FM97.5 / LIVE

რესპუბლიკელები:'რელიგიური ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკანონო მშენებლობის დაუყონებლივი დემონტაჟი'

მთავარისაზოგადოება 30.08.2013
საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ დღეს, 30 აგვისტოს, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

რესპუბლიკელები:'რელიგიური ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკანონო მშენებლობის დაუყონებლივი დემონტაჟი'
"საქართველოს რესპუბლიკური პარტია თავს ვალდებულად მიიჩნევს გამოეხმაუროს იმ მოვლენებს, რომლებიც განვითარდა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის შემდეგ.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მინარეთის მიშენება მეჩეთზე მართლაც კანონდარღვევით და თვითნებურად მოხდა, რაზედაც სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი იყო რეაგირება, მაგრამ როცა საქმე ეხება რელიგიას, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს საკითხის დელიკატურობა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა არ დაუშვას რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება. რელიგიური ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანია და უფრო დიდი საზოგადოებრივი სიკეთეა, ვიდრე, რომელიც გნებავთ უკანონო მშენებლობის დაუყონებლივი დემონტაჟი. ამიტომ მსგავს შემთხვევებში სახელმწიფო ისეთი გადაწყვეტილების მიღებას უნდა ცდილობდეს, რომ არც მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები იყოს შეურაცხყოფილი და კანონის მოთხოვნაც აღსრულდეს.

სიტუაცია კვლავ გამწვავდა მას შემდეგ, როდესაც შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ჩაატარეს სათანადო პროცედურები და გადაწყდა მინარეთის სოფელში დაბრუნება. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ახალციხეში მოქალაქეთა ერთი ჯგუფის პროტესტი. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზა და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ მინარეთის დაბრუნებას.

რესპუბლიკელები:'რელიგიური ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკანონო მშენებლობის დაუყონებლივი დემონტაჟი'ასეთი ტიპის საპროტესტო აქცია, რომლის მიზანიც პირდაპირ გაცხადებულია, როგორც კანონდარღვევა, ანუ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, თავისთავად მიუღებელია და იმავდროულად არის ელემენტარულად სამარცხვინო ჩვენს ქვეყანაში, სადაც ყოველთვის საფუძვლიანად ამაყობდნენ რელიგიური ტოლერანტობის საუკუნოვანი ტრადიციით. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ აქციაში მონაწილეობდა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე.

არანაკლებ საგანგაშოდ მიგვაჩნია მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა პოლიტიკური ხასიათის განცხადებები - კერძოდ განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი იძლევიან გარანტიას და მინარეთი არ აღიმართება და ა.შ. საქართველოში ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან და ურთიერთობები სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის რეგულირდება საკონსტიტუციო შეთანხმებითა და არსებული კანონმდებლობით. როგორც სახელმწიფოს არა აქვს უფლება ჩაერიოს ეკლესიის შიდა ცხოვრებაში, ისე ეკლესიას არა აქვს უფლება იტვირთოს სახელმწიფო ფუნქციები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უდიდესი ავტორიტეტითა და ნდობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ კონკრეტული მშენებლობის მიზანშეწონილობას მხოლოდ სახელმწიფო კანონმდებლობა განსაზღვრავს.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია აცნობიერებს, რომ წარმოადგენს მმართველი კოალიციის წევრს და პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ეკისრება ქვეყნის ხელისუფლებას. ხელისუფლებისგან კი საზოგადოება მოელის კონკრეტულ ქმედებებს და არა მხოლოდ შეფასებებს. აქედან გამომდინარე, სახელისუფლო სტრუქტურებმა აუცილებლად უნდა აღასრულონ კანონის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები მინარეთის დაბრუნების თაობაზე.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ყოველთვის უმკაცრესი რეაგირება უნდა მოახდინოს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ყოველგვარ მცდელობებზე, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ეს, რადგან რელიგიური შემწყნარებლობა, რელიგიურ უმცირესობათა უფლებები, ზოგადად მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების პატივისცემა არის ის ღირებულება, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ტრადიციაა, არამედ წარმოადგენს თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს". - ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

TDI მინარეთის დემონტაჟზე პრემიერის პოზიციას აფასებს
EMC: რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პრაქტიკა გადასახედია
TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჭელაში მინარეთი კანონდარღვევით აშენდა
"სამართლიანი არჩევნების" რეკომენდაციები ჭელაში მომხდართან დაკავშირებით
ეროვნულ უმცირესობათა საბჭო განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქო: 'რაც ამჟამად ხდება, არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა'