
ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული 38 სკოლიდან, გამოცდაზე ოთხი სკოლის გარდა ყველა სკოლის დირექტორი გავიდა, თუმცა მათგან გამოცდა მხოლოდ რვამ ჩააბარა.
ამ რიცხვში ვერ მოხვდნენ არაქართულენოვანი სკოლების დირექტორები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 14 არაქართულენოვანი სკოლიდან გამოცდაზე ყველა მათგანი გავიდა, თუმცა, 60 პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა ვერ გადალახა.
დირექტორები ამბობენ, რომ გამოცდა რთული იყო. მათ ქართულ ენაზე ტესტირების ჩაბარება გაუჭირდათ.
გამოცდაზე გასულ დირექტორებს შორის ერთ-ერთი მესამე საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა არუთუნიანია.
„100 პროცენტით უნდა გცოდნოდა ქართული, გამოცდა რომ ჩაგებარებინა. გარდა იმისა, რომ ქართულად მიჭირდა წაკითხვა, საკითხებიც რთული იყო. სახლში ლექსიკონის დახმარებით ვმეცადინებოდი, გამოცდაზე კი ამის საშუალება არ გვქონდა“, - ამბობს იგი.
სვეტლანა არუთუნიანი ფიქრობს, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ არაქართულენოვანი სკოლების პერსონალის მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს და დირექტორებს საშუალება უნდა ჰქონდეთ გამოცდები მშობლიურ ენაზე ჩააბარონ.
„კარგი იქნება თუ გამოცდები მშობლიურ ენაზე გვექნება. მესმის, რომ საქართველოში ყველამ, განურჩევლად ეროვნებისა, სახელმწიფო ენა უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ჩვენი ასაკის ხალხმა არ იცის კარგად და უკვე ვეღარც ვისწავლით. განათლების სამინისტროს თხოვნით მივმართავთ, რომ ჩვენ და ქართულენოვანი სკოლების დირექტორებს ცალ-ცალკე გვქონდეს გამოცდა“, - ამბობს იგი.
მსგავსი მოსაზრება აქვს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლის დირექტორა ბაგდასარ ოგანესიანს, რომელმაც გამოცდაზე 39 ქულა აიღო.
„ბევრი უცხო სიტყვა შემხვდა, რომლის მნიშვნელობაც არ ვიცოდი. ჩვენ ქართული სკოლის დირექტორების მსგავსად არ უნდა მოგვეთხოვებოდეს ქართული ენის ცოდნა, ამიტომ განათლების სამინისტრომ გამოცდა ცალკე უნდა დაგვინიშნოს, რა თქმა უნდა, სომხურ ენაზე“,- ამბობს იგი.
სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლის დირექტორმა ვიქტორ მურადიანმა დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობა გასულ წელსაც მიიღო, თუმცა ბარიერის გადალახვა მაშინაც გაუჭირდა.
„მაშინაც ენის პრობლემა იყო და ახლაც. სანამ ასეთი სიტემა იქნება, ალბათ სერთიფიცირებული დირექტორი ვერასოდეს გავხდები“, - ამბობს იგი.
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით დირექტორობის მსურველთა გამოცდების პირველი ეტაპი წარმატებით 16-მა კანდიდტმა გაიარა.
„მათში არიან ის პირები, რომლებიც არ არიან დირექტორები, მათ უბრალოდ სურვილი აქვთ, რომ ჩააბარონ გამოცდები“,-ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დიანა ინასარიძე.
მათ ვინც ბარიერი ვერ გადალახა, გასაჩივრება ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ. დიანა ინასარიძის თქმით, ის დირექტორები, რომლებმაც სერთიფიცირება ვერ გაიარეს, ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას. ჯერ მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან ის დირექტორებიც, რომლებმაც გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
„გამოცდის წარმატებით ჩაბარების მიუხედავად, დირექტორები ისევ მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან, სანამ გასაუბრებას არ გაივლიან. მეორე ეტაპის გავლის შემთხვევაში უკვე სერთიფიცირებული დირექტორები იქნებიან“, - ამბობს დიანა ინასარიძე.
სერთიფიცირების ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველს დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა, რომელიც მას საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს დირექტორების შესარჩევ კონკურსში.
დირექტორს უფლება ექნება ნებისმიერი სკოლა აირჩიოს, სადაც მას სურს დირექტორობა. ის თავის კანდიდატურას იმავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს, თუ სამეურვეო საბჭომ ვერ აირჩია დირექტორი, მაშინ მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიშნავს.
[მანანა სარაშვილი, ახალციხე]