FM97.5 / LIVE

"სამართლიანი არჩევნების" რეკომენდაციები ჭელაში მომხდართან დაკავშირებით

მთავარისაზოგადოება 02.09.2013
„სამართლიანი არჩევნები“ რეკომენდაციებით მიმართავს სხვადასხვა უწყებებს და მოუწოდებს, იმოქმედონ მათი კომპეტენციის ფარგლებში, რათა უზრუნველყონ საქართველოს განურჩევლად ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების თანაბარი დაცვა.

"სამართლიანი არჩევნების" რეკომენდაციები ჭელაში მომხდართან დაკავშირებით
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების გამო და მიიჩნევს, რომ მეჩეთის მინარეთის მოშლით და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული მოქალაქეთა უფლებები. „სამართლიანმა არჩევნებმა“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უკვე გააკეთა განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა ამჯერად უშუალო რეკომენდაციებით მივმართავთ სხვადასხვა უწყებებს და მოვუწოდებთ, იმოქმედონ მათი კომპეტენციის ფარგლებში, რათა უზრუნველყონ საქართველოს განურჩევლად ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების თანაბარი დაცვა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს სამართლებრივ გარანტიებს რელიგიის თავისუფლების დაცვისათვის და კრძალავს ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას მათი რელიგიის ან აღმსარებლობის გამო.

საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და არ არსებობს „სახელმწიფო რელიგიის“ ცნება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სხვადასხვა საკანონმდებლო აქტები ცალსახად აცხადებენ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას და კრძალავენ ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას რელიგიური ნიშნით, სამწუხაროდ, არაერთხელ ჰქონდა ადგილი რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებს, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის სხვადასხვა გამოვლინებებს, მათ შორის მუსლიმთა ლოცვის რიტუალებისთვის ხელის შეშლის ფაქტებს. როგორც 2012 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში აღინიშნა, გამოუძიებელი დარჩა დანაშაულის ნიშნების შემცველი რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი არაერთი ფაქტი.

სახელმწიფოს მხრიდან არაადეკვატური რეაგირებისა და ხშირ შემთხვევაში უმოქმედობის შედეგია 2013 წლის 26 აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები. როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოხდა მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი, რაც აღნიშნული უწყების განცხადებით სასაქონლო ექსპერტიზის მიზნებისთვის განხორციელდა. მიგვაჩნია, რომ როგორც შემოსავლების სამსახურის, ასევე არაერთი უწყების მხრიდან მოხდა კანონმდებლობით დადგენილი ნორმების უხეში დარღვევა:

პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება
მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლის მცდელობისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას. სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად დაკავებული იქნა რამდენიმე მოქალაქე, რომელთაც სხვადასხვა სასჯელი შეეფარდათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არასათანადო ჩარევა რელიგიურ დაპირისპირებაში
სრულიად გაუმართლებლად და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებად მიგვაჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, კერძოდ საკრებულოს თავმჯდომარის - ოლეგ სანდროშვილისა და ახალციხის გამგებლის - ბესიკ ბლიაძის მართლმადიდებელი მოსახლეობის მხარდამჭერ აქციაზე მისვლა და განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი აქციის მოთხოვნებს უერთდებიან. სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ხელისუფლების მიერ რომელიმე რელიგიის წარმომადგენლების პოზიციის დაკავება.

იუსტიციის მინისტრის პოზიცია
მიგვაჩნია, რომ შემაშფოთებელია იუსტიციის მინისტრის პოზიცია, რომლის განცხადებით, მინარეთის მშენებლობის უფლება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოქალაქეთა საერთო კონსულტაციის გზით უნდა მოხდეს. მიგვაჩნია, რომ საერთო კონსულტაცია მხოლოდ ერთი აღმსარებლობის საკულტო ნაგებობების არსებობა-არარსებობის შესახებ კონკრეტული რელიგიური გაერთიანებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობას წარმოადგენს.

მართლმადიდებლური ეკლესიის ჩარევა სახელმწიფო საქმეებში
ასევე, საგანგაშოდ მიგვაჩნია მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირთა განცხადება და მათ მიერ მართლმადიდებელი მრევლისადმი მიცემული გარანტიები იმის შესახებ, რომ არ მოხდება მინარეთის აღმართვა. ვფიქრობთ, რომ ეკლესიას არა აქვს უფლებამოსილება ჩაერიოს სახელმწიფო საქმეებში. სწორედ სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რელიგიის თავისუფლება, არადისკრიმინაციული მოპყრობა თითოეული აღმსარებლობისადმი და კანონმდებლობითა თუ საერთაშორისო მექანიზმებით განსაზღვრული სამართლებრივი ნორმებისადმი პატივისცემა.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:
ხელისუფლებას - ერთმნიშვნელოვნად დაგმოს და გაემიჯნოს დისკრიმინაციულ მიდგომას სხვადასხვა აღმსარებლობების მიმართ;
შემოსავლების სამსახურს - იმოქმედოს მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში, ასევე საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ყველა ღონე იხმაროს, რათა თავი აარიდოს ისეთ ჩარევებს, რაც შესაძლოა რელიგიური შუღლის საფუძველი გახდეს;
შინაგან საქმეთა სამინისტროს - გამოიძიოს პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტები, მომავალში კი პოლიციამ თავი შეიკავოს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებაში არაპროპორციული ჩარევისაგან;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს - საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით ნუ შეუწყობენ ხელს დისკრიმინაციული გარემოს გაღვივებას და ერთნაირად გაითვალისწინონ ყველა რელიგიური აღმსარებლობის მოქალაქეების ინტერესები და კანონიერი მოთხოვნები;
იუსტიციის მინისტრს - თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც ერთი კონკრეტული რელიგიის მიმდევრების დისკრიმინაცას წარმოადგენს;
მართლმადიდებლურ ეკლესიას - თავი შეიკავოს იმ საქმიანობაში ჩარევისაგან, რომელიც სახელმწიფოს უშუალო კომპეტენციას განეკუთვნება და მოუწოდოს სასულიერო პირებს მეტი ტოლერანტულობისაკენ სხვა აღმსარებლობების მიმართ;
მედიას - აქტიურად და ობიექტურად გააშუქოს რელიგიური უმცირესობის საკითხები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული არატოლერანტული გარემოს გაუმჯობესებას", - ნათქვამია ორგანიზააცის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'
EMC: რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პრაქტიკა გადასახედია
თავისუფლების ინსტიტუტი: რელიგიური დევნა თვისობრივად ახალ ფაზაში გადადის
რესპუბლიკელები:'რელიგიური ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკანონო მშენებლობის დაუყონებლივი დემონტაჟი'
TDI: კონსტიტუციური ცვლილებებით რელიგიის თავისუფლება იზღუდება
ახალციხეში მიმდინარე აქციას ომბუდსმენი ეხმაურება
TDI მინარეთის დემონტაჟზე პრემიერის პოზიციას აფასებს