FM97.5 / LIVE

'მეზობლური' დავა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 20.09.2019
აიდა ბუდაგოვამ განცხადებით მერიას სამჯერ მიმართა, ერთხელ - ახალციხის სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ხუთჯერ 112 – ზე აქვს დარეკილი, თუმცა უშედეგოდ. გაუსაძლისი ხმაური, სუნი და საშინელი ანიტისანიტარია – აიდა ბუდაგოვა მისი საცხოვრებელი ბინის ქვემოთ განთავსებულ კაფე–ბარში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

'მეზობლური' დავა

„მე მინდა ჩემს სახლში მშვიდად ცხოვრება. ამის უფლება მაქვს, უკვე ასაკიანი ქალი ვარ, წნევა მაქვს, ღამით ვერ ვიძინებ“, – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი აიდა ბუდაგოვამ.

ის ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე 41/2 ნომერში ცხოვრობს, მეორე სართულზე. მისი ბინის დაბლა კაფე–ბარი „ძველი სარდაფი“ მუშაობს.
აიდა ბუდაგოვა სამი წელია, რაც ამ ბინაში გადმოვიდა საცხოვრებლად და პრობლემებიც იმ დღიდან დაიწყო.

„თავდაპირველად პრობლემა იყო სუნი. იქ საშინელი ანტისანიტარიაა, ჩემი ფანჯრის ქვეშ ვირთხები დარბიან. ყოველდღე ახალი ხვრელი ჩნდება. ისეთი სიბინძურეა, ვერ წარმოიდგენთ. კაფეს არ აქვს მოწესრიგებული ვენტილაცია. ტუალეტის, საჭმლის სუნი პირდაპირ ჩემთან ამოდის“, – ამბობს ის.

აიდა ბუდაგოვამ კორპუსის ქვეშ განთავსებულ კაფე–ბარში არსებული სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დარღვევის შესახებ განცხადებით ახალციხის სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. როგორც საპასუხო წერილით ირკვევა, ახალციხის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა აღნიშნული დაწესებულება და დააჯარიმა კაფე–ბარი.

თუმცა, აიდა ბუდაგოვა ამბობს, რომ დაჯარიმების შემდეგაც კაფე–ბარში არსებითად არაფერი შეცვლილა.
„შემდეგ მესაკუთრემ კაფე–ბარი ახალგაზრდებს მიაქირავა და ახლა სუნი და ანტისანიტარია აღარც მახსოვს, ისეთი ხმაურია. მუსიკა ბოლო ხმაზეა ჩართული, დინამიკებიც, როგორც ჩანს, უძლიერესი აქვთ და ღამით მოსვენება არ მაქვს, იატაკი მოძრაობს მუსიკის ძლიერ ხმაზე. არ იციან დღე და ღამე“,– ამბობს აიდა ბუდაგოვა.

მან, ხმაურის გამო, დახმარებისთვის სამჯერ მიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.

„მივმართე მერიას. პირველად მოვიდა პასუხი... მოკლედ რომ გითხრათ, პასუხი ასეთი იყო – კაფე–ბარის ახლანდელ დამქირავებლებთან ჰქონდათ სიტყვიერი შეთანხმება, რომ ისინი 11 საათის შემდეგ მუსიკას არ ჩართავდნენ. ისევ არაფერი შეცვლილა. მუსიკა არავის გამოურთავს, ისევ შუაღამემდე მაქვს დისკოთეკა. უკვე მეორედ მივმართე განცხადებით მერიას. პასუხი მოვიდა ორი თვის დაგვიანებით. ცარიელი სიტყვები. მდგომარეობა ისევ უცვლელია“, – გვეუბნება აიდა ბუდაგოვა.

ის ამბობს, რომ მერიისთვის მეორე მიმართვის შემდეგ, სანამ პასუხს მიიღებდა და პასუხიც იგვიანებდა, თავად მივიდა მერიაში. აქ კი განუცხადეს, რომ ხმის დონის საზომი მოწყობილობა (დეციბელმეტრი) გაფუჭებული იყო და როცა შეაკეთებდნენ, მივიდოდნენ მასთან ბინაში და ხმის დონეს შეამოწმებდნენ. აიდა ბუდაგოვამ მესამედაც მიმართა მერიას, თუმცა უშედეგოდ.

„მივმართე მესამედაც განცხადებით, დღემდე ველოდები პასუხს“, – გვითხრა აიდა ბუდაგოვამ.

ის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა მელიქიძესაც შეხვდა.

„პირადადაც ვესაუბრე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, რომელმაც მირჩია, მეზობლურად მომეგვარებინა ეს პრობლემა. მე ვუთხარი, ნუ მასწავლით რაა მეზობლობა. მეზობლისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მაგრამ როცა მეზობელი შენი სიცოცხლის ხარჯზე ფულს აკეთებს, ეს არაა მეზობლობა“, – ამბობს ის.

112 –ზე დარეკვის შემდეგ აიდა ბუდაგოვასთან პატრული ბინაში მიდიოდა. აიდა ბუდაგოვა ამბობს, რომ როგორც მერიიდან, ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისგან, გულგრილ დამოკიდებულებას გადააწყდა.

„მექმნება შთაბეჭდილება, რომ მერიის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებსაც ჩემი საქმის გარკვევა–მოკვლევა ევალებათ, უბრალოდ ვაცდენ. ზიან კომპიუტერებთან და თამაშობენ. გულრგილები იყვნენ პატრულის თანამშრომლებიც. როგორც ჩანს, იმ ქალის ბედი, რომელსაც ზურგს არავინ უმაგრებს, არ ანაღვლებთ. სამსახურეობრივ პასუხისმგებლობასაც კი არ გრძნობენ. საპატრულო პოლიციაც გაფრთხილებით შემოიფარგლა, თუმცა როგორც ვიცი, გაფრთხილება შეიძლება მიეცეს დაწესებულებას ერთხელ და არა ხუთჯერ“, – გვეუბნება აიდა ბუდაგოვა.

აიდა ბუდაგოვას მეზობლები ამბობენ, რომ კაფე–ბარიდან გამოსული ხმაური, იქ არსებული ანტისანიტარია არახალია. მეზობლები აცხადებენ, რომ კაფე–ბარში მუდმივადაა აყალმაყალი, მთვრალი ხალხის ღრიანცელი.

კაფე–ბარის – „ძველი სარდაფი“ ამჟამინდელი დამქირავებელი ნუკრი მახათაძე ამბობს, რომ „ძველი სარდაფიდან“ არავითარი ხმა არ გადის.

„შეიძლება არის მუსიკა თერთმეტი საათის შემდეგ, მაგრამ არა ხმამაღალი. ეს ხმაური თუ აწუხებს, ეგ უკვე არ ვიცი. მე ისე არაფერს ხმამაღლა არ ვაკეთებ, რომ აქ ჩამოინგრეს. ძაანაც არ ვუწევ მუსიკას და ისეც, არც ერთი კაფე და რესტორანი არ არის, სადაც მუსიკის ხმა არ ისმის“, – გვითხრა ნუკრი მახათაძემ.

აიდა ბუდაგოვა პედაგოგია. ის 22 წელიწადი ახალციხის მეოთხე საჯარო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად მუშაობდა.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნარჩენების გროვა 'კაფე–ბარის' ფანჯრებთან [Photo]
ავანგარდი: არტ კაფე – ახალი შემოქმედებითი სივრცე [Audio]
შალვა აბულაძის კაფეს მეორედ გაუჩნდა ცეცხლი
ფანოღი, ტექნო და რეპი - როგორია ახალციხელების მუსიკალური გემოვნება
ახალციხის ციხემ ფუნქციონირება დაიწყო
ნარჩენების სუნი ახალციხეში რვასართულიანი კორპუსის ბუნკერიდან არა მხოლოდ ადგილობრივებს აწუხებთ
სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტები შეამოწმა