FM97.5 / LIVE

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი III]

მთავარისაზოგადოება 01.09.2013
ჯერ მოჭრილი, შემდეგ კი დასაწყობებული და დალუქული მინარეთი სოფელ ჭელაში; მუსლიმებისა და მართლმადიდებლების საპროტესტო აქციები; შეცვლილი ამინდი მეზობლურ ურთიერთობებში და მუსლიმების სამომავლო გეგმები; ერთკვირიანი დაძაბულობა მესხეთში და კითხვები, რომლებიც უპასუხოდ დარჩა.

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი III]
28 აგვისტო: ქრისტიანებისა და მუსლიმების პარალელური აქციები

28 აგვისტოს, მარიამობას, ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქრისტიანი მოსახლოების ნაწილმა, დაბა ადიგენში მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქცია გამართა. ადგილობრივების თქმით, აქციას 200-მდე ადამიანი ესწრებოდა. „ჩვენ კარგი მეზობლური დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. მათ აქვთ მეჩეთი თითქმის ყველა სოფელში და ლოცულობენ, მაგრამ მინარეთი რაღატომ დადგეს?! თანაც უკანონოდ. ლოცვას არავინ უშლის, მაგრამ მიანრეთის დადგმის შემდგომ ზემოდან რომ გადმოგეხედა, თავი მუსლიმურ ქვეყანაში გეგონებოდა. მინარეთი ჭელაში აღარ უნდა დააბრუნონ“, - გვითხრა სოფელ ჭეჭლაში მცხოვრებმა ნელი მეტრეველმა. აქციის მონაწილეებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზიც“ შეუერთდა.

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი III]
„მოვითხოვთ მინარეთი დაიდგას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ეზოში და ყველა იმ ადამიანის ეზოში, ვინც საქართველოში მინარეთის არსებობას მიესალმება“, - განაცხადა „საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარემ გოდერძი კუბლაშვილმა. აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ 15:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

ამავე დღეს, აქცია გამართეს მუსლიმებმაც. ისინი ბათუმის მეჩეთში შეიკრიბნენ. ლოზუნგით - ”თავისუფლება პატიმარ მინარეთს" ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, მუსლიმებმა პასუხისგებაში მიცემული პირების გათავისუფლება და მინარეთის ჭელაში დაბრუნებას მოითხოვეს.
28 აგვისტოს აქცია იყო ქუთაისშიც. "მართლა ნამეტანი მოგდით", "ყველას აქვს ლოცვის უფლება", "ნუ ანგრევ" - ამ ლოზუნგებით ქუთაისში სოფელ ჭელაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ.

28 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, ცნობილი გახდა, რომ მინარეთი ისევ ჭელაში დაბრუნდებოდა. ეს ინფორმაცია ბათუმის მეჩეთში შეკრებილებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აცნობა.

29 აგვისტო: ხალხმრავალი აქცია ახალციხეში

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი III]29 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია კვლავ აქციის მონაწილეებით გაივსო. ამჯერად, აქცია ქრისტიანებმა გამართეს. მათ სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნების გადაწყვეტილება გააპროტესტეს. აქციას რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მართავდნენ. დაახლოებით 12:00 საათზე, აქციის მონაწილეები სამმართველოს ტერიტორიიდან ავტოსადგურიგენ დაიძრნენ. მათ ახალციხე-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ მინარეთს არ გაატარებდნენ. ამავე დღეს აქციის მონაწილეებს მინარეთის დაბრუნება-არდაბრუნების საკითხის გადასაწყვეტად რეფერენდუმის ჩატარების იდეაც გაუჩნდათ.

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი III]„ტელევიზიით გადაიცა ინფორმაცია, რომ მინარეთი კვლავ უნდა დაბრუნდეს ჭელაში. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ მინარეთი აღარ დააბრუნონ. ახლა გამიჩნდა ერთი აზრი, მოვითხოვოთ ამ თემაზე ჩატარდეს რეფერენდუმი. ქართველმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს, უნდა დაიდგას თუ არა მინარეთი. პასუხი უნდა იყოს ორი: ან კი, ან არა. ჩვენი პასუხია - არა. ასევე, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, ვის რისი უფლება აქვს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი კოპაძემ.

„თუ გაატარებენ მინარეთს, ჩვენს სხეულებზე მოუწევთ გადავლა. სხვანაირად ვერ გაიტანენ. გაუმარჯოს ქრისტიანულ საქართველოს“, - აცხადებდა ორგანიზაცია საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარე გოდერძი კუბლაშვილი. აქციაზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც. "აქ ვართ იმიტომ, რომ არ მოხდეს დაძაბულობა და იყოს სიმშვიდე. ჩვენ ვუერთდებით მთელი საქართველოს მოთხოვნას", - განუცხადა "სამხრეთის კარიბჭეს" ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი III]დაახლოებით 13:00 საათზე, აქციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა განაცხადა, რომ იგი ხალხის გვერდით დგას.

ახალციხეში მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საპატრიარქოში. დღის მეორე ნახევარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავრები საპატრიარქოში საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ საპატრიარქომ და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„მინარეთი დასაწყობდეს სოფელ ჭელაში, ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ; არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა საბჭოს შორის; ეთხოვოს ხელისუფლებას, დაიწყოს მუშაობა, რათა კანონით განისაზღვროს რელიგიური ნაგებობების მშენებლობების მიზანშეწონილობისა და ნებართვის გაცემის საკითხი, რათა თავიდან იქნას აცილებული რელიგიურ ნიაგდაზე შფოთი და დაპირისპირება“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი III]საპატრიარქომ როგორც ქრისტიან, ასევე მუსლიმ მრევლს, სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეებს საპატრიარქოს განცხადება გააცნეს, თუმცა, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დაშლას არ აპირებდნენ. აქციის მონაწილეები მინარეთის ახალციხეში, საფინანსო სამსახურის ტერმინალში დასაწყობებას ითხოვდნენ. დაახლოებით 15:00 საათზე, აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ არ დაუშვებდნენ მინარეთის ჭელაში დაბრუნებას. აქციაზე აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდნენ. აქციის მონაწილეები საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსებს, მეუფეებს, თეოდორესა და იაკობს ელოდნენ. აქციის მონაწილეებმა, რომელტა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე დილის საათებში, მეუფეების მოლოდინში კორიდორი გააკეთეს, სანთლები დაანთეს და გალობა დაიწყეს.

მეუფე თეოდორე და მეუფე იაკობი აქციაზე საღამოს, დაახლოებით 19:30 საათზე გამოჩნდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აქციის მონაწილეებს ერთად დგომისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა მინარეთი სოფელ ჭელისკენ გაეტარებინათ.

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი III]"დღეს დილიდან თვალყურს გადევნებთ. თვალზე ცრემლი მადგება, როცა ვხედავ, როგორ იცავთ თქვენს უფლებებს. თქვენ აქ დგომით დიდი საქმე გააკეთეთ. დღეს ყველას ვაჩვენებთ, რომ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სარწმუნოებისა და ჩვენი ერის სათანადოდ დაცვა და სხვა სარწმუნოების ხალხთან მეგობრულად თანაცხოვრება. ეს იყო უკანონო მშენებლობა, რომლის დემონტაჟიც შემდგომში განხორციელდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მინარეთი აღარ დამონტაჟდება. კანონი არის კანონი და მინარეთი უნდა დასაწყობდეს ჭელაში მანამ, სანამ არ მოხდება მართლმადიდებელ და მუსლიმ ხალხს შორის შეთანხმება. ჩვენ არ ვართ კანონდამრღვევები და უნდა დავემორჩილოთ მას. სოფელ ჭელაში, სადაც მინარეთი იქნება, გაკეთდება სადარაჯო პუნქტი და მას პოლიცია დაიცავს. გპირდებით, რომ იქ მართლმადიდებლების უფლებები აღარ დაირღვევა. იქ აშენდება მართლმადიდებლური ტაძარი. დღეს აქ მინარეთმა უნდა გაიაროს, ჩვენ უნდა ავასრულოთ პატრიარქის ლოცვა-კურთხევა", - მიმართა მეუფე თეოდორემ აქციის მონაწილეებს. მეუფეებმა მრევლს ახალციხის ამაღლების ეკლესიაში გადანაცვლება სთხოვეს.

"მე მოგცემთ იმის გარანტს, რომ მინარეთი ამ ადგილას აღარ დაბრუნდება. უბრალოდ, ის უნდა დაუბრუნდეს თავის კანონიერ მფლობელს, ეს არის კანონიერი და კანონის ფარგლებში უნდა მოვიქცეთ. მოგიწოდებთ ამაღლების ტაძარში მივიდეთ და ღვთისმშობლის პარაკლისი გადავიხადოთ", - მიმართა შეკრებილებს მეუფე იაკობმა.თუმცა, აქციის მონაწილეთა ნაწილი მოწოდებას არ დასთანხმდა. ამაღლების ეკლესიაში მხოლოდ ნაწილმა გადაინაცვლა, ნაწილი კვლავ აქციაზე დარჩა. ურყევი იყო აქციის მონაწილეთა გადაწყვეტლებაც ჭელაში მინარეთის არ დაბრუნების შესახებ. სასულიერო პირები ცდილობდნენ აქციის თითოეული მონაწილე დაერწმუნებინათ, რომ პატრიქრის კურთხევა შეესრულებინათ და დაშლილიყვნენ. დაახლოებით, 22:00 საათიდან, აქციის მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორიის დატოვება დაიწყო. თუმცა, ნაწილმა გადაწყვიტა, რომ გაეთენებინათ და არ მიეცათ საშუალება მინარეთი ჭელაში დაებრუნებინათ.

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი III]პროტესტი გვიან ღამემდე გაგრძელდა. საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორია აქციის ბოლო მონაწილეებმა გვიან, დაახლოებით 24:00 საათზე დატოვეს.ახალციხე-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა აღდგა. იმ ღამესვე დაასუფთავა ტერიტორია დასუფთავების სამსახურმა.

29 აგვისტოს, აქციის მონაწილეთა ნაწილი „სამხრეთის კარიბჭეს“ ბოიკოტს უცხადებდა და კომენტარზე უარს ეუბნებოდა. ისინი გაზეთს არაობიექტურობასა და ტენდენციურობაში სდებდნენ ბრალს. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გაზეთი არასწორად აშუქებდა ჭელაში მიმდინარე მოვლენებს, იცავდა მუსლიმების უფლებებს, ქრისტიანების უფლებებს კი ლახავდა.

29 აგვისტოს ისევ გაავრცელა განცხადება შემოსავლების სამსახურმა. განცხადებაში შემოსავლების სამსახური საუბრობდა დაშვებულ შეცდომაზე და ამბობდა, რომ მინარეთის სასაქონლო ექსპერტიზა დასრულებულია და უბრუნდება მესაკუთრეს. ახალციხეში მიმდინარე აქციას სახალხო დამცველის აპარატი გამოეხმაურა. ომბუდსმენი იმედოვნებდა, რომ აქცია კანონის ფარგლებს არ გასცდებოდა.

30 აგვისტო: ჭელის მინარეთი დასააწყობეს და დალუქეს

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი III]
30 აგვისტოს, დილით, გადაწყდა, რომ მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგო აქციები აღარ გაიმართებოდა. "მეუფეს ლოცვა-კურთხევით აქციას აღარ გავმართავთ. ასევე კანონისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას არ ვაპირებთ",- გვითხრა გოდერძი კუბლაშვილმა.

სოფელ ჭელაში კი დილიდან მინარეთს ელოდნენ. მინარეთი სოფელში შუადღეს მიიტანეს და სოფლიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით დაასაწყობეს. დასაწყობებულ მინარეთს დაცვის პოლიცია იცავს. ამავე დღეს, საღამოს, ბათუმიდან საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ მუსლიმური თემის წარმომადგენლები.

სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებზე ოფიციალური განცხადებები 30 აგვისტოსაც გავრცელდა. „რელიგიური ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკანონო მშენებლობის დაუყონებლივი დემონტაჟი“, - ასე გამოეხმაურნენ ჭელაში მომხდარს „რესპუბლიკელები“. „ნაციონალების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. „მე მიხარია, რომ უმაღლესი სასულიერო პირები რეალურად ნერგავენ ტოლერანტობის კულტურას და ბუნებრივია, მათ მიყვება მრევლიც“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ კი როგორც პოლიტიკოსებსა და სხვა საჯარო პირებს, ისე ყველა რელიგიურ თემს მოუწოდა სიფრთხილით მოეკიდონ საქართველოში არსებულ სხვადასხვა რელიგიათა და ეთნოსთა ისტორიული თანაცხოვრების სანიმუშო გამოცდილებას. 31 აგვისტოს ქართველ მუსლიმთა კავშირმა ჭელაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას გამოძიების დაწყება, პრემიერ-მინისტრს კი პოზიციის დაფიქსირება და გამოძიების პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა.

შეცვლილი „ამინდი“ ჭელაში

31 აგვისტოდან ჭელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ახლა იქ აღარც წალკიდან, ხულოდან და ბათუმიდან ჩამოსული მუსლიმები არიან, აღარც სამართალდამცავები მოძრაობენ და ვეღარც ჟურნალისტებს შეხვდებით. ბათუმში აქციაზე წასული ადგილობრივებიც სახლებში დაბრუნდნენ. თუმცა მათ არც მინარეთი დახვდათ მეჩეთთან და აღარც ის მეზობლური კეთილგანწყობა, რომელსაც მიუხედავად ბოლო დროს დაძაბული ვითარებისა, სოფელში მაინც ინარჩუნებდნენ. ჭელაში გულისწყვეტით ამბობენ, რომ მეზობლურ ურთიერთობებში ბზარი გაჩნდა...

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი III]

იხილეთ: ნაწილი I და ნაწილი II.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მეუფე მრევლს ამაღლების ტაძარში გადანაცვლებას სთხოვს
ადიგენში მართლმადიდებლებმა აქცია გამართეს
აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, არ დაუშვან მინარეთის ჭელაში დაბრუნება
აქციის  მონაწილეები რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ
გია კოპაძე: 'მინარეთს ჭელაში თუ წაიღებენ, გზას გადავკეტავთ'
ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან