FM97.5 / LIVE

„თურქეთელი ქართველების ილია ჭავჭავაძე“

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.07.2019
მუჰაჯირ ქართველთა შთამომავალის, აჰმედ მელაშვილის ისტორია. „რკინის ფარდის აქეთ დარჩენილ ქართველებამდე“ მოტანილი თურქეთელი ქართველების ამბავი.

„თურქეთელი ქართველების ილია ჭავჭავაძე“

ისტორია

რუსეთის იმპერიის კავკასიაში შემოსვლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორია გადაიქცა ორი იმპერიის რუსეთისა და ოსმალეთის დაპირისპირების არენად. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი ეთნიკურად მუსლიმი ქართველი იძულებით გადასახლდა თურქეთის იმპერიის ტერიტორიაზე.

ერთ–ერთი ასეთი მასშტაბური გადასახლება მოხდა 1877–78 წლებში, რუსეთ–თურქეთის ომის დროს, როდესაც აჭარა დაუბრუნდა საქართველოს. ამ დროს, კავკასიიდან, დაახლოებით, მილიონამდე ადამიანი გადასახლდა თურქეთის ტერიტორიაზე, ოსმალეთის იმპერიაში. მათ შორის ძალიან ბევრი იყო ქართველი.

„ოსმალეთის იმპერიას სჭირდებოდა იაფი მეომარი, რომელსაც შემდგომში გამოიყენებდა საკუთარი ინტერესებისათვის და, მეტწილად, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ომებში. აქედან აყრილი და ოსმალეთის იმპერიაში ჩასახლებული ქართველები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათ დაკარგეს სამშობლო.

მათი საოჯახო ენა ქართული იყო, მაგრამ, დროთა განმავლობაში, სამშობლოს კარგავდნენ, რადგან ინფორმაცია საერთოდ აღარ ჰქონდათ, მათთვის საქართველო ჩაკეტილი აღმოჩნდა“, – ამბობს ისტორიკოსი როინ ყავრელიშვილი და ამატებს, რომ „ის მუხტი, რასაც ეროვნული და ეთნიკური იდენტობის მუხტი ჰქვია, არსებობდა ამ საზოგადოებაში. სწორედ ამ მუხტმა გამოიღვიძა დიდი ქართველი მოღვაწის აჰმედ მელაშვილის სულში“.

ვინ იყო აჰმედ მელაშვილი

აჰმედ მელაშვილი იყო ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალი. ის დაიბადა 1922 წლის 10 ივნისს ბალიქესირის მხარის, გონენის რაიონის სოფელ ქოჩბაირში. მუჰაჯირობის დროს მისი წინაპრები ამ მხარეში გადასახლებულან სოფელ არხავეთიდან (სოფელი არხავეთი მდებარეობს იქ, სადაც მდინარე მურღული უერთდება ჭოროხს).

1943 წელს აჰმედ მელაშვილმა დაამთავრა იზმირის ინონუს სახელობის ლიცეუმი.

1944 წელს ის ჯარში გაიწვიეს და სწორედ ამ დროს, შემთხვევით გაიცნო პირველი ქართველი–ევროპაში მცხოვრები ემიგრანტი, რომელმაც ბევრი რამ მოუთხრო აჰმედს საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ. მანვე გააცნო ძველისძველი ქართული ანბანი.
1955 წელს აჰმედ მელაშვილი დაქორწინდა მაჭახელელი მუჰაჯირების შთამომავალზე, იუქსელ ერგუნზე. წყვილი თურქეთის პატარა ქართულ სოფელ ჰაირიეში დასახლდა. 1956 წელს ახალგაზრდა ოჯახში ვაჟი დაიბადა და სახელად იბერია დაარქვეს; ხოლო 1957 ქალიშვილი თამარი შეეძინათ.

„შუა თურქეთში, სადაც მუსლიმები არიან და მუსლიმური სამყაროა, ის შვილებს არქმევს ქართულ სახლებს – იბერიას და თამარს. ეს არ იყო მარტივი მისთვის, თუმცა გააკეთა“, – ამბობს როინ ყავრელიშვილი.

„თურქეთელი ქართველების ილია ჭავჭავაძე“

1962 წელს აჰმედ მელაშვილმა დაამთავრა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

სტამბოლში ყოფნისას, იგი დაუახლოვდა სტამბოლის ქართველთა სავანეს. სავანეში მოღვაწე ქართველი მღვდლის დახმარებით მან კარგად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, საქართველოს ისტორია და კულტურა.

აჰმედ მელაშვილმა 1969 წელს სტამბოლში გამოსცა წიგნი "გურჯისტანი". "გურჯისტანის" გამოცემა ეპოქალური მოვლენა იყო თურქეთის ქართველებისათვის – მათ პირველად მიეწოდათ რეალური მასალა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის შესახებ.

1977 წელს აჰმედ მელაშვილმა მოამზადა და გამოსაცემად ევროპაში გაგზავნა ჟურნალი "ჩვენებურების" პირველი ნომერი, რომელიც შვედეთში, სტოკჰოლმში დაიბეჭდა. ჟურნალმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თურქეთის ქართველთა კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში.

„თურქეთელმა ქართველებმა მისი წიგნით შეიმეცნეს საქართველო, ნახეს საქართველო, მიიღეს ინფორმაცია საქართველოს შესახებ და უკვე საკუთარ იდენტობაზე დაიწყეს საუბარი. აჰმედ მელაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის არა მხოლოდ ქართველებში აღვიძებდა ეთნიკურ იდენტობას,არამედ ყველა იმ კავკასიელში, რომელიც რუსეთის იმპერიას იყო გამოქცეული. ეს იყო ძალიან გონივრული მიდგომა მისი მხრიდან და მან სწორედ ჩრდილო კავკასიელებში დაიმსახურა დიდი პატივისცემა.

ჩვენც, რკინის ფარდის აქეთ დარჩენილმა ქართველებმა, თურქეთელი ქართველების შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდით. ეს ჩვენთვისაც ტაბუდადებული თემა იყო და, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ იქ, აჰმედ მელაშვილის მოღვაწეობის შედეგად, დაგვხვდა უკვე მომზადებული, საქართველოზე უკვე შეყვარებული და თავის მოძმეებთან სასაუბროდ გამზადებული ქართველები და ამიტომ აჰმედ მელაშვილს სამართლიანად თურქეთელი ქართველების ილია ჭავჭავაძეც ეწოდება“, – ამბობს როინ ყავრელიშვილი.


აჰმედ მელაშვილის მოღვაწეობის მრავალი ასპექტია ცნობილი: მან დიდი ღვაწლი დასდო ქართულ ფოლკლორს, შეკრიბა თურქეთის ქართველებში შემორჩენილი ლეგენდები, გადმოცემები, საგვარეულო ისტორიები, ანდაზები, გამოცანები, სიმღერათა ტექსტები და სხვა სახის მასალები; თურქულად თარგმნა და გამოსცა ქართული ლიტერატურის ნიმუშები; გამოაქვეყნა სტატიები საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ; სიცოცხლის ბოლო წლებში თარგმნიდა "ვეფხისტყაოსანს", მაგრამ მისი გამოცემა ვეღარ მოასწრო.

მთელი ცხოვრების მანძილზე, აჰმედ მელაშვილი თავდაუზოგავად იღწვოდა მშობლიური ენისა და კულტურის გადასარჩენად. გასული საუკუნის 60-იან წლებში, სოფ. ჰაირიეში მან დაარსა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი.

„ფოლკლორულ ანსამბლს „კაფდაღი“ უწოდა, რაც კავკასიის მთას ნიშნავს. ის ვერ დაარქმევდა მაშინ ქართულ სახელს და ამ ხერხს მიმართა. ყველა ქართველი მის წიგნებს ვერ წაიკითხავდა, მაგრამ ყველა ქართველი ამ სიმღერებს მოისმენდა. მან სიმღერებით უფრო ახლოს მიიტანა იქაურ ქართველებში გულისტკივილი და გააღვიძა მათში ეთნიკური იდენტობა. „კაფდაღიმ“ არსებობა განაგრძო „ ქოროს“ სახით და ახლა ანსამბლს აჰმედ მელაშვილის შვილი, იბერია ხელმძღვანელობს“, – გვიყვება როინ ყავრელიშვილი.


მასალა აღებულია ტელევიზია ,,ერთსულოვნების“ იუთუბ არხიდან.

აჰმედ მელაშვილი 1980 წელს, ბურსაში დაიღუპა. იგი იმსხვერპლა იმ დროის თურქეთში მიმდინარე მძაფრმა პოლიტიკურმა კოლიზიებმა.
დასაფლავებულია სოფელ ჰაირიეში. მისი საფლავის ქვას ქართულად აწერია: „მე უკვდავებისთვის კი არა, ჩემი ხალხისთვის ვიცხოვრე“.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

16.09.2019 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2019 კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

17.09.2019 სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

17.09.2019 საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI

17.09.2019 მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არლელი ბიჭის სტამბულში გაგრძელებული ცხოვრება [ვიდეო]
ზაზაძეების ისტორია [ფოტო/ვიდეო]
როინ ყავრელიშვილი: „თურქეთში დასავლური და აღმოსავლური ღირებულებების დაპირისპირებაა“
ნინოწმინდას  ქართველი მწერლები ესტუმრებიან
ისტორიკოსები: პუტინის საკუთარ ვერსიას არაფერი აქვს საერთო ისტორიასთან
ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]
სამცხე–ჯავახეთი და არტაანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ