'მინდა ისეთი სიყვარული შემეძლოს, როგორიც ცხოველებს შეუძლიათ' – ცხოველთა მოყვარულები [ფოტო/ვიდეო]
მთავარი → სიახლე, საზოგადოება21.08.2019პეტიციის „ცირკი ცხოველების გარეშე“ ერთ–ერთი ავტორი, თენგო ენდელაძე სოფელ ხევაშნიდანაა, მთვარისა აჯაფხანიანი კი ახალციხეში ცხოვრობს. უპატრონო ცხოველები და მათი წამების აღკვეთა ორივე მათგანის საერთო საზრუნავია.
17 წლის თენგო ენდელაძე ადიგენში, სოფელ ხევაშენში ცხოვრობს. ამბობს, რომ ცხოველები ძალიან უყვარს და მათ გარეშე არასდროს უცხოვრია.
„ძაღლი ყოველთვის მყავდა, ზოგი მომიკვდა, უფრო ხშირად კი მპარავდნენ, ცხოველების სიყვარული და მათზე ზრუნვა მშობლებმა მასწავლეს“, – ამბობს თენგო.
შარშან ცხოველთა უფლებებით დაინტერესდა, მიმდინარე წელს კი ცხოველთა უფლებადამცველებთან ერთად ფართომასშტაბიან ცხოველთა წამების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზება დაიწყო.
წელს, გაზაფხულზე პეტიცია სახელწოდებით „ცირკი ცხოველების გარეშე“ გაჩნდა. სხვა თანამოაზრეებთან ერთად, ერთ–ერთი ავტორი თენგოც იყო: „ცირკში ცხოველებს ტანჯვით და წამებით ასწავლიან, მერე მიგვყავს ბავშვები და ვაყურებინებთ, ამით ბავშვებს ბოროტებას ვასწავლით და ვაჩვევთ. პეტიციის მიზანი იყო ის, რომ ცხოველების წამების გზით სწავლება აკრძალულიყო“.
17 წლის თენგო ამბობს, რომ მისმა აქტივობამ შედეგი გამოიღო და მოგვიანებით პარლამენტმა კანონიც მიიღო, რომლის მიხედვით ცხოველთა წამება დასჯადი გახდა: „ამჟამად ცხოველების წამება სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა ახლახანს ქუთაისში ძაღლი გაატყავეს, მაგრამ საქმეც არაა აღძრული“.
თენგო გვიყვება, რომ ათზე მეტი ძაღლი ჰყავდა, მის ამჟამინდელ ძაღლს ემილის, მალე ლეკვები ეყოლება.
მთვარისა აჯაფხანიანი დილას ცხოველების ზრუნვით იწყებს. სახლში ორი კატა ჰყავს, თუმცა ქუჩის ძაღლებიც მათი საზრუნავია, მისი აზრით ბევრს ცხოველების ზრუნვა არ სურს: „დღეს მხოლოდ ჭამაზე ფიქრობენ, ბავშვებსაც ამას ასწავლიან, როგორ მოკლან ცხოველი და როგორ შეჭამონ, მარტო ჭამა, სიყვარული გამოირიცხა“.
ცხოველთა მოყვარულს ძაღლებისთვის საჭმლის მიწოდების გამო კონფლიქტიც მოსდის: „ზოგიერთმა მეზობელმა მომიძულა იმის გამო, რომ ძაღლებს ვაჭმევ, ჩემები არ არიან, უბრალოდ ისე არ შემიძლია, რომ მე სახლში ვჭამდე და ისინი კედლის გარეთ მშივრები იხოცებოდნენ“.
ამის გამო მის სახლთან ადამიანების ერთგულ ოთხფეხა მეგობრებს ხშირად შეხვდებით. ქუჩაში როცა გადის, საჭმელი ყოველთვის თან დააქვს, რადგან ქუჩის ბინადრების დაპურება სიამოვნებას ანიჭებს: „ბედნიერი ვიქნებოდი, რომ სიყვარული მაღაზიაში იყიდებოდეს, ყველას დაგირიგებდით, მაგრამ ასე არ გამოდის. როგორც შემიძლია, სხვებზე ვზრუნავ და ამით უზომოდ ბედნიერი ვარ“.
მთვარისა წერტილოვანი მასაჟით არაერთ ჯანმრთელობის პრობლემის მქონეს მკურნალობს. ერთ–ერთ პაციენტს, რომელსაც სიარული არ შეეძლო, კატა აჩუქა: „ეს ცხოველი მკურნალია, აქვს ისეთი ენერგია, რომელიც კურნავს, წნევას არეგულირებს, ჩემს ერთ–ერთ პაციენტს, რომელიც ვერ დადიოდა, კატა ვაჩუქე ბოლოს რომ ვიყავი, ხელჯოხით გადაადგილდებოდა“.
ცხოველთამოყვარულს ერთი ნატვრა აქვს: „ადამიანებმა დაიწყონ ოთხფეხა მეგობრების დანახვა და დაფასება. მანამდე კი მათ არაფერი ისეთი არ აკლდებათ, უფრო ადამიანები იტანჯებიან მათი სიყვარულის გარეშე“.