FM97.5 / LIVE

‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 07.10.2019
129 დაკეტილი სახლი. ცხოვრება პენსიიდან პენსიამდე. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც ადგილობრივების თქმით „ფეჩით“ გათბება – ისტორიული სოფლის, დვირის თანამედროვეობა.

‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

დვირი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელია, დაახლოებით 100 კომლით. ერთ დროს სამასკომლიანი სოფელი, როგორც ადგილობრივები ამბობენ დღეს დაცლილია.

მიუყვები სოფლის ცენტრალურ გზას, ორივე მხარეს ორსართულიანი, დიდაივნიანი სახლები და უმრავლესობა დაკეტილი.

სოფლის ცოდნის კერები

დვირში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღის თანამედროვე სტანდარტებით აშენებული შენობაა, რომელიც ოფიციალურად, როგორც მოსახლეობამ მითხრა 15 ოქტომბერს გაიხსნება.

საჯარო სკოლაში 66 მოსწავლე დადის, აქედან ორი სოფელ ჩითახევიდან. მათ ტრანსპორტი ემსახურება. სკოლა 320 ბავშვზეა გათვლილი.

„წელს სამი პირველკლასელი გვყავდა. ერთი გადადის, რადგან ოჯახი მიდის თბილისში საცხოვრებლად. ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. სოფელში არ არის გაზი. სკოლა თბება შეშით, თვითონ შენობა არის აშენებული ისე რომ ცენტრალური გათბობა უნდა იყოს, მაგრამ გვიდგას ღუმელები. არის დაკვამლიანება, მური და გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს ხოლმე, – ამბობს დვირის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან კევლიშვილი.

სოფლის ცენტრში, სკოლის გვერდზეა საბავშვო ბაღი, რომელიც 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და სამი სოფლის: დვირის, ქვაბისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას მოემსახურება. ადგილობრივების თქმით საბავშვო ბაღის შენობაც „ფეჩით“ გათბება, თუმცა ბორჯომის მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბავშვო ბაღის შენობაში ცენტრალური გათბობაა დამონტაჟებული, რომელიც დენზე იმუშავებს.

დვირელები დვირზე

დვირში უბნები გვარების მიხედვით არის დაყოფილი: ხუციშვილების უბანი, კევლიშვილების, კურტანიძეების, პაპიძეების . . .

72 წლის ვალია კევლიშვილი ამბობს რომ მისი უბანი მთლიანად დაცლილია.

„ახალგაზრდები გასულები არიან, უბანი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ დაცარიელდა. აღარავინ აღარ არის. ადრე, კი დვირში, ბორჯომის ჩამოსახმელი ქარხანა იყო, მეფრინველეობის ფაბრიკა იყო, ქვის საჭრელი საამქრო. ქალაქის ტიპის სოფელი გვქონდა. ახლა არანაირი სამუშაო აღარ არის. ვისაც მოხუცები ჰყავს პენსიით ცხოვრობენ. მე მაღაზია მაქვს და მიაქვთ ვალზე პენსიიდან პენსიამდე პროდუქტი ხალხს.

ადგილობრივი მზიური გელაშვილი ადრეულ წლებს იხსენებს.

„50 წელზე მეტია აქ ვცხოვრობ. კარგი სოფელია. ქალაქთან ახლოს არის. თქმა იმისა რომ სოფელში ვცხოვრობ და მიწები მაქვს არ შემიძლია. დვირი არის ქალაქური ყაიდის სოფელი. აქ რომ მოვედი სამი ავტობუსი დადიოდა ქალაქში, დილაადრიან სამივე ივსებოდა, გამოპრანჭული, კოხტად ჩაცმული ხალხით. ბორჯომში მუშაობდნენ და იქ მიდოდნენ. მეც საავადმყოფოში ვმუშაობდი და მივდი–მოვდიოდი. კარგი იყო“, – იხსენებს ძველ ამბებს მზიური გელაშვილი.

მისი თქმით მოსახლეობა მაშინ მიწაზე დამოკიდებული არ იყო.

„სოფელი ისედაც მცირემიწიანია. ქალაქზე ვიყავით მიბმული და ახლა აღარც ქალაქისკენ ვართ და აღარც სოფლისკენ. ამიტომაც მიდის ახლგაზრდობა სოფლიდან. „ძალიან ცოტანიღა ვართ. მიდიან თბილისში, საზღვარგარეთ. სოფელში 129 სახლია დაკეტილი“, – გვითხრა მზიური გელაშვილმა.

‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]
მზიური გელაშვილი და ვალია კევლიშვილი

დვირელები უგზოობაზე და ბუნებრივი აირის არქონაზე ჩივიან.

„სოფელში გაზი არ უნდა იყოს? გზა არის კიდევ ვერ გაივლი, შიდა გზაზე ვამბობ, ისეა დანგრეული მიცვალებულს ვერ ჩამოიყვან, ოდნავ ფეხი რომ გაგიცურდეს წაიქცევი“, – ამბობს ნათელა ხუციშვილი.

„ჩვენ უგაზოდ ვართ დარჩენილები, ზამთარში სიცივეში ხომ არ მოიკლავ თავს? მოიკლავ? ვერაა. უნდა წახვიდე შეშა მოიპარო, რადგან საბუთებით თუ გინდა ჯერ არ არი გახსნილიო გეუბნებიან. ელოდე, ზამთარში მოგცემენ საბუთს. მანამდე სიცივით ხომ არ მოიკლავ თავს, წახვალ უსაბუთოდ ტყეში, გსტაცებს გედი ხელს და ის შენი სახლ–კარი რომ გაყიდო არ გეყოფა“, – გვეუბნება 68 წლის მაყვალა ხუციშვილი.

74 წლის იური კურტანიძე ამბობს რომ სოფელში ყველაფერი კარგადაა, თუმცა ახალგაზრდებს სოფელი აღარ უნდათ.

„როგორც სოფელი ნორმალურად ვცხოვრობთ. პენსია მაქვს, მაღალმთიანი სოფელია დვირი და 250 ლარს ვიღებ. ერთი ეგაა სოფლიდან ბევრი ახალგაზრდა მიდის, აღარ უნდათ სოფელი“, – გვეუბნება იური კურტანიძე.

დვირელი ბავშვები

‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]
ნინო ხუციშვილი რვა წლის – მე მინდა გამოვიდე მასწავლებელი

‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

კესო კევლიშვილი რვა წლის – მინდა რომ დედის პროფესიას გავყვე. სკოლაში ასწავლის დედა ინგლისურს და მეც მინდა მასწავლებელი გამოვიდე

‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]
ბექა ნანეტაშვილი და ლუკა კურტანიძე

ბექა ნანეტაშვილი შვიდი წლისაა – ფეხბურთელი მინდა გამოვიდე. მიყვარს მესი და რონალდოც. ნუ, მთლად ეგეთი თუ არა მაგარი ფეხბურთელი მაინც გამოვალ.

ლუკა კურტანიძე შვიდი წლისაა – პრეზიდენტი უნდა გამოვიდე. სხვა ქვეყნის კი არა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი. გზებს დავაგებ, ლამაზ სახლებს ავაშენებ.

დვირი, გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში მოხსენიებული სოფელი, ბორჯომის ხეობაში, მდინარეების მტკვრისა და დვირულის შესართავთან მდებარეობს.

სოფელ დვირს იხსენიებს ბერი ეგნატაშვილი ახალი ქართლის ცხოვრება: „ხოლო ძესა კონსტანტინესა მეფესა დავითს ეპყრა მტკვრის აქეთა ხეობა ვიდრე დვირამდე“. მეთვრამეტე საუკუნის ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს „მტკვრის ხეობა არს დვირამდეო“.

ივანე ჯავახიშვილი წერს: „ქართლის საიმედო საზღვრებად სწავლულ კაცს მიჩნეული აქვს ლიჩიღოდორა, ქეფიანის ხევი, ჩხერის ციხე, დაბას ზემოთ ასე გაყოლებით მთის აქეთა ხეობა ვიდრე დვირამდე“.

‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

დვირში რამდენიმე ეკლესიაა. მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს დვირის ცენტრში. ის დარბაზული ტიპისაა. ნაგებია თლილი ქვით. გადაკეთებულია XIX ს-ის მეორე ნახევარში.

კვირაცხოვლის ეკლესია დგას სოფლის თავში, სასაფლაოზე. ეკლესიის ეზოში აღმოჩნდა ოთხკუთხა ფორმის კირქვა, რომელზეც გაკეთებულია ებრაული წარწერა. მასში მოხსენიებულია ჭაბუკი მოსე, პატივცემულ რაბინის, აბრამის ძე. თარიღდება 1728 წლით.

საკვირიკეს ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. დაზიანებულია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ზოგიერთი მოსაზრებით ეს უნდა იყოს გიორგი მერჩულეს თანამოღვაწის, ქრისტეფორეს მიერ IX ს-ში აგებული კვირიკეწმიდა.

დვირის ხევის ქვემო წელზე მდებარეობს დვირის ციხე. შემორჩენილია ნანგრევები.

[გულო კოხოძე, ბორჯომი]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში, სოფელ დვირში საბავშვო ბაღი შენდება
სოფელ დვირში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს [R]
სოფელ დვირში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ
სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში
ღარიბი სოფელი ‘ოქროს ციხით’ [ფოტო/ვიდეო]
ხმა სოფლიდან: სოფელი ხეოთი  [Audio]
ხმა სოფლიდან: წყორძა, სოფელი ისტორიულ ნასახლარზე [Audio]