FM97.5 / LIVE

მზეთამზიელი გულნაზი

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 19.09.2019
გულნაზი გოგოლაძე 85 წლისაა, ბორჯომის სოფელ მზეთამზეში ცხოვრობს. შემთხვევით შევხვდით სოფლის ორღობეში, მეზობელთან მიდიოდა. საუბარი გავაბით.

მზეთამზიელი გულნაზი

პირველი რაც მითხრა იყო – ახლა ტელევიზორში არ გამომჭიმო.

– ტელევიზორში არა, ინტერნეტში იქნებით, ვპასუხობ მე.

– თითქოს ერთიდაიგივე არ იყოს ეგა, – მეუბნება და იცინის.

ჭაღარაა, წინსაფარი უკეთია და ფიქრებში წარმოდგენილ ნამდვილ ბებოს ჰგავს.

ახლა სახლში მარტო ცხოვრობს. ქმარი 2008 წელს გარდაეცვალა, 52 წელი იყვნენ ცოლ–ქმარი. ორი გოგო გათხოვილი და ვაჟიც დაქორწინებული უკვე წლებია ქალაქში ცხოვრობენ. ჰყავს რვა შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.

„ზამთარში შვილებს ქალაქში მივყავარ. წელს აღარ წავალ. დადექი და იყავი სულა. დაბლა მე ვერ ჩამოვდიოდი მეშინოდა, მაღლიდანა ვუყურებდი მანქანები როგორ მიდი–მოდიოდნენ. ჩემი სახლი ყველაფერს ჯობია, ჩემი ღარიბი სახლი ჯობია იმათ სიმდიდრეს. შეშის ფეჩი მირჩევნია ქალაქის გათბობას. ეზოს პანტა მსხალი კი ქალაქურ საჭმელებს“, – მეუბნება გულნაზი გოგოლაძე.

პირველი ფოტო რომ გადავუღე ვაჩვენე, სათვალე არც უხსენებია ისე დახედა კამერას. როგორც ჩანს არ მოეწონა თავი, რადგან როცა ვკითხე კიდევ ხომ არ გადაგიღოთ–მეთქი, თავი დამიქნია და წელში გაიმართა.

მზეთამზიელი გულნაზი "ტელევიზორში არ გამომჭიმო"

გულნაზი გოგოლაძე ხაშურიდანაა. 1956 წელს როცა მისი ქმარი სამხედროდან ჩამოვიდა მაშინ გაიცნო, გაიცნო და ცოლადაც გამოყვა.

– ეგ როგორ? ვეკითხები.

– ჩემთვის ამოხვედი თუ სოფლის ამბებისთვის? აქეთ მიბრუნებს კითხვას და აგრძელებს.

– რა სიყვარული, არც ვიცნობდი. მოვიდა, მნახა და იმ დღესვე წამომიყვანა. მანამდე დედამთილმა მნახა. აქა, მზეთამზეში ჩვენებური გოგო იყო გათხოვილი, ქორწილში ვიყავი და იქ მოვეწონე, არ მინდა, რაებს მაყოლებთ – გვეუბნება და იცინის.

– როცა ნახეთ მოგეწონათ?

– არა, კაცო! მე არ მომეწონა, მაგრამ უარი ვინ გათქმევინა.

– აბა რატომ წამოყევით?

– გადაწყვიტეს ასე რომ უნდა წავყოლოდი.ჰოდა, წამოვყევი.

– ვინ გადაწყვიტა?

– მშობლებმა. ავდექი და წამოვედით. ოჯახი შევქმენით. ახლა ქალები რომ ცემას ითმენენ, მიკვირს. ჩხუბი კი, ყველგანაა, მაგრამ ცემა? მე ღმერთმა დამიფარა.

– რომ ეცემეთ ოჯახს დაანგრევდით? ვკითხე, რამდენიმე წამი ფიქრობდა, მერე ლურჯი თვალებით ამომხედა და მითხრა – ვერა, ოჯახს ვერ დავანგრევდი, თუმცა ცემასაც ვერ ავიტანდი.

მზეთამზიაში ბევრი აღარ მივლია. მართლა სოფლის ამბებისთვის ასულს გულნაზი გოგოლაძის უცებ, ორღობეში მოყოლილმა ამბებმა ყველა ამბავი გადამიფარა.

ამ ზამთარში გოგოლაძეების ოჯახიდანაც ამოვა კვამლი. მანამდე შვილიშვილები დაურეკავენ ბებიას – რაები გილაპარაკია ბებო ინტერნეტში ხარო – მოხუცი კი მე დამაბრალებს – ის ჟურნალისტი იზამდა მაგას, ძალად რომ დამაცდენინა ამბებიო.

[გულო კოხოძე, ბორჯომი]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელში ორღობეებმაც იციან დარდი
მიქელწმინდას ამბები [ფოტო]
დიდი ოჯახის დიდი დიასახლისი
'ზამთრის' ცოლები
ცხოვრება ავარიულ სახლში
როდის თხოვდები?
მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]