FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაღებში პურის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებში მერის რძალი იმარჯვებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 11.09.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებს პურ-ფუნთუშეულით ახალციხის მერის რძლის საცხობი ამარაგებს. 2015, 2018 და 2019 წლებში ი/მ ნანა მაისურაძემ, ჯამში 220 236 ლარის ღირებულების ხუთი ტენდერი მოიგო.

ახალციხის ბაღებში პურის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებში მერის რძალი იმარჯვებს

საცხობი, რომლითაც ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მარაგდება, ახალციხეში დიდიმამიშვილის N6-ში მდებარეობს და ახალციხის მერის ძმის ოჯახს ეკუთვნის. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საცხობი ინდ. მეწარმე ნანა მაისურაძეზეა რეგისტრირებული, რომელიც ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის ძმის ცოლია.

„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ბოლო ხუთ წელში, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, მხოლოდ პურ-ფუნთუშეულით მომარაგებისთვის, ადგილობრივი თვით+მმართველობის ა(ა)იპ-მა სულ ათი ტენდერი გამოაცხადა, მათი საერთო ღირებულება 383 687 ლარია.

ამავე დოკუმენტში ჩანს, რომ ათიდან ხუთ ტენდერში ინდ. მეწარმე ნანა მაისურაძემ გაიმარჯვა. ტენდერებიდან მიღებულმა თანხამ სულ 220 236 ლარი შეადგინა.

მოგებული ტენდერები და მასში გამარჯვებულები წლების მიხედვით, ასე გამოიყურება:

2014 წელი, ( თემისა და ქალაქის ბაღების მომარაგება) - შპს NND - 48 721 ლარი;
2015 წელი, (თემის ბაღების მომარაგება) - ი/მ ნანა მაისურაძე - 18 884 ლარი;
2015 წელი, (ქალაქის ბაღების მომარაგება) - ი/მ ნანა მაისურაძე - 55 852 ლარი;
2016 წელი, (თემის ბაღების მომარაგება) - შპს „ტენდერი 123“ - 18 750 ლარი;
2016 წელი, (ქალაქის ბაღების მომარაგება) - შპს „ნამდვილი პური“ - 37 039 ლარი;
2017 წელი , (თემის ბაღების მომარაგება) - შპს „ტენდერი 123“ - 31 853 ლარი;
2017 წელი, (ქალაქის ბაღების მომარაგება) - შპს „ტენდერი 123“ - 27 087 ლარი;
2018 წელი, იანვარი/ მარტი (თემის ბაღების მომარაგება) ი/მ ნანა მაისურაძე -17 511 ლარი ლარი;
2018 წელი, აპრილი/დეკემბერი (თემისა და ქალაქის ბაღების მომარაგება) - ი/მ ნანა მაისურაძე - 50 819 ლარი;
2019 წელი, (თემისა და ქალაქის ბაღების მომარაგება) ნანა მაისურაძე - 77 169 ლარი;

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ახალციხის მერიის ააიპ-ია. შესაბამისად, იგი თვითმმართველობიდან ფინანსდება და ტენდერებისთვისაც თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

კითხვაზე, ტენდერებში მერის ნათესავის გამარჯვება, ხომ არ ქმნის ირიბად გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს, ან ხომ არ არის რაიმე სახის კორუფციულ გარიგებასთან კავშირში, ახალციხის მერი ამბობს, რომ მას ააიპ-თან კავშირი არ აქვს და მისი ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებებს თავად, დამოუკიდებლად იღებს: „მე რა შუაში ვარ. ბაღები თავის ტენდერებს თვითონ აცხადებენ. ააიპ-ია, ცალკეა და თავის საკითხებს თვითონ აგვარებს. არ აქვს მნიშვნელობა საიდან ფინანსდება. მოკლედ, არანაირი შეხება მაქვს“, - ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

რაიმე სახის ინტერესთან კონფლიქტის შესახებ არც სატენდერო დოკუმენტაციაში ფიქსირდება.

მაგალითად,ი/მ ნანა მაისურაძე მოამარაგებს 2019-2020 წლებში ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტში არსებულ 25 საბავშვო ბაღს პურ-ფუნთუშეულით. მან 2018 წლის დეკემბერში გამოცხადებულ ტენდერში კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა. ერთწლიანი ხელშეკრულება 2019 წლის ოთხ იანვარს გაფორმდა და 2020 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.

ტენდერის თანდართულ დოკუმენტებში წერია, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს: „სატენდერო კომისიის სხდომაზე, დამსწრე კომისიისა და აპარატის წევრები ვადასტურებთ, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, არ ვიმყოფებით ინტერესთა კონფლიქტში 2018 წლის ბიუჯეტის სახსრებით 2018 წელს, „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ - ის დაქვემდებარებაში მყოფი საბავშვო ბაღებისთვის პურით და ფუნთუშით უზრუნველყოფის თაობაზე ელექტრონული ტენდერის საშუალებით“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

რაიმე კავშირს მერის რძლობასა და ტენდერებში გამარჯვებას შორის ვერ ხედავს თავად ნანა მაისურაძეც. მისი თქმით, იგი შესყიდვებში მაშინაც იმარჯვებდა, სანამ მისი მაზლი ახალციხის მერი გახდებოდა: „არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ არის. მე არც მყავდა წელს კონკურენტი და ისე გავიმარჯვე. ზოგჯერ ვიგებდი, ზოგჯერ ვერა. სანამ ჩემი მაზლი მერი გახდებოდა, იქამდეც ვიგებდი ტენდერებს. შემაქვს პური და ფუნთუშეული. მე ჩემს მაზლს თვეში ორჯერ ან ვხვდები ან ვერა“, - ამბობს ნანა მაისურაძე.

2014-2019 წლებში, ანუ იმ პერიოდიდან როცა ზაზა მელიქიძე თვითმმართველობაში მოვიდა დღემდე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის პურის შესაძენად, სულ ათი ტენდერი გამოცხადდა. მათგან ხუთ ტენდერში ნანა მაისურაძემ გაიმარჯვა. ამ ხუთიდან მხოლოდ ერთ ტენდერში ჰყავდა კონკურენტი, ოთხ შემთხვევაში კი უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

2014, 2016 და 2017 წლებში ნანა მაისურაძე ტენერებში არ მონაწილეობდა. ამ ხნის განმავლობაში, მას მხოლოდ ერთი ტენდერი უფიქსირდება (2017 წელი ქალაქის ბაღების მომარაგება), სადაც ვერ გაიმარჯვა.

აღნიშნულ ფაქტზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი განმარტავს, რომ სამართლებრივად, პირდაპირი წესით ინტერესთა კონფლიქტი არ იკვეთება, რადგან რძალი არ მიეკუთვნება იმ ნათესავთა ჩამონათვალს, რომელსაც საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს, თუმცა იურისტი კორუფციული გარიგების საფრთხეებზე საუბრობს.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლთან მიმართებით, პირდარიპი წესით არ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, ვინაიდან რძალი არ განეკუთვნება ნათესავების ჩამონათვალს, რომელსაც საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს, მაგრამ თუ ერთი და იგივე პირი სისტემატურად იგებს ტენდერს და დგას ეჭვი, რეალურად არსებობს თუ არა კონკურენტული გარემო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომლითაც უნდა დაინტერესდეს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და პროკურატურა, რათა გამორიცხული იყოს კორუფციული სხვა სახის გარიგებების არსებობა“, - განმარტავს ქეთი ბებიაშვილი.

გარდა ამისა, იურისტი ტენდერებში კონკურენტის გარეშე გამარჯვების შემთხვევებსაც საეჭვოდ მიიჩნევს. მისი თქმით, აუცილებელია შესწავლილი იყოს, არსებობს თუ არა კონკურენტული გარემო და ხომ არ არის ტენდერის პირობები მორგებული რომელიმე კანდიდატზე: „ხშირად არის ხოლმე, რომ ტენდერი ცხადდება ისეთი პირობებით, რომლებიც კონკრეტულ კანდიდატზეა მორგებული და სხვამ წინასწარ იცის, რომ მანდ ვერ მოიგებს და არც შემოაქვს განაცხადი. ამიტომ ეს საკითხები უნდა იქნეს შესწავლილი“.

მაშინ, როცა შესყიდვებში ნანა მაისურაძე არ მონაწილეობდა, პურ-ფუნთუშეულის ტენდერი სამჯერ შპს „ტენდერი123“-მა მოიგო. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, იგი რეგისტრირებულია ამირან ჩიტაშვილზე, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს, თუმცა წარმოშობით ვალიდან არის.

გარდა პურ-ფუნთუშეულის მომარაგებისთვის სამჯერ მოგებული ტენდერისა, ეს შპს იმარჯვებდა ტენდერებში, რომლებიც ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას გამოცხადებული ჰქონდა: რძისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ბურღულეულის, ტომატის, ზეთისა და სხვა საკვები პროდუქტების მომარაგებისთვის.

მხოლოდ 2016-2017 წლებში, სულ 21 ტენდერი აქვს მოგებული, საერთო ღირებულებით - 374 509 ლარი.

მათ გარდა, თითო-თითოჯერ აქვთ პურის ტენდერი მოგებული შპს NND-ს (100%-იანი წილის მფლობელი კობა დვალიშვილი, რეგისტრირებულია თბილისში, ვაკის რაიონი, ატენის ქ., N 16 ) და შპს „ნამდვილ პურს“, (100%-იანი წლის მფლობელი დავით ბალიაშვილი, რეგისტრირებულია ახალციხეში, რუსთაველის ქ. №99 მიმდებარედ).

2019-2020 წლებში, ი/მ ნანა მაისურაძე პურ-ფუნთუშეულით ახალციხის 25 საბავშვო ბაღს მოამარაგებს. მათგან 17 თემში, რვა კი ქალაქში მდებარეობს:

1. ქალაქი ვალე, სტალინის ქ.18ა - №1 საბავშვო ბაგა-ბაღი
2. სხვილისის №1 საბავშვო ბაგა-ბაღი
3. აწყურის №1 საბავშვო ბაგა-ბაღი
4. აგარის №1 საბავშვო ბაგა-ბაღი
5. მუსხის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი
6. ვალე, მეორე შახტის საბავშვო ბაგა–ბაღი
7. ურავლის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი
8. მინაძის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი
9. წნისის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი
10. ფერსის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი
11. წყალთბილის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი
12. კლდის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი
13. პამაჯის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი
14. წინუბნის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი
15. ანდრიაწმინდის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი.
16. საძელის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი.
17. სვირის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი.
18. ქალაქი ახალციხე, შ. ახალციხელის ქ. #5 - #1 საბავშვო ბაგა
19. ქალაქი ახალციხე, რუსთაველის ქ. #40 - #1 საბავშვო ბაღი
20. ქალაქი ახალციხე, ვარძიის ჩიხი #4 - #1 საბავშვო ბაგა-ბაღი
21. ქალაქი ახალციხე, თამარაშვილის ქ. #39 - #2 საბავშვო ბაგა-ბაღი
22. ქალაქი ახალციხე, მიქუტიშვილის ქ. #10 - #3 საბავშვო ბაგა–ბაღი
23. ქალაქი ახალციხე, იაძის ქ. #12 -#4 საბავშვო ბაგა-ბაღი
24. ქალაქი ახალციხე, ასპინძის ქ. #47 - #5 საბავშვო ბაგა-ბაღი
25. ქალაქი ახალციხე, ივერიელის ქ. #52 - #6 საბავშვო ბაგა-ბაღი

აქვე შეგახსენებთ, რომ ივლისში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თვითმმართველობის ხელმძღვანელად ზაზა მელიქიძის მოსვლის შემდეგ, მისმა კომპანიებმა 29-დან 15 ტენდერი მოიგეს. ვრცლად მასალის სანახავად გადადით ბმულზე.

მასალა მომზადებულია ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალციხის თემის ხუთ ბაგა–ბაღს წიგნები გადაეცა
ახალციხეში ბაღების გასათბობად მშობლებს შეშა სახლიდან მიაქვთ
ახალციხის მეხუთე ბაღის ეზოში საბავშვო ატრაქციონი დადგეს
ასპინძაში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხეში სამ სკვერსა და ერთ ბაგა–ბაღში ატრაქციონებს დადგამენ
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა