FM97.5 / LIVE

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2019
მესხეთში, მთა ზოგისთვის ბავშვობის მოგონებებს აცოცხლებს, ზოგისთვის სუფთა ჰაერი და ცივი წყალია, ზოგს კი იალაღები ახსენდება - დილით საბალახოდ გარეკილი საქონლით და საქმემოლეულზე, მეზობელთან გაბმული მასლაათით. მემთეურებისთვის ზაფხულის სამი თვე შვებაა.

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

მაშინ, როცა ზაფხულის ცხელი დღეები დაბლობში ფეხს იკიდებს, მესხურ სოფლებში მცხოვრებლების ნაწილი, საჭირო ნივთებს ალაგებს და მთაში მიდის. ასე წავიდნენ ივნისის დასაწყისში მთაში უდელები.

უდის მთა გოდერძის უღელტეხილისკენაა, თურქეთის საზღვართან ახლოს, სოფელ უდიდან დაახლოებით 25 კილომეტრში. გზა ქვა-ღორღიანია, ირგვლივ სიმწვანით.

აქ უდელები ზაფხულის სამ თვეს ატარებენ. მაშინ, როცა სოფელში ბალახი შემოილევა, მთაში საძოვრების სიჭარბეა, ამიტომ ადგილობრივების ნაწილს აქ საქონელი მოჰყავს, ზოგისთვის კი უბრალოდ აქაური ჯანსაღი გარემოა სასურველი.

ყველა შემთხვევაში, ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ მთაში ყოფნა სასარგებლოა. აქ სხვანაირი ჰაერი, სუნი, ყვავილები და საჭმელია. ყველაფერს მსუყე და განსხვავებული სახე აქვს.

დათო გობეჯიშვილი რვა აგვისტოს რვა წლის გახდა. მთაში პაპასთან და ბაბოსთანაა. მშობლები თბილისში ჰყავს. სიამაყით ამბობს, რომ ერთი წლისაც არ იყო, როცა პირველად მთაში წამოიყვანეს. რა თქმა უნდა, ის პერიოდი არ ახსოვს.

დათოს კითხვები არ სჭირდება, მთის ამბები და ადგილები ზეპირად იცი. „რვა თვის აქ გავხდი. დედაჩემი უდელია და აქაც იმიტომ დავდივარ ხოლმე. მიყვარს მთაში. აქ მაღაზიაც გვაქვს, სამი მეგობარიც მყავს და კიდევ „ფოსტაა“. იცი ფოსტა რატომ ჰქვია?! ადრე ტელეფონი მარტო მაგ ადგილზე იჭერდა. მერე ანტენა დადგეს და ახლა ბევრი ადგილიდან შეიძლება დარეკო. კიდევ „ობოლი კლდე“ გვაქვს და ცოტა შორს „ობოლი კატარია“. პაპამ მასწავლა ყველაფერი. ასე თქვა მარტო ერთი კლდეა და ერთი ხე, ამიტომაც ჰქვიათ ობოლიო“, - კითხვების გარეშე ჰყვება დათო.
მის პაპა და ბაბო, ნოდარ და თამრიკო აბულაძეები მთაში მერვე წელია დადიან. წელს სამ ივლისს ამოვიდნენ. თან საქონელი ჰყავთ - ცხრა სული.

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

სამი თვით მთაში წასულ უდელებს, ადგილზე მაღაზია ნამდვილად აქვთ. ჰეილაში მოწყობილ „მარკეტში“ თითქმის ყველა წვრილმანის ყიდვაა შესაძლებელი, საჭმლის, ტანსაცმლისა და სათამაშოების ჩათვლით.

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

მაღაზიის მეპატრონეები მარტიაშვილები არიან. მაყვალა და შოთა დაახლოებით ორმოცი წელია მთაში ყოველ წელს დადიან. ამჯერად, შვილიშვილი, 12 წლის მაკა მათი დამხმარეა.

„წელს ბევრი ხალხია მთაში, ისე დამსვენებლები არიან. მეტი ულტრაიისფერი სხივებიაო, ნისლია ძალიან ხშირად და ფილტვებისთვის ძალიან კარგი სამკურნალო ადგილია. შვილიშვილები მოგვყავს. მთაში ყოველთვის შეიძლება რაღაცა დაგჭირდეს და აქედან მოგვივიდა იდეა, რომ გაგვეხსნა მაღაზია“.

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

მთაში ნოყიერი საკვებია, მსუყე რძის პროდუქტებით. ჰაერიც ისეთია, მადას რომ აღძრავს. მთის ყველის ხინკალიც გემრიელი დელიკატესია.

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

მთაში საცხოვრებლებს „ჰეილები“ ჰქვია. ჰეილა, იგივე ხის სახლია. მისი პირველი სართული ხშირად, ცხოველთა სადგომია, მეორე სართულზე კი საძინებლები და მისაღები. წლების წინ ჰეილაში ხის საწოლები, იგივე „სექვები“ იდგა. ახლა სექვი რკინის საწოლმა ჩაანაცვლა.

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

მთის ერთ-ერთ აუცილებელ ატრიბუტს ღუმელი წარმოადგენს. საღამოობით და უამინდობის დროს, თბილი ღუმელი აქაურებისთვის განძია.

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

მთაში დენი არ არის, ამიტომ აქაურები დიზელის ლამპებს, სანთლებს ან გაზის სანათებს იყენებენ.

„ძალიან კარგია ეს გაზის ლამპა. წამოსვლამდე ვტენით და მერე საღამოობით ვანთებთ. კარგი სინათლე აქვს, ორ ოთახს ანათებს“, - ამბობს ნანული მერაბიშვილი.

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

ნოდარი და ნანული მერაბიშვილები მთაში 29 წელია დადიან. ყოველი ზაფხულის სამ თვეს აქ მშვიდად ატარებენ. ხშირად შვილიშვილებსაც მასპინძლობენ და სტუმრებსაც.

„ბავშვებისთვის აუცილებელია. რამდენიმე კვირა მთაში რომ წაიყვანო ბავშვი, მერე მთელი ზამთარი ადვილად გადაიტანს ვირუსებს. ორგანიზმი მოუძლიერდება“, - ამბობს ნანული.

დილით როცა საქონელს საბალახოდ უშვებს და რძე-ყველის მოვლის პროცედურებს მორჩება, ნანული მეზობლებთან ყავაზე მიდის. ზოგჯერ კი მეზობლები თავად სტუმრობენ.

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

ფარნაოზ ჩილაშვილი ცუდი ამინდებისთვის დასაწვავ შეშას ამზადებს. ამბობს, რომ 35 წლის წინ უდიდან მთაში დაახლოებით 300 ოჯახი მიდიოდა. „ახლა შეცოტავდა მთაში წამსვლელები. ალბათ 100 ოჯახი წამოვიდოდა წელს. ივლისი-აგვისტოს დასაწყისში მომრავლდა წელს ხალხი. აქ განსაკუთებული ჰავაა. წყალია კიდევ სუფთა და კარგი“.

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

„ნივა მოვიდა!“ - ასე გადასძახებენ, კვირაში ერთხელ ჰეილიდან ჰეილაში ერთმანეთს უდელები, რაც იმას ნიშნავს, რომ „მოსიარულე მარკეტში“ ვაჭრობაა შესაძლებელი. „ნივა“ აჭარიდან მოდის და თან ათასი წვრილმანი მოაქვს გასაყიდად. ყიდვა ნაღდი ფულით ან რძის პროდუქტზე გადაცვლითაა შესაძლებელი.

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

ნანული ყულჯანიშვილს ოთხი შვილთაშვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს. მთაში ყველა დაჰყავს.

„10 ან 15 სექტემებრს ავუდგამ „ვეშს“ და წავალ. ბავშვები სკოლაში მივლენ მაგ დროს და იქ რომ ვიყო. შვილიშვილები და შვილთაშვილები აქ დავზარდე. ამომყავს, სანამ ფეხს აიდგამენ, ლაპარაკს დაიწყებენ და მერე უკვე მომაგრებულებს ვუშვებ“, –ამბობს ნანული.

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

ვინც მთაში დადის, იმან მთის ჟოლოს, მაყვლისა და მოცვის ფასიც იცის. კენკროვნებს პეიოდულად კრეფენ და აკონსერვებენ. გარეულ ჟოლოს განსაკუთრებული გემო აქვს და აქაურები მას ხშირად მთის ნაღებთან ერთად მიირთმევენ.

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

სექტემბერში, უდის მთა თანდათან დაიცლება. მერე პირველ თოვლსაც ჩამოყრის და ხის ჰეილებს ცხრა თვით მარტო დატოვებენ.

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
ასპინძაში, ნიალის მთაში  გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
აბასთუმნის მთაში ფიქრობენ, რომ ხანძარი მეხისგან გაჩნდა
ახალციხის მახლობლად, არჯულის მთაში ხანძარი გაჩნდა
ხანძრის შედეგად არჯულის მთაში 16 მეასედი ტყის მასივი დაიწვა
ასპინძაში, ერკოტის მთაში მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ
მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან  [Photos]