რატომ გაუჭირდათ მოსწავლეებს ფიზიკა-ქიმიის გამოცდა

მთავარიგანათლება 11.06.2012
2012 წლის საატესტატო გამოცდებში ყველაზე მეტი მოსწავლე ფიზიკასა და ქიმიაში ჩაიჭრა. არაქართულენოვან სკოლებში ამას ცუდი თარგმანით ხსნიან, ქართულენოვანში კი ცუდი სასწავლო გეგმით[left][/left]

რატომ გაუჭირდათ მოსწავლეებს ფიზიკა-ქიმიის გამოცდა

2011-2012 წლის საატესტატო გამოცდები 30 მაისს, მათემატიკის გამოცდით დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოცდები წარმატებულად შეაფასა.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, მიმდინარე წელს გამოსაშვებ გამოცდებს 41 ათასამდე მოსწავლე აბარებდა. საგნების მიხედვით, საშუალო 8 ქულა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მიმდინარე წელს გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეთა მხოლოდ 5%-ზე ნაკლებმა ვერ გადალახა ბარიერი(5.5), მაშინ როდესაც გასულ წელს 17%-მა ვერ დაძლია საატესტატო გამოცდები.

შედეგების საბოლოო სტატისტიკა, ბარიერი ვერ გადალახა:

2012 წელს 2011 წელს

ქართული ენა და ლიტერატურა 1% 20%
უცხო ენა 3% 20%
ისტორია 1% 10%
გეოგრაფია 1% 10%
ფიზიკა 3% 25%
ქიმია 1% 25%
ბიოლოგია 1% 10%
მათემატიკა 1% 20%

სამინისტრომ ასეთი შედეგები სწავლის ხარისხის გაუმჯობესებით, უცხო ენის, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების სწავლების გაძლიერებით ახსნა.

ახალციხის ექვსი სკოლიდან, რომლებსაც გამოსაშვები კლასები ჰყავდათ (ხუთი საჯარო და ერთი კერძო), ორ სკოლაში უჭირთ გამოცდებს წარმატებული უწოდონ.

ქალაქის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც ორი, ქართული და რუსული განყოფილებაა, გამოცდებს 55 მოსწავლე აბარებდა, ამათგან ატესტატის გარეშე 16 მოსწავლე რჩება.

მეორე სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით წელს არასახარბიელო შედეგები მიიღეს.
მოსწავლეებს განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარება გაუჭირდათ, სამაგიეროდ, კარგი შედეგი აჩევენეს ქართულ ენაში, სადაც 11 ათიანი დაიწერა და არავინ ჩაჭრილა. ასევე არავინ ჩაჭრილა გეოგრაფიაში. თითო-ოროლა ბავშვმა ვერ გადალახა ბარიერი ისტორიაში, ინგლისურში, მათემატიკასა და ბიოლოგიაში.

- ”განსაკუთრებით რთული იყო საბუნებისმეტყველო საგნები და ასეთ რამეს ჩვენ ველოდით, იმიტომ რომ ესენი არიან ის ბავშვები, ვინც ეს საგნები ტრიმესტრებით ისწავლა”, - ამბობს იგი.

საბუნებისმეტყველო საგნების ტრიმესტრული სწავლება 2006-2007 სასწავლო წელს დაიწყო. მაშინ განათლების მინისტრი კახა ლომაია იყო. „ტრიმესტრული" სწავლების დროს მოსწავლეები ქიმიას, ფიზიკას და ბიოლოგიას ერთი წლის განმავლობაში, ოღონდ სხვადასხვა დროს გადიოდნენ. პირველ სამ თვეს მოსწავლეები მხოლოდ ბიოლოგიას სწავლობდნენ, შემდეგ თვეებზე კი დანარჩენი ორი საგანი იყო განაწილებული.

რეფორმის ავტორებს მიაჩნდათ, რომ თუ მოსწავლეები რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ ერთ სამეცნიერო საგანზე კონცენტრირდებოდნენ, შედეგი უფრო ეფექტური იქნებოდა.

დიმიტრი შაშკინის განათლების სამინისტროში მოსვლის შემდეგ ტრიმესტრული სწავლება გაუქმდა. 2010 წელს, როცა პირველად დაიწყო საუბარი საატესტატო გამოცდებზე, დიმიტრი შაშკინიც და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილიც ამბობდნენ, რომ საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეებს ცოდნის დაბალი დონე ჰქონდათ. ეს კვლევებითაც დასტურდებოდა.

დირექტორისგან განსხვავებით, მოსწავლეები შედეგს ცუდ თარგმანს ”აბრალებენ”. ამბობენ, რომ ქართულიდან ტექსტი პირდაპირ იყო ნათარგმნი და ხშირ შემთხვევაში კითხვების აზრს ვერ იგებდნენ. (შეგახსენებთ, რომ არაქართულენოვანი სკოლების მეთორმეტეკლასელები გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებდნენ).

იყო თუ არა ეს ნამდვილად თარგმანის პრობლემა, სკოლის დირექტორს ამის თქმა უჭირს, რადგან თავად ტესტები არ გადაუმოწმებია. თუმცა, ამბობს, რომ ამ საგნებში ძირითადად რუსული განყოფილების მოსწავლეები ჩაიჭრნენ, მათ შორის ისეთებიც, ვინც კარგ მოსწავლედ ითვლებოდა და არ უნდა ჩაჭრილიყო: ”მე არ მინახავს ტესტები, მაგრამ ბავშვები ამბობენ, რომ კითხვას ვერ გებულობდნენ”.

ცუდ თარგმანზე საუბრობენ ახალციხის მესამე, სომხურენოვან საჯარო სკოლაშიც. აქ საატესტატო გამოცდებს 68 მოსწავლე აბარებდა (ამათგან, ორი სოფელ საძელის სკოლიდან) და ატესტატის გარეშე, თითქმის ნახევარი, 30 მოსწავლე რჩება. უმეტესობას ფიზიკა, ქიმია და მათემატიკა გაუჭირდა.

- ”ქართულ ენაში 20 ათიანი დაიწერა. ყველაფერში კარგი შედეგები გვქონდა, ფიზიკის გამოცდა როგორც კი დაიწყო, უცებ ჩაიჭრა 12 ბავშვი, ქიმიაში ასეთი ცუდი შედეგი არ იყო, მაგრამ მათემატიკაც გაუჭირდათ, 17 მოსწავლე ჩაიჭრა”, - ამბობს მესამე სკოლის დირექტორი სვეტა არუთუნიანი.

ამავე სკოლის სასწავლო ნაწილი სუსანა მანასიანი ამბობს, რომ იმ 30 მოსწავლეს შორის, რომლებმაც ბარიერი ვერ დაძლიეს, ისეთი მოსწავლეებიც იყვნენ, რომლებიც კარგად სწავლობდნენ და უმაღლეს სასწავლებლებშიც აპირებდნენ სწავლის გაგრძელებას.

ამ სკოლებისგან განსხვავებით, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში ჩაჭრილი მოსწავლეების ზუსტი რაოდენობის დასახელებისგან თავს იკავებენ. სკოლის დირექტორის თქმით,
გამოცდაზე 120 ბავშვი გადიოდა. ამათგან, სამი მოსწავლეა ისეთი, რომელთაც ორი და სამი საგანი აქვთ ჩავარდნა, ხუთი კი ისეთი, რომელთაც მეასედები აკლიათ და ალბათ დაუმრგვალდებათ.

- ”ეს სამინისტროს გადასაწყვეტია, ჯერ ველოდებით, თუ იმათ დაუმრგვალდათ, გამოდის, რომ სამზეც ზუსტად ვერ ვიტყვით. თუ შარშანდელივით სამი საგანი ეპატიათ, ფაქტობრივად, ჩაჭრილი ბავშვი აღარ გამოვა სკოლაში. თუ არ ეპატიათ, მაშინ გამოვა რომ სამი რჩება უატესტატოდ”, - ამბობს სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

ამავე სკოლის ერთერთი მეთორმეტეკლასელის ინფორმაციით, რომლის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო არ ვწერთ, სკოლაში 9 მოსწავლე ჩაიჭრა.

მოსაზრებას, რომ გარკველ პერიოდში ტრიმესტრულმა სწავლებამ საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის დონეზე იმოქმედა, პირველი საჯარო სკოლის დირექტორი არ იზიარებს. იგი ამბობს, რომ საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეებმა მაღალი შეფასებები მიიღეს: ”დიდი შრომა ჩავდეთ ამაში და შედეგიც მივიღეთ”.

ასევე ფიზიკაში ვერ გადალახა ბარიერი ახალციხის კერძო სკოლა ”მზექას” ერთმა კურსდამთავრებულმაც. ამ სკოლაში გამოცდებს 20 მოსწავლე აბარებდა. სკოლის დირექტორი ბელა კაპანაძე ამბობს, რომ საბოლოო ჯამში მოსწავლეებმა კარგი შედეგი აჩვენეს: ”ერთს დააკლდა 0,05 ქულა ფიზიკაში, ოქტომბერში მოსული ბავშვია და ეს საგანი ცოტა უჭირდა”.

ასევე კმაყოფილია შედეგებით ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი. ამ სკოლიდან გამოცდებს 23 მოსწავლე აბარებდა და არცერთი მათგანი არ ჩაჭრილა.

- ”შარშანაც იგივე შედეგი გვქონდა, შარშანაც ყველამ მიიღო ატესტატი”, - ამბობს სკოლის დირექტორი.

გასული წლის მსგავსად, საატესტატო გამოცდები წელსაც CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა. საატესტატო გამოცდებისთვის მოსამზადებლად და განვლილი პროგრამის გასამეორებლად, 2010 წელს მეთორმეტეკლასელებს სპეციალური აბიტურის საათები დაუნიშნეს. სწორედ ”აბიტურების” დამსახურებად თვლის მიღებულ შედეგს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი. მეორე სკოლაში კი ამბობენ, რომ თუ მოსწავლეს საფუძვლიანი ცოდნა არ აქვს, გადამეორება ბევრს ვერაფერს შესძენს.

საატესტატო გამოცდების შემოღების მიზანი, რომელსაც მაშინ მოსწავლეთა საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, ”ბავშვების სკოლაში დაბრუნება” და „რეპეტიტორების ინსტიტუტის" დასუსტება იყო. სკოლებში დისციპლინა და დასწრება ნამდვილად გამოსწორდა, თუმცა, ჯერ არაფერი შეცვლილა რეპეტიტორებთან დაკავშირებით.

თითქმის ყველა სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მისი სკოლის მოსწავლეები, სხვა სკოლებისგან განსხვავებით, რპეტიტორებთან არ დადიან. თუმცა, რეპეტიტორებთან მოსწავლეები ყველა სკოლიდან რომ დადიან, ეს ყველასთვის ცნობილია. ახსნა დირექტორების ამგვარ კომენტარებსაც აქვს, იმ სკოლებში, რომლებშიც საატესტატო გამოცდებზე დაბალი აკადემიური მოსწრება დაფიქსირდა, გასულ წელს გენერალური ინსპექცია შევიდა და დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა. დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხზე განათლების მინისტრმა ყურადღება წელსაც გაამახვილა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]