FM97.5 / LIVE

კოთელია – მუზეუმი ღია ცის ქვეშ

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.06.2019
აქ მიწურებიცაა და „ზალებიანი“ საბჭოური სახლებიც, ჟანგისფერი ეკლესიაც და ახალი ტაძარიც - „სამხრეთის კარიბჭე“ მოგიყვებათ კოთელიაზე, სამხრეთ საქართველოს უძველეს სოფელზე და ამ სოფლის „ალიაქოთში“ მცხოვრებ კოთელიელებზე, რომლებიც საკუთარ თავს ჯავახელებს უწოდებენ.

კოთელია – მუზეუმი ღია ცის ქვეშ

ცხელა. გავარვარებულ ტრასაზე მივქრივართ. ასფალტიდან ასული გამჭვირვალე, წყლისფერი სიცხე ლივლივებს და იკლაკნება, ისე თან რომ ხედავ და თან ვერა. შორს ტრაფარეტი ჩანს ვუახლოვდებით – კოთელია – იკითხება გარკვევით. ვაჩერებთ.

კოთელია, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე მდებარეობს. სოფელში 150 ოჯახია, 430 მოსახლით.

ადგილობრივების თქმით აქ ცხოვრობენ ბერიძეები, მაისურაძეები,ზედგინიძეები, ყავრელიშვილები, აჩელაშვილები...

სოფელი თითქოს გაყოფილია, გზის ზემოთა მხარეს საბჭოურ პერიოდში აშენებული ერთნაირი, ერთ ფერში გალესილი, ორსართულიანი, სტანდარტული ტიპის სახლები დგას. დაბლა კი ერდოიანი მიწური სახლები, ქვის ყორეებით.

აქ სკოლაც ორია. ზემოთ, ახალი და დაბლა ძველი. ძველი 1928 წელს აუშენებიათ, ახლა რიტუალების სახლია.

ეკლესია რამდენიმეა, ახალი აშენებული ახალ სასაფლაოზე, ძველი მე–17 საუკუნის წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესია კი ძველ სასაფლაოზე.

„სოფელიც და წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესია დაახლოებით ერთი ასაკისაა. 1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ კოთელია არ არის მოხსენიებული. რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სოფელი სავარაუდოდ, მეჩვიდმეტე საუკუნეში დაარსდა“, – გვეუბნება ადგილობრივი, ოთარ ყავრელიშვილი.

სოფლის ასეთი გაყოფა იმის ნიშანია, რომ კოთელიამ საუკუნეებს გაუძლო და განვითარდა.

მურჯი იყო სოფელი, სადაც, როგორც ადგილობრივებმა მითხრეს კოთელიის მოსახლეობა ცხოვრობდა, შემდეგ კი ამ მხარეს გადმოვიდა.

კოთელიის წინ კი ყოფილა სოფელი დაკიდულა. ახლა იქ ნასახლარია. სოფელი თავქვე, ფერდზე იყო გაშენებული და ეს სახელიც მაგიტომ ერქვა.

ჯავახელები


აქაურები თავს "ჯავახელებს" ეძახიან.

კოთელია – მუზეუმი ღია ცის ქვეშ

გიორგი ბერიძე, შვიდი წლის – მინდა გამოვიდე ავტომრბოლელი. აქ მოვაწყო ტრასები და მყავდეს ლამბორჯინი.

ვანო ყავრელიშვილი, 64 წლის – ამბობს რომ აქ დაიბადა, აქ გაიზარდა და აქაურობა ძალიან უყვარს: „სხვაგან ასე ვერ ვისუნთქებ“.

კოთელია – მუზეუმი ღია ცის ქვეშ

ანა აჩელაშვილი, ცხრა წლის – ანას უნდა ექიმი გამოვიდეს. ფოტოს უცნაური ფორმის ქვასთან ვუღებ. ის ბებიის მონათხრობს მიყვება – ადრე ამ ქვაზე ხორბალს ფქვავდნენ. დაბლა ბრტყელ ქვაზე ხორბალი იყრებოდა, მრგვალ ქვას კი ხორბალზე ზემოდან ატარებდნენ, ნაყავდნენ.

კოთელია – მუზეუმი ღია ცის ქვეშ

ჯავახეთს ხომ პურის ბეღელს უწოდებდნენ. კოთელიაში ახლაც მოჰყავთ ხორბალი, ალბათ ამიტომაცაა რომ ჯავახური კულინარია ცომეულთან ასოცირდება. კოთელიაში თუთმაჯი, თათარგბერაგი, ბატის ხინკალი გამორჩეულ კერძებად ითვლება დღემდე.

ჯავახელი კატუშა


კატუშა ილაშვილი 90 წლისაა. მისი სახლის წინ წყაროსთან ვსხდებით. საუბარს ხმამაღლა ვიწყებ – „მესმის, კარგად მესმის“,– მეუბნება და ისე ლაღად იცინის 15–16 წლის გოგოსაც რომ შეშურდება. „ყურშიც მესმის და ძაფსაც ნემსში უსათვალოდ ვუყრი“, – მეუბნება და ზურგზე მოხურებულ კუბოკრულ თავშალს ისწორებს.

კოთელია – მუზეუმი ღია ცის ქვეშ

კატუშა ილაშვილს ხუთი შვილი ჰყავს, ცხრა შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი.

„22 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი. სხვაზე იყო ლაპარაკი და სხვას წავყევი. ჩემმა ძმამ იაქტიურა, ის და ჩემი ქმარი მეგობრები იყვნენ. ვნახე ჩემი ქმარი და მომეწონა, კაი სოფლის ბიჭი იყო, უხეირო არ იყო, სახელოვანიც იყო. 65 წელი ვიყავით ცოლ – ქმარი“, – მითხრა კატუშა ილაშვილმა.

მეუღლე სამი წელია რაც გარდაეცვალა, ამბობს რომ შვილები კარგად უვლიან, თუმცა – „ქმარი მაინც სხვაა“.

კატუშა ილაშვილის თქმით ადრე ცხოვრება ძნელი იყო – „შვილებს განათლება მაინც მივეცი. თბილისშიც ვუყიდე ბინა, მაგრამ მე საერთოდ არ მინდოდა სხვაგან ცხოვრება, მიყვარს კოთელია. სოფლის სიავკარგე სულ მაღელვებს“.

ახალგაზრდობაზე საუბრისას კატუშა ილაშვილმა და გაიხსენა – „სოფელ ინდუსაში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა ჩემი და. იქ მუსლიმები ცხოვრობდნენ. 1944 წელს რომ გადაასახლეს იმ დღეს ,,პრაზდნიკები“ იყო და მათი გასახლება არ უნახავს. ორი დღე–ღამე არ ეძინა ისე ინერვიულა“.

ამბობს რომ, მუსლიმი მესხები მამასთან მეგობრობდნენ – „ისინი თუთუნს თესავდნენ და სოფლებში ჰყიდდნენ. ჩვენთან რომ მოვიდოდნენ მამა იტყოდა დოსტები მოვიდნენო, ანუ მეგობრები“.

ახლა, 90 წლის მოხუცი, თბილ დღეებს სახლის წინ, წყაროსთან ატარებს. გვითხრა რომ უნდა შვილები ჰყავდეს კარგად და ქვეყნის სიავე არასდროს გაიგოს.

ძველი საფლავები


კოთელიაში როცა მოხვდები სასაფლაოები აუცილებლად უნდა ნახო. აქ ბევრი საინტერესო საფლავის ქვაა. ხავსმოკიდებული საფლავის ქვები უკვე ნახევრად მიწაშია, აღარც წარწერები იკითხება. ზოგ საფლავზე ქვის სტელა დგას. საფლავის ქვების უმეტესობაზე ჯვარია ამოტვიფრული. აქ ცხენის ფორმის ქვებიცაა.

– მამაც და სახელოვან მხედრებს უდგამდნენ მსგავსი ფორმის ქვებს, მითხრეს ადგილობრივებმა .

კოთელია – მუზეუმი ღია ცის ქვეშ

სასაფლაოზე რომ აღარავინ დადის გაუთელავი ბალახით მიხვდები. არის გაბნეული უცნაურ ნაცრისფერში გადასული საფლავის ქვები მწვანე ბალახში და შორიდან მწოლიარე ადამიანებს წააგავნან.

კოთელია – მუზეუმი ღია ცის ქვეშ

ერთ სასაფლაოზე პატარა, დარბაზული ტიპის ტაძარი დგას.

"ზარიძეების საგვარეულო ეკლესიაა. ახალგაზრდა ვაჟი გარდაიცვალა და მის სახელზე აუგიათ“, – მითხრა ოთარ ყავრელიშვილმა.

წმინდა კვირიკეს ტაძარი მეორე სასაფლაოზეა. ეკლესიას და სასაფლაოს ქვის ღობე აქვს შემოვლებული, შესასვლელთან ქვაზე ბორჯღალოს ორნამენტია. ქვის სტელები და ჯვრიანი ქვები, აქაცაა.

რატომ ჰქვია სოფელს კოთელია?


ადგილობრივების მონაყოლიდან: იყო და–ძმა კოტე და ლია მათ დაარსეს ეს სოფელი და დაარქვეს კოთელია.

ზოგი ამბობს, რომ კოთელია სიტყვა ქოთიდან წარმოიშვა – ქოთი ნიშნავს ალიაქოთს.

„ლეკები შემოდიოდნენ, თურქები. ბრძოლები იყო, შეიძლება მაგიტო დაარქვეს ეს სახელი. მურჯში არის გვირაბები, დარანებს რომ ეძახიან, იქ წყალი ჩამოდიოდა და ხალხი თავს შემოსევის დროს აფარებდა. სოფელი მუდმივად ბრძოლებსა და ალიაქოთში იყო“, – გვიყვება ოთარ ყავრელიშვილი.

ჟანგისფერი ხავსია აქ ყველგან სახლის სახურავზე, ხორბლის დიდ სანაყ ქვაზე, ეკლესიის კედლებზე, წყაროს რუში, საფლავის ქვებზე.

ოთხსაუკუნოვანი სოფელი ახლა ყოფით ალიაქოთშია.

კოთელია – მუზეუმი ღია ცის ქვეშ

[გულო კოხოძე, ახალქალაქი]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ხმა სოფლიდან: წყორძა, სოფელი ისტორიულ ნასახლარზე [Audio]
სოფელი, სადაც მუსლიმები და ქრისტიანები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ [Photo]
38 წლის სოფელი[ფოტო/ვიდეო]
დაცლილი სოფელი თოკი [photo]
Sk Travel - სოფელი ხეოთი [Video]
სოფელი მთაში [ფოტო]
სოფელში ორღობეებმაც იციან დარდი