოდულად მომსახურების გარეშე რჩება და იქ მცხოვრებლებს უხდებათ ცენტრში ჩასვლა ინსპექტირებისთვის, მეორეს მხრივ ცდილობს ბინძური თამაშის წესები შემოიტანოს ამ ბიზნესში, ვინაიდან აშკარად იკვეთება მცდელობა „ჩაძიროს“ ადგილზე მოქმედი ცენტრები“, - ამბობს დავით მესხიშვილი.

მესხიშვილს ეთანხმება შპს „მესხეთის“ მენეჯერი საშა ზედგინიძეც: „გრინვეის“ ახალციხეში განთავსება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს ინტერესია და ხალხს გვართმევს. ადრე თუ დღეში 40 მანქანას ვატარებდი, ახლა იმის ნახევარიც აღარ მოდის. „გრინვეის“ აკრედიტაციაში უწერია რომ ასპინძას და ადიგენს უნდა მოემსახურონ. ადიგენის და ასპინძის მანქანებს კი, იმის გამო რომ მათი მობილური ჯგუფი არ ასრულებს აკრედიტაციის რეკომენდაციებს, ახალციხეში უწევთ ჩამოსვლა“.

„გრინვეიში“ განმარტავენ რომ კომპანიას ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული აქვს და რაიმე დარღვევას ადგილი არ აქვს. მობილური ჯგუფები კი მოსახლეობის მოთხოვნის მიხედვით, პერიოდულად იცვლიან ლოკაციას.

„ჩვენი მობილური სადგურები უნივერსალურია, რაც გულისხმობს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარების შესაძლებლობას. ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა არსებობდეს ადგილობრივი, სტაციონარული ტექინსპექტირების ცენტრი, თუმცა ეს ცენტრი ვერ უზრუნველყოფდეს ყველა კატეგორიის ავტოსატრასპორტო საშუალებისთვის ტექნიკური ინსპექტირების ჩატარებას", – განმარტავს „გრინვეის“ წარმომადგენელი ხატია ყურაშვილი და ამატებს, რომ „ამის ნათელი მაგალითია ახალციხეში მდებარე სტაციონარული სერვისცენტრი, რომელიც ვერ ატარებს სატვირთო ავტომობილების მისაბმელებს. სწორედ ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, „გრინვეის“ მობილური ხაზი ამჟამად განთავსებულია ახალციხის მუნიციპალიტეტში და პერიოდულად, მოთხოვნის შესაბამისად დაბრუნდება ხოლმე“.

შპს „მესხეთში“ ადასტურებენ, რომ მათ ყველა მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების გატარების უფლება ნამდვილად არ აქვთ.

„მხოლოდ მისაბმელის გატარების უფლება არ გვაქვს შესაბამისი სივრცის არქონის გამო. ახალციხეში სატვირთოს მისაბმელი ძალიან ცოტას თუ ყავს, იმ ლოკაციებზე კი სადაც მათი მობილური ჯგუფები უნდა იყვნენ განთავსებული (ადიგენი ასპინძა), უფრო მეტი მოთხოვნაა. ყოველდღიურად მოდიან ასპინძიდან და ადიგენიდან ადამიანები, რომლებისთვისაც უმჯობესია ტექდათვალიერება ადგილზე გაიარონ“.

„გრინვეიში“ კი ამბობენ, რომ ადიგენსა და ასპინძაში მოსახლეობას უკვე გაუწიეს შესაბამისი მომსახურება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა მოთხოვნა გაჩნდება, კვლავ დაბრუნდებიან იმავე ლოკაციებზე.

არის თუ არა „გრინვეის“ მობილური ხაზის ახალციხეში განთავსება აკრედიტაციის პირობების დარღვევა ამის გარკვევა, აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრთან ვცადეთ, რაზეც პასუხს ამ დრომდე ველოდებით.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ავტონმანქანების ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა და ეტაპობრივად ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით ტექდათვალიერების 36 ცენტრი ფუნქციონირებს, მათგან სამი სამცხე-ჯავახეთში, მათ შორის ახალქალაქში, ახალციხესა და ბორჯომში.

გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთში, ეკონომიკის სამინისტროს განკარგულების საფუძველზე ფუნქციონირებს კომპანია „გრინვეის“ ტექდათვალიერების მოძრავი ცენტრი, რომელსაც აქვს ვალდებულება აღებული მომსახურება გაუწიოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქსა და ბორჯომში ტექდათვალიერების ცენტრები გაიხსნება
ასპინძაში ტექდათვალიერების დროებითი ცენტრი გაიხსნა
ახალციხეში ტექდათვალიერების ცენტრთან ავტომობილების რიგებია
მოძრავი ტექდათვალიერების ცენტრი ახალქალაქიდან ახალციხეში ჩამოიტანეს
ინსპექტირებისთვის მანქანის მფლობელებმა 16 მილიონი ლარი დახარჯეს
დღეიდან მანქანების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო
‘სამი ღამეა მანქანაში გვძინავს’ – რეგიონში ტექდათვალიერების ცენტრის დამატებას ითხოვენ