FM97.5 / LIVE

ინდო ინასარი - წითელ ტერორში დაკარგული მესხური მემკვიდრეობა [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.04.2019
1947 წლის აგვისტოს ცხელ დღეს საბჭოთა თბომავალმა „როსიამ“ ბათუმში 55 ქართველი ემიგრანტი ჩამოიყვანა. მათ შორის იყო ნიკო ინასარიძე, ცოლ-შვილით. გაივლის კიდევ სამი წელი და სამშობლოში დაბრუნებულ მწერალს წინასწარმეტყველებასავით აუხდება თანამებრძოლის სიტყვები, რომლითაც მან პარიზიდან გამოაცილა...

ინდო ინასარი - წითელ ტერორში დაკარგული მესხური მემკვიდრეობა [Video]

უცხო სამშობლო


მეორე მსოფლიო ომი ორი წლის დამთავრებული იყო. ემიგრანტების ნაწილი, ვინც საბჭოთა ხელისუფლების შეთავაზებას დასთანხმდა და საქართველოში დაბრუნდა, დედაქალაქში ჩამოსვლის შემდეგ, დროებით, რუსთაველზე, სასტუმრო „თბილისში“ შეასახლეს.

ხვედრი ინასარიძე 15 წლის იყო, როდესაც მშობლებმა უთხრეს, რომ საქართველოში ნათესავების მოსანახულებლად მიემგზავრებოდნენ. პარიზში დაბადებულმა და ფრანგულ სკოლაში ნასწავლმა უცნაურსახელიანმა ბიჭმა ქართული კარგად იცოდა, რადგან შინ ქართულად ლაპარაკობდნენ, თუმცა წერა-კითხვა უჭირდა. სკოლის დამთავრებამდე ორი წელიღა ჰქონდა დარჩენილი და სჯეროდა, რომ ოჯახი მალე ისევ საფრანგეთში დაბრუნდებოდა.
თბილისი არაფრით ჰგავდა პარიზს, აქ უკიდურესი გაჭირვება დახვდათ.

„აქ რომ ჩამოვედით, საშინელი ვითარება იყო - შიმშილი, ქურდობა... ტრამვაიში ვერ შეხვიდოდი, გაგფცქვნიდნენ ქურდები. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. როდესაც გავიგე, რომ სამუდამოდ ჩამოვედით, ისე იმოქმედა ამან ჩემზე, რომ ორი თვე ავად ვიყავი, ძალიან მძიმედ. სკოლაშიც ვერ დავდიოდი. მერე შევეგუე, სხვა რა გზა იყო... ქართულად წერა-კითხვაც მალე ავითვისე".

ასე დაიწყო ხვედრი ინასარიძის ცხოვრება ჯერ კიდევ უცხო სამშობლოში. ახლა 86 წლისაა, ცნობილი მეცნიერი, ალგებრის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი.

პირველი რესპუბლიკის შემდეგ


არავინ იცის, საიდან მოვიდა ნიკოლოზ ინასარიძის მეტსახელი „ინდო“, რომელიც მწერალმა თავის ფსევდონიმად აქცია. სწორედ ინდო ინასარის სახელით გაიცნობენ ასპინძის სოფელ ჭობარეთში დაბადებულ ნიკოლოზ ინასარიძეს - ბოლშევიკურ საქართველოში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ მწერალს, ფილოსოფოსსა და პუბლიცისტს.

ახალციხის გიმნაზია რომ დაამთავრა, ნიკო ინასარიძე მესხეთის გვარდიაში შევიდა და საქართველო-სომხეთის ომში იბრძოდა. ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში ინახება ფოტო, რომელზეც ვინმეს გარჩევა შეუძლებელია, თუმცა მის უკანა მხარეს წარწერა იუწყება, რომ მესხეთ-ჯავახეთის სახალხო გვარდია შედგა 1918 წელს და მისი წევრებს შორისაა ინასარიძე ნიკო.

ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ გვარდიის წევრობა ნიკოლოზ ინასარიძეს მეტეხის ციხეში ერთწლიან პატიმრობად დაუჯდა. ციხიდან გამოსულმა, 1924 წელს, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის რეკომენდაციით, თბილისის უნივერსიტეტში, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

იმავე წელს გამოქვეყნდა მისი პირველი პოემა, „ქარი“. „გალაკტიონს შეუქია, მისი პოემა ჰქონია წაკითხული. რამდენადაც ვიცი, გალაკტიონი ძუნწი იყო და ლექსების შექება დიდად არ უყვარდა“.

ინდო ინასარი - წითელ ტერორში დაკარგული მესხური მემკვიდრეობა [Video]მოუსვენარი პიროვნება იყოო მამა, იხსენებს ხვედრი ინასარიძე, ბუნებით იყო ეგეთი, სულ ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნავდაო. მის მიერ ჩამოყალიბებული სტუდენტური ჯგუფის, „ადამიანოსანის“ მიზანიც ეს ყოფილა. ყოფილი გვარდიელი, რომელსაც ჯერ კიდევ ნორჩი ბოლშევიკური ხელისუფლება ისედაც არ სწყალობდა, სწავლის დამთავრების შემდეგ „ქვეყნისთვის არასასურველ და საშიშ პიროვნებად“ დაახასიათეს. 1929 წელს ნიკო ინასარიძე იძულებული გახდა, მეუღლესთან, ნინო ინასარიძესთან და ემიგრანტთა თერთმეტკაციან ჯგუფთან ერთად სამცხე-ჯავახეთიდან თურქეთში არალეგალურად გადასულიყო.

აქედან დაიწყო მისი ოცწლიანი ლტოლვილობა. ცხრა თვე კონსტანტინოპოლში, ქართულ მონასტერში გაატარეს, 1930 წლის ზაფხულში კი საფრანგეთში ჩავიდნენ, ჯერ მარსელში, შემდეგ პარიზში. ორ წელიწადში ხვედრი ინასარიძე დაიბადა.

„ჩემს უცნაურ სახელთან დაკავშირებით იცით, ალბათ, რაშიც იყო საქმე“, - გვეკითხება ღიმილით, - „ქუთაისელი პოეტის, გიორგი ყიფიანის ახირება იყო. მოდი, დავარქვათ ხვედრი, რადგან ის უცხოეთში დაიბადა და მისი ხვედრი ასეთი ყოფილაო. ბულონის ტყესთან ახლოს ვცხოვრობდით. ხშირად გავდიოდით ერთად. მე ვთამაშობდი. ის იჯდა ბალახზე და წერდა. ერთხელ შევესწარი, როცა მამა და სპირიდონ კედია კამათობდნენ რაღაცაზე. მაშინ ნაკლებად მაინტერესებდა, ბავშვი ვიყავი, ვერც გავიგე რაზე იყო საუბარი, მაგრამ ჟესტიკულაციით ვატყობდი, რომ ცხარე კამათი იყო".

„თუ შევხედავთ ჩვენს საფრანგეთში ცხოვრებას ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალიან მძიმე პირობებში ვიყავით. მამა კი წერდა, მაგრამ ქართულად და მისი ნაწარმოებების დაბეჭდვა პრობლემური იყო. ფაქტობრივად, უმუშევარი იყო და დედაჩემის ზურგზე იყო, დაკვეთებით კერავდა, ერთ-ერთ ფრანგულ ოჯახში გუვერნანტადაც მუშაობდა".

ნიკო ინასარიძემ პარიზში ორი გაზეთი გამოსცა. ერთს „ადამიანოსანი“ ერქვა, იმ ჯგუფის სახელი, რომელსაც ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა, მეორეს კი - „მუზარადი“. ორივე გამოცემამ სამი ნომრის გამოსვლის შემდეგ შეწყვიტა არსებობა.

1936 წელს პარიზში ქართულად გამოიცა ნიკო ინასარიძის რომანი, „ჩრდილი ერთი სინამდვილისა“ (L'ombre d'une verite). მისი კიდევ ერთი ნაწარმოები, „ეროვნული „თანასწორობა და უნაყოფო ყვავილი“ მომდევნო წლებში ფრანგულად დაიბეჭდა. ქართულად დაწერილი ფსიქოლოგიური რომანი, „სულის მათხოვარი“ კი უსახსრობის გამო არ გამოქვეყნებულა.

თავის ლიტერატურულ ნაშრომებს ნიკო ინასარიძე ინდო ინასარის სახელით აწერდა ხელს, თუმცა არ უყვარდა, როდესაც ცხოვრებაში ამ სახელით მიმართავდნენ.

„რატომ არ უყვარდა ინდოს რომ ეძახდნენ?, - ხვედრი ინასარიძე ცოტა ხნით ფიქრდება, - „არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ არ უყვარდა. მგონია, რომ ამ ფსევდონიმის ისტორია რაღაცნაირად ჯავახეთის მთებთანაა დაკავშირებული, თუმცა დანამდვილებით არ ვიცი“.

განსაკუთრებულად ჰყვარებია თავისი მხარე. ისტორიული ტაო-კლარჯეთის ყველა სოფელიც ფეხით ჰქონია მოვლილი. „მაგის გამოც დაბრუნდა უფრო“, - ამბობს ხვედრი ინასარიძე, - „იმედი ჰქონდა, რომ ომის დამთავრების შემდეგ სტალინი ტაო-კლარჯეთს დაუბრუნებდა საქართველოს“.

„ნ“


ეს იმედი გაუცრუვდა, თუმცა დაბრუნების სხვა მიზეზიც ჰქონდა - „მამას ეშინოდა, რომ თუ ახლა არ დაბრუნდებოდა საქართველოში, ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა. ეს შეცდომა იყო, ჩემი აზრით, და სიცოცხლის ფასადაც დაუჯდა".

დაბრუნებიდან სამი წლის შემდეგ ყაზახეთში გადასახლებაში მყოფი ცოლ-შვილი მის ამ სინანულს ცხადად იგრძნობს. მანამდე კი ინასარიძეების ოჯახი თბილისში ასე თუ ისე მშვიდად, მაგრამ ყველასა და ყველაფრისგან გარიყულად ცხოვრობდა. ნიკო ინასარიძე მწერალთა კავშირმა არ მიიღო, ახლობლები გაურბოდნენ, საბჭოთა ხელისუფლება მუდმივად უთვალთვალებდა. ენატრებოდა თავისი სოფელი, თუმცა ჭობარეთშიც კი არ ჩასულა. ეშინოდა, რომ ნათესავებსა და ახლობლებს პრობლემას შეუქმნიდა.

„თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რანაირი ტერორი იყო, როგორ ეშინოდა ხალხს ჩვენთან კავშირის. როგორც კეთროვნებს ისე გვიყურებდნენ“.



1950 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატმა, ე.წ. შინსახკომმა, ბარნოვის ქუჩაზე მცხოვრებ ინასარიძეებთან სიარულს მოუხშირა. ნიკო ინასარიძე თითქმის ყოველდღე დაჰყავდათ დაკითხვაზე. 1951 წლის 26 დეკემბრის ღამეს კი ნიკოსთან ერთად სახლიდან მისი ცოლ-შვილიც წაიყვანეს.

„მოულოდნელად შემოცვივდნენ. გვეგონა, ჩვენ გვასახლებდნენ მხოლოდ, სინამდვილეში ეს იყო მასიური გასახლება. ნავთლუღის სადგურში ეშელონი იყო ჩამომდგარი, იქ მოგვათავსეს. ორი კვირა ვიყავით გზაში და შემდეგ აღმოვჩნდით შუა აზიაში, უდაბნოში“.

ნიკო, ნინო და ხვედრი ინასარიძეები საბჭოთა ხელისუფლების „სპეცგადასახლებულებთა სიაში“ აღმოჩნდნენ. გადასახლებას ექვემდებარებოდნენ: ემიგრანტები, „ხალხისა და სამშობლოს მოღალატეები“, ყოფილი სამხედრო ტყვეები, თურქეთის დაზვერვასთან კავშირში ეჭვმიტანილები.

ასახლებდნენ ეთნიკური ნიშნითაც... გადასახლებულებს ორი მარშრუტი ჰქონდათ, ციმბირი ან შუა აზია. ინასარიძეები სამხრეთ ყაზახეთში, ჩიმკენტის ოლქში მოხვდნენ.

„მიგვიყვანეს კოლმეურნეობებში და დაგვყარეს, რაც გინდათ, ის ქენითო. რაღაც ქოხი მოვნახეთ. უდაბნო იყო. წყალი არ იყო. მახსოვს, კილომეტრ-ნახევარს გავდიოდით მე და მამაჩემი და რაღაც წუმპეს ვეზიდებოდით. დედა მერე ამას ფილტრავდა, ადუღებდა ორ-სამჯერ და იმას ვსვამდით. ძალიან მძიმე დღეში ვიყავით“.

კოლმეურნეობიდან გასვლა არ შეიძლებოდა, გადასახლებულები თვეში ერთხელ კომისარიატში უნდა აღრიცხულიყვნენ - ასეთი იყო წესები, თუმცა ხვედრი ინასარიძე ღამღამობით მაინც იპარებოდა აბაი ბაზრიდან (ასე უწოდებდნენ კოლმეურნეობას) და დილაობით მატარებელს ტაშკენტში მიჰყვებოდა. იქ პედაგოგიურზე მოეწყო, დაუსწრებელზე. სხვა სტატუსით გადასახლებულს უნივერსიტეტში არ იღებდნენ. ასე ცდილობდა, ესწავლა, რომ სადმე მასწავლებლად მაინც დაეწყო მუშაობა და მშობლებს დახმარებოდა.

1952 წლის მარტში შინსახკომმა ნიკო ინასარიძეს ჩიმკენტის ოლქში ჩააკითხა. თბილისში მიჰყავდათ, თითქოს იქ მისი საქმე ირჩეოდა, სასამართლოში. იმ ღამით ცოლ-შვილისთვის უთქვამს, ახლა რომ შემეძლოს, ისევ წავიდოდი უცხოეთშიო. „გრძნობდა, ვეღარ დაბრუნდებოდა იქიდან“, - იხსენებს ხვედრი ინასარიძე. მის ოჯახში გადმოცემით იციან ნიკოს მეუღლისგან, თითქოს წასვლამდე ცოლისთვის დაუბარებია, თუ მაწამებენ, „ნ“ ასოს ამოვშლიო.

მამის წაყვანიდან ერთ თვეში ხვედრი და დედამისი კომისარიატში გამოიძახეს და აცნობეს, რომ ნიკო ინასარიძემ თავი მოიკლა.
თუმცა საბჭოთა ხელისუფლების ვერსიისა ოჯახს არ დაუჯერებია.

სიკვდილის შემდეგ მათთვის დაბრუნებულ ნიკოს საბუთებში ერთგან ამოფხეკილი „ნ“ ამის დასტური იყო.

ხვედრი და ნინო ინასარიძეებმა ყაზახეთში კიდევ ორწელიწადნახევარი გაატარეს.

უცნობი ინდო ინასარი


„კომუნიზმის ჭირი“ - ასე მოიხსენიებდა ინდო ინასარი საბჭოთა რეჟიმს და მისგან გათავისუფლებას საქართველოს მთავარ ამოცანად სახავდა.

„მოგონებას კი არ მივმართე, არამედ რომანის მასალად უშუალოდ კომუნისტური სინამდვილე ავიღე და შემოქმედების სინათლის ქვეშ ისე დავდე, რომ სინამდვილე თუ იქ არის, აქ მისი ჩრდილი მაინც გამოსულიყო“, - წერდა სადებიუტო რომანის „ჩრდილი ერთი სინამდვილისა“ წინასიტყვაობაში, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებისგან დევნილმა პარიზში 1936 წელს გამოსცა.
ეს მისი შემოქმედების მთავარი თემა იყო.

„რუსი ჰგონიათ ერების მფარველად, როცა ნამდვილად ერების ფარული მესაფლავეა. რუსი რომ მართლაც ერთმორწმუნე მფარველი იყოს, ფეხს რად დაგადგამს, საფლავს ფარულად რად გაგითხრის? რუსის შენ სამშობლოში ყოფნა - ეს შენზე ფეხის დადგმაა, რუსის ენისა და წესების შემოტანა - ეს შენი ერის ტკენაა, შენი ერის ტანჯვისა და სულის ჭრილობაა“, - წერს ინდო ინასარი 1932 წელს, ასევე ემიგრაციაში გამოქვეყნებულ მოთხრობაში, „სიკვდილთან“, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს პოლიტიკური ვითარების შეფასებაა და რომლის გამოც შალვა ნუცუბიძეს უთქვამს, ნიკოს თავის საქმედ მწერლობა კი არა, ფილოსოფოსობა უნდა აერჩიაო.

„თქვენ რომ ქართველები თავისებურ ქვებად წარმოიდგინოთ, ასეთი ქვებისგან სახლი ვერასოდეს აშენდება. რად? რადგან თითოეული ქვა სახლისათვის კი არა, სახლი ქვისათვის იქნებოდა... არც ერთი ქვა არ ისურვებდა თავისი თავის დაბლა, ძირში დადებას, არ ისურვებდა დადებას იქ, სადაც ყველა ქვებისათვის შესახედი არ იქნებოდა. არ გაჩერდებოდა იქ, სადაც ყველაზე უკეთ არ გამოჩნდებოდა, ყველაზე ნაკლები ჯაფა არ ექნებოდა.

ასეთი ქვები ააშენებს სახლს? ვერასოდეს. ასეთი ქვები თანხმობას ვერასოდეს ვერ შეჰქმნიან სახლის ასაგებად. ეს ქვები ქართველები ვართ. ვაი რომ ქართველები და აკი საქართველოც ამიტომ ვერ შენდება". - ესეც კიდევ ერთი ფრაგმენტია მოთხრობიდან „სიკვდილთან“, რომელშიც ინდო ინასარი საქართველოში პარტიულ დაქსაქსულობაზე საუბრობს.

„ინდო ინასარს საზოგადოება არ იცნობს“, - ამბობს ხვედრი ინასარიძე. რეპრესირებული მწერლის შემოქმედებაზე საუბარი, მართლაც, რთულია - მისი ტექსტების დიდი ნაწილი გამოუქვეყნებელია, ნაწილი კი - შეუსწავლელი.

ინდო ინასარის შემოქმედების მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსუდან ნიშნიანიძე გვიხსნის, რომ ზოგადად ემიგრანტული მწერლობა ნაკლებადაა შესწავლილი, - „არიან სერიოზული მწერლები, რომლებიც გვარ-სახელის დონეზეც კი უცნობებად რჩებიან. ინდო ინასარიც, პრაქტიკულად, უცნობია. არც მისი გამოცემა და არც მისი პოპულარიზება ჩვენში არ მომხდარა“.

ინდო ინასარი - წითელ ტერორში დაკარგული მესხური მემკვიდრეობა [Video]„მისი შემოქმედება საბჭოთა სინამდვილის ჩვენებაა. ცდილობდა, ეს რეალობა დაენახებინა ევროპელი მკითხველისთვის, ვინც არ იჯერებდა ან არ იცოდა, რა ხდებოდა საბჭოეთში. წიგნში აქვს ეპიზოდი, როდესაც უცხოელები ჩამოდიან საბჭოთა ციხის დასათვალიერებლად და მთავარი პერსონაჟი დატუსაღებულია. ინდო აღწერს, როგორ ხუჭავენ ისინი ამაზე თვალს, საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით“, - რუსუდან ნიშნიანიძე ამბობს, რომ საბჭოეთის მხილებასთან ერთად, ეს იყო უცხოეთის გარკვეული კრიტიკაც, - „თუ ჩამოდიხარ დამინახე იმ მდგომარეობაში, რაშიც ვარ. როცა ამაზე ინდო წერს, ის უცხოელს ეუბნება, რომ სრულიად მარტო დამტოვე ქვეყანაზე, არა მხოლოდ ჩემს ქვეყანაში არამედ შენს ქვეყანაშიც, რადგან არ ხარ სიმართლის მთქმელი“.

„ინდო ინასარის შემთხვევა იმის დასტურია, რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა. მან საკუთარი სიცოცხლით დაამტკიცა, რომ რასაც წერდა, მხოლოდ მისი პერსონაჟის თავგადასავალი არ არის“.

ეს არც მხოლოდ ერთი კაცის თავგადასავალია. გადასახლებაში დაასრულა სიცოცხლე არაერთმა ემიგრანტმა იმ 55-კაციანი ჯგუფიდან, რომელიც მაშინ საქართველოში დაბრუნდა. ისინი 1947 წლის აგვისტოს ცხელ დღეს ბათუმში ჩამოიყვანა გერმანულმა თბომავალმა „სამშობლომ“, რომელიც საბჭოთა მფლობელობაში ახალი გადასული იყო და „როსია“ ერქვა. კიდევ სამი წელი და დაბრუნებულებს წინასწარმეტყველებასავით აუხდებათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრის, ალექსანდრე სულხანიშვილის სიტყვები, პარიზიდან გაცილებისას, ნიკო ინასარიძეს რომ უთხრა - „ტყუილად ენდობი ბოლშევიკებს, მხოლოდ სამარე გაასწორებს მათ და რახან მაინც მიდიხარ, წმინდანი კაცი ხარ და ჩვენს ამბორს შენგან მიიღებს მშობლიური მიწა".

[ავთო ინასარიძე, თბილისი]

* ნაწყვეტები ინდო ინასარის მოთხრობიდან „სიკვდილთან“ აღებულია ავთანდილ ნიკოლეიშვილის ნაშრომიდან - „ინდო ინასარის როლისთვის ქართული ემიგრანტული მწერლობის ისტორიაში“


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

„პატრიოტთა ალიანსიდან“  ახალციხე–ადიგენში კენჭს ნიკოლოზ ინასარიძე იყრის
აწყურში სამშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს
ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა
მესხები პოლონური გვარით [ფოტო/ვიდეო]
'სახლში ვერ წავიდოდი, მეგობრები რუსთაველზე იყვნენ'– მოგონებები 9 აპრილზე
“ჩვენ ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც“
ვისი მემორიალური  დაფები გაიხსნა ახალციხეში