FM97.5 / LIVE

მოგზაურთათვის – 'წამყე ადიგენისკენ!'

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.06.2019
ოქროს ციხე, ჭულეს გუმბათოვანი ტაძარი, ჭელას მინარეთი და თრიალას სამი ტბა – ეს და მრავალი სხვა ადიგენშია, თუ თქვენ გადაწყვეტთ, ესტუმროთ სამცხე–ჯავახეთს და გინდათ დაათვალიეროთ ადიგენი, მომყევით.

მოგზაურთათვის – 'წამყე ადიგენისკენ!'

ადიგენის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება აჭარა. ჩრდილოეთით იმერეთი. სამხრეთი საზღვარი კი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

როგორ მოხვდებით ადიგენში


თუ თბილისიდან მოდიხართ, დიდუბის მეტროდან გამოდის მიკროავტობუსები თბილისი–ადიგენის მიმართულებით. შეგიძლიათ, ასევე, თბილისი–აბასთუმანსაც გამოჰყვეთ (აქ მოგიწევთ სოფელ ბენარასთან ჩამოსვლა და ადიგენში ტაქსით წასვლა) და, სულ რაღაც 12 ლარად, სამი საათის მგზავრობის შემდეგ, ადიგენში ხართ. გზა მოსაბეზრებელი არ არის, რადგან შეგიძლიათ მოუსმინოთ გამესხებული იმერლების განსხვავებული აქცენტით განხილულ ქვეყნის ამბებს და თავადაც ჩაერთოთ მსჯელობაში.

ადიგენს შეგიძლიათ აჭარიდანაც ეწვიოთ, გოდერძის უღელტეხილით. მოგიწევთ სასწაულად ლამაზი გზის გამოვლა, ფერდებშებრაწული ხის სახლების ნახვა და, სანამ შთაბეჭდილებიდან გამოხვალთ, ადიგენშიც აღმოჩნდებით. შთაბეჭდილების გაძლიერებას ზარზმის მონასტრით შეძლებთ – სანამ მუნიციპალურ ცენტრამდე მიხვალთ, მანამდე სოფელი ზარზმა უნდა გამოიაროთ. აქ ცხოვრობენ მუსლიმებიც და ქრისტიანებიც.

არსებობს ლეგენდა: „ ... როდესაც სერაპიონ ზარზმელმა და მისმა ძმამ შეარჩიეს ეკლესიის ასაშენებელი ადგილი, მახლობელი დაბის მცხოვრებნი მტრულად შეხვდნენ მათ და მოითხოვეს მათი გაძევება. სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე და წამოვიდა ნიაღვარი, რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამიტომაც, ეწოდა ზარზმა, რომელი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”.

სოფელთან არის XIV საუკუნის „თამარის წყარო“. ზარზმაში საოჯახო სასტუმროცაა და შეგიძლიათ ღამით იქ დარჩეთ. საოჯახო სასტუმროს ფასი 20 – 25 ლარამდე მერყეობს, კვებით კი – დაახლოებით 40 ლარი. საოჯახო სასტუმრო სოფლის ცენტრშია. ზარზმიდან მუნიციპლური ცენტრისკენ გზა კარგია. ამიტომაც, თუ ბუნება გიყვართ, შეგიძლიათ ფეხითაც წამოხვიდეთ.

მოგზაურთათვის – 'წამყე ადიგენისკენ!'
ზარზმის ეკლესიის ფრესკა

ზარზმიდან ავტომობილით წამოსვლის შემთხვევაში, დაახლოებით ათ წუთში, სოფელ ზანავში ხართ, ფეხით – ასე, ერთ საათში. სოფლის შესასვლელიდან ახვალთ და დაათვალიერებთ ჭულეს, XIV საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვან ტაძარს. აქვე, ასევე, შეგიძლიათ ახვიდეთ და ნახოთ ჩანჩქერი, რომელსაც ჭულეს ჩანჩქერს ეძახიან. ტაძრამდე მისასვლელ გზაზე არის საპიკნიკო ადგილიც.

მოგზაურთათვის – 'წამყე ადიგენისკენ!'
ჭულეს ჩანჩქერი

აქვეა ოქროს ციხე – იგი უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია, ზოგიერთი მხრიდან – მიუდგომელიც. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში.

„ოქროს ციხე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და იგი, სხვა ციხეებთან ერთად, დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოს შუაგულის გარშემო. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, იგი აგებულია XIII საუკუნის დასასრულს ან XIV საუკუნის დასაწყისში და მის შესახებ ადრინდელი წერილობითი ცნობებიც არ მოგვეპოვება. XV-XVI საუკუნეებში კი, თურქების მომძლავრების დროს, იგი დიდ როლს თამაშობდა მესხთა თავდაცვის საქმეში. აქ გამაგრებულნი ძალიან დიდ ტერიტორიას უწევდნენ კონტროლს, კარგად უთვალთვალებდნენ გზებსაც და ციხის მდებარეობისა და სიმტკიცის გამო, ალყასაც დიდხანს უძლებდნენ. ოქროს ციხე ხშირად იხსენიება ე. წ. მესხური დავითნის ქრონიკაში (XVI ს.), რომელშიც სამცხის სამთავროს არსებობის ბოლო ხანების ამბებია მოთხრობილი. 1578 წელს, თურქი სარდლის ლალა-ფაშას შემოჭრის დროს, ოქროს ციხეში იყო გამაგრებული ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლე დედისიმედი, რომელიც ამაოდ ცდილობდა სამცხის გადარჩენას დამპყრობელთაგან“.

მოგზაურთათვის – 'წამყე ადიგენისკენ!'
ოქროს ციხე

ოქროს ციხიდან კარგი საავტომობილო გზა მიდის და ათი წუთის სავალზე შეგიძლიათ, ჭელას მინარეთი მოინახულოთ, რომელიც სოფელ ჭელაში, შესასვლელშივეა და გზიდანაც კარგად ჩანს.

მოგზაურთათვის – 'წამყე ადიგენისკენ!'
ჭელას მინარეთი

შეგიძლიათ სოფელ უდეს და არალსაც ეწვიოთ.

სოფელ არალში დგას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: ადრეული შუა საუკუნეების სტელა, შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესია.

სოფელ უდეში დგას როგორც მართლმადიდებლური, ასევე კათოლიკური ეკლესიაც.

„უდის გუმბათიანი ტაძარი ქართველმა კათოლიკეებმა ააშენეს 1904-1906 წლებში. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადზე ჩაყოლებულია ფილები, რომელზეც წარწერილია, რომ ეკლესია აგებულია ქართველი კათოლიკეების მიერ, მუსლიმი თანასოფლელების დახმარებით. უდის ღვთისმშობლის ტაძარს აქვს კათოლიკე ეკლესიებისათვის დამახასიათებელი თაღოვანი გადახურვა. ჯვარი ჩამოისხა 127 კათოლიკეს შესაწირით. გუმბათის ჯვარზე ამოტვიფრულია წარწერა: „უდის არის კათოლიკენი, 2120 სული, მშენებელი ამა საყდრისა, მაჰმადიანები 520 სული, ტომით ქართველნი. ღვთისმშობელო, შენ გწირამთ ჩვენ შრომასა!“

თუ მეჩეთების დათვალიერებასაც გადაწყვეტთ, სოფელ ვარხანს უნდა ეწვიოთ. აქ დგას მეჩეთი; ასევე – სოფელ ხევაშენში და ხარჯამში. სამივე სოფელი ერთმანეთზეა მიბმული და ფეხითაც შეგიძლიათ მოიაროთ. ამ სოფლებში 1944 წელს იმერეთიდან გადმოსახლებული იმერლები ცხოვრობენ. მუსლიმი მესხების სალოცავები ახლა დაკეტილია. საბჭოურ პერიოდში, სოფელ ხევაშენში და ვარხანში მეჩეთებში კინოთეატრები იყო მოწყობილი.

მოგზაურთათვის – 'წამყე ადიგენისკენ!'
არლის კათოლიკური ეკლესია

ნუ, რადგან სოფელ ვარხნამდე ამოაღწიეთ, აბასთუმანშიც უნდა ახვიდეთ. დედაქალაქის ერთ-ერთ მაღაზიაში, როცა უდიერად მიწყობდნენ გასატეხ ნივთებს და ვუთხარი - ფრთხილად! ამან აბასთუმნამდე უნდა იაროს–მეთქი - ერთმა ხანშიშესულმა კაცმა გაბრწყინებული თვალებით გამომხედა და მითხრა: „იქ მიდიხარ ვარსკვლავები დაბლა რომაა და დურბინდითაც რომ შეგიძლია უფრო ახლოს მოიყვანო!“ ჰო, ვარსკვლავები მართლა ახლოსაა. ღამით ობსერვატორიაშიც შეგიძლიათ ახვიდეთ, დღისით კი ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია ნახოთ. დაბლა აბასთუმანში კი, მდინარე ოცხეს მახლობლად, გოგირდის აბანოებს გარედან შეავლოთ თვალი. აბანოს შენობა ევროპულ ყაიდაზეა აშენებული. აბანოს უკან წიწვოვანი ტყე აკრავს, წინ კი პარკს გაჰყურებს. პარკი ადრე იყო, შადრევნით და რემერტის პარკს ეძახდნენ – კავკასიის სამხედრო-სანიტარული ინსპექტორის ადოლფ რემერტის სახელს. სხვადასხვა ბიბლიოგრაფიული წყარო კურორტ აბასთუმანში რემერტის მოღვაწეობის წლებად 1878 - 1890 წლებს ასახელებს.

აბანომდე მდინარე ოცხეზე გადებული თაღოვანი ხიდი უნდა გაიაროთ. ხიდიც რემერტის სახელს ატარებს. ძირძველი აბასთუმნელები ასე ეძახიან.

მოგზაურთათვის – 'წამყე ადიგენისკენ!'
აბასთუმნის აბანოები

აბასთუმანში შეგიძლიათ იმერეთიდან ჩამოხვიდეთ, საირმის გავლით. აბასთუმანში საოჯახო სასტუმროების არც თუ ისე ფართო არჩევანია, ფასები 30 ლარიდან იწყება და 90 ლარამდეც ადის.

და ბოლოს, აუცილებლად გირჩევთ ნახოთ თრიალას ტბა. ტბა მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში, მთა თლილის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. ტბა ტყით არის მოცული და საზრდოობს წვიმისა და წყაროს წყლებით. ტბაზე ასვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე მაღალი გამავლობის მანქანითაც, სოფელ იჯარეთიდან, ასევე სოფელ ლელოვნიდანაც.

მოგზაურთათვის – 'წამყე ადიგენისკენ!'
თრიალას ტბა

დაბა ადიგენში რამდენიმე საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს, რომელთა ფასი 15 ლარიდან იწყება და 40 ლარამდე მერყეობს. დაბა პატარაა, ამიტომაც სასტუმროების მიგნება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

[გულო კოხოძე, ადიგენი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჩაიხედე თამარ მეფის სარკეში...
ადიგენში, ოქროს ციხემდე მისასვლელი გზის ნაწილი მოეწყობა
,,ლურჯი მწვერვალები“  ყარყატები,  ტბები  და კიდევ ბევრი რამ . . .
ჩამორთმეული სალოცავები – გამოფენა, რომელზეც მესხეთიდან 7 ძეგლი მოხვდა
ვაკანსია საოჯახო სასტუმრო 'თირებში' ®
სოფელ უდეში ”ანთიმოზობას”  აღნიშნავენ
მესხური ნობათი სოფელ ნიჯგორიდან [Photo]