FM97.5 / LIVE

ანის სკოლის დირექტორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს

მთავარისიახლე, სამართალი 08.10.2019
ახალციხეში, სოფელ ანის საჯარო სკოლის დირექტორის საქმეზე, აუდიტის დეპარტამენტმა დარღვევები დაადგინა და დასკვნა ძიებისთვის შსს–ს გადასცა. როგორც აუდიტის მიერ გამოგზავნილ დასკვნაში ვკითხულობთ, სკოლის დირექტორი რეგიონის სამხარეო–ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს.

ანის სკოლის დირექტორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს

სოფელ ანის საჯარო სკოლაში, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, ახალციხის რესურსცენტრისა და სახალხო დამცველის აპარატის წერილების, ასევე „სამხრეთის კარიბჭეს“ გადაცემა „კვირის აქცენტში“ ყოფილი თანამშრომლების მიერ გაჟღერებული ბრალდებების, შემდეგ შევიდა და მოკვლევა დაიწყო.

შიდა აუდიტის დეპარტამენტმა 23 გვერდიანი დასკვნა, სკოლაში მოსწავლეების, მასწავლებლების და თავად დირექტორის ახსნა–განმარტებების საფუძველზე მოამზადა.

„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ აუდიტის დეპარტამენტიდან მიღებულ დოკუმენტში, ვკითხულობთ, რომ დირექტორის მხრიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი ოთხი მიმართულებით არის დარღვეული.

სკოლის დირექტორის, მარიამ კაპანაძის მიერ მიცემულ ახსნა–განმარტებაში ვკითხულობთ, რომ ყოფილი თანამშრომლების თამარ ინასარიძისა და რუსუდან დავლაშერიძის მიმართვის შემდეგ, სკოლაში ასულ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ ზეწოლას.

„კონკურსის დღეს ამოვიდნენ, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები და გასაუბრების დაწყებამდე მათ შორის იყო მწვავე კამათი. სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ითხოვდნენ დაენიშნათ ადმინისტრატორად ისევ დავლაშერიძე, თუმცა სამხარეო ადმინისტრაციის ზეწოლასთან დაკავშირებით, არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის, იმ მიზეზით, რომ არ მომხდარიკო სკოლის პრესტიჟის შელახვა და გამჟღავნებულიყო კონკურსზე მომხდარი ინცინდენტი“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

დირექტორის მიერ აუდიტის თანამშრომლებისთვის მიცემულ ახსნა–განმარტებას, კატეგორიულად უარყოფს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ორჯონიკიძე.

„მე მაგ ქალს უბრალოდ ვთხოვე როგორც მენეჯერს, რომ არ შეიძლება, როცა სკოლის დირექტორი ხარ და ხუთი პედაგოგი შენზე გაბუტულია, არ შეიძლება ამხელა განხეთქილება იყოს და დაპირისპირება სკოლაში. დირექტორის ბრალდება არის სისულელე, რაც რა თქმა უნდა არ ყოფილა“, – ამბობს ეკატერინე ორჯონიკიძე.

ყოფილი ადმინისტრატორის, რუსუდან დავლაშერიძის საქმეზე, რომელიც დირექტორს სამსახურიდან გათავისუფლებას ედავებოდა, შიდა აუდიტის სამსახურმა მარიამ კაპანაძის მხრიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაადგინა. გათავისუფლებული თანამშრომელი ამტკიცებს, რომ მას დირექტორი სხვა მასწავლებლის ნაცვლად გაკვეთილებს ატარებინებდა და ანაზღაურებას არ აძლევდა.

„დირექტორის ზეპირი დავალებით, 2018 წლის თებერვალი–აპრილის თვეში, მე–6, მე–7, მე–9 და მე–11 კლასებში რუსუდანმა, რომელიც არ იყო სკოლაში კონკურსის წესით დასაქმებული მასწავლებელი და იყო ადმინისტრატორი, ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები, თუმცა ჩატარებული საათები აუნაზღაურდა სხვა მასწავლებელს, აქედან გამომდინარე დირექტორს კანონის დარღვევა დაუდგინდა“, – წერია შიდა აუდიტის დასკვნაში.

შიდა აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, კანონის დარღვევა გამოვლინდა დირექტორისა და სკოლის საკონკურსო კომისიის მხრიდანაც, რუსუდან დავლაშერიძის გათავისუფლების შემდეგ, ახალი ადმინისტრატორის კონკურსის წესით არჩევის დროსაც.

კონკურსში მონაწილეობას გათავისუფლებული ადმინისტრატორიც იღებდა, თუმცა გასაუბრების დრო მას არ აცნობეს. გარდა ამისა, საკონკურსო კომისიის ოქმი შედგენილია 2019 წლის პირველ აპრილს და დათარიღებულია 2019 წლის 29 მარტით. სადაც ასევე დაირღვა „კანონი ზოგადი განათლების“ შესახებ.

აუდიტმა სკოლაში დირექტორის მხრიდან მორიგი დარღვევა 2017–2018 წლებში მომხდარზე დაადგინა, ამ პერიოდში სკოლაში გათბობის სისტემა მონტაჟდებოდა. დოკუმენტის მიხედვით, შენობაში იყო მტვერი, ხმაური და სიცივე. ამასთან, როცა ზამთრის პერიოდში, სკოლაში გათიშული იყო ცენტრალური გათბობის სისტემა, სკოლის მიერ არ მომხდარა მე–4 მე–10 და მე–12 კლასების საკლასო ოთახებში შეშის ღუმელის დამონტაჟება, ხოლო მე–10 კლასის საკლასო ოთახში ღუმელი დადგეს თავად ამავე კლასის მოსწავლეებმა. ამასთანავე დადგინდა, რომ მე–8, მე–9, მე–10, და მე–12 კლასის მოსწავლეებმა სარემონტო სამუშაოების პერიოდში, ცივი წყლით რამდენჯერმე დაალაგეს საკლასო ოთახები.

„აქედან გამომდინარე არ დასტურდება, დირექტორის მიერ ყველა გონივრული ზომის მიღება სკოლაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობის შექმნის და მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, რაც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საჯარო სკოლის წესდებას“ სრულად ეწინააღმდგება„ – ნათქვამია შიდა აუდიტის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

დირექტორის მხრიდან კანონის კიდევ ერთი, დარღვევა იკვეთება სკოლაში, კონკურსის წესის გარეშე მასწავლებლის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც ინფორმაციულ–საკომუნიკაციო მასწავლებლის პოზიციაზე დანიშნა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთვის“ გამოგზავნილ დასკვნაში წერია, აღნიშნული დარღვევებიდან გამომდინარე ანის საჯარო სკოლას მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება მიეცა. დირექტორმა, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე, უნდა მოახდინოს რეაგირება და წარადგინოს ანგარიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ერთი თვის ვადაში.

რას ფიქრობს ანის სკოლის დირექტორი შიდა აუდიტის მიერ მომზადებულ დასკვნაზე და ამზადებს თუ არა ანგარიშსს აუდიტის მოთხოვნის მიხედვით, უცნობია. მარიამ კაპანაძე ჯერ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, ბოლოს კი გვიპასუხა და გვითხრა რომ: „მარიამი გასულია და მე მისი და ვარ“.

ანის სკოლის ყოფილი მასწავლებლი თამარ ინასარიძე ამბობს, რომ აუდიტის რეაგირება უფრო მკაცრი უნდა ყოფლიყო: „ვფიქრობ რომ ასეთი დარღვევების შემდეგ დირექტორი სკოლიდან უნდა გათავისუფლებულიყო. მხოლოდ გაფრთხილება ძალიან მსუბუქი ფორმაა“.

თამარ ინასარიძემ, იმის გამო რომ სერთიფიცირების გავლის შემდეგ, ახალ სასწავლო წელს დირექტორისგან დაპირებული საგაკვეთილო საათები მაინც ვერ მიიღო, იძულებული გახდა სკოლა საერთოდ დაეტოვებინა.

როგორც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია. იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა სამართალდამცავ ორგანოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

რა ეტაპზეა ძიების პროცესი, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ საუბრობენ, თუმცა „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხნენ სკოლის დირექტორი და მასწავლებლების ნაწილი.

ანის სკოლის დირექტორმა ადმინისტრატორი რუსუდან დავლაშერიძე სამსახურიდან 28 თებერვალს გაათავისუფლა, მასწავლებელს თამარ ინასარიძეს კი საათები შეუმცირა. რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. საქმის შესწავლა დაიწყო განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმაც.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ანის სკოლაში მასწავლებლისთვის საათების შემცირების საქმეს აუდიტი სწავლობს
სახალხო დამცველის აპარატმა ანის სკოლის საქმის შესწავლა დაიწყო
აუდიტი აბასთუმნის სკოლაში დოკუმენტის შესაძლო გაყალბების ფაქტს სწავლობს
მოხეს სკოლაში მომხდარის შესწავლის მოთხოვნით TDI–მ განათლების სამინისტროს მიმართა
ტოლოშის სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა
განათლების სამინისტროს აუდიტის რეაგირება წითელ ყელსახვევებზე
პროკურატურა აბასთუმნის საკოლაში დოკუმენტის შესაძლო გაყალბებას იძიებს