FM97.5 / LIVE

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი I]

მთავარისაზოგადოება 01.09.2013
ჯერ მოჭრილი, შემდეგ კი დასაწყობებული და დალუქული მინარეთი სოფელ ჭელაში; მუსლიმებისა და მართლმადიდებლების საპროტესტო აქციები; შეცვლილი ამინდი მეზობლურ ურთიერთობებში და მუსლიმების სამომავლო გეგმები; ერთკვირიანი დაძაბულობა მესხეთში და კითხვები, რომლებიც უპასუხოდ დარჩა.

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი I]
სოფელ ჭელაში მცხოვრები 45 ოჯახიდან, 25 თავს მუსლიმურ თემს აკუთვნებს, დანარჩენი კი ქრისტიანულს. ათწლეულების განმავლობაში კეთილმეზობლურ სოფელში, მეზობლების ნაწილი ახლა ერთმანეთს აღარ ესალმება. ადგილობრივების ურთიერთდამოკიდებულება ერთ დღეში შეიცვალა... ყველაფერი კი ასე დაიწყო:

26 აგვისტო, - მინარეთის დემონტაჟი, დაკავებულები და აქცია სამმართველოსთან

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი I]დაახლოებით დღის ორი საათისთვის სოფელ ჭელაში ვერტმფრენი, ათობით სამართალდამცველი, სპეციალური დანიშნულების რაზმი, ათეულობით ჯიპი და ამწე გამოჩნდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მეჩეთს ათობით სპეცრაზმელმა და პოლიციის თანამშრომელმა წრე შემოარტყა და მინარეთის დემონტაჟი დაიწყო. იყო საკონტროლო გასროლა ჰაერში და შეხლა-შემოხლა ადგილობრივებსა და პოლიციას შორის.

ამ პროცესს „სამხრეთის კარიბჭე“ ვერ დაესწრო. სამართალდამცავებმა სოფლამდე მისასვლელი გზა იმ მიზეზით გადაკეტეს, რომ ავარია მოხდა, გზა დაზინებული იყო და იქ ტრანსპორტით გავლა სახიფათო იქნებოდა, თუმცა, მათ „სამხრეთის კარიბჭეს“ არც ფეხით გადაადგილების საშუალება მისცეს.

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი I]სოფლამდე მისასვლელი გზა დაახლოებით 16:00 საათზე, მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნა, რაც ტრაილერით ჭელიდან მინარეთი გამოიტანეს. სატვირთოს წინ უძღოდა და აცილებდა ათობით პოლიციის მანქანა. სოფელში მისულ „სამხრეთის კარიბჭეს“ უმინარეთო მეჩეთთან ათობით ადგილობრივი დახვდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ის ადამიანები, ვინც კორდონის გარღვევა და სამართალდამცავებისთვის მინარეთს დემონტაჟისას ხელისშეშლა სცადა, პოლიციამ ცემა და დააკავა.„მანქანებში ვერ ჩასხდნენ, ხალხი სიკვდილამდე სცემეს. განსაკუთრებით ნაცემია 70-მდე წლის ოთარ მარკოიძე“, - გვითხრა ფრიდონ აბაშიძემ.

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი I]ერთ-ერთმა დაშავებულმა მაისური აიწია და დაზიანებული მხარიც გვაჩვენა. როგორც თავად გვითხრა, მას მხარში კონდახი ჩაარტყეს. „ამას კომუნისტებიც კი არ იზამდნენ. არავის ვაპატიებთ მომხდარს. მინარეთი მეჩეთს ისევ დაუბრუნდება. სარწმუნოების ხელყოფის უფლება ვის აქვს?!“ - განრისხებას ვერ მალავდა სოფელ მოხეს მკვიდრი მამუკა მიქელაძე. მოგვიანებით, დაახლოებით 17:00 საათზე, მომხდარის გასაპროტესტებლად, მუსლიმური თემის წარმომადგენლები მანქანების კოლონით ახალციხისკენ გაემართნენ. ისინი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო-სამმართველოსთან შეიკრიბნენ, იქ სადაც დემონტაჟისას დაკავებულები ჰყავდათ და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი I]დაძაბულობისა და შეხლა-შემოხლის გარეშე არც სამმართველოსთან მიმდინარე აქციას ჩაუვლია. აქციის დაწყებიდან მალევე მუსლიმური თემის წარმომადგენლებმა სამმართველოს ეზოს კარის შემტვრევა სცადეს. ვითარება სპეცრაზმმა დაარეგულირა. პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს ადიგენის რამდენიმე სოფლის მუსლიმური თემის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

პირველი, ვინც იმ საღამოს ადგილობრივებთან შესახვედრად გამოვიდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარიშვილი იყო. თუმცა, შეძახილებით: „ეს ხელი რატომ არ მომტყდა შენ რომ ხმა მოგეცი?!“ „ხომ მიაღწიე საწადელს, მალადეც ზურა, მალადეც!“ „ხალხს პირიდან სისხლი ადინეს, პასუხი გაგვეცი“, „გამგეობაში ხომ გვითხარი ეგ მაინც დაიშლება და ჯობია თქვენ დაშალოთო“, „ხომ მიაღწიე საწადელს“, „შენი დაგეგმილია ყველაფერი“... - შეკრებულებმა საუბარი არ აცადეს.

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი I]„ზურა ჩილინგარაშვილი არასდროს თავის ხალხს არ ღალატობს. მინარეთის დემონტაჟთან არაფერ შუაში ვარ. დემონტაჟი არ მოუხდენია ადიგენის გამგეობას, ეს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა გააკეთა. მას მე, როგორც ოპოზიციური დეპუტატი, ვერაფერს დავავალებდი. აქ იმიტომ მოვედი, რომ დაკავებულები გარეთ გამოვიყვანო“, - მათ დამშვიდებას ცდილობდა ჩილინგარაშვილი. მოგვაინებით აქციაზე მივიდა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილიც.

იმავე საღამოს მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს საქართველოს მუსლიმთა კავშირმა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპმა მალხაზ სონღულაშვილმა.
მუსლიმთა კავშირი შეშფოთებას გამოთქვამდა მომხდარის გამო და მოითხოვდა მინარეთის დემონტაჟის კანონიერების დადგენას. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავდა დაუყოვნებლივ მიეღო ზომები მუსლიმთა შელახული უფლებების აღსადგენად, მალხაზ სონღულაშვილი კი ხელისუფლებასა და ხალხს გონს მოგებისკენ მოუწოდებდა. მომხდარს გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“, რომელიც ხელისუფლებას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებდა.

დაახლოებით 2 საათში დაკავებულებმა სამხარეო-სამმართველოს შენობის დატოვება ეტაპობრივად დაიწყეს. შსს აცხადებდა, რომ დაკავებული 6 მოქალაქე იყო, სამმართველოდან გამოსულები კი აცხადებდნენ, რომ დაკავებული 21 კაცი იყო. გათავისუფლებულები ამბობდნენ, რომ მათზე ზეწოლა არ განხორციელებულა. იმ საღამოს სამხარეო-სამმართველოს ეზოში რამდენჯერმე შევიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, თუმცა, იმის შესახებ თუ ვის სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. დაახლოებით 20:00 საათზე, შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მინარეთის დემონტაჟი შემოწმების მიზნით განხორციელდა.

26 აგვისტოს 23:00 საათისთვის, სამმართველოს შენობიდან 10 დაკავებული იყო გამოსული. შენობაში რჩებოდა 11 დაკავებული.
გვიან, დაახლოებით 23:30 საათზე, აქციის მონაწილეებს მუსლიმი ქალებიც შეუერთდნენ.

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი I]„გზაზე მოვდიოდით, უამრავი ჯვარი შეგვხვდა, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვიჩნდება მათ მიმართ პროტესტი?! არ ვიცი რატომ არ გვაქვს ერთნაირი უფლებები მუსლიმებსა და სხვა აღმსარებლობის ადამიანებს. ეს არის ნატოსკენ სწრაფვა? ეს არის დემოკრატია? ეს არის მთავრობა? რატომ არავინ იცავს ჩვენს უფლებებს? მივმართავთ პრემიერს, მთავრობას, ყურადღება მოგვაქციონ. სად დავიცვათ ჩვენი უფლებები?! ვითხოვთ, რომ ყველა დაკავებული გაათავისუფლონ“, - გვითხრა ერთ-ერთი დაკავებულის დამ ნათელა ვაშაყმაძემ, რომელიც ახალციხეში სოფელ ნამინაურიდან ჩამოვიდა.

იმ ღამეს სამხარეო-სამმართველოს შენობაში ცხრა დაკავებული დარჩა. როგორც გვიან ღამით შენობიდან გამოსულმა ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა განაცხადა, 6 პირის მიმართ საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით დაიწყო, სამის მიმართ კი საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა. ისინი პასუხისგებაში პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში დაადანაშაულეს. სამართველოსთან შეკრებილი მუსლიმების ნაწილმა ის ღამე სამმართველოსთან გაათენა.

„ღრმა ტყუილი“, - ღამით, ჭელაში მიმდინარე ამბებს კახა ბენდუქიძე გამოეხმაურა და შემოსავლების სამსახური ტყუილში დაადანაშაულა.

იხილეთ გაგრძელება.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამმართველოს შენობასთან მობილიზებულ ადგილობრივებს მუსლიმი ქალებიც შეუერთდნენ
სამხარეო სამმართველოს შენობას დაკავებულები ეტაპობრივად ტოვებენ
ჭელაში დაკავებულები ისევ სამმართველოში რჩებიან
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს
ჭელის მცხოვრებლების თქმით, 6 ადამიანი უგონოდაა ნაცემი
რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი II]
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს