FM97.5 / LIVE

ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 11.07.2019
ჩვენს ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მანქანა უბრალოდ ტექნიკა კი არა, ცოცხალი ორგანიზმია. ისინი არც მდიდარი კოლექციონერები, არც მრბოლელები და არც რელიქვიებით დაინტერესებული პირები არიან. უბრალოდ, უყვართ და ზრუნავენ –ავტომოყვარულები მესხეთიდან.

ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

„ვოლგა გაზ 21“ - „ჩემი ოცნების მანქანა იყო“


გარედან არქაულია, შიგნიდან თანამედროვე. „კაპოტზე“ ირმის გამოსახულებიანი, ნაცრისფერი „ვოლგა 21“ მნახველებს, ტურისტებს, უბრალო გამვლელებსა და ავტომოყვარულებს ერთნაირად იზიდავს. იღებენ ფოტოებს, ათვალიერებენ და კითხულობენ, „როგორ გაძლო აქამდე“.

მისი მეპატრონის წყალობით, დასათვალიერებელი ნამდვილად ბევრია. 1958 წელს გამოშვებული, უკვე 61 წლის „ვოლგა 21“ გათანამედროვებულია.
ეს მანქანა ალექსანდრე გარშკოვმა 1996 წელს შეიძინა. ამბობს, რომ მისი ბავშვობის ოცნება იყო „ვოლგა 21“ ჰყოლოდა და შეძენის შემდეგ კიდევ ერთი ოცნება აისრულა - მისი შიგთავსი საკუთარი ხელითა და სურვილით გადააკეთა. „გადავწყვიტე, ჩემებურად, თანამედროვე სტილზე მომეწყო.
ახლა უკვე აქვს სრული ელექტრო პაკეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხივე ფანჯარა და სავარძლები ელექტრონულად მოძრაობს. აქვს ვიდეო რეგისტრატორი, უკანა ხედვის კამერა, მაცივარი. გავაკეთე ტყავის სალონიც. მერსედესის ძრავაა - 2.0. დიზელზე მუშაობს და ძალიან ეკონომიურია, 100 კილომეტრზე დაახლოებით ოთხ ლიტრს წვავს“.

23 წლის წინ, ალექსანდრემ ამ მანქანაში 1 500 დოლარი გადაიხადა. ამ თანხით უკეთესი მანქანის შეძენა შეეძლო, თუმცა მისთვის „ვოლგა“ ფავორიტია.

“პოპულარული მანქანა იყო 70-იან წლებში. ძალიან გამძლეა, ერთხელ რომ გაარემონტებ, დიდხანს გემსახურება. წინა ღერძს არ სჭირდება ხშირი რემონტი, როგორც თანამედროვე მანქანებს. ხუთ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება კაპიტალურ რემონტს. მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ია. მეტი არ შეიძლება. აღარ ექვემდებარება საჭეს. ასეთ რეტრო მანქანებს ნელი სირული უფრო უხდება“, - ამბობს ალექსანდრე.

ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

მძღოლობის 39–წლიანი გამოცდილება აქვს. „ვოლგის“ შიდა და გარე მდგომარეობა მის ტექნიკისადმი სიყვარულს თვალსაჩინოს ხდის, თუმცა პროფესიით სამართალმცოდნეა, დაინტერესებულია ხატწერითა და ხატების რესტავრაციით.

„ეს არის ჩემი პირველი მანქანა. მანამდე მქონდა პლასტმასით ჩამოსხმული ავტომანქანა „ფერარი F40”, რომლიც ჩემი სურვილის შესაბამისად ვერ დავასრულე. ეს ისეთი წლები იყო, როცა უკვე არც ხელფასი იყო კარგი, მიუხედავად იმისა, რომ ბანკში ვმუშაობდი ინკასატორად. იყო ოჯახის ხარჯი და ამიტომ გავყიდე“.

გარშკოვს, ამ დრომდე, მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა არ მიუღია. „ვოლგა 21“-ით დადის შორ მანძილზეც: „ამბროლაურში დავდივარ; ბოლნისში – თითქმის ყოველ თვეში. ასევე, რუსეთში ვყოფილვარ ამით – სოჭში ჩავდიოდი. მაჩერებენ და მეკითხებიან, რომელ წელს არის გამოშვებული, უფრო მეტად აინტერესებთ მისი გადაკეთების დეტალები. რა სიმძლავრის ძრავი ჩადგან, სიჩქარეების კოლოფი და ა.შ. ბევრი მეკითხება, ხომ არ გავყიდი. რა თქმა უნდა, უარს ვეუბნები, იმიტომ, რომ რაც შევქმენი, ჯერ ამით ვმოძრაობ და მსიამოვნებს“.



თუ მანქანა გაფუჭებულია, ღამე ვერ დავიძინებ


თეთრ, გაპრიალებულ „ზაპოროჟეცს“ ახალციხეში ხშირად შეხვდები. მის მეპატრონეს, ადიგენის სოფელ არლიდან ახალციხეში, თითქმის ყოველ კვირას უხდება ჩასვლა. მანქანის ასაკი 29 წელია, თუმცა სიძველე ვიზუალურად არ ემჩნევა. ერთი კია, ქუჩაში გაცილებით დინჯად დადის, ვიდრე თანამედროვე, უცხოური მარკის ავტომანქანები.

ბუნებრივია, „ზაპოროჟეცის“ ასეთი მდგომარეობა მეპატრონის დამსახურებაა. 1990 წელს გამოშვებული მანქანა, სიმონ აფრიამაშვილის ოჯახში ამავე წელს მოხვდა.

„მამაჩემს მისცეს, როგორც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს. თვითონ ვერ მართვადა, იმიტომ, რომ მანქანას ხელზე ჰქონდა მოწყობილი ყველაფერი. მითხრა, შენ დაჯექი და მატარეო. მეც დავთანხმდი. მას შემდეგ, აქამდე არაფერი გამფუჭებია. მუდმივად დავდიდავარ და მუდმივად სტარტზეა. ბევრჯერ შემეძლო სხვა მანქანა მეყიდა, მაგრამ არ გამიკეთებია“, - ამბობს მანქანის მეპატრონე.

ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

სიმონ აფრიამაშვილისთვის მანქანა ცოცხალი ორგანიზმია. ტექნიკის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს და მუდმივად ზრუნავს. სწორედ ასე შეინარჩუნა „ზაპოროჟეცი“ 29 წლის განმავლობაში. ამბობს, რომ მაქსიმალური სიჩქარე, რომლითაც უვლია 80კმ/სთ-ია. ამ მანქანით თბილისშიც ჩასულა და მთებშიც უვლია.

„ბენზინზე მუშაობს, ძრავის სიმძლავრე 45 ცხენის ძალაა. მაქსიმალური სიჩქარე 160კმ/სთ. ჩემი შვილები რომ სტუდენტები იყვნენ, სულ ამ მანქანით ჩავდიოდი, ჩამყავდა და საჭმელიც ჩამქონდა. ამ მანქანით მთებშიც კი მივლია. ძრავი უკან აქვს და პრობლემა არ არის, სადაც გინდა, ახვალ, მათ შორის – ტალახიან გზაზეც“.

ქუჩაში „ზაპოროჟეცის“ გამოჩენა ხშირად გაკვირვებას იწვევს. ეკითხებიან, როგორ შეინახა ამდენ ხანს მუშა მდგომარეობაში. ასეთი კითხვები მისთვის უჩვეულო არ არის: „ახალციხეში ჩავედი და პოლიციამ დაიძახა, გადააყენეო. გავაჩერე მანქანა. ვკითხე, რა გნებავთ-მეთქი. მითხრა, მანახე როგორ შეინახე ეს მანქანა და სად გყავდაო. ამახსნევინა საბარგული, ძრავიც ვაჩვენე და გამიშვა“, - იხსენებს სიმონი.

„ზაპოროჟეცი ერთადერთი მანქანა არ არის, რომელსაც სიმონ აფრიამაშვილი წლების განმავლობაში ინახავს. მის ეზოში კიდევ ერთი მანქანა დგას, ის უფრო ასაკოვანია და ისიც – მუშა მდგომარეობაში.

„გაზ 52–04“ ადიგენში მუშაობის დროს, 1976 წელს მიიღო. ამავე წლიდან ოფიციალურად დაიწყო მძღოლად მუშაობა. მისი საქმიანობა რუსეთიდან დეპორტაციამ განაპირობა. „ვსწავლობდი მოსკოვში, ვაჭრობის ინსტიტუტში. 1958 წელს წითელ მოედანზე ჩვენი ბიჭები დახვრიტეს. 1963 წელს ქართველმა სტუდენტებმა თქვეს, ხუთი წლისთავის აღსანიშნავად, მოედანზე გავიდეთო. ვიცოდი, რომ ეს კარგ შედეგს არ მოგვიტანდა.

დაახლოებით 120 კაცი ვიყავით იმ დროს იქ. კარგად ვწერდი და დამავალეს დამეწერა ლოზუნგები, დაახლოებით ასეთი შინაარსის: „საქართველო სამოთხის ქვეყანაა და დომინანტი“. დაახლოებით 12 პლაკატი დავწერე. დაშალეს აქცია, დაგვიჭირეს ყველა. ერთი კვირა ვიყავით გამოკეტილები. მერე დეპორტაცია გაგვიკეთეს და გამოგვიშვეს რუსეთიდან ისე, რომ აბსოლუტურად ყველა საბუთი დაიტოვეს“.

ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

საქართველოში დოკუმენტების გარეშე დაბრუნებულმა, მუშაობა ადიგენში, მძღოლად დაიწყო. „გაზ 52–04“-ს 25 წელი ატარებდა. „დეზინფექციას ვაწარმოებდით ხოლმე სოფლებში, სადაც საჭირო იყო. მერე გამოვიდა მითითება, რომ მძღოლებს უნდა შეგვესყიდა ეს მანქანები. როგორ არ შევისყიდიდი, რომელი მძღოლი იტყოდა უარს?!“.

ამ დრომდე, მანქანებიც ერთგულად ემსახურებიან და პატრონიც მათი ერთგულია. ყოველთვის წმენდს, ასუფთავებს და ამოწმებს.

„ერთი ხასიათი მაქვს – თუ მანქანა გაფუჭებულია, ღამე ვერ დავიძინებ. ის უნდა გავაკეთო და მერე მშვიდად ვიქნები. როგორც ადამიანი გიყვარდება, როგორც ცხოველი გიყვარდება, ასე გიყვარდება მანქანაც. ხშირად რომ მუშაობ მასთან ერთად, როგორც შენი სასიყვარულო საგანი, ისეთი ხდება. ყურადღებას ვერ მოაკლებ“.



81 წლის კოლია (ნიკალაი) პახომოვი


1990 წელს გამოშვებული ღია ყავისფერი „ზაპოროჟეცი“ ჰყავს კოლია პახომოვსაც, ოღონდ მის მანქანას სულ 23 000 კილომეტრი აქვს გავლილი. სუფთაა, ხშირი რეცხვა და წმენდა რომ არ დასჭირდეს, როგორც თვითონ ამბობს, „ჩიხოლში“ ინახავს. მანქანაში ყველაფერი მწყობრშია, აფთიაქის ჩანთისა და რადიოს ჩათვლით. ამ მანქანით ვალეში მცხოვრები კოლია წყალთბილაში და ვალის „მეორე შახტში“ დადიოდა.
„წყალთბილაში უბნის უფროსი ვიყავი, მუდმივად მჭირდებოდა წყალთბილაში და „მეორე შახტის“ დასახლებაში სიარული. ვიყიდე ეს მანქანა, მაშინ 4 000 რუსული მანეთი მივეცი. შემეძლო სხვა მანქანა გამომეყვანა, მაგრამ რიგი იყო და ეს მომიწია. 29 წელია მწყობრშია. ახლა იშვიათად დავდივარ. ძალიან პრაქტიკული მანქანაა“.

კოლიამ პირველი მანქანა 1974 წელს იყიდა. მანამდე ეტლიანი მოტოციკლი ჰყავდა. ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ავარია არასდროს გაუკეთებია. ახლა უკვე 81 წლის ხდება და, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მანქანას აღარ ატარებს.



ინსპექტირებაგავლილი სატვირთოს მფლობელი - ლევონი


ახალციხის სოფელ წირაში შეხვდებით „გაზ 52 04“, რომლის ასაკიც 37 წელია და რომელმაც ოთხი თვის წინ, ტექნიკური ინსპექტირება წარმატებით გაიარა.
მწვანედ შეღებილი სატვირთო ლევონ აბრამიანს ეკუთვნის. ამბობს, რომ დიდხანს ეძებდა მანქანას, რომლის ძარაც იხსნება და ბოლოს, ინტერნეტში მიაგნო. ჩამოსაყვანად ახალციხის სოფლიდან სამეგრელოში, ზუგდიდში ჩავიდა. „აქამდე ძლივს ჩამოვიყვანე. მერე თითქმის ყველაფერი გამოვუცვალე. საერთოდ, მიყვარს მანქანები და ვფიქრობ, რომ ეს ტექნიკური ინსპექტირების გავლაც საჭიროა ყველასთვის – მსუბუქი მანქანაა თუ სატვირთო“.



ლევონმა მართვის მოწმობა 18 წლის ასაკში აიღო. მალევე პირველი მანქანა იყიდა - წითელი „ნოლ შესტი“. ახლა 45 წლისაა და „გაზ 52 04“-ს ძირითადად სამეურნეო საქმეებისთვის სოფელში იყენებს.

„ვიცოდი, რომ ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიდა. ყველაფერი გამოცვლილი და შემოწმებული მქონდა. პირველად რომ მივიყვანე, მინის გამწმენდებთან წყალი არ ამოდიოდა და ეზოში სანამ მივიდოდი, კაცებმა მითხრეს, ვერ გაივლისო. მაგრამ იქ ვიყავი უკვე და შევედი. უკან გამომიშვეს. წამოვედი, გამოვასწორე ხარვეზი და კიდევ მივედი. უპრობლემოდ გაიარა ინსპექტირება“, - ამბობს ლევონ აბრმიანი.

ალექსანდრეს, სიმონს, ლევონსა და კოლიას ტექნიკის სიყვარული აერთიანებთ. ყველას განსხვავებული დამოკიდებულება და საერთო მიზანი აქვს - სუფთა და გამართული ტექნიკა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


23.07.2019 ‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

22.07.2019 ეროვნულები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება

21.07.2019 ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

19.07.2019 პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.07.2019 ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

22.07.2019 ‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

22.07.2019 ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

22.07.2019 აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში კლასიკური მანქანების რალი გაიმართა [Photo]
ახალციხეში ავარიის შედეგად სამი მანქანა დაიმტვრა [ფოტო]
ახალციხეში ქუჩების მოსარეცხად მხოლოდ ერთი, ძველი მანქანა აქვთ
ფრანგმა გამომგონებლებმა ახალციხეში ელექტრო მანქანა წარადგინეს [Photo]
ადიგენში სავაჭრო ჯიხურს მანქანა დაეჯახა
ბაკურიანს ტყის ხანძრის ახალი მანქანა გადაეცა
ვალესთან მანქანა ხევში გადავარდა