FM97.5 / LIVE

სოფელი მთაში [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.05.2019
„ქარის დროს აქაურობას სულ ქიქინ – ქიქინი გააქვს, ამიტომაც ქვია სოფელს ქიქინეთი“, – მითხრეს ადგილობრივებმა. აქ გლეხი ძლიერია – ოც კომლს 700 სული პირუტყვი ჰყავს. მგლების მოსაგერიებლად ოჯახის ყველა ეზოში სამი ძაღლი მაინც დარბის.

სოფელი მთაში [ფოტო]

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ქიქინეთი ცენტრალური გზიდან შვიდი კილომეტრით არის დაშორებული. სოფელ წახნამდე ასფალტის გზაა, შემდეგ წახანწყაროსა და ქიქინეთის გზის შესაყართან საშინელი გზა იწყება. ოთხი კილომეტრის გავლას ხუთი წუთის ნაცვლად ოცი წუთი უნდები, თუმცა ირგვლივ ისეთი ლამაზია ყველაფერი, ოღროჩოღრო გზაც გავიწყდება. ეს ჩვენთვის, ხოლო მათ ვისაც ყოველდღიურად უწევს ამ მანძილის გავლა ძნელია ბუნების სილამაზეზე და აქაურობის ეგზოტიკაზე გაუმახვილო ყურადღება.

როგორც ადგილობრივებმა მითხრეს სოფელში სიით 50 კომლი ირიცხება, მაგრამ ზოგი აჭარაში ცხოვრობს. ამომრჩეველი 135 ადამიანია. ცხრა ოჯახი აჭარიდან არის გადმოსული.

ქიქინეთში მცხოვრებლებს დიდი შრომა უწევთ მიწების დასამუშავებლად, საქონლის მოსავლელად თუ ოჯახების მისახედად.
აქაურები ამბობენ რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება სჭირდებათ – უნდათ გზა, უნდათ სასმელი წყალი, საბავშვო ბაღი.

შუბითიძეები


სოფლის შესასვლელში, მეჩეთის პირდაპირ ხის შუშაბანდიანი სახლი დგას. სახლი შუბითიძეებისაა. ისინი საჩხერის სოფელ ჭალვანიდან შოყაში გადმოასახლეს, საბოლოოდ შოლავერში დაფუძდნენ, მესაქონლეობის გამო კი ქიქინეთშიც იყიდეს სახლი და მიწები.

სოფელი მთაში [ფოტო]

„15 სული პირუტყვი გვყავს და საბალახოდ აქაურობა სჯობს, საცხოვრებლად შოლავერი“, – გვითხრა ოჯახის უფროსმა 82 წლის მიხეილ შუბითიძემ.

ის მეუღლესთან, შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად შვიდ თვეს ქიქინეთში ატარებს. ოჯახი აპრილის დასაწყისში ამოდის სოფელში და ნოემბრის ბოლოს ტოვებს ქიქინეთს.

„აქ მოგვყავს მოსავალი, აქ გვყავს პირუტყვიც. აცივდება და მივდივართ ბარში. გზა არ არის და სანამ მოთოვს მივდივართ“, – გვეუბნება ოჯახის რძალი, ლია შუბითიძე.

კითხვაზე ქალაქი სჯობს თუ სოფელი მიხეილ შუბითიძე ამბობს – „სოფელი ჯობია, სარგებლითაც და ისედაც“.
ცოლ–ქმარს ნათელა და მიხეილ შუბითიძეებს ოთხი შვილი, 12 შვილიშვილი და ათი შვილთაშვილი ჰყავთ. ბედს არ ემდურიან, თუმცა გვითხრეს რომ პენსია ძალიან დაბალი აქვთ.

სოფელი მთაში [ფოტო]

ოჯახი ბევრ მიწას აღარ ამუშავებს, რადგან მოყვანილი პროდუქცია დანახარჯს ვერ ანაზღაურებს. წელს მხოლოდ საკვებად დარგეს კარტოფილი და ძირთადად მესაქონლეობას მიჰყვეს ხელი.

„შარშან ხუთიათას მეტრზე გვქონდა კარტოფილი. გასაყიდი დაგვრჩა ორი ტონა ისიც 45 თეთრად ჩავაბარეთ. ყველი უფრო შემოსავლიანია ვიდრე კარტოფილი“, – ამბობს ლია შუბითიძე.

კაკლის ძირში ვზივართ და ვსაუბრობთ. ლია შუბითიძემ იცის მძიმე შრომა რაცაა, გვიჩვენებს ხელებს და გვეუბნება რომ ხელები ასე სულგუნის გაკეთების გამო აქვს – „როცა სულგუნს აკეთებ ყველი ჩვეულებრივ უნდა ამოიყვანო. მერე ყველს იღებ შრატიდან და ცოტა ხანს აჩერებ, უნდა ამოვიდეს, შემდეგ მდუღარე წყალში ჩაყრი და ხელით უნდა მოზილო. ეგაა ძნელი, დიდხანს ზელა უნდა, ფორმის მიცემა. ცხელმა წყალმა მიქნა ხელები ასე“.

ლია ფიქრობს რომ ქალაქში ცხოვრება უფრო იოლია და ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი ვაჟი ქალაქში წავიდეს.

„აქ როგორც ჩვენ ვწვალობთ ისე მაინც არ იწვალებს. დაიწყებს მუშაობას და იქნება კულტურულად“.

ფილიშვილები


ეზოში იასამანი ყვავის. ჰამაკში ხუთი წლის გოგონა ქანაობს. დიდი თეთრი ძაღლი "ლომა“ ჩვენს დანახვაზე თავს ოდნავ სწევს, მაგრამ არ ჰყეფს – „მგლებზეა დაგეშილი“, – გვეუბნება ნუგზარ ფილიშვილი და სახლში მიგვიძღვის.

აივანზე ვსხდებით. ნუგზარ ფილიშვილი 53 წლისაა, ქიქინეთში დაიბადა, გაიზარდა და აქაურობის მიტოვებას არ აპირებს – „ამ წუთსაც შემიძლია ვიყიდო თბილისში ბინა, მაგრამ რად მინდა? იქ რა უნდა ვაკეთო?“.

სოფელი მთაში [ფოტო]

ნუგზარ ფილიშვილსა და მის მეუღლეს მადონა კლდიაშვილს ორი შვილი ჰყავთ. ვაჟი ცოლ–შვილით სოფელში ცხოვრობს. გოგო კი შვედეთშია, იქ მუშაობს.

ოჯახს 42 სული პირუტყვი ჰყავს. ყველი ამოჰყავთ და სოფელშივე ჰყიდიან, ვაჭრებს მიაქვთ.

„სოფელს პატრონობა უნდა თორე ნელ–ნელა მოიშლება. ქიქინეთი შემოსავლიანი სოფელია თუ აზრი გაქვს კაცს ცოტა თავში უნდა იცხოვრო, არ უნდა გაგიჭირდეს განსხვავებით სხვა სოფლებისგან. უჭირს ხალხს, მშიერია, ვიცი, მაგრამ აქ მშრომელი თუ ხარ მშიერი არ დარჩები. ოც კომლს 700 სული ძროხა გვყავს“, – ამბობს სიამაყით და ხვდები, რომ აქაურობას არასდროს არ მიატოვებს.

ნუგზარ ფილიშვილს კვირაში ორჯერ შვილიშვილები და სოფლის ბავშვები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში დაჰყავს ცეკვის წრეზე.

სოფელი მთაში [ფოტო]

"მე მიყვარს აქაურობა და არ წავალ აქედან, მაგრამ ალბათ ახალგაზრდები წავლენ. ბავშვებს მეტი განათლება უნდათ, უნდათ სხვადასხვა წრეებზე იარონ, აქ კი ვერ ვახერხებთ. ყურადღება უნდა სოფელს,“ – ამბობს ის.

ფილიშვილებს ხუთი კავკასიური ნაგაზი ჰყავთ. ზამთარში როცა სოფელს მგლები შემოუტევენ აქაურობას ძაღლები იცავენ.
„ჩემი ლომა დაბინდდება თუ არა მთელ სოფელს უვლის გარშემო“, – ამბობს ნუგზარ ფილიშვილი.

სოფლის ახალგაზრდობა


სოფელი მთაში [ფოტო]გენადი კახაძე – 19 წლის, სტუდენტი - აქ მეურნეობით თავს გაიტან. ისე გაძვირდა ყველაფერი გაჭირდა ცხოვრება, სოფელში ცხოვრება კი ამ მხრივ კარგია, საჭმელ–სასმელი არ მოგაკლდება. აქ სხვა ჰაერია, სხვანაირია ყველაფერი. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, მიყვარს აქაურობა. უმეტესად ამით ვარ გაზრდილი და სად წავალ.


სოფელი მთაში [ფოტო]ნათია კეღოშვილი – 27 წლის, მასწავლებელი - ასპინძიდან, სოფელ საროდან ვარ გამოთხოვილი. ქიქინეთში ცხრა წელია ვცხოვრობ. მყავს სამი შვილი. არც კი ვიცოდი ქიქინეთი როგორი სოფელი იყო. მე ბიჭს წამოვყევი, სოფელს არა, ამიტომ არ ჰქონდა მნიშვნელობა სად ვიცხოვრებდი. ახლაც რომ მქონდეს არჩევანის საშუალება იგივეს ვიზამ. უბრალოდ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემმა შვილებმა კარგი განათლება მიიღონ.

სოფელი მთაში [ფოტო]თამრიკო ყურაშვილი – 26 წლის, მასწავლებელი - სოფელ ადიგენიდან ვარ, 17 წლის გავთხოვდი, მყავს ორი შვილი. მესამეს ველოდები ორ თვეში. რთულია აქ ცხოვრება, მაგრამ რა ვქნათ. ბავშვებზე ვფიქრობ, ბევრი რამ უნდათ.




გახდეს ქიქინეთი ტურისტული სოფელი ამისთვის დიდი პოტენციალი აქვს – აქ არის კარგი ბუნება, კარგი ჰაერი, ეგზოტიკური გარემო, ნატურალური პროდუქტი, ხუროთმოძღვრული ძეგლები.

თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ უგზოობის გამო მათ ტურისტები არ წყალობენ.

სოფელი მთაში [ფოტო]

სოფელი მთაში [ფოტო]

[გულო კოხოძე, ადიგენი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ღარიბი სოფელი ‘ოქროს ციხით’ [ფოტო/ვიდეო]
სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში
”სოფელში ქორწილები და მშობიარობები შემცირდა”
,დაღამდება და ფიქრობ, რა იქნება ხვალ, გავძლებ კი?' – ამბები პატარა მიტარბიდან [ფოტო/ვიდეო]
ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]
შოყა – იმერული სოფელი მესხეთში [ფოტორეპორტაჟი]
ყულალისელები [ფოტო]