FM97.5 / LIVE

რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.05.2019
ათი წელია ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული აღარ არის. აქ საფეხბურთო კლუბები ვერ ვითარდება, ცენტრალურ სტადიონზე კი შეჯიბრებებისა და ვარჯიშისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. წლების წინ, ფინანსურმა პრობლემებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა და უმაღლეს ლიგაში გადასული გუნდი „მესხეთი“ დაიშალა. ყველაფრის თავიდან დასაწყებად კი ამ დრომდე თანხა არავის მოუძიებია.

რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]

‘აპაჩი’ - დასაწყისიდან უმაღლეს ლიგამდე და უკან


პაატა გვირჯიშვილი, იგივე „აპაჩი“ ახლა 41 წლისაა, ფეხბურთს კი 11 წლიდან თამაშობს. იხსენებს, რომ პირველად მოედანზე, გუნდ „მესხეთის“ მწვრთნელმა როინ სუდაძემ მიიყვანა, რომელიც იმ პერიოდში ცდილობდა ფეხბურთისთვის საჭირო მონაცემების მქონდე ბავშვები შეეკრიბა და მათი ნიჭი განევითარებინა.

17 წლის ასაკში, პაატა ახალციხის „მესხეთიდან“ საფეხბურთო კლუბ „WIT GEORGIA”-ში გადავიდა, სადაც ორი წელი თამაშობდა.

2000 წლიდან კი ცხინვალში, მის კარიერის წარმატებული პერიოდი დაიწყო: 20 ტურში 33 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა, რის შემდეგაც მისით ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელი, დავით ყიფიანი დაინტერესდა. ფეხბურთელის გადმობირება თბილისის „ლოკომოტივსაც“ სურდა, თუმცა გვირჯიშვილმა „ტორპედოში“ გადასვლა არჩია - „ჩემთვის საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო“.

2001 წლის 9 აგვისტოს, პაატა გვირჯიშვილმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა, სადაც „ტორპედო“ დანიის „კოპენჰაგენს“ შეხვდა, თამაში დანიაში გაიმართა და მასპინძლების სასარგებლოდ, 3:1 დასრულდა. პაატა ამბობს, რომ იმ პერიოდში ახალციხეში ფეხბურთი საკმაოდ იყო განვითარებული.

იმავე წელს, მას ახალციხიდან დაუკავშირდნენ და გუნდის ჩამოყალიბებაში დახმარება სთხოვეს, რაზეც დათანხმდა და „მესხეთის“ გუნდში მცველის პოზიციაზე დაბრუნდა.

„მაშინ, ახალციხის გუნდი მეორე ლიგაში იყო, მე კი „ტორპედოში“ ვთამაშობდი. გადავწყვიტე, ჩემს ქალაქს დავხმარებოდი და წამოვედი ახალციხეში. მუშაობა დავიწყეთ, ორ წელში კი უმაღლეს ლიგაში გადავედით, რაც ახალციხისთვის წარმოუდგენელი იყო“.

საფეხბურთო გუნდის წარმატებამ გულშემატკივრებზეც იმოქმედა. 2007 წელს უმაღლეს ლიგაში გადასული „მესხეთის“ თამაშებს სულ უფრო მეტი მაყურებელი ესწრებოდა. პაატა იხსენებს, რომ სტადიონზე არსებული ტრიბუნები 3 000-4 000 გულშემატკივრით ივსებოდა.



გუნდის წარმატება უმაღლეს ლიგაში მიღებული მეხუთე ადგილით დასრულდა. ფინანსური პრობლემის გამო, გუნდმა სავარჯიშოდ ბორჯომში გადაინაცვლა: „ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო, იმიტომ, რომ ჩვენი მაყურებელი იქ ვერ ჩამოდიოდა, მხარს ვერ გვიჭერდა“. ბორჯომში გადასული გუნდი, კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

”მესხეთის” ფინანსური მხარდაჭერისთვის, ბოლოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გამოიყო. მას შემდეგ გუნდს ადგილობრივი ბიუჯეტიდან არანაირი დაფინანსება მიუღია. ამავე წლიდან იგი უმაღლეს ლიგას გამოეთიშა.

საბოლოოდ, „მესხეთმა“ ჯერ მაყურებელი დაკარგა, შემდეგ ფინანსური კრიზისი გაჩნდა, ბოლოს კი თავადაც დაიშალა.

წლების განმავლობაში, გუნდის აღდგენის რამდენიმე გაბრძოლება უშედეგო აღმოჩნდა. შვიდწლიანი პაუზის შემდეგ კი ახალციხეს საფეხბურთო კლუბი „მესხეთი“ კვლავ ჰყავს, თუმცა იგი რეგიონ ლიგაში თამაშობს, რომელიც უმაღლესი ლიგიდან ოთხი საფეხურით დაბლაა.

რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]
იარუსები

ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები მიიჩნევენ, რომ საფეხბურთო ცხოვრების გააქტიურებისთვის, აუცილებელია, როგორც ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ახალციხის ცენტრალური სტადიონი კი მოუწესრიგებელი და გამოუსადეგარია, როგორც საფეხბურთო შეჯიბრებებისათვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.

„2005-2006 წლებს თუ შევადარებთ დღევანდელ მდგომარეობას, სტადიონზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. ყველა აქ მოსული ადამიანი, გვპირდება, რომ უნდა იყოს კარგი საფარი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ასე ხდება 10-15 წელია. თუმცა ამისი გამკეთებელი ჯერ-ჯერობით არავინ ჩანს“, - ამბობს პაატა გვირჯიშვილი.

მისივე თქმით, პრობლემაა ის, რომ ფინანსური მხარდაჭერა, არც ქალაქის თვითმმართველობიდან და არც კერძო ბიზნესიდან ჩანს.

ახალციხის სტადიონი დღეს


ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის სტადიონი, ადგილობრივებს ბოლოს მოწესრიგებული 80-იან წლებში ახსოვთ. მას შემდეგ, გულშემატკივრისთვის განკუთვნილი იარუსები მოირღვა, დასაჯდომი ადგილები დაზიანდა და დანაგვიანდა. მოაჯირები მწობრიდან გამოვიდა. პრობლემაა ისიც, რომ მოედანზე არ არის ფეხბურთის სათამაშოდ აუცილებელი საფარი, სტადიონის ზედაპირი კი უსწორმასწოროა.

სტადიონის აღდგენისათვის, ბოლო 20 წლის განმავლობაში მუშაობა არავის დაუწყია. 2015 წელს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რეაბილიტაციისათვის დაწყებული მოლაპარაკებები, უშედეგოდ დასრულდა.

2013 წელს, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, „ახალციხის საფეხბურთო ცენტრალური მოედანი“ მძლეოსნობის ფედერაციას გადაეცა, მოედნისათვის სტატუსის შეცვლაც იგეგმებოდა.

მისი მძლეოსნობის მოედნად გადაკეთების შესახებ, მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.

საბოლოოდ, „ახალციხის საფეხბურთო ცენტრალურმა მოედანმა“, „ახალციხის ცენტრალური სტადიონის“ სტატუსი მიიღო.
დღეს ამ სტადიონზე ფეხბურთის თამაშისთვის არახელსაყრელი საფარია. მოედანს ძირითადად სასპორტო სკოლაში არსებული უმცროსი ასაკის მოსწავლეებით დაკომპლექტებული სპორტული წრეები იყენებენ. მათ ნაწილს სტადიონის არასახარბიელო მდგომარეობა აწუხებს, ნაწილის კი მოედნის საფარი პრობლემას არ უქმნის. აქ რაგბის ორი, მძლეოსნობის ხუთი, ფეხბურთის ორი, კიკბოქსინგის, კრივის, ჭიდაობისა და ძალოსნობის გუნდები ვარჯიშობენ.

რატომ ვერ ხერხდება მოედნის რეაბილიტაცია


ახალციხის ცენტრალური საფეხბურთო მოედანი ეკონომიკის სამინისტროდან ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 2013 წელს გადავიდა. ამავე წელს, სტადიონის 50%-იანი წილი საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას გადაეცა.

ადგილობრივ თვითმმართველობასა და მძლეოსნობის ფედერაციის ერთობლივი გადაწყვეტილებითა და დაფინანსებით, ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის იანვრიდან უნდა დაწყებულიყო.

2014 წლის 20 თებერვალს ახალციხეში მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები და სპეციალისტები ჩამოვიდნენ, რომლებმაც სტადიონზე აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს. მათი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, სტადიონის რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი ლარი გამოიყოფოდა, რომლის ფარგლებშიც, ბალახის საფარის შეცვლა, მაყურებელთა ლოჟების გაკეთება, სარბენი ბილიკის მოწყობა და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს გაკეთება იგეგმებოდა.

იმ პერიოდში, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი იყო. მისი თქმით, 2013 წელს, სტადიონის რეაბილიტაციის პროექტით უცხოელი დონორები დაინტერესდნენ და დაახლოებით სამი მილიონი ევროს ოდენობით მის დაფინანსებასაც აპირებდნენ: „პირველ ეტაპზე, ჩვენც ჩვენი მხრივ 2014 წლის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარი გავწერეთ“, - ამბობს სანდროშვილი.

სტადიონის სარეაბილიტაციო პროექტი არ დაწყებულა. სამუშაოებზე არც ტენდერი გამოცხადებულა. სანდროშვილი ამბობს, რომ პროექტი 2014 წელს, ხელისუფლების ცვლილებას შეეწირა: „რატომ არ განხორციელდა პროექტი ეს იმათ ჰკითხეთ, ვინც ჩემს მერე ხელისუფლებაში დარჩა. ბიუჯეტში ნახევარი მილიონი იყო ჩადებული, სად წაიღეს ის ფული ღმერთმა უწყის“.

2014 წელს, ახალციხის ქალაქისა და თემის თვითმმართველობები გაიყო. ქალაქის მერი მაშინ გიორგი კოპაძე გახდა. რომელმაც განმარტა, რომ სტადიონისთვის გამოყოფილი თანხა მუნიციპალიტეტის არასწორ ლიკვიდაციას შეეწირა: „საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა, არასწორად გაიცა ხელფასები და კომპენსაციები. თითქმის 300 ათას ლარზე მეტი იყო გამოყოფილი და სხვა რამეში დაიხარჯა. მაგრამ ახლა ამ თანხის მობილიზებას ვახდენთ, პარალელურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმ ადამიანებთან, ვინც ძირითადი თანხა გამოყო, ეს არის მძლეოსნობის ფედერაცია“, - ამბობდა 2014 წელს გიორგი კოპაძე.

რას ამბობენ მძლეოსნობის ფედერაციაში


ამ დროისათვის, ახალციხის სტადიონი „მძლეოსნობის ფედერაციას“ 50 წლით, უზუფრუქტის წესით აქვს გადაცემული. რაც იმას ნიშნავს, რომ ფედერაციას უფლება აქვს მუნიციპალიტეტის ქონებით და მისი შემოსავლით ისარგებლოს, ოღონდ იმ პირობით, თუ ამ ქონებას არაფერი დააკლდება.



ახალციხის „მძლეოსნობის სპორტული კლუბის“ ხელმძღვანელი ზიგმუნდ ზილბერშტეინი სტადიონზე არსებულ პრობლემებს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს. ამბობს, რომ წლების შემდეგ სტადიონზე ბუნებრივი მწვანე საფარია და მისი მოვლისთვის ზრუნავენ.

„არანაირი პრობლემა არ არის საერთოდ, რაგბისტებისგან არ გამიგია, რომ რაიმე პრობლემა იყოს სტადიონზე. არც ფეხბურთელებისგან. ყველას შეუძლია აქ შემოსვლა. „ტაო“ რომ თამაშობს, 1000 კაცი მოდის ხოლმე და უყურებს. უბრალოდ, დასაჯდომი ადგილებია მოსაწესრიგებელი, მაგრამ მე ევროპის სტადიონზე ვარ ნამყოფი, სადაც ხალხი ფეხზე დგას და ისე უყურებს“, - აცხადებს ზილბერშტეინი.

მისივე განმარტებით, ყველაფრის ერთდროულად მოწესრიგება შეუძლებელია და მოედნის მოწესრიგება ეტაპობრივად მოხდება: „ნელ-ნელა მივალთ იმ ეტაპზე, რომ უფრო უკეთესი გახდება სტადიონი. მოედანი რომ მოირწყოს ხარისხიანად და კარგად, ახლა ამისთვის მიდის საუბრები. ეტაპობრივად ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ ამ სტადიონის პირობებში ჩემპიონებს ვზრდით, მათ შორის ევროპის თასის პრიზიორებს“.


სამომავლო გეგმები


ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე არ უარყოფს, რომ ქალაქის ცენტრალურ სტადიონს რეაბილიტაცია სჭირდება. მისი თქმით, ამისთვის დაახლოებით 4-5 მილიონ ლარია საჭირო, რომელიც თვითმმართველობამ დონორი ორგანიზაციებისგან უნდა მოიპოვოს. მერის თქმით, სტადიონის რეაბილიტაცია დაგეგმილია, და ახლა „მოკვლევის ეტაპზე არიან“, რის შემდეგაც პროექტის მომზადებას დაიწყებენ.




რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]
საშხაპე

რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]

[თორნიკე ზაზაძე, თაკო ფეიქრიშვილი,ნანა ინასარიძე, ახალციხე]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ცენტრალურ სტადიონის აღდგენა დაიწყო
ახალციხის ცენტრალურ სტადიონს სტატუსი ეცვლება
ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია გადაიდო
ბორჯომში ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურა მოეწყობა
”მესხეთი” ისევ დამფინანსებელს ეძებს [Photo]
საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა
საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა