FM97.5 / LIVE

'გამოსხივების გამო სახლებს ვტოვებთ' – მაღალი ძაბვის ანძებში მოქცეული სოფელი

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.09.2019
ახალციხის სოფელ ფერსაში მცხოვრებლები მაღალი ძაბვის ანძების დასახლებასთან სიახლოვეს აპროტესტებენ. ადგილობრივების ნაწილი ელექტრომაგნიტური ველის საფრთხეებზე საუბრობს, ნაწილი კი კომპენსაციების სიმცირეზე დაობს. აქ 220 კილოვოლტიანი სიმძლავრის ელექტროგადამცემ ხაზს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აშენებს.

'გამოსხივების გამო სახლებს ვტოვებთ' – მაღალი ძაბვის ანძებში მოქცეული სოფელი

წიკლაურების სოციალურად დაუცველი ოჯახი ფერსაში ერთ-ერთია, რომელმაც ელექტრომაგნიტური ველისგან გამოწვეული საფრთხეების შესამცირებლად, საცხოვრებელი სახლი შეიცვალა.

მაღალი ძაბვის გადამცემი ანძა, მათი ყოფილი სახლიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს, ოჯახის წევრები კი ირწმუნებიან, რომ ელექტრომაგნიტური ველი მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებდა, ამიტომ საკუთარი ნებით, საცხოვრებლად ძველ, ავარიულ სახლში გადავიდნენ.

„ჩემი რძალი ფეხმძიმედ იყო და მაგნიტური ველის გამო სულ ცუდად ხდებოდა, მე კიდევ წნევამ შემაწუხა, ძალიან ცუდად ვხდებოდით. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩემი მშობლების დანატოვარ, ავარიულ სახლში გადმოსვლა. იძულებული გავხდით და შიშითა და ფეთებით წამოვედით. იქ ორსართულიანი სახლი გვქონდა, აქ კედელი გამონგრეულია, გიფსო-კარდონით გვაქვს გაკეთებული ოთახები, სოროში შემოვძვერით, მაგრამ იქ ყოფნას მირჩევნია, მაღალი ძაბვის ქვეშ მაინც არ ვართ“, - ამბობს ევგენია წიკლაური.

მისივე თქმით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, რომელიც აქ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს აშენებს, ადგილობრივებთან მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების შესახებ არ უსაუბრია. შესაბამისად, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ანძასთან ახლოს ცხოვრობდნენ, არც კომპენსაციები მიუციათ: „ვიცით, რომ შედეგი ცუდი იქნება. იმ კომპანიიდან რატომ არ მოვიდნენ და მითხრეს, რომ აქ ცხოვრება არ შეიძლება და სახიფათოაო?! ფული არ მაინტერესებს, უბრალოდ, საცხოვრებელი მოგვცენ სადმე. ჩვენ რა დავაშავეთ. მე შეიძლება ხვალ აღარ ვიყო, მაგრამ ბავშვები მეცოდებიან, ამათ სიცოცხლე ხომ უნდათ?!“



სოფელში ამბობენ, რომ ელექტრომაგნიტური ველის გამო, ანძებთან ახლოს მცხოვრებლებს საქონელი დაუავადდათ: „ქათმები აღარ დებდნენ კვერცხს, საქონელი აღარ იწველებოდა. ხალხს ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო“, - ამბობენ ფერსაში.

ზრდის თუ არა ელექტრომაგნიტური ველი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს, ამის შესახებ კითხვით „სამხრეთის კარიბჭემ“ მშენებელს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიმართა. მათი განმარტებით, ელქტროგადამცემი ველი ანძიდან 25 მეტრის გარეთ, ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს: „ 220 კვ. ძაბვის „ახალციხე-ბათუმის“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ელექტრომაგნიტური ველების გავლენები მისი დაცვის ზონის (25 მ.) მიღმა არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. აღნიშნული ხაზის მშენებლობა ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი ნორმების დაცვით, რომელთა მოთხოვნები უფრო მკაცრია ვიდრე ევროპული“- განმარტავენ სსე-ში.

მათივე ინფორმაციით, ამავე ხაზებიდან წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველი, ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლებია, ვიდრე ოჯახებში არსებული ტექნიკის ხმარებით გამოწვეული ველები: „ ჩვეულებრივ ელექტრო მოწყობილობებს: მაგიდის სანათებს, სარეცხ მანქანას, ტელევიზორსა თუ კომპიუტერს. მიკრო ტალღური ღუმელის მოხმარებისას, მისგან 30 სმ-ში მაგნიტური ველის ზემოქმედება 14-ჯერ მეტია ვიდრე 220 კვ-იანი გადამცემი ხაზის სადენიდან 25 მეტრში. შესაბამისად ეგხ-ის დაცვის ზონის მიღმა სივრცე ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს“.

საწინააღმდეგოს ამბობენ გარემოსდამცველები: „კანონმდებლობაში არსებობს აქტი, რომელიც განსაზღვრავს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე მომუშავე ადამიანების ყოფნის რეგლამენტს, თუ რა მანძილზე და რა დროის განმავლობაში შეუძლიათ იყვნენ ისინი ელექტროგადამცემი ხაზის ზეგავლენის ქვეშ. მაგრამ თუ მუდმივად ცხოვრობს ადამიანი, ამაზე აქტი არ არსებობს, სწორედ ეს იწვევს სირთულეებს. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როცა პროექტში დასახლებული პუნქტებიდან ხაზების დაშორებები არასწორად არის მითითებული და პრაქტიკაში ის ადამიანებთან უფრო ახლოს არის“, - ამბობს „მწვანე ალტერნატივას“ პოლიტიკის ანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“.

მაღალი ძაბვის ანძებთან დაკავშირებით, ფერსელები მხოლოდ უსაფრთხოების ზომებზე არ საუბრობენ. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ კომპენსაციების ოდენობაზეც, რომლებიც საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გადაუხადა.

იმას, ვინც ერთი კვადრატული მეტრის სანაცვლოდ გადახდილ 38 თეთრს არ დაკმაყოფილდა, მიწა სასამართლოს ძალით ჩამოართვეს. ერთ-ერთი ასეთი თენგიზ ჯეირანაშვილია. მისი სასამართლო პროცესი აგვისტოში გაიმართა.

„ჩემი 1 601 კვადრატული მეტრია, რადგან მიწას არ ვაძლევდი, სასამართლო გაიმართა და გამამტყუნეს. მე ოპერაცია გავიკეთე და საავადმყოფოში ვიყავი, ამიტომ ვერ დავესწარი პროცესს. გრანდიოზულს არაფერს ვითხოვდი, ვუთხარი, მომეცით ოროთახიანი ბინა, მამა-პაპური მიწის სანაცვლოდ-მეთქი და თქვენი იყოს ეგ მიწა. იმათმა მითხრეს 500 ლარს გაძლევთო. არც ეგ 500 ლარი ავიღე, მიწა წამართვეს“, - ამბობს თენგიზ ჯეირანაშვილი.

მისივე თქმით, კომპანიამ მის მიწის ნაკვეთზე სამუშაოები ისე დაიწყო, რომ წინასწარ არ შეუთანხმებია: „კანონში წერია, რომ მოლაპარაკება უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო მოლაპარაკება. მითხრეს ჩვენმა აუდიტმა ეს ფასი დაადგინაო. დამოუკიდებელ ექსპერტს შევაფასებინოთ- მეთქი და არაო. გასაჩივრებასაც აზრი არ აქვს, მაინც ესენი მოიგებენ“, - ამბობს ჯეირანაშვილი.

კიდევ ერთი მიწის მესაკუთრე, რომელიც კომპენსაციის ოდენობით უკმაყოფილოა, ჯიმშერ გოგოლაურია. მისი სასამართლო პროცესი ჯერ არ ყოფილა, თუმცა ექსპროპრიაციის საკითხი (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ, ანაზღაურებით ან მის გარეშე) დღის წესრიგში დგას.

„1 500 მეტრია ჩემი. რამდენჯერმე შევხვდი წარმომადგენლებს და მითხრეს აუდიტმა ეს ფასი დაადგინა და ეს იქნებაო. მაშინ ეგრე მეც ჩემს აუდიტს მოვიყვან და შევაფასებინებ. მაგ მიწას, ვერც სახნავად გამოვიყენებ და ვეღარც სახლს ავაშენებ, ამიტომ კომპენსაცია ნორმალური ხომ უნდა იყოს?! მე როგორც ვიცი, აჭარაში დიდი კომპენსაცია გადაუხადეს და ჩვენი ხალხი ცხვრის პოზიციაში როდემდე უნდა იყოს“, - ამბობს გოგოლაური.

მისივე თქმით, კომპანიამ სოფელი მაღალი ძაბვის ხაზებში მოაქცია, ამიტომ რადიაციის საფრთხე მაღალია: „ეს მაღალი ძაბვის ხაზები ჯერ ზემოთ, სოფლის თავზე გადაატარეს, მერე ეგ არ აკმარეს სოფელს და ბოლოზეც გადაატარეს და ეს პირველ რიგში ორგანიზმისა და ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი. დასხივება აქვს დიდი და ამ ხაზებიდან 300 მეტრიც არ არის, სადაც საბავშვო ბაღი და სკოლაა, მანდ სამი სოფლის ბავშვები დადიან“.

სსე-ს ინფორმაციით, მიწის გამოსყიდვა ფერსაში მცხოვრებ ოთხ მესაკუთრესთან ვერ მოხერხდა. ამიტომ „დაიწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით“. შესაბამისად, მათ კუთვნილი ნაკვეთები სასამართლოს ძალით ჩამოერთმევათ.

მიუხედავად მცირე კომპენსაციებისა, ადგილობრივთა უმრავლესობა შემოთავაზებულ თანხას დათანხმდა. თუმცა მათი ნაწილი ამბობს, რომ კომპენსაციის ოდენობაზე კომპანიას მესაკუთრეებთან წინასწარ არ უსაუბრია. „რამდენი მოგვცეს ერთ კვადრატულ მეტრზე არ ვიცი. ჩემი 18 მეასედი იყო და მეორე ყანაში კიდევ პატარა ტერიტორია, სულ 500 ლარი მოუწია, თავიდან არ იყო შეთანხმებული რამდენს მოგვცემდნენ და რაც მოგვცეს, იმას დავჯერდით. მაგ ნაკვეთს სახნავ-სათესად ვიყენებდით, ვხნავდით და ვთესავდით. არავისთან მიჩივლია, რა აზრი ჰქონდა, ვისთან უნდა მეჩივლა“, - ამბობს ფერსაში მცხოვრები გოჩა ჩოქური.

რა ოდენობის თანხა გადაუხადა სსე-მ მიწის მესაკუთრეებს, რომელთა საკუთრებაზეც მაღალი ძაბვის ანძები დაიდგა, კომპანიაში არ აკონკრეტებენ. ამბობენ, რომ პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული მონაკვეთისთვის საკომპენსაციო განაკვეთები განისაზღვრა დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ: „378 მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან გაფორმებულია ნასყიდობის, სერვიტუტის უფლებით სარგებლობის ან/და კომპენსაციის ხელშეკრულებები“, - განმარტავენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“.

„ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის“ პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ეკუთვნის. მისი მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2021 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის ხელშეკრულების ღირებულება 31.65 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

პროექტი ითვალისწინებს ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით დაახლოებით 145 კმ სიგრძის, 220 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას.

„ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბათუმის ელექტრომომარაგებას, გაზრდის საქართველოს ენერგოსისტემის მუშაობის საიმედოობას და ჭარბი ელექტროენერგიის შემთხვევაში მოგვცემს საშუალებას, განვახორციელოთ ექსპორტი თურქეთსა და სხვა პოტენციური ბაზრების მიმართულებით“- განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ, 2015 წელს, მაშინ, როცა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-სა და ინდურ კომპანია KEC-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი ხაზის მშენებლობის შესახებ.
პროექტი ორ ეტაპად იყოფა: ბათუმი - შუახევის 52 კმ-იანი მონაკვეთი და ახალციხე შუახევის 92 კმ-იანი მონაკვეთი. ამჯერად დასრულებულია პირველი ეტაპის მშენებლობა და მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები.

'გამოსხივების გამო სახლებს ვტოვებთ' – მაღალი ძაბვის ანძებში მოქცეული სოფელი

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

„ბათუმი-ახალციხის“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა იწყება
ახალციხესა და ადიგენში ელექტროგადამცემი ხაზი შენდება – რისკები და საფრთხეები
‘სოფელი დაიცლება’ – ზიკილიელები დაგეგმილი ელექტროგადამცემის მშენებლობაზე
პროექტის საჯარო განხილვას კლდეში მხოლოდ ორი კაცი ესწრებოდა
ნინოწმინდის 5 სოფელს მეორე დღეა ელექტროენერგია არ აქვს
სოფელ არალში ხიდის მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს
არალის ხიდის ბედი კვლავ გაურკვეველია