FM97.5 / LIVE

სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 17.09.2019
აქ საცალფეხო, კონწიალა ხიდით მწვანე მინდორში შედიხარ. მერე სიმინდის ყანა გამოჩნდება, მერე ბოსტანი, უსარეველო და მოვლილი, ყვითელი დიდგულა ყვავილები და … თურმე შავაძეების ეზოში ხარ. ამ ოჯახიდან დაიწყო სოფელ გულსუნდაში ჩვენი სტუმრობა.

სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

გულსუნდა ასპინძის სოფელია, 16 კომლით, 1982 წელს ხულოდან გადმოსახლებული აჭარლებით. სოფელი ახალგაზრდაა, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი - მოხუცი.

სოფელში სამი შესასვლელია: სამანქანო გზა, სოფელ ტოლოშიდან და ორიც, ცენტრალური გზიდან მდინარე მტკვარზე გადებული ორი საცალფეხო ხიდი. როგორც მოსახლეობამ მითხრა, ერთი ხიდი სახელმწიფო საკუთრებაა, მეორე კერძო. ხალხიც საცხოვრებელი სახლების მანძილის მიხედვით სარგებლობენ ხიდებით.

გულსუნდას გარე განათება აქვს. სამანქანო გზა, სავარაუდოდ ოთხი კილომეტრი, სარემონტოა.

შავაძეების ოჯახი

მასპინძელმა ჯერ მრგვალი მაგიდა მოაჩოჩა დიდი თუთის ძირში, მერე სკამები. ჩამოვჯექით. ირგვლივ სიმწვანეა.

სახლში ცოლ–ქმარი - ნოდარ შავაძე და ციცინო აბულაძე ცხოვრობს.

მასპინძელს თავზე ქუდი ახურავს, წარწერით - “სალომე ზურაბიშვილი”. ვეკითხები, პოლიტიკოსი მოგწონთ თუ ქუდი შემთხვევით, არჩევნების დროს შეგხვდათ-მეთქი.

მპასუხობს:

– რა შემთხვევით, ხმა სალომე ზურაბიშვილს მივეცი. ხომ ხედავთ, აქამდე სულ კაცები იყვნენ, ვერ გაამართლეს, ინგრევა ყველაფერი. ჰოდა, ერთი ქალი ყოფილიყო სათავეში.

– ფიქრობთ რომ ქალი მეტს შეძლებს?

– „კანეშნა“! ჩემს ოჯახში ქალია უფროსი. საქმე იქნება და დამყვირებს, წადი გააკეთეო. უფროსია, კი!

ციცინო აბულაძე ქმარს ჩუმად უსმენს და იცინის. მერე ამბობს: „კი, ქალია ყველაფერი. ქალს აშენებაც შეუძლია და დანგრევაც!“

„27 წლის ვიყავი, როცა ხულოს სოფელ დანისპარაულიდან აქ ჩამოვედით. გეგმიური ჩამოსახლება იყო. ჯერ ოშორა ჩამოასახლეს, მერე ივერია და მერე ჩვენ. მარტო ქვები და ორი თუთის ხე დამხვდა ამ ეზოში. არავინ ცხოვრობდა. არაფრისგან შევქმენით ყველაფერი – შრომით, წვალებით. ჯერ ქოხი ჩავდგით, ახლა კი, როგორც ვართ, კი ხედავთ“, – გვეუბნება ოჯახის დიასახლისი.

ახლა ეზოში დიდი ორსართულიანი სახლი დგას. საოჯახო სასტუმროც აქვთ; ტურისტები – გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიდან.
„ბევრი მეკითხება, ამდენი რამე როგორ შექმენითო და როცა ვპასუხობ, შრომით –მეთქი, უკვირთ. მთაზე, კვაშაში, აქედან ათი კილომეტრია, საქონელი გვყავდა ხოლმე, ყოველდღე ფეხით ავდიოდი. ოც ძროხას ვწველიდი, მერე ჩამოვიდოდი, ყანას ვთოხნიდი. ბავშვები მამამთილთან მყავდა დატოვებული“, – მიყვება ოჯახის დიასახლისი.

პენსიას იღებენ, თუმცა მითხრეს, რომ „პენსია შვილიშვილებისაა, დარეკავენ და ზოგს მონო უნდა, ზოგს მაკიაჟის რაღაცეები“.
ნოდარი შავაძე ეზოში მოკრეფილი ვენახიდან ღვინოს წურავს, არაყიც ეზოს თუთის აქვს.

ამბობს, რომ შრომა ვისაც უყვარს, მას სოფელში არ გაუჭირდება.

სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

კოჩალიძეების ოჯახი

გუგული კოჩალიძე ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ტაბახმელადანაა. 36 წელია გულსუნდაში ცხოვრობს. ჩამოსახლებას ასე იხსენებს:

„ჩამოვედით და დაგვხვდა წინ კლდეები, უკან მტკვარი. ჩემს ეზოში ერთი ძირი კაკალი იდგა, სხვა არაფერი. ქმარმა სახლი ჩემს ჩამოსვლამდე ააშენა. დავიწყეთ ცხოვრება და ნელ–ნელა ყველაფერი ავაწყვეთ“, – ამბობს ის.

ახლა სოფელში ქმართან, შვილთან,რძალთან და სამ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.
ამბობს, რომ მის ოჯახში მთავარი კაცია.

„რასაც კაცი იტყვის, ეგ არის მთავარი“, –გვითხრა მან.

გუგული კოჩალიძეს უნდა რომ გულსუნდამდე მისასვლელი ბეტონის გზა დაიგოს, ბუნებრივ გაზი შემოიყვანონ სოფელში და საცალფეხო ხიდიც უფრო ნორმალური გაკეთდეს.

ამჯერად, სოფელში ორივე საცალფეხო ხიდი ხისაა.

მოსახლეობას პროდუქტი, ძირითადად, ახალქალაქსა და ნინიწმინდაში მიაქვს გასაყიდად, ამისთვის კი შემოვლითი გზის გავლა უწევთ სოფელ ტოლოშზე. საცალფეხო ხიდის გზა მათთვის ბევრად ხელსაყრელია, თუმცა ბაზრისთვის დატვირთულებს ტრანსპორტით უწევთ წასვლა და ხიდზე ვერ გადადიან.

სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

გულსუნდა თუ გელსუნდა

მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელს ახლა გულსუნდა ქვია, ადრე კი გელსუნდა ერქვა.

თუ რატომ გულსუნდა და არა გელსუნდა, ნოდარ შავაძე გვიხსნის: „თავიდან რქმევია გელსუნდა. ჩვენ რომ ჩამოვედით, ეს გელსუნდა რაღა არისო, ვთქვით და დავარქვით გულს რომ გაუხარდება, ისეთი სახელი – გულსუნდა, გულს უნდა, სულს უნდა. გულსუნდა იმიტომ, რომ აქაურობა კარგია, სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს.

რატომ ერქვა გელსუნდა? – აქ თურმე ბევრი ცხვარი ჰყოლიათ. საღამოს მწყესი დაჰკლავდა ცხვარს, შესჭამდა, რომ მიუთვლიდნენ, ეტყოდა, ერთი გელს უნდაო. ერთი ცხვარი ყოველ საღამოს იკვლებოდა, აბრალებდა მგელს.

გულსუნდას მომავალი

სოფელ გულსუნდადან ხერთვისის საჯარო სკოლაში ექვსი მოსწავლე დადის, ხოლო ასპინძის საბავშვო ბაღში – ოთხი აღსაზრდელი. ბავშვებს ტრანსპორტი ემსახურება.

დაჩი ვასაძე შვიდი წლისაა, მეორე კლასში სწავლობს.

„მინდა ბეტმენი გამოვიდე. მიყვარს ეგ მულტფილმი და ეგეთი მინდა ვიყო. ადრე სპაიდერმენობა მინდოდა, წითელი ფორმაც მქონდა. ახლა შავი ბეტმენი მინდა ვიყო“, – გვითხრა მან.

სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

რევაზ გელაძე 16 წლისაა. უნდა იურისტი გამოვიდეს. სოფლის პრობლემებიც აწუხებს.

„სოფელში მინდა ნაგვის ურნები დადგან, რადგან ხალხი ნაგავს მტკვარში ყრის, აბინძურებენ გარემოს, არადა ლამაზი სოფელი გვაქვს“.

სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

აჩიკო გელაძე 11 წლის: „პოლიციელი უნდა გამოვიდე. სიმართლის დამცველი ვიქნები“.

სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

გულსუნდა ტურისტებისთვისაც მიმზიდველი სოფელია. წარმოიდგინეთ, გადადიხართ ვიწრო ხიდზე; ირგვლივ სულ ტირიფები; შედიხარ მინდორში და, ასე 20––25 მეტრში, გადახრუკულ გორას აწყდები, სადაც არაერთი გამოქვაბულია. ერთ გამოქვაბულს დიდი ქვის კარიც აქვსო – მითხრეს.

ერთ გამოქვაბულში განდეგილი ბერიც ცხოვრობდაო. ბავშვებმა მითხრეს, ახლაც ვხედავთო. უფროსებმა – ახლა აქ აღარ არის, სხვაგან გადავიდაო.

დავტოვეთ სოფელი და გზიდან რამდენჯერმე მაინც გავიხედე გამოქვაბულებისკენ, განდეგილს ვეძებდი. ბერი ვერ დავინახე, თუმცა კლდეებსა და მტკვარს შუა მოქცეული სოფელიც საკმარისია იმისთვის, რომ გულსუნდას ეწვიო, აქაურებს ესაუბრო და კონწიალა ხიდზე ერთ–ორჯერ გაქანავდე.

სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

[გულო კოხოძე, ასპინძა]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

არის ერთი ქალი . . .
38 წლის სოფელი[ფოტო/ვიდეო]
სოფელი მთაში [ფოტო]
ცხოვრება ავარიულ სახლში
ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი
მიქელწმინდას ამბები [ფოტო]
ღარიბი სოფელი ‘ოქროს ციხით’ [ფოტო/ვიდეო]