
აღნიშნულ თემაზე დღეს, 23 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ იურისტებმა პრესკონფერენცია გამართეს და სტუდენტთა დარღვეულ უფლებებზე ისაუბრეს.
მათი განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 სექტემბრის #866 ბრძანების თანახმად,სტუდენტებს, რომლებიც ჩაირიცხებოდნენ უმაღლეს სასწავლებელში, ვერ მოიპოვებდნენ, ან ნაწილობრივ მოიპოვებდნენ სასწავლო გრანტს და სურვილს გამოთქვამდნენ გაევლოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური, გარკვეული პრივილეგიები ექნებოდათ.
"სტუდენტები, რომლებიც 2012-2013 და შემდგომი სასწავლო წლებისთვის ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, ჩაირიცხებიან აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ვერ მოიპოვებენ, ან/და ნაწილობრივ მოიპოვებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტს და საკუთარი სურვილით აიღებენ ვალდებულებას თორმეტი თვის ვადით გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, უზრუნველყოფილნი იქნებიან სახელმწიფო დაფინანსებით ბაკალავრიატის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობით", - ნათქვამია ბრძანებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ იურისტები ამბობენ, რომ აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულმა რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა საკუთარი სურვილით აიღო ვალდებულება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლაზე.
„უახლოეს პერიოდში სტუდენტთა ეს ნაწილი სამხედრო სამსახურს დაასრულებს. მათი ოჯახების უმეტესობას, არ აქვს შესაძლებლობა სწავლის საფასური გადაიხადოს, რის გამოც, შესაძლოა მათ სტუდენტის სტატუსი შეუჩრდეთ“, - ამბობს იურისტი მამუკა პარუნაშვილი.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ასეთი 11 სტუდენტია. ერთ-ერთი სტუდენტის ოჯახმა დახმარებისთვის „დემოკრატ მესხთა კავშირის“ იურისტებს მიმართა.
„აღსანიშნავია ის საკითხი, რომ საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულია, რომ ხელისუფლების ცვლილება არ უნდა იწვევდეს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობას და ამით არ უნდა ზარალდებოდნენ რიგითი მოქალაქეები, - ამბობს იურისტი ეკა აბაშიძე და ამატებს, რომ მათ წერილობით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე თავდაცვის სამინისტროებს, რომ მათ დროულად მოახდინონ ამ საკითხზე რეაგირება, - შესაბამისად მოამზადონ საკანონმდებლო აქტი, სადაც განსაზღვრული იქნება იმ სტუდენტების წყარო და შესაძლებლობები, რომლებმაც მოიხადეს სამხედრო სავალდებულო სამსახური“.
აღნიშნულ საკითხზე რეაგირებისთვის ორგანიზაციის ადვოკატებმა სამინისტროებში წერილი დღეს გააგზავნეს.
„ჩვენ ფაქტობრივად დამოკიდებული ვართ აღნიშნული ორგანიზაციებიდან მიღებულ პასუხებზე, იმედი გვაქვს რომ რეაგირება მოჰყვება“, - ამბობს ეკა აბაშიძე.
[თამარ თოთაძე, ახალციხე]