FM97.5 / LIVE

ძეგლთა დაცვა: ახალქალაქში ადგილობრივებმა ორი ეკლესიის რეაბილიტაცია უნებართვოდ დაიწყეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.05.2019
ახალქალქის ორ სოფელში, ტურცხსა და კორხში ადგილობრივებმა XIX ს-ის საუკუნით დათარიღებული ეკლესიების რესტავრაცია უნებართვოდ დაიწყეს. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა, მშენებლობის ორგანიზატორებმა გაფრთხილებები მიიღეს, ერთი მათგანი კი დაჯარიმდა.

ძეგლთა დაცვა: ახალქალაქში ადგილობრივებმა ორი ეკლესიის რეაბილიტაცია უნებართვოდ დაიწყეს
ტურცხის ეკლესია jnews.ge–ის ფოტო

ძეგლთა დაცვის სააგენტოს განცხადებით, ახალქალაქში, სოფელ ტურცხში XIX ს-ის საუკუნის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, სომხური კათოლიკური ეკლესიის სახურავის რეაბილიტაცია ადგილობრივებმა დაახლოებით ორი კვირის წინ ისე დაიწყეს, რომ სააგენტოსთვის თანხმობა არ უთხოვიათ.

ტურცხში ამბობენ, რომ ეკლესიას სახურავი დაზიანებული ჰქონდა და წყალი ჩადიოდა, ამიტომ საჭირო თანხა შეაგროვეს და სამუშაოები დაიწყეს.

„წლების განმავლობაში, სახურავი ავარიული იყო. წვიმის დროს წყალი ჩამოდიოდა და შეცვლა სჭირდებოდა. ადგილობრივები ვმუშაობდით მერიიდან მოვიდნენ და გვითხრეს რემონტის გაკეთება არ შეიძლებაო, ნებართვა გჭირდებათო და ჩვენც გავჩერდით“, - გვიყვება სოფელ ტურცხში მცხოვრები სტეფან ავეტისიანი.

ტურცხის ეკლესიის წინამძღვარი ანდრეი იანიცკი ამბობს, რომ ადგილობრივებმა ძეგლზე სახურავის შეცვლა მისი თანხმობით დაიწყეს.

„გვინდოდა ეკლესიის შიდა მხარე არ დაზიანებულიყო. არ ვიცოდით, რომ ამ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა და თანხმობა გვჭირდებოდა. სააგენტოდან მოვიდნენ და გვითხრეს რომ, როცა ნებართვა იქნება, სამუშაოების გაგრძელებას შევძლებთ“ - ამბობს ტურცხის ეკლესიის მოძღვარი ანდრეი იანიცკი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგანტოში აცხადებენ, რომ უნებართვო სამუშაოები მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების გაფრთხილების შემდეგ, 16 მაისს შეჩერდა, შეტყობინება გაგზავნეს პოლიციაშიც.

„სომეხი ეროვნების მოქალაქის, რომელიც ამჟამად რუსეთში მოღვაწეობს, დაფინანსებით ეკლესიის სახურავზე კეთდება მეორე სახურავი, არსებულზე ახალს აშენებენ. ჩვენი მონიტორინგის სამსახური იყო ჩასული ახალქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, მივეცით გაფრთხილება და შევაჩერებინეთ სამუშაოები. ასევე პოლიციას მივწერეთ, რომ გაგვირკვიოს ამ პიროვნების ოფიციალური კოორდინატები რომ გაფრთხილება უშაუალოდ მის სახელზე გაიგზავნოს“, - განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

ტურცხში მდებარე XIX ს-ის საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2012 წლის 16 ივლისს მიენიჭა.

ძეგლთა დაცვა: ახალქალაქში ადგილობრივებმა ორი ეკლესიის რეაბილიტაცია უნებართვოდ დაიწყეს
კორხის ეკლესია

რაც შეეხება სოფელ კორხს, წმ.სტეფანეს (სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიაში უნებართვო სამუშაოები 12 დღის წინ დაიწყო, აქ ადგილობრივების მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა ძეგლს იერსახე შეუცვალა.

სააგენტომ ადგილობრივი იური წარუკიანი დააჯარიმა, რადგან მათი გაფრთხილების მიუხედავად, ეკლესიაზე სამუშაოებს მაინც აგრძელებდა.

„დაახლოებით 12 დღის წინ, ფიზიკური პირი, რომელმაც უნებართვო პროცესი დაიწყო გავაფრთხილეთ და ვუთხარით, რომ უნებართვო სამუშაოებთან გვქონდა საქმე და შეჩერებულიყო. მიუხედავად ამისა, მან თვითნებური სამუშაოები მაინც გააგრძელა. ამიტომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი გამოვუწერეთ“, - ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში და ამატებენ, რომ წარუკიანმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილი დაარღვია, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში 5 000 ლარიან ჯარიმას გულისხმობს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, იური უნანიანის განმარტებით ამ ეტაპზე ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია: „ეკლესია ინგრეოდა,კულტურული მემკვიდრეობაა და მისი შენარჩუნება აუცილებელია, ცუდს არაფერს აკეთებდნენ, უბრალოდ, ნებართვა უნდა ჰქონოდათ“.

სააგენტოში ადასტურებენ, რომ ტაძარი ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა ნებართვის გარეშე სამუშაოების დაწყება არ შეიძლება: „ეკლესიის კედლები რამდენიმე ადგილას მთელ სიმაღლეზე გარღვეულია. საერთოდ არ აქვს გადახურვა. აღარ არსებობს სამრეკლო“.

კორხში მდებარე წმ.სტეფანეს (სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წლის 30 ივნისს მიენიჭა.

იგი დარბაზული ტიპის ნაგებობას წარმოადგენს და XIX ს-ის ბოლოს არის აშენებული. ტაძარი სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნის.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ამბობს, რომ ტუცხში მიმდინარე უნებართვო სამუშაოებზე ინფორმაცია არ აქვს.

„ერთი წლის წინ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მივმართეთ რეაბილიტაციის თაობაზე. მათ უფლება მოგვცეს, რომ მიგვემართა ეკონიმიკის სამინისტროსთვის, რადგან ეს ტაძარი მათ ბალანსზეა. ექვსი თვეა ეკონომიკის სამინისტრო არ გვპასუხობს . გვყავდა მეცენატები, რომლებიც დააფინანსებდნენ სამუშაოებს, თუმცა სამინისტროდან პასუხი არ მიგვიღია. ახლა თუ მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, - აცხადებს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ტაძარი უწყების ბალანსზეც რომ იყოს, ძეგლის სტატუსის მქონე შენობის რეაბილიტაციის საკითხი, მაინც სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს.

შევიდა თუ არა წერილი კონკრეტულად კორხის წმ. სტეფანეს (სურბ სტეფანოს) სახელობის ტაძარის რეაბილიტაციის მოთხოვნის შესახებ და ვის ბალანსზეა შენობა, ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ორშაბათს , 27 მაისს გაგვირკვევენ: „შემოსულია წერილები, მაგრამ გადასამოწმებელია მათ შორი არის თუ არა კორხის ეკლესია, ორშაბათს გადავამოწმებთ“.

რას ითვალისწინებს კანონი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშოების დაწყება გარკვეულ პროცედურებს მოიცავს.
მშენებლობის დაწყების მსურველმა თავდაპირველად, სარეაბილიტაციო პროექტი უნდა შეიმუშაოს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული საგენტოს სანებართვო განყოფილებაში წარადგენს.

პროექტი, შემდეგში განსახილველად შესაბამის საბჭოზე გადის.

თუ საბჭოს წევრები წარმოდგენილ პროექტს დაეთანხმნენ, სამშენებლო ნებართვა გაიცემა. თუ არ დაეთანხმნენ, მათივე რეკომენდაციებისა და შენიშვნების საფუძველზე, შემუშავდება ამ პროექტის სახეცვლილი ვარიანტი.

მხოლოდ ნებართვის შემდეგ შეიძლება ძეგლზე სამუშაოების განხორიცელება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

‘იქ მიდის აბსოლუტური განუკითხაობა’ – ძეგლთა დაცვა კორხის ეკლესიის რეაბილიტაციაზე
სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა
'დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო'– ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი კორხის ეკლესიაზე
ტურცხის მოსახლეობა – 'ვხსნით ხარაჩოებს, კანონს არ გადავუდგებით'
‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’–  კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ [ფოტო/ვიდეო]
ძეგლთა დაცვა კორხში ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს
კორხის დანგრეული ეკლესია  უკანონო სამუშაოების შემდეგ [ფოტო]