FM97.5 / LIVE

ვარძიაში ხანძრის შემდეგ რესტავრაციის პროცესში მხოლოდ ერთი კომპანია ჩაერთო

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 19.04.2019
ქართული ბიზნესის წარმომადგენლებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციის პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვეს. 2016 წელს ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ფრესკის აღდგენის პროცესში კი მხოლოდ ერთი ქართული კომპანია ჩაერთო.

ვარძიაში ხანძრის შემდეგ რესტავრაციის პროცესში მხოლოდ ერთი კომპანია ჩაერთო

15 აპრილს საღამოს პარიზში გაჩენილმა ხანძარმა ცხრასაუკონოვანი ღვთიმსშობლის ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა ეროვნული კამპანია დაიწყო, მასში მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიებმა თანხის გადარიცხვა მეორე დღესვე დაიწყეს.

სააგენტო Forbes.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას ქართული კერძო ბიზნესიც უერთდება. ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი “კ და ქართული სპირტები” ძეგლის აღსადგენად €10,000-ის გადარიცხვას გეგმავს.

საქართველოში სამი წლის წინ, პირველი ნოემბრის ღამეს, ხანძარი ვარძიაში გაჩნდა. მაშინ აქ მეთორმეტე საუკუნეში აშენებული ის ტაძარი დაზიანდა, სადაც ისტორიული წყაროების მიხედვით, თამარ მეფე ფეხშიშველი მიდიოდა და მტერთან ბრძოლამდე ქართულ ჯარს ღმერთს ავედრებდა. ტაძარში ქრისტეს ცოხვრების 17 ეპიზოდი, მათ შორის თამარისა და გიორგი მესამის უნიკალური კედლის მხატვრობა, შავი ფერფლით დაიფარა. მე–12 საუკუნის კედლის მხატვრობის აღსადგენად 300 000 ლარი იყო საჭირო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გვიყვება, რომ ფრესკის აღდგენის პროცესში ერთადერთი კომპანია ჩაერთო: „მაშინ სააგენტოს სულ 20 ათასი ჰქონდა, საჭირო თანხის შეგროვება მხოლოდ 2017 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტით შევძელით. კერძო სექტორიდან ერთადერთი კომპანია „მონოლითი“ იყო, რომელმაც 30 000 ლარი გადმორიცხა“.

„მონოლით ჯგუფი“ სამშენებლო კომპანიაა. ფრესკის რესტავრაციისთვის თანხის გამოყოფის ინიციატორი კი კომპანიის იმდროინდელი მარკეტინგის კონსულტანტი ლადო ციმაკურიძე იყო: „გვინდოდა გაგვეკეთებინა ის, რაც საუკუნეები დარჩებოდა. მაშინ ჩვენი მიზანი იყო მემკვიდრეობა შენარჩუნებოდა ქვეყანას. თანხის გადარიცხვისას ვთქვით, რომ აბსოლუტურად არ გვაინტერესებდა არანაირი პიარი, ან ქულების დაწერა და ამ ყველაფერს მხოლოდ ჰუმანური მიზნით ვაკეთებდით“.

მარკეტოლოგი ნოტრ-დამის რესტავრაციაში ქართული ბიზნესის ჩართვას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ქართულ ბიზნესშიც არიან ცალკეული ადამიანები, ვინც ძეგლებში ფულს დებენ, თუმცა კონკრეტული მაგალითების დასახელება უჭირს: „მსგავს საქმეში ჩართული კომპანიები მათ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე ნებისმიერი კომპანია ვალდებულია დაიცვას სოციალური პასუხისმგებლობა. არიან მეცენატები ვინც უანგაროდ ეხმარებიან ძეგლებს, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ამ კუთხით სწორედ მონოლით ჯგუფია“.

სააგენტოს დირექტორის განმარტებით, საქართველოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მუდმივად საჭიროებს სარესტავრაციო სამუშაოებს. ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნესსექტორის ჩასართველად კი ფართომასშტაბიანი კამპანია „ემეგობრე მემკვიდრეობას“ 2017 წელს სწორედ ამ მიზნით წამოიწყეს, თუმცა კერძო სექტორის დაინტერესება მაინც ვერ მოხერხდა.

„ბიზნესმენებთან შეხვედრებზე ყოველთვის გვეთანხმებოდნენ, რომ კულტურული მემკვიდრეობა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ლაპარაკი ლაპარაკად რჩებოდა. ქვეყანაში სულ სამი დონორია, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობაში დებს ფულს, მათგან გამორჩეული კი ფონდი „ქართუა“, რომელიც ყოველწლიურად ათობით მილიონს ხარჯავს. ნოტრდამი მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და მისასალმებელია ბიზნესმენების ჩართულობა, მაგრამ როდესაც ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ კულტურული მემკვდიდრეობა იყოს შენარჩუნებული, ამ პროცესში საშუალო და მსხვილი ბიზნესის როლი არ ჩანს“, - ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.

სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ციური ლაფაჩი ფიქრობს, რომ ვარძიაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ „ბიზნესმენებს ლუკმა უნდა გამოეღოთ პირიდან და ყველაფერი გაეკეთებინათ ფრესკების აღსადგენად“. მისი აზრით, ძეგლების აღდგენის პროცესში კერძო კომპანიები ჩართულები აქტიურად არც დღეს არიან: „ახლაც არ ჩანან, მაგრამ ქართველი კაცი არასდროს დაივიწყებს საკუთარ წარსულს და აუცილებლად ჩადებენ ფულს ამ მიმართულებით“.

მხატვარ–რესტავრატორი რამაზ კორშია მიიჩნევს, რომ კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობაში კერძო სექტორი ჩართული საკმარისადაა: „კულტურულ მემკვიდრეობაში პროექტებს ყველაზე მდიდარი კაცი აკეთებს [ბიძინა ივანიშვილი], ამიტომ სხვა არავინ არ ერთვება. ნოტრ-დამში ჩართვა კი პოლიტიკური ამბავი მგონია, მე მივესალმები თუ ერთი კარგი რესტავრატორიც წავა და ჩვენი სახელი გამოჩნდება, მაგრამ აბა ფინანსურად საფრანგეთს რა ჩვენი დახმარება სჭირდება, მსოფლიოს კულტურის ცენტრია“.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.05.2019 რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]

21.05.2019 გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს

21.05.2019 რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს

21.05.2019 NDI: მოსახლოების 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებში ხმას ვის მისცემს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ვარძიის ტაძრის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს
ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა
ნიკოლოზ ანთიძე: 'ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტიდან განახლდება'
ვარძიაში  სარესტავრაციო სამუშოები იანვრიდან განახლდება
სამცხე–ჯავახეთს ნიკა ანთიძე სტუმრობს
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ნახანძრალ ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოების მესამე  ეტაპი დაიწყო