FM97.5 / LIVE

კარიბჭე ამერიკაში [ფოტო]

მთავარიბლოგები 28.08.2019
„გიხაროდენ, საელჩოდან დამირეკეს! თქვენი ვიზები მზადაა და გზა ხსნილი გაქვთ ამერიკისკენ“ – საორგანიზაციო საკითხებისთვის შექმნილ ჩატში მაიამ მოგვწერა. მაია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამერიკის საელჩოს მეშვეობით დაფინანსებული "Irex"-ის იმ პროგრამის (GMPP) დირექტორია, რომლის ფარგლებშიც მე და „სამხრეთის კარიბჭეს“ კიდევ სამი თანამშრომელი ამერიკაში საქმიანი ვიზიტით ვიმყოფებოდით.

კარიბჭე ამერიკაში [ფოტო]

პროგრამის ოთხივე მონაწილეს ჩვენ–ჩვენი მისია გვქონდა – განსხვავებული, მაგრამ ამავე დროს ერთმანეთთან მჭიდროდ კავშირში მყოფი. პროფესიულის გარდა, კიდევ ერთი საერთო მისია, ერთი კვირის განმავლობაში პირადი ამბების გვერდზე გადადება და ამერიკაში ვიზიტისთვის სრული მობილიზება იყო. რამდენად გამოგვივიდა ბლოგის ჩაკითხვითაც მიხვდებით. ახლა კი ვეცდები ქრონოლოგიურად მივყვე მოვლენებს.

ამერიკაში გამგზავრებამდე ორი კვირაა, მისი ფორმალური და არაფორმალური სამზადისით. წინასწარ გამოგზავნილი განრიგის მიხედვით, ვიცით, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვექნება და ვცდილობთ აქედანვე შევემზადოთ. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ყველა ქმედებას ან უმოქმედობას „USA” გასდევს „ბექგრაუნდად“. როგორც იქნა გადის ამერიკაში ვიზიტზე არანაკლებ დამღლელი, ორკვირიანი სამზადისი და 11 აგვისტოს, თბილისის აეროპორტში ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ(თიკო, ლუბა, ბუტა და მე) და თარჯიმანი ნათია, რომელმაც თარჯიმნობის გარდა, შესანიშნავი გიდობა გაგვიწია ამერიკაში. ამ მომენტისთვის ნათიას ჯერ კიდევ არ ვიცნობთ და არ ვიცით მისი უგზო–უკვლოდ განათლებულობის შესახებ. თუმცა, ძალიან მალე ვეჩვევით და ერთმანეთის ხუმრობებიც გვესმის. თბილისის აეროპორტს გაცილებული არ ვართ, უკვე დიდი ხნის ნაცნობებივით ვხალისობთ მებაჟეზე, რომელიც ბუტას 10 წლიანმა ვიზამ დააეჭვა და მის ნამდვილობას ამოწმებდა.

ხუმრობა–ხუმრობაში, ძილსა და ღვიძილში, ფრენაში და სირბილში 20 საათი გავატარეთ და როგორც იქნა, მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე. რიჩმონდში ვართ. ისეთი დაღლილი ვარ, სახის ვერც ერთ ნაკვთს ვერ ვიმორჩილებ. ასე არიან დანარჩენებიც. აეროპორტში მაიკლი გვხვდება და მანქანით მიგვაცილებს სასტუმრომდე(მაიკლი ამერიკელია, მაიას მეგობარი უდიდესი კომფორტი იყო ის და მისი ავტომობოლი. ამას მომდევნო დღეებში უფრო მივხვდით, ვაშინგტონსა და ნიუ–იორკში მაიკლი რომ აღარ გვყავდა). ბუნდოვნად ჩამესმის ნათია და მაიკლი საქართველოსა და ამერიკაზე რომ საუბრობენ. მაიკლი ამბობს, რომ ქართული კოკა–კოლას გემო უფრო მოსწონს. სიამაყის გრძნობა მეუფლება ) პარალელურად ბუტას „შუტკებს“ ვუსმენ თიკოს და ლუბას მისამართით. მთელი ხუმრობის არსი იმაშია, რომ დაღლილები ვართ და „სახე გაგვექცა“, არ გვემორჩილება. ახლა, როცა ამას ვწერ მხოლოდ მეღიმება, მაგრამ იქ გულიანად ვიცინოდით. „მოვსულიერდით“ და რიჩმონდის ქუჩებსაც გადავავლეთ თვალი.

კარიბჭე ამერიკაში [ფოტო]

ქალაქი ფართე და სუფთა ქუჩებით, საშუალოზე დაბალი შენობებით და უსაზღვრო სივრცის შეგრძნებით. მანქანები კანტი–კუნტად მოძრაობენ, ვერც ადამიანებს ვხედავ, რა ხდება? მახსენდება, რომ კვირაა და ქალაქგარეთ იქნებიან გასული. (მაგრამ ჰოი საოცრებავ, ორშაბათს და სამშაბთსაც იგივეს ვხედავ. მხოლოდ შესვენების დროს დავინახე ხალხი ქუჩაში, თავიანთი ლანჩით სკვერებში ისხდნენ). მშვიდი და მყუდრო ქალაქია რიჩმონდი. მგონია, რომ მარტივად ადაპტირებადიც და ამიტომ არ მაქვს განცდა, რომ სხვაგან ვარ.

კარიბჭე ამერიკაში [ფოტო]

სასტუმროში მაია გვხვდება და სავახშმოდ მივდივართ. ჯერ კიდევ არ ვიცნობთ კარგად ერთმანეთს და უხერხული სიჩუმეა. მე კოკა–კოლას ვაგემოვნებ და მაიკლს ვეუბნები, რომ მართალი იყო, რომ ამბობდა, ქართულ კოკა–კოლას უფრო კარგი გემო აქვსო. მერე ძალიან ვნანობ ჩემ სიტყვებს. მის ქვეყანაში ვარ და ქართულ კოკა–კოლასთან პარალელის გავლების ნაცვლად, ხომ შეიძლებოდა მისი ქვეყნის ნებისმიერი სიკეთისთვის გამესვა ხაზი. მე კი ვიცი, რომ მსგავს სიტუაციებში სისულელეების წამოროშვის დიდოსტატი ვარ, მაგრამ მაიკლი ამას არ მაგრძნობინებს და დიდსულოვნად მპატიობს )

ორშაბათია, 05:00 საათზე მეღვიძება. ახლა საქართველოს დროით 13:00 საათია. მაჯის საათზე ისევ ქართული დრო წიკწიკებს. ეს ჩემ ოჯახთან კავშირის დამყარებაში მეხმარება და ჯიუტად არ ვცვლი.

დღეს, ჩვენი ვიზიტის პირველი სამუშაო დღეა. მოსალოდნელზე მეტი პუნქტუალურობით ვემზადებით წასასვლელად. მანამდე კი მაია ღელავს, ეუხერხულება ზრდასრულ ადამიანებს, პირდაპირ მიგვითითოს დეტალებზე. თუმცა, ორშაბათსაც და შემდეგ დღეებშიც ქართული დროის მენეჯმენტის სტერეოტიპებს ვანგრევთ და მაიას აღელვების საბაბს არ ვუტოვებთ.

რიჩმონდში ოთხ ადგილობრივ მედიას ვხვდებით. თითოეულთან რამდენიმე საათიანი დისკუსია იმართება. საინტერესოა მათი გამოცდილებების მოსმენა. ჩვენთვის მნიშვნელოვან დეტალებს ვინიშნავთ. ყოველი შეხვედრიდან გამოსულები კი, ყველა ერთხმად ვთანხმდებით რომ ჩვენი და მათი სამუშაო სპეციფიკა იდენტურია. რომ მათაც გაიარეს ის გზა, რასაც ახლა გავდივართ და იქაური „ტრენდები“ რამდენიმე წელში ჩვენთანაც დამკვიდრდება. ამ დიალოგისას, რა თქმა უნდა არ ვივიწყებთ მასშტაბებს ჩვენი ამოცანაა ჩანიშნული საკითხები ჩვენი რეალობის გათვალისწინებით ავამუშავოთ. ამაზე მერე გვაქვს თავი სამტვრევი, ახლა რიჩმონდის ქუჩებს მივყვეთ.

„Monument Avenue” რიჩმონდის ისტორიული ქუჩაა, რომელზეც ამერიკის სამოქალაქო ომში დაღუპული გმირების ძეგლები დგას. როგორც მაიამ გვითხრა, ქალაქის მოსახლეობის ერთ ნაწილს სურდა ძეგლების აღება, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ეს მათი ისტორიის სამარცხვინო ნაწილი იყო (ვირჯინიის შტატი თერთმეტიდან ერთ–ერთი მონათმფლობელური შტატი იყო, რომელიც აშშ–ს გამოეყო და ამერიკის შტატების კონფედერაცია ჩამოაყალიბა). ხოლო მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს მათი ისტორიის ნაწილია და შესაბამისად ძეგლებიც უნდა იყოს. არ ვიცი კვლავაც თუ განიხილავენ ამ საკითხს, თუმცა ძეგლები ამ ქუჩაზე ურყევად დგას. შემდეგი გაჩერება “virginia state capitol“ – სამუზეუმო დატვირთვასთან ერთად სამთავრობო შენობაცაა. შენობის სტილი, ამერიკის მესამე პრეზიდენტს, ტომას ჯეფერსონის ინიციატივა ყოფილა, რომლის ინსპირაცია საფრანგეთში ვიზიტისას ნანახი, რომაული კლასიკური ტაძარი გამხდარა. კაპიტოლში ვიზიტისას, ერთ–ერთი ადგილობრივი მედიის წარმომადგენელი და ჩვენი თანამგზავრი რობერტი, სიამაყით მამცნობს, ამერიკის პრეზიდენტებიდან, 12 რიჩმონდელიაო. მათი სახელების დამახსოვრებას არ ვცდილობ, ვიცი მაინც არ გამომივა.

დრო აღარ გვაქვს, მატარებლით ვაშინგტონში მივემგზავრებით, ამიტომ ვემშვიდობებით რობერტს და მივდივართ სადგურისკენ. წინ სამ საათიანი გზაა და იმედი გვაქვს, ლამაზ ხედებს გავივლით. მაგრამ მოლოდინი გვიცრუვდება. ჩავდივართ ვაშინგტონში და ვემზადებით მომდევნო დღისთვის.
ოთხშაბათია. ჩვეულ დროს გავდივართ სასტუმროდან. ოღონდ ახლა ფეხით მივდივართ. მაიამ გადაწყვიტა, ტრამპთან საუზმეზე შეგვატაროს. სამწუხაროდ ტრამპი შინ არ არის და მელანია გვმასპინძლობს. იქ საუბრით გართულებს, ფოტოების გადაღება გვავიწყდება და გარეთ გამოსულები ვხვდებით, რომ ერთი ფოტოც კი არ გვაქვს არა თუ მელანიასთან, თეთრ სახლთანაც კი(თეთრ სახლში ვიზიტი ხუმრობაა, სინამდვილეში ფოტო იმიტომ არ გვაქვს, რომ დიდი ღობის გამო, უბრალოდ არ ჩანდა თეთრი სახლი:)). არც ვაშინგტონის ქუჩებში გვაქვს ბევრი ფოტო. არ გვაქვს, რადგან ვმოძრაობთ. უბრალოდ დავდივართ ქუჩებში და ვცდილობთ ქალაქს „გავუგოთ“.

ვაშინგტონში რამდენიმე მედიასთან გვაქვს შეხვედრა. ერთ–ერთია “Voice of America” საქართველოს დეპარტამენტი. უჩვეულო გრძნობაა, შუაგულ ამერიკაში, ქართველები რომ გმასპინძლობენ. კიდევ ერთი მიზეზი, იფიქრო რა პატარაა დედამიწა და თავი შინ იგრძნო.

დამავიწყდა მეთქვა, რიჩმონდისგან განსხვავებით, აქ ადამიანები ქუჩაში მოძრაობენ, შენობებიც უფრო მაღალია და მაღალსართულიანი შენობებიდან შესანიშნავი ხედებიც იშლება. უცებ გადის ვაშინგტონში ყოფნის ორი დღე. კვლავ არ ვარ აღფრთოვანებული და ვამბობ, რომ ყველა ემოციას ნიუ–იორკისთვის ვინახავ. მაგრამ წამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, წვიმდება და ვაშინტგონზეც გული მითბება. ვხვდები, რომ ეს ის ქალაქია, სადაც თხელი სარაფანით უნდა ისეირნო წვიმიან ამინდში...

შემდეგი გაჩერება ნიუ–იორკი. ცათამბჯენების ქალაქი.

სადგურიდან გამოსვლისთანავე გრძნობ ჰოთდოგების სუნს. ქუჩაში უმრავი ხალხი მოძრაობს და ხმაურია. მაია ღელავს, რადგან ასეთ ქაოსში რთულია ექვსი ადამიანის კოორდინირება. ჩვენც მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ. წინა დღეებისგან განსხვავებით, ახლა ზუსტად ვიმახსოვრებთ ლოკაციებს. მანჰეტენზეა ჩვენი სასტუმრო, დაქანცულები მივდივართ და ვისვენებთ, რადგან წინ კიდევ ერთი სამუშაო დღეა.

მეორე დღეს, CNN-ით იწყება ჩვენი ვიზიტი, შემდეგ საშუალო სიდიდის ონლაინ გამოცემა “SLATE”–ის თანამშრომლებს ვხვდებით და ბოლოს, ჩვენი შეხვედრების სიიდან ყველაზე პატარა მედია „Bklyner”-ს. თუმცა, მისი პოტენციური აუდიტორია ერთი მილიონია. ეს გამოცემა ნიუ–იორკის ერთ–ერთ რაიონში, ბრუკლინში მდებარეობს. ნიუ–იორკში ყველაზე ღარიბ რაიონად ითვლება და როგორც ამბობენ კრიმინალიც მაღალია. აქ ვერ შეხვდებით ცათამბჯენებს. სამაგიეროდ შეხვდებით ოჯახს და ბედნიერ ბავშვებს, რომლებსაც გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, მშობლებმა პიცის საჭმელად წასვლა ახარეს. ნამდვილი დღესასწაული ჰქონდათ. ვხვდები, რომ ამერიკელები აფასებენ იმას, რაც აქვთ და რაც არ აქვთ, იმაზე დარდით ცხოვრებას არ ირთულებენ.

ჩვენი სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეც ამოიწურა და წინ 1.5 დღე გვაქვს თავისუფალი. ბევრი რამ გვაქვს სანახავი, მაგრამ არჩევანის გაკეთება გვიწევს. ამ მომენტისთვის შემონახულ ყველა ენერგიას ვუხმობთ. „Time square”–ით ვიწყებთ – ბილ–ბორდებით განათებული ქუჩა არ გაგრძნობინებს, რომ ღამის პირველი საათია. უამრავი ხალხი ირევა და გაადადგილება გვიჭირს. ძნელად წარმოსადგენია, ათასობით ადამიანს შორის, რომელიმე ერის წარმომადგენელი აკლდეს. ფოტოებს ვიღებთ, მაგრამ კვლავ „გაქცეული სახეები“ გვაქვს. დაღლილები ვბრუნდებით სასტუმროში.
მომდევნო დღე და ახალი თავგადასავალი: თავისუფლების ქანდაკებასთან მივდივართ. „ერთი ხელის გაწვდენაზე“ ვუახლოვდებით გემით. არ ვიცი, რა მაგიურ ძალას ფლობს, მაგრამ, რომ უყურებ, თავისუფლების განცდა გეუფლება. რამდენიმე წამი გრძლედება და ეს მომენტი უნდა დაიჭირო. იმდენი ფოტო გვაქვს, მანჰეტენური ცათამჯენებისა და თავისუფლების ქანდაკების ხედებით, ფოტოგრაფიის ავადმყოფობა შეგვეყარა ყველას(ზღვის ავადმყოფობასავით).

კიდევ ბევრი რამ გვაქვს სანახავი, მაგრამ დრო არ გვყოფნის, ამიტომ ნიუ–იორკის ქუჩებში დავბოდიალობთ. ნათია, ხუმრობით ნიუ–იორკელებსაც გვეძახის უკვე, ისე ავითვისეთ ახლო–მახლო ქუჩები.

წასვლის დრო ახლოვდება. მაია რჩება, შემდეგ გუნდს უნდა უმასპინძლოს ამერიკაში. უდიდესი კომფორტია მასთან ერთად სამუშაო ვიზიტი, ყველაფერი გათვლილი აქვს, გაუთვალისწინებელი შემთხვევების ჩათვლით, და თუ მაინც მოხდება, მარტივად პოულობს გამოსავალს. შენ ზედმეტი ფიქრი არ გჭირდება, მხოლოდ უნდა მიყვე.

საქმიანი ვიზიტის დაგეგმვა/ორგანიზებისთვის დახარჯულ ენერგიაზე რომ არაფერი ვთქვა, ის მაინც უნდა აღვნიშნო, როგორ აქტიურად ცდილობდა ჩვენთვის იქაური კულტურის გაცნობას.

ნათია ჩვენთან ერთად ბრუნდება, მაგრამ სახლში არა, თბილისიდან რიგაში მიემგზავრება. კომფორტული და საინტერესოა მასთან გატარებული დღეები. არ გვეთმობა, მაგრამ მაინც ვემშვიდობებით და რიგაში ვაცილებთ.

დანარჩენები შინ ვბრუნდებით, ემოციებით დატვირთულები. უცნაური განცდაა კვირას ნიუ–იორკში და სამშაბათს ახალციხის ქუჩებში რომ დააბიჯებ. ამ განცდას მხოლოდ ის მანძილი მიქმნის, რაც გამოვიარეთ. დღეს დაბრუნებიდან მეცხრე დღეა და ახლა დამშვიდდა გონებაში ყველაფერი. ახლა ის დროა, სამუშაოს დავუბრუნდეთ და ბლოკნოტში ჩანიშნულ შენიშვნებს გადავავლოთ თვალი.

კარიბჭე ამერიკაში [ფოტო]

კარიბჭე ამერიკაში [ფოტო]

[თეონა მაისურაძე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

04.04.2020 ახალციხის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'სამხრეთის კარიბჭეს' ჟურნალისტები სამუშაო ვიზიტით ამერიკაში იმყოფებოდნენ
პრეზიდენტი - 'ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება'
ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი [R]
კრივის ჩემპიონატის ქართველი გამარჯვებული ამერიკაში
‘ვისწავლოთ ჩვენი აუტისტი შვილებისგან’ – აუტისტის დედის წერილი ახალციხიდან
ერთი დღე ავღანეთში
რა რისკებს შეიცავს შრომის კოდექსის კანონპროექტი