FM97.5 / LIVE

'ბათუმელების' დამფუძნებლის ახლობლებს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 21.09.2019
ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკავებული ხუთ პირს პროკურატურა პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. ისინი შპს “გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის ძმისშვილები და სიძეები არიან.

'ბათუმელების' დამფუძნებლის ახლობლებს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან
ამის შესახებ ვრცელ მასალას "ნეტგაზეთი" აქვეყნებს.

სწორედ შპს “გაზეთ ბათუმელები" ფლობს ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებს”. “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ შესაძლოა საქმეში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება იყოს მესიჯი გამოცემების – “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” მიმართ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 21 სექტემბერს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა „პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე“ დაკავებული ხუთივე ბრალდებული. თითოეულ მათგანს გირაოს სახით 25 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს. პროკურატურა მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს

რა მოხდა – მხარეთა ვერსიები

საქმე ეხება 16 სექტემბერს, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. პროკურატურის ვერსიით, ხუთი ბრალდებული ბარათაშვილის ქუჩაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსს – როინ კოჩალიძეს დაესხა თავს მაშინ, როცა კოჩალიძე მათ პოლიციის შეურაცხყოფისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

ბრალდებულების თქმით კი, ისინი ახლობლის ბინიდან ღამის პირველის ნახევრისთვის გამოვიდნენ, იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში და ტაქსის ელოდნენ. მათივე მონათხრობის თანახმად, სადარბაზოსთან იდგა “შკოდას” მარკის მანქანა, რომლის დანახვაზე ერთ-ერთ მათგანს გაუჩნდა პოლიციის ასოციაცია და უცენზუროდ მოიხსენია ყველა „ცუდი პოლიციელი“.

სწორედ ამ დროს იმავე სახლის სადარბაზოდან გამოვიდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც ეცვა სპორტული შარვალი და მაისური. მან კორპუსთან შეკრებილებს გინება დაუწყო პოლიციელების ცუდად მოხსენიებისთის. ბრალდებულების თქმით, მათ აღნიშნულ პირს უთხრეს, რომ თავადაც ჰყავდათ პოლიციელი მეგობრები და არავის შეურაცხყოფა არ ჰქონდათ განზრახული. სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა დაპირისპირებაში, აღნიშნულმა პირმა მათ დაუმიზნა ცეცხლსასროლი იარაღი და ერთ-ერთ მათგანს სცემა კიდეც.

მამაკაცი, რომელსაც ინციდენტისას ეცვა სპორტული შარვალი და მაისური, აღმოჩნდა პოლიციელი როინ კოჩალიძე. ის ინციდენტის დროს შვებულებაში იყო და სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, რაც თავად მისი ჩვენებითაც დასტურდება.

ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და შემთხვევაში მონაწილე სამი პირი ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციაში მივიდა პოლიციელი როინ კოჩალიძეც. პოლიციამ დაკითხა ინციდენტის მონაწილეები, ისინი სამხარაულის ბიუროში ალკოტექსტზე გადაიყვანა და გაათავისუფლა. საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით – ფიზიკური ძალადობა.

ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გამოძიების მუხლი შეიცვალა და დამძიმდა. პროკურატურამ ინციდენტში მონაწილეებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის მიხედვით წაუყენა, რაც გულისხმობს პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას. ამ შემთხვევაში ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

ინციდენტის მონაწილე ოთხი პირი პოლიციელებმა ბათუმში თითქმის ერთდროულად, სხვადასხვა ადგილზე, 19 სექტემბერს დააკავეს, ერთი კი თავად გამოცხადდა პოლიციაში, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ინციდენტის მონაწილეები დააკავეს.

რა ხდებოდა სასამართლოზე

დღეს, 21 სექტემბერს, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესზე მოსამართლეს ადვოკატებმა სხვა მტკიცებულებებთან ერთად ინციდენტის დროს ჩაწერილი აუდიო ფაილიც გადასცეს.

“ეს არის ბრალდებულ მანუჩარ ამაღლობელის სატელეფონო ჩანაწერი, როცა იგი შელაპარაკების დროს ტაქსს იძახებდა… ჩანაწერში ისმის, რომ სავარაუდოდ როინ კოჩალიძე, ანუ პოლიციელი, აგინებს ყველას, ვინც პოლიცია შეურაცხყო, ბრალდებულები კი, პირიქით, დამშვიდებისკენ მოუწოდებენ პოლიციელს და ეუბნებიან, რომ პატივს სცემენ პოლიციას,” – აღნიშნა სასამართლო პროცესზე ბრალდებულთა ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

“არსებობს რისკი, რომ ბრალდებულებმა შეაჯერონ პოზიციები, ასევე მოახდინონ მოწმეებზე ზემოქმედება,” – დასძინა პროკურორმა. შემთხვევა 16 სექტემბერს მოხდა, ხოლო ინციდენტში მონაწილეები 19 სექტემბერს დააკავეს, შესაბამისად, მათ ჰქონდა საკმარისი დრო „პოზიციების შესაჯერებლად“.

“საქმეში არაა არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს მიმალვის საფრთხეს. მხოლოდ სასჯელზე მითითება არ არის საკმარისი,” – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა პაატა დიასამიძემ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა. იგი ბრალდებულების ინტერესებს იცავს.

ადვოკატმა კონკრეტულ მტკიცებულებაზე – ადვოკატსა და გამომძიებელ ზურაბ მამულაძესთან სატელეფონო მიმოწერაზე ისაუბრა. ამ ჩანაწერის მიხედვით, ინციდენტიდან ბრალდებულთა დაკავებამდე პერიოდში ბრალდებულთა ადვოკატი რამდენჯერმე დაუკავშირდა გამომძიებელს იმის გასარკვევად, თუ როდის უნდა მისულიყვნენ გამოკითხვაზე პოლიციაში.

“გამომძიებელი წერს, რომ დარეკავს და შევთანხმდებით,” – აღნიშნა ადვოკატმა პაატა დიასამიძემ. ამის მიუხედავად, დაკავების დოკუმენტებში გამოძიება წერს ბრალდებულების „შესაძლო მიმალვის” შესახებ, ასევე იმაზეც, რომ ისინი გამოძიებასთან „არ თანამშრომლობენ”.

ბრალდებულთა ადვოკატის თქმით, ბრალდებულები ამ შემთხვევამდე არ იცნობდნენ პოლიციელ როინ კოჩალიძეს და ინციდენტი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მოხდა.

„დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაც არაა წარმოდგენილი მტკიცებულებები. ეს იყო ჩვეულებრივი შელაპარაკება და კონფლიქტი. ეს სხვა სამართლებრივი შეფასების საგანია. ეს არ ყოფილა პოლიციელზე ჯგუფური თავდასხმა. მე ვერ ვხედავ კვალიფიკაციის შეცვლისა და დამძიმების სამართლებრივ საფუძველს,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა.

რატომ შეიცვალა კვალიფიკაცია? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ პროკურორს სასამართლო პროცესის შემდეგ დაუსვა.

„კვალიფიკაციის შეცვლა განაპირობა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ჩადენილი დანშაულის ხასიათმა და სპეციფიკამ, ის თუ რა გარემოებები გამოიკვეთა მოწმეთა და დაზარალებულის გამოკითხვის შემდეგ. სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,“ – გვითხრა პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა.

ბრალდებულთა ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ პოლიციელებმა ბრალდებულები ინციდენტის ღამესვე დაკითხეს, გამოძიება დაწყებული იყო, თუმცა ისინი პოლიციის განყოფილებიდან უპრობლემოდ გამოვიდნენ და დაკავებამდე არცერთ მათგანს მიმალვა არ უცდია. ბრალდებულები შემთხვევიდან 3 დღის შემდეგ – 19 სექტემბერს დააკავეს.

„კომუნიკაცია ვისთან სცადეთ ამ კონკრეტულ საქმეზე და რა შედეგი მოჰყვა ამას?” – ჰკითხა პროკურორს ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

“თუ ვინმეს სურდა კომუნიკაცია, პოლიციის კარი ჩაკეტილი არ იყო… სხვა კომუნიკაცია საჭიროდ არ ჩაგვითვლია,” – უპასუხა ადვოკატს პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა.

პროკურორს ადვოკატებმა ასევე ჰკითხეს, რატომ არ ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ერთ-ერთ ბრალდებულს – მანუჩარ ამაღლობელს, რომელსაც შუბლის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა. პროკურორმა თქვა, რომ ბრალდებულს ექსპერტიზის სურვილი არ გამოუხატავს.

ადვოკატების თქმით, ბრალდებულ მანუჩარ ამაღლობელს ინციდენტის დროს დაზიანება პოლიციელმა როინ კოჩალიძემ მიაყენა და პოლიციის განყოფილებიდან იგი “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გადაიყვანეს.

“რა რეჟიმში მიმდინარეობდა ურთიერთობა ბრალდებულებს და პოლიციას შორის?”- იკითხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა.

ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ იმის მიუხედავად, რომ ინციდენტის ღამეს არავინ დაუკავებიათ, პოლიციაში გადაყვანილ პირებს იმ ღამეს თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდული ჰქონდათ.

“მესიჯი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის მიმართ”

ყველა ბრალდებული ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან, ისინი ასევე არიან შპს “გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობლის ძმის შვილები და სიძეები.

“ბათუმელების” მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე არ გამორიცხავს იმას, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი და პოლკოვნიკი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და შესაძლოა, პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება იყოს მესიჯი გამოცემის მიმართ.

ეთერ თურაძემ მოწმის სახით ჩვენებაც მისცა დაცვის მხარეს – იგი ინციდენტის ღამეს ბრალდებულებს პოლიციასთან, ასევე ადვოკატებთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა.

წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე 5 ნოემბერს გაიმართება. ბრალდებულების ოჯახის წევრების თქმით, ისინი აპირებენ პოლიციის პოლკოვნიკს, როინ კოჩალიძეს უჩივლონ გენინსპექციაში.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ეთიკის ქარტია საგანგაშოდ მიიჩნევს 'ბათუმელებისა' და 'ნეტგაზეთის' გამომცემლების მიმართ ზეწოლას
ახალციხეში ოთხი პირი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ
გახსნილი მკვლელობა მკვლელობაში ბრალდებულის გარეშე
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა იწყება
‘პირადად შენ მირტყამდი’– სასამართლო დარბაზში  ბრალდებულმა პოლიციელი ცემაში დაადანაშაულა
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი  'სამხრეთის კარიბჭეში' გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება