FM97.5 / LIVE

'ხელოვანი როზა ივანეს ასული მეფისაშვილი'

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.07.2019
„როდესაც მეფის შვილი (ნამესტნიკი) მიემგზავრებოდა აბასთუმანში, ახალციხეზე გავლით თამარ მეფის სურათი მიურთმევიათ მისთვის. მეფის შვილს საჩუქრად მიუცია სამი ოქრო და უთქვამს, ეჩვენებინათ მისთვის ის ქალი, რომელმაც შეკერა ასეთი საუცხოო რამე. ქალი, რომელთან შეხვედრასაც მეფისწული ითხოვდა, გახლდათ როზა მეფისაშვილი.

'ხელოვანი როზა ივანეს ასული მეფისაშვილი'
როზა მეფისაშვილი დედასთან ერთად

რაბათის ქალთა უფასო სასწავლებლის აღზრდილთა შორის ერთ–ერთი წარმატებული ქალი იყო როზა (როზალია) მეფისაშვილი.

როზა მეფისაშვილის მამა – ივანე, ვაჭართა წრეს ეკუთვნოდა. იგი წლების მანძილზე ცხოვრობდა სტამბოლში, სადაც ჩამოაყალიბა ახალციხელ ვაჭართა ამხანაგობა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ახალციხეში მოღვაწეობდა.

როზა მეფისაშვილმა პირველდაწყებითი განათლება ახალციხეში – რაბათის ქალთა უფასო სკოლაში მიიღო. როგორც ჩანს, მისი ოჯახი მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ქუთაისში, რადგან 1895 წელს გაზეთი „ივერია“ წერს:

„ქუთაისში, ფრანგების ქუჩაზე, ფალიაშვილის სახლში ცხოვრობს ერთი ქართველი მანდილოსანი – როზა მეფისაშვილი, რომელმაც ამოქარგა ქსოვილზე და მხატვრულად გადაიტანა „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაცია, ზიჩის ნახატის მიხედვით – „შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანს მიართმევს თამარ მეფეს“.

ეს ნამუშევარი შავ ხავერდზეა ნაკერი. სურათზე თერთმეტი პერსონაჟია ამოქარგული. თითოეულ მათგანს იმდროინდელი ტანისამოსი აცვია, სახე და ხელები ყველას ქსოვილისგან აქვს შეკერილი, თვალ–წარბიც ძაფით აქვს ამოქარგული. წარწერიდან ჩანს, რომ ნაქარგი 1894 წელს არის დასრულებული. ეს სურათი, როგორც ირკვევა, როზა მეფისაშვილს ორჯერ აქვს შესრულებული.

1898 წელს ქუთაისში გამართულ გამოფენაზე ყველა განცვიფრებაში მოსულა ზემოაღნიშნული ნამუშევრით. გამოფენას ესწრებოდნენ აკაკი წერეთელი და რაფიელ ერისთავი. აკაკი წერეთელს წარმოუთქვამს ასეთი სიტყვა: „აი, ქართველი – მესხი ქალი, რომელმაც შეკერა ასეთი ძვირფასი ქმნილება. იმ დროს, როდესაც მან მხატვრობა სრულებით არ იცოდა და თავისი ნიჭით დაგვიხატა ასეთი სურათი“.

ცნობილია, რომ ამ სურათს როზა მეფისაშვილი ოთხი წლის განმავლობაში ქმნიდა.

როზა მეფისაშვილის მეორე ნამუშევარი იყო „თამარ მეფე“. თარიღიც ამოქარგულია – 1895 წელი; შემსრულებლის ვინაობა კი ასე იკითხება: „ხელოვანი როზა ივანეს ასული მეფისაშვილი“.

ამ სურათთან დაკავშირებით, როზა მეფისაშვილის ნათესავი და მისი თანამედროვე ანა დიდიმამიშვილი გადმოგვცემს: „როდესაც მეფის შვილი (ნამესტნიკი) მიემგზავრებოდა აბასთუმანში, ახალციხეზე გავლით, თამარ მეფის სურათი მიურთმევიათ მისთვის. მეფისშვილს საჩუქრად მიუცია სამი ოქრო და უთქვამს, ეჩვენებინათ მისთვის ის ქალი, რომელმაც „შეკერა ასეთი საუცხოვო რამე“. რადგანაც როზა მამიდა იყო ძალიან ლამაზი ქალიშვილი, იგი არ გამოჩენილა – უთქვამს: ასე გადაეცით, რომ ამჟამად აქ არ იმყოფებაო“.

1909 წელს, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე, როზა მეფისაშვილის სურათებმა ოქროს მედალი დაიმსახურეს. ამ პერიოდში საფრანგეთში იმყოფებოდა აკაკი წერეთელი, რომელიც გამოფენას ესწრებოდა. ევროპის მრავალმა მუზეუმმა და კოლექციონერმა სოლიდურ ფასად მოინდომა სურათების შესყიდვა, თუმცა აკაკი წერეთელმა ნამუშევრები არ გაყიდა და სამშობლოში ჩამოიტანა.

ზემოხსენებული ორივე სურათი სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში ინახება.

'ხელოვანი როზა ივანეს ასული მეფისაშვილი'

როზა მეფისაშვილის ნამუშევარი სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში

ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი წერს რომ – „ეს სურათები შეუფასებელია, როგორც ხელოვნების ნიმუშები“.

როზა მეფისაშვილი მე–20 საუკუნის დასაწყისში დაბრუნდა ახალციხეში და ცხოვრობდა ფანია ალელიშვილთან – დედებოვის ქალთან. ის არ ყოფილა გათხოვილი და ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ხელსაქმეს ასწავლიდა გოგონებს.

ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა სოფელ უდეში, დის – აღათია აღოშაშვილის ოჯახში – 1937 წელს. დაკრძალულია სოფელ ივლიტის ეკლესიის ეზოში.

მასალა მომზადებულია ნატო ყრუაშვილის წიგნის – „ქალთა კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობა სამცხე–ჯავახეთში“ – მიხედვით.

'ხელოვანი როზა ივანეს ასული მეფისაშვილი'

როზა მეფისაშვილის ნამუშევარი სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში

[გულო კოხოძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის ციტადელზე ხალიჩა–ფარდაგების გამოფენა მოეწყო
როზა ხითარიშვილი: ‘აბასთუმანში, კორპუსში ყველა ფანჯარა შეცვალეს ჩემების გარდა’
ქართველ კათოლიკე ქალთა ამაგი
'პარიჟის გამოფენაზედ' გაგზავნილი ნაქარგები – ვინ იყო ნატალია გიორგაძე
ანას სკოლა
ბორჯომის საოლქო კომისიამ 11 საჩივარი განიხილა
სახლში ჩაკეტილ ქალს კარი გაუხსნეს