FM97.5 / LIVE

მეშახტეების დასახლება მეშახტეების გარეშე [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV 19.04.2019
„მეორე შახტი“ ქალაქ ვალის მახლობლად გასული საუკუნის 40-იან წლებში გაჩნდა. მოიპოვებდნენ მურა ნახშირს, რომლითაც რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მარაგდებოდა. დასახლებაში ოთხი შახტი და ასობით მეშახტე მუშაობდა. ახლა ოთხიდან სამი დახურულია, დასახლებას კი მხოლოდ ორი უხუცესი მეშახტე შემორჩა.

მეშახტეების დასახლება მეშახტეების გარეშე [ფოტო/ვიდეო]

გარეუბანს სახელი ამავე ტერიტორიაზე მდებარე მეორე შახტის გამო დაარქვეს. ერთ დროს ყველაზე ხმაურიანი დასახლება დაახლოებით 30 წლის წინ დადუმდა, დაიხურა სამი შახტი, დასაქმებულებმა მათთვის აშენებული ორსართულიანი კორპუსებიც დატოვეს. ახლა აქ 400-ის ნაცვლად 150 ოჯახი ცხოვრობს. მეორე შახტი, რომლიც დღემდე მოქმედია ერთ–ერთ კომპანიას ეკუთვნის. შპს „ჯეოფერტი“ ნახშირს პერიოდულად და მცირე რაოდენობით აწარმოებს.



გიორგი სტანჩიკოვი 88 წლისაა. მეშახტედ მუშაობა 14 წლისამ დაიწყო. დღემდე ახსოვს ის დღე, როდესაც პატარა ბიჭს წერაქვი მისცეს და 220 მეტრის სიღრმეზე ჩაუშვეს. მუხლამდე წყალში მდგარი 41 წელი ანგრევდა კედელს და ნახშირი რკინის ვაგონებით ამოჰქონდა.

„ყველას უკვირდა ასეთ პატარას მაღაროში როგორ ამუშავებენო. კამეჩის ტყავივით გაუხეშებული მქონდა მხარი 800 კილოგრამიან ვაგონს რომ ვაწვებოდი, 40–50 მეტრი უნდა გვეთრია. დაუზარელი და ხათრიანი კაცი ვიყავი, სადაც თითს გამიშვერნენ იქით გავრბოდი. 1949 წლიდან ვალის ოთხივე შახტში მაქვს ნამუშევარი, სანამ არ დახურეს მანამდე“, – იხსენებს უხუცესი მეშახტე.

ამბობს, რომ თავიდან გამოცდილება აკლდათ, მეშახტეების დაღუპვის შემთხვევებიც ხშირი იყო.

მეშახტეების დასახლება მეშახტეების გარეშე [ფოტო/ვიდეო]

„60–იანი წლები იყო, გვირაბში მუშაობდნენ შიგნით წყალი ყოფილა ჩაგუბებული სამმა მუშამ გამოსვლა ვერ შეძლეს და იქვე დაიღუპნენ. პრაქტიკა არ გვქონდა ამიტომ გარბოდნენ მუშები. რთულია მეშახტის პროფესია, 12 საათის განმავლობაში ვმუშაობდით, შახტში ხან დაგროვილი გაზი ფეთქდება, ხან ჭერი ინგრევა, ერთხელ „ზავალში“ მოვყევი და ხერხემალი მაქვს დაზიანებული, ფეხიც მოვიტეხე“, – ამბობს გიორგი სტაჩიკოვი.

მეუღლე გარდაეცვალა, წლებია მარტო ცხოვრობს, მძიმე პირობებში მუშაობამ თავისი ქნა, ცალი თვალიდან ვერ ხედავს, სიარულიც უჭირს. სახლიდან გამოსული ყოველ დილით იმ შახტს გაჰყურებს, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალია.

მეშახტეების დასახლება მეშახტეების გარეშე [ფოტო/ვიდეო]
ვალელი მეშახტეები. 1960 წელი.


„შახტების დახურვის შემდეგ ყველამ დატოვა დასახლება, ზოგი რუსეთში წავიდა, ზოგიც სომხეთში. 200–მდე პენსიონერი მეშახტე ვიყავით, ახლა ორი შემოვრჩით“, – სინანულით ამბობს გიორგი სტაჩიკოვი. მძიმე შრომის მიუხედავად, გასულ წლებს ბედნიერად იხსენებს, - „ის ცხოვრება ჯობდა, ხალხი უფრო თბილი იყო. ისეთი დრო მოვიდა შვილი მამას არ ენდობა. ბოლოს 200 მანეთს ვიღებდით, მაგრამ საკმარისი იყო“.



70 წლის გურამ სევასტოვის ოჯახი „მეორე შახტის დასახლებაში“ 1950 წელს გადმოვიდა. გურამი ცვლის უფროსი იყო, 20 წელი იმუშავა. ხუთ მუშას ხელმძღვანელობდა და დღეში 50 ტონა ნახშირი გამოჰქონდა.

„მე პირველ შახტში ვმუშაობდი. დიდი პასუხისმგებლობა მქონდა დაკისრებული, ჩაქუჩებით ვანგრევდით ნახშირს. ხშირად ვამოწმებდი გაზის დონეს, აფეთქება რომ არ მომხდარიყო. თავიდან, სანამ გამოცდილებას მივიღებდით, იყო მსხვერპლიც. გაზით გაიგუდა რამდენიმე მუშა. შემდგე უკვე ასეთი ამბები აღარ ხდებოდა. ტყიბულისგან განსხვავებით, ჩვენთან გაზის დიდი რაოდენობა არ გროვდებოდა“, – იხსენებს გურამ სევასტოვი.

ამბობს, რომ წლების განმავლობაში ღამის ცვლაში მუშაობდა, ღამენათევს და გამურულს ხშირად ოჯახის წევრებიც ვერ ცნობდნენ: „რომ მოგიყვეთ არ დაიჯერებთ, ჩვენთან გვარად გოზალიშვილი მთავარ ინჟინრად მუშაობდა, შახტიდან რომ ამოვიდა მამამისმა ვერ იცნო ისე იყო გამურული.

მეშახტეების დასახლება მეშახტეების გარეშე [ფოტო/ვიდეო]

"ხუთი წელი იმიტომ გასწავლე, რომ ასე გამურული იყოო? დაანებებინა სამსახურს თავი. ის წავიდა. ვინც დავრჩით, ჯანმრთელობა დავკარგეთ“.
მძიმე წარსული უკან მოიტოვა, ახლა მეუღლესთან, ნანული სევასტოვასთან ერთად დასახლებაში მშვიდად ცხოვრობს. ჰყავს საქონელი და იღებს პენსიას, - „ერთ რამეზე მწყდება გული, მთელი ცხოვრება წარმოებას შევალიე და მეც იგივე პენსია მაქვს და იმასაც, ვისაც საერთოდ არ უმუშავია".

გურამის მეუღლე, 72 წლის ნანული სევასტოვა, წარმოშობით ბორჯომიდან, სოფელ ციხისჯვრიდანაა: „ძნელია მეშახტის ცოლობა, სამსახურში მიდის და არ იცი დაბრუნდება თუ არა. ერთხელ დააგვიანა და მეზობელთან ერთად გორებზე დავრბოდი და ვყვიროდი ვეძებდი, მეგონა შახტში მოხდა რამე. მე გამიმართლა და ის ახლაც ჩემ გვერდით არის“.

ნანულის და გურამს სამი შვილი ჰყავთ, ორი გოგო და ერთი ბიჭი. სამივე უცხოეთშია. მათი წაყვანაც უნდოდათ, თუმცა მშობლებმა დასახლებიდან წასვლაზე უარი თქვეს.

1952 წლის 15 მაისს ეკატერინა ბაგრატუნიანი ძალიან პატარა იყო, როდესაც შახტში გვირაბი ჩამოინგრა.

„მამაჩემი 1947 წელს ჩამოვიდა ვალეში, მაშინ, როცა შახტი ახალად იხსნებოდა. ხუთი წელი იმუშავა და შემდეგ მოხდა უბედური შემთხვევა, ნახშირის მოპოვების დროს ჩამოინგრა გვირაბი და დაიღუპა. 27 წლის იყო. მამა არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს როგორ ჩამოიყვანეს რუსი სპეციალისტები, რომლებმაც ქვანახშირის მოპოვება ასწავლეს აქაურ მეშახტეებს. მე როგორც ვიცი 12 ადამიანია დაღუპული აქაურ შახტებში“,– იხსენებს 68 წლის ეკატერინა.

მეშახტეების დასახლება მეშახტეების გარეშე [ფოტო/ვიდეო]

იხსენებს, რომ წლების წინ მეშახტეების ქალაქში ცხოვრება დუღდა, ტარდებოდა კონცერტები, მუშაობდა რკინიგზა: "ახლა აქ მხოლოდ ჩემნაირი პენსიონერები რჩებიან, ახალგაზრდები კი გარბიან. „შახტიორებისთვის“ პირობები იყო, გვქონდა მაღაზია, სკოლა, კლუბი. ახლაც უნდა მოგვაქციონ ყურადღება. უნდა გაკეთდეს ის, რაც ხალხს სჭირდება და რაც შეუძლიათ“.



საქართველოში ნახშირის საბადოები, ძირითადად სამ რეგიონშია - ტყიბულში, ტყვარჩელსა და ვალეში. ე.წ მეორე შახტში ნახშირის მოპოვება 1947 წლიდან დაიწყო და დაახლოებით 30 წლის წინ შეჩერდა. საბადოს გეოლოგიური მარაგი 110-120 მლნ. ტონამდეა.

მეშახტეების დასახლება მეშახტეების გარეშე [ფოტო/ვიდეო]

[თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი  ადამიანი დაიღუპა
პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ
სამცხე–ჯავახეთში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
50 წელი მესხეთის თეატრის სცენაზე
ცხოვრება ავარიულ სახლში
ლარები, დასახლება ექვსი კომლით [Photos]
აწყურში სამშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს