FM97.5 / LIVE

დაუსრულებელი საბინაო დავა ბორჯომში

მთავარისაზოგადოება 11.09.2013
ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი შესაძლოა ბინიდან გამოასახლონ. დავა, რომელიც დაახლოებით 60 წელიწადია მიმდინარეობს, ამჟამად უზენაეს სასამართლოში გრძელდება.

დაუსრულებელი საბინაო დავა ბორჯომში
სახლში, რომელზეც დავა მიმდინარეობს, ანანიაშვილებისა და ხრიკაძეების ოჯახები ნახევარ საუკუნეზე მეტია ცხოვრობენ. ამ ხნის განმავლობაში საცხოვრებელს ოთახებიც მიაშენეს და შეაკეთეს კიდეც, თუმცა, გამორიცხული არაა ერთ დღეს ისინი მაინც ქუჩაში დარჩნენ.

50-იან წლებში გადანაწილებული ფართი

ამბავი დიდი ხნის წინ, 50-იან წლებში იწყება. ფართი, სადაც ამჟამად აღნიშნული ოჯახები ცხოვრობენ, ბერძენ იორდანე ავრამიდს ეკუთვნოდა. 1949 წელს, მას შემდეგ, რაც ავრამიდი საქართველოდან გადაასახლეს, დაახლოებით 1900 კვადრატულ მეტრი ფართი, თავისი შენობებით ( #14, 16, 18 და 20 ), მაშინდელ ქალაქის საბჭოს გადაეცა.

1952 წელს, საბჭოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლებულ ფართში 15- მდე ოჯახი შეასახლეს, ისინი, ვისაც საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა.

„ჩემს მამამთილს გაიოზ ანანიაშვილს #20 ბინაში ერთი ოთახი, 20 კვ.მ. ფართი შეხვდა. რადგან ოჯახით იყო და ფართი საკმარისი არ იყო, ოთახს სხვადასხვა სათავსოები მოაშენეს. მიშენებაზე მაშინ ადგილობრივი მთავრობისგან წინააღმდეგობა არ ყოფილა “, - ამბობს ეთერ ანანიაშვილი.

უკან დაბრუნებული და 7 მემკვიდრეზე გადანაწილებული ქონება

1958 წელს, რეაბილიტირებული იორდანე ავრამიდი საქართველოში დაბრუნდა. 1961 წელს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავრამიდმა ქონება უკან დაიბრუნა. თუმცა, ვინაიდან მაშინდელმა ადგილობრივმა მთავრობამ იქ მცხოვრებლების საცხოვრებლით უზრუნველყოფა ვერ შეძლო, იმ ფართში მცხოვრები ოჯახები მაშინ არ გამოუსახლებიათ.

სიცოცხლეში ავრამიდმა კუთვნილი ფართში დასახლება ვერა, მაგრამ ქონების შვიდ მემკვიდრეზე გადანაწილება მოასწრო. მემკვიდრებმა ქონება, ბორჯომის სასამართლოს ძალით, 1989 წელს დაიმტკიცეს.

„ისე რომ ჩვენ არაფერი ვიცოდით. თან, იმ ფართით კი არ დაუმტკიცეს, როგორც ეს მათ 1950 წლამდე ჰქონდათ, არამედ მიშენებებით, რომლებიც ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ“, - ამბობს სადაო ბინის ერთერთი მცხოვრები მზია ხრიკაძე.

შედეგად, საცხოვრებელში შესახლებული ოჯახები იმ ფართსაც კარგავენ, რაც ნამდვილად მათ მიაშენეს და შეარემონტეს. სწორედ ამ ფართის დაკანონებას ითხოვენ ისინი.

ვინ არიან და რა ინტერესები აქვთ ავრამიდის მემკვიდრეებს

ფართის შვიდ მფლობელს შორის, ერთ-ერთ ელენე ჩაჩიბაიაა, რომელსაც 1/7 წილი შეხვდა. ქონების დასაბრუნებლად მისი მემკვიდრე ნოდარ ბასილაშვილი იბრძვის.

ელენე ჩაჩიბაიას წილი 9 აპრილის ქუჩის #20 ბინაში ერგო. ამავე ნომერში შეხვდა წილი ერთ-ერთ მემკვიდრეს იგორ ავრამიდს.

ავრამიდის წილი საცხოვრებელი ფართი და 170 კვ.მ მიწის ნაკვეთი ეთერ ანანიაშვილმა შეისყიდა. ამ პერიოდში უკვე გაყიდული ჰქონდა წილი ბასილაშვილსაც, თუმცა, იგი 1989 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით ქონების დაკანონებას მაინც ცდილობდა. ამავე დროს, არა საწყისი ფართის (მიშენებამდე), არამედ უკვე მიშენებებიან ფართზე აცხადებდა პრეტენზიას.

„ვიდრე ბინას გავიფორმებდი, ნოდარ ბასილაშვილი უკვე ჩიოდა სასამართლოებში და ცდილობდა ჩვენს გამოსახლებას. არადა, ბასილაშვილმა თავისი წილი გაყიდა, რახელ კაცობაშვილს მიყიდა. ჩვენ ამის ხელშეკრულებაც გვაქვს. ამ ადამიანს 20 ნომერში აღარაფერი ეკუთვნოდა. მაგრამ, რადგან 1989 წელს მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე მოხდა წილების გადანაწილება, ამით სარგებლობდა და მაინც ჩიოდა“, - ამბობს ეთერ ანანიაშვილი.

სასამართლოდან სასამართლოში

ანანიაშვილი გვისხნის, რომ ბინაში მცხოვრებლებმა ბორჯომის სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. ისინი ითხოვდნენ მათი მიშენებები მათთვის დაეკანონებინათ. უზენაესმა ბორჯომის გადაწყვეტილება ბათილად ცნო.

„ყველა მემკვიდრის წილები დაშალა და დღემდე ეს საკითხი არის გადასაჭრელი. საკითხი ბორჯომის სასამართლოს გადაეცა განსახილველად, მაგრამ არ განუხილია, ამიტომ ისევ ბორჯომის სასამართლოში შევიტანეთ საჩივარი, რომ ჩვენი მიშენებები დაეკანონებინათ. 1998 წელს მიშენებები კი დაგვიკანონეს, მაგრამ, რადგან მემკვიდრეები სასამართლოზე არ გამოცხადდნენ, მემკვიდრეების საკითხი სასამართლომ აღარ განიხილა“, - გვიამბობს ანანიაშვილი.

მისივე განმარტებით, ამის შემდეგ ბასილაშვილმა მათ ისევ უჩივლა: „შეტყობინენები არ მომსვლია სასამართლოზე გამოცხადებისო და რვა სასამართლო პროცესის შემდეგ, ბორჯომის გადაწყვეტილება გაგვიბათილა. არ გაუქმებულა მხოლოდ რეესტრის გადაწყვეტილება. ანანიაშვილები საჯარო რეესტრში ვიყავით დარეგისტრირებული 2013 წლამდე, ხრიკაძეები კი 2012 -მდე“.

სასამართლო დავა ამის შემდეგაც გაგრძელდა. ხან ერთი მხარე ჩიოდა, ხან მეორე. სასამართლომ ბასილაშვილის სასარგებლოდ 15-მდე გადაწყვეტილება გამოიტანა. 20 ნომერში მცხოვრებლები, ამბობენ, რომ ბასილაშვილს სასამართლო შეცდომაში შეჰყავდა.

„1989 წელს, როცა მემკვიდრეებმა ჩუმად გაინაწილეს ფართი, ბასილაშვილს მიშენებებით 112 კვ. მ. შეხვდა. კი დაშალა ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ, მაგრამ მან 2008 წელს მემკვიდრეობა მაინც აღიდგინა, - თბილისში, საჯარო რეესტრში, ნახაზისა და საკადასტრო რუკის გარეშე, მარტო მემკვიდრეობით და ჩუქების ხელშეკრულებით, დაირეგისტრირა ფართი 112 კვ. მ. მანამდე კი მხოლოდ 30 კვ.მ.-ს ფლობდა, რომელიც ფაქტობრივად გაყიდული აქვს“, - ამბობს ეთერ ანანიაშვილი.

ერთ-ერთი სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. 2012 წელის 9 ოქტომბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოსამართლემ გია ბერაიამ გადაწყვეტილება ბასილაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა.

„დავის საგანი იყო უსაფუძვლოდ, გამდიდრების გზით მიღებულ ქონებაზე საკუთრების უფლების გაუქმება და მოსარჩელეთა საკუთრების აღიარება. ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდა“, - ამბობს მოსამართლე გია ბერაიას თანაშემწე რამაზ აიწურაძე.

„სამხრეთის კარიბჭე“ ნოდარ ბასილაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა და მისგან დავის შესახებ კომენტარიც მიიღო. მოგვიანებით ბასილაშვილი თავად დაგვიკავშირდა და მისი კომენტარის გამოქვეყნებაზე უარი გვითხრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოში საჩივრის შეტანით დაგვემუქრა.

ამჟამად დავა უზენაეს სასამართლოში გრძელდება. რა გადაწყვეტილებას გამოიტანს უზენაესი სასამართლო, ჯერ უცნობია. ანანიაშვილები და ხრიკაძეები სასამართლოს დასკვნას ელოდებიან. ისინი აცხადებენ, რომ ბინის დაკარგვას არ შეურიდგებიან და ბრძოლას გააგრძელებენ.

„ამ ეტაპზე საქმე იმყოფება უზენაეს სასამართლოში, მეორე ინსტანციამაც არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და საქმე გადავეცით მესამე ინსტაციას, რათა ბათილად იქნას ცნობილი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და აღიარებული იქნან მესაკუთრეებად იმ ფართისა, რაც მათ მიერ არის აშენებული“,- გვიხსნის ანანიაშვილების ადვოკატი ოთარ კაჭკაჭიშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.11.2019 ბორჯომის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება

11.11.2019 რა ღონისძიებები გაიმართება 'ზარზმობის' დღესასწაულზე

10.11.2019 ილია მეორე: ქართველი ადამიანი, უარყოფს, თრგუნავს, ნიჭიერ ადამიანებს

10.11.2019 ბექა ბერძენიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვეტერანები  უზენაეს სასამართლოში ჩივიან
ბორჯომის პრესსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა წააგო
13-წლიანი სამეზობლო დავა
სოფიო შევჩენკომ ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა
სააპელაციომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ახალციხის ყოფილი გამგებლის გამამართლებელი განაჩენი უზენაესში გაასაჩივრეს
ახალციხის სასამართლომ ასპინძის სამი სოფლის რწმუნებულის საჩივარი არ დააკმაყოფილა