FM97.5 / LIVE

უმართავი ნარჩენები

მთავარიეკონომიკა 12.06.2012
ასობით მშენებარე კომპანია ახალციხეში და ათასობით კუბური მეტრი სამშენებლო ნარჩენი, რომლის განთავსებაც კანონით ხდება თუ უკანონოდ ვერავინ გაარკვევს. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ცნებას "სამშენებლო ნარჩენი" არ ცნობს

უმართავი ნარჩენები

მდინარე ”ფოცხოვის” სანაპიროზე, მიქუტიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს ჭარბი ნალექის შემთხვევაში, სახლებში წყლის შევარდნის ეშინიათ. მათი თქმით, მას შემდეგ რაც ქალაქში მშენებლობები დაიწყო, მდინარის კალაპოტი სამშენებლო ნარჩენებით აივსო.

- “რამდენიმე წლის წინ წყალი სახლში შემოგვივარდა, იმის გამო, რომ ნაგვით არის ამოვსებული სანაპიროები. აღარ გვინდა იგივე პრობლემები შეგვექმნას ახლაც. რომელი წყალი წაიღებს ამხელა სამშენებლო მასალებს?! თან ყოველდღე უფრო და უფრო ემატება”, - ამბობს მიქუტიშვილის ქუჩაზე მცოხვრები მაია გოგოლაძე.

მისი თქმით, აქ ნაგავი რაბათის მშენებლობიდან ჩამოაქვთ: ”ამას ემატება ქალაქში მიმდინარე მშენებლობების სამშენებლო ნარჩენებიც და კალაპოტი ყოველდღე ვიწროვდება”.

ახალციხეში მასობრივი მშენებლობები წალიწადზე მეტია მიმდინარეობს. რომ აღარაფერი ითქვას, ათამდე მშენებარე ობიექტზე, იმის წარმოსადგენად თუ რა რაოდენობის სამშენებლო ნარჩენი შეიძლება დაგროვდეს ქალაქში, რაბათიც კმარა. შვიდ ჰექტარზე გაშლილი ციხის რებილიტაცია და გაწმენდითი სამუშაოები აქ გასული წლის ზაფხულში დაიწყო. ამჟამად აქ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით 250-ზე მეტი ხლეშეკრულებაა გაფორმებული.

ერთ-ერთი მშენებელი კომპანიის ”იკორთა 2007”-ის ხელმძღვანელი ტარიელ კერვალიშვილი აცხადებს, რომ მდინარის ნაპირზე ნარჩენი არასდროს გაუტანიათ: ”რეზიდენციასთან გაგვაქვს მიწა და იქვე მოსწორდება”.

”კამაზის” მძღოლის თენგიზ კაპანაძის თქმით, რომელსაც სამშენებლო ნარჩენები ჯერ ხელოვნური ტბის რეაბილიტაციისას გამოჰქონდა, ახლა კი ქვასა და ღორღს რაბათიდან ეზიდება, მანქანა ”ფოცხოვის” სანაპიროზე, იცლება. ოღონდ, კაპანაძე ნარჩენებს, არა მიქუტიშვილის ქუჩაზე, არამედ ქალაქის გასასვლელში, ბენზინ გასამართ სადგურთან ”მაგნატი 2006” ცლის: ”სხვა ტიპის ნარჩენებს ერთად ვაწყობთ და ნაგვის მანქანას გააქვს შემდეგ”.

კაპანაძის ნათქვამს კატეგორიულად უარყოფს შპს ”კეთილმოწყობის” სამსახურის დირექტორი ამირან ნოზაძე: “სამშენებლო ნარჩენებთან შეხება არ მაქვს. ვინც აშენებს, ორგანიზაცია იქნება ეს, თუ კერძო პირი, ვალდებულია, სამშენებლო ნარჩენი თავად გაიტანოს. მათ ეკრძალებთ ასეთი ნაგავი ქალაქში დადგმულ კონტეინერებშიც რომ ჩაყარონ. ასე კონტეინერები ფუჭდება, პირველ რიგში კი საბურავები გამოდის წყობიდან”.

ასევე ბენზინგასამართი სადგურის გვერდით იცლება ყოფილი პოლიკლინიკის დემონტაჟის შემდეგ მორჩენილი ნაგავიც.

სად გააქვთ სამშენებლო ნარჩენი მშენებარე იუსტიციის სახლიდან, ან რაბათის შესასვლელში, ათონელის ქუჩის რეაბილიტირებისას, კომპანია ”არტესის” მენეჯერს ლაშა ცხვარიაშვილსაც ვკითხეთ, თუმცა, მან ამ თემაზე საუბარი ”სამხრეთის კარიბჭესთან”არ ისურვა: ”უკაცრავად, მოგვიანებით დამირეკეთ”, გვითხრა და შემდეგ ჩვენ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ მანამდე სანამ ქაალქში მშენებლობები დაიწყებოდა, სამშნებლო ნარჩენებისთვის ადგილები წინასწარ შეარჩიეს. ერთი ასეთი ადგილი ყოფილი ხელოვნური ტბის დაჭაობებული ნაწილი იყო, რომელიც ამოავსეს და მოასწორეს კიდეც. მეორე კი მდინარის ნაპირთან, ბენზინგასამართი სადგურის გვერდით და მასაც მალევე მოასწორებენ.

- ”ნარჩენები ყველგან მოსწორდება. მომავალი წლისთვის ვერავინ მიხვდება სადმე ქალაქში სამშენებლო ნარჩენი იყო თუ არა. მით უფრო სანაპიროსთან ნარჩენებს ასე არ დავტოვებთ, რადგან ის რეაბილიტირებულ ხელოვნურ ტბიდანაც ჩანს”, - აცხადებს ახლაციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი.

რაც შეეხება მიქუტიშვილის ქუჩაზე სამშენებლო ნარჩენით ამოვსებულ სანაპიროს, გიქოშვილმა არაფერი იცის: ”მანდ ცუდი გზაა, შეიძლება ვიღაცამ იმიტომ დაყარა ნარჩენი, რომ გზა ამოევსოთ”.

ქალაქში ასობით მშენებარე კომპანიიდან რომელს სად გააქვს ნარჩენი, არავინ აკონტროლებს. უწყება, რომელიც ამ პროცესს თვალყურს მაინც მიადევნებს, არ არსებობს.

- “ეგ ჩვენი კომპეტენცია აღარაა. ბოლოს ჩვენი სამსახურის რეორგანიზაცია პირველ მაისს მოხდა. ახლა ვართ ბუნებრივი რესურსების სააგენტოში შემავალი იურიდიული პირი. ალბათ ნარჩენების კონტროლი გარემოსდაცვას ევალება”, - ამბობს აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელი ფრიდონ ტაბატაძე.

სამცხე-ჯავახეთის გარემოსდაცვის რეგიონული სამმართველო კი წელიწადზე მეტია გაუქმდა. თუმცა, როგორც ამ სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ხათუნა ხმალაძე გვიხსნის, ნარჩენებზე კონტროლი არც მისი არსებობის პერიოდში ხორციელდებოდა: ”ეს მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა მოხმდარიყო, თუ სამინისტროდან სპეციალური მითითება იქნებოდა”.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” ანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძის განცხადებით, კანონი ნარჩენების შესახებ, რომელიც დაადგენდა ნარჩენების კატეგორიებს და იმ ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელი უნდა იყვენენ თითოეული კატეგორიის ნარჩენის მართვასა და სწორ განთავსებაზე, დღემდე არ არსებობს.

- ”ეს საკითხები საერთოდ არ რეგულირდება კანონმდებლობით. მაგალითად, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს ცნებას "სამშენებლო ნარჩენი”, - განუმარტა ”სამხრეთის კარიბჭეს” გუჯარაიძემ.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრო, ბოლო ათი წელია საუბრობს, რომ მუშავდება კანონი ნარჩენების შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს ასეთი კანონი: ”ნარჩენების მართვა, სწორი უტილიზაცია და განთავსება, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ამდენად, ნარჩენების შესახებ კანონის შემუშავებისა და მიღების წლების განმავლობაში გადადება, ჩემი აზრით, დანაშაულის ტოლფასია”.

გუჯარაიძის განცხადებით, პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ახალციხე დგას, ადგილობრივი თვითმმართველობის ძალებით ვერ მოგვარდება, თუ მას არ ექნება სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც მას უფლებებისა და ვალდებულებების ზღვრებს დაუწესებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქალაქის შემოსასვლელი ნაგავსაყრელად იქცა
ახალციხეში ნარჩენებს ჩიხებსა და მდინარის ნაპირებზე ყრიან [Photo]
ბორჯომში სამშენებლო ნარჩენი მდინარეში ჩაყარეს [ვიდეო]
რატომ ვერ გახდა ახალციხე სუფთა ქალაქი
სამშენებლო ნარჩენები სასწავლებლის ეზოში – პოლიტიკა თუ უდროობა
ახალციხეში მდინარე ფოცხოვის ნაპირი დაბინძურებულია
ნარჩენებით სავსე ახალციხის გარეუბნები და შეწუხებული მოსახლეობა