FM97.5 / LIVE

ასპინძაში მესხური ტერასების აღდგენა შეჩერდა

მთავარიეკონომიკა 19.09.2013
სანახევროდ აღდგენილი უძველესი მესხური ტერასები შესაძლოა ისევ დაზიანდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი პასუხი კითხვაზე: როდის გაგრძელდება შეჩერებული პროექტი, ჯერ არ აქვთ.

ასპინძაში მესხური ტერასების აღდგენა შეჩერდა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში უძველესი მესხური ტერასების აღდგენა 2012 წლის მაისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო, თუმცა ვაზისა და ხეხილისთვის უკვე გამზადებულ ტერასებზე, ამ დრომდე არცერთი ნერგი არ დარგულა.

აღნიშნულ პროექტს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია“ შპს „მექანიზატორთან“ ერთად ახორციელებდა და მიზნად ძველი მესხური ჯიშების, ვაზისა და სხვადასხვა ხეხილის პოპულარიზაციას ისახავდა.

„უკვე გამზადებულია ტერასები ვაზისთვის, ნუშისთვის , ატმისთვის. აქ დაგეგმილი იყო ვაზისა და ხეხილის ათასობით ძირის დარგვა. ჩვენს მხარეში მევენახეობა საუკუნეებს ითვლის, ასაკოვანი ხალხის გადმოცემით ამ ადგილზე უგემრიელესი ყურძენი მოდის, ასევე კარგად იხარებს სხვა ხეხილიც, სწორედ ამიტომ შეირჩა ეს ტერიტორია ძველი მესხური ჯიშების გასაშენებლად“, - ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში იულია მაისურაძე.

ვაზისა და ხეხილის დასარგავად 17 ჰექტრამდე მიწის ფართობი იყო გამოყოფილი, თუმცა, პირველი ეტაპისთვის დაახლოებით 2,4 ჰექტარი ტერიტორია ხელით დამუშავდა. ტერასების აღდგენით სამუშაოებზე 60 ადგილობრივი იყო დასაქმებული.

„პირველ ეტაპზე მხოლოდ საცდელი ნაკვეთი დამუშავდა. ნერგები თუ გაამართლებდა შემდეგ დაგეგმილი იყო ტერასების დამატება. ვაზის და ხეხილის დასარგავად ნიადაგი უკვე მზად არის, ჭიგოებიც ჩასმულია“,-ამბობს იულია მაისურაძე.

მისივე თქმით, ტერასებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებით წვეთოვანი სარწყავი სისტემაც უნდა მოწყობილიყო: „ეს ურწყავი ტერიტორიაა, ამიტომ წვეთოვანი სარწყავი სისტემის გარეშე ნაკვეთი ვერ მოირწყვება. ავზის დადგმა მტკვრის სანაპიროზე იგეგმებოდა, საიდანაც მოხდებოდა წყლის ამოტუმბვა“.

ტერასების აღდგენითი სამუშაოები 2012 წლის სექტემბერში დასრულდა. ვაზის და ხეხილის დარგვა კი ოქტომბრის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი. ძველი მესხური ჯიშების ნერგები სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე გამზადებული ჰქონდა.

„თუმცა აგრონომებმა იმის გამო, რომ შესაძლო იყო ახლადდარგული ნერგები ყინვას გაეფუჭებინა დარგვა გადაიფიქრეს. ვაზისა და ხეხილის განაშენიანება 2013 წლის გაზაფხულისთვის გადაიდო“,-გვიხსნის მაისურაძე.

მიუხედავად მისი განცხადებისა, დღემდე არც ვაზი და არც ხეხილი არ დარგულა. როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ პროექტი ხელისუფლების ცვლილების გამო შეჩერდა.

„ამ პროექტს ვინც ახორციელებდა ის ადამიანები სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღარ მუშაობენ, როგორც ვიცი საკადრო ცვლილებები განხორციელდა და სავარაუდოდ პროექტიც ამიტომ შეჩერდა“, - ამბობს მაისურაძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში იმედოვნებენ, რომ პროექტი დროებით შეჩერდა და ისევ გაგრძელდება: „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას აღნიშნული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენ ისიც არ ვიცით ამ პროექტისთვის რა თანხა იყო გამოყოფილი და რამდენი დაიხარჯა. სამინისტროდან ჩვენთვის არავის უთქვამს რატომ შეჩერდა პროექტი და ამით არც ჩვენ დავინტერესებულვართ“.

მისივე თქმით მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტით აღნიშნულ პროექტს ვერ განახორციელებს: „ამ პროექტის დასრულება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ადგილობრივ თვითმმართველობას ამის საშუალება არ აქვს“.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნანი ჩინჩილაკაშვილმა განაცხადა, ის კორპორაცია, რომელიც აღნიშნულ პროექტს ახორციელებდა ისევ არსებობს, თუმცა შესაძლებელია ამ კორპორაციის მიერ დაწყებული პროექტები სხვა სამასხურმა დაასრულოს.

„ამ ეტაპზე სამინისტროში მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე თუ რომელმა სამსახურმა უნდა გააგრძელოს შეჩერებული პროექტრები. აღნიშნული პროექტი შესაძლებელია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გააგრძელოს. სამინისტრო უმოკლეს ვადაში გადაწყვეტს თუ რომელ სამსახურის დაექვემდებარება მესხუხი ტერასების აღდგენის პროექტი“,- ამბობს ჩინჩილაკაშვილი.

სანამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნული პროექტის გაგრძელების შესახებ მსჯელობს, მანამდე შესაძლებელია უკვე აღდგენილი და დამუშავებული ტერასები დაზიანდეს.

„თუ ყურადღებას არავინ მიაქცევს დროთა განმავლობაში შესაძლებელია ტერასები დაზიანდეს, ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც ტერასების აღდგენაზე მუშაობდნენ ნაკვეთს უყურადღებოდ არ ტოვებენ, თუმცა, ასე მესხურ ტერასებს ვერ შევინარჩუნებთ“,- ამბობს მაისურაძე.

ისტორიული მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე მევენახეობა უხსოვარი დროიდან იყო განვითარებული. ხიზაბავრის ვენახები მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ე.წ ტერასებზე იყო გაშენებული. ტერასებს ადგილობრივები „დარიჯებს“ უწოდებდნენ. ეს იყო მთის ფერდობზე ნაშენი ქვის კედლები, რომლის შენება განპირობებული იყო რელიეფური პირობებით. ტერასები იცავდა ფერდობებს ჩამორეცხვისგან და ამავე დროს ხელს უწყობდა მებაღეობისა და მევენახეობის განვითარებას.

ამ ადგილს, დროთა განმავლობაში, ვენახები უწოდეს. ვენახები ზღვის დონიდან 1200-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არის ფერდობი, სადაც თოვლი არასოდეს არ დევს, დილით დადებულ თოვლს, რა სიმაღლისაც არ უნდა იყოს, შუადღის მზე ადნობს.

[მანანა სარაშვილი, ასპინძა]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხიზაბავრაში ვაზის დასარგავად ემზადებიან
მესხურ ტერასებზე წელს პირველი ვენახი გაშენდება
მესხურ ტერასებზე ვაზის დარგვა იწყება
პრემიერ მინისტრი დღეს სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება
მესხურ ტერასებზე პირველი ვაზი პრემიერმა დარგო
სამცხე–ჯავახეთში უძველესი ჯიშის მესხური ვაზი გაშენდება