FM97.5 / LIVE

მასწავლებლები ზარზმის მონასტრიდან [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV 03.04.2019
„როცა სკოლაში შევდივარ, იქ მხოლოდ მასწავლებელი ვარ“, – ზარზმის მამათა მონასტრის ხუთი ბერდიაკვანი, უკვე 15 წელია, სოფლის სკოლაში, სადაც ბავშვების უმრავლესობა მუსლიმია, რუსულს, ინგლისურს, მათემატიკასა და მუსიკას ასწავლის.

მასწავლებლები ზარზმის მონასტრიდან [Photo/Video]

ბერდიაკვანი ნაზარი


ბერდიაკვანი ნაზარი ზარზმის საბაზისო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. გაკვეთილებს ათის ნახევარზე იწყებს, მას შემდეგ, რაც ცისკრის ლოცვას დაასრულებს და სამონასტრო საქმეებსაც მოილევს. სკოლაში მუშაობა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც სოფელს მათემატიკის მასწავლებელი არ ჰყავდა.

მასწავლებლები ზარზმის მონასტრიდან [Photo/Video]

„ეს, მასწავლებლობაზე ბევრად მეტია, ბავშვებს განსაკუთრებულად უხარიათ ჩვენთან ურთიერთობა, ჩვენ კიდევ ვცდილობთ, რომ მაღალი დონის განათლებასთან ერთად სითბო და სიყვარული მივცეთ, კარგ ადამიანებად აღვზარდოთ, რაც მთელი ცხოვრება გამოადგებათ“, – ამბობს ბერდიაკვანი ნაზარი და დასძენს, რომ კლასში ბევრი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, – „სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული ბავშვები გვყავს. კარგია, როცა შედეგს ხედავ, როცა ბავშვები შრომას გიფასებენ“.

მასწავლებლები ზარზმის მონასტრიდან [Photo/Video]

ზარზმის საბაზისო სკოლაში 50–ზე მეტი მოსწავლეა და მათი უმრავლესობა მუსლიმია: „სარწმუნოება ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. ჩვენი პედაგოგიური საქმიანობა და სამონასტრო ცხოვრება ერთმანეთთან შეთანხმებული გვაქვს, ეს ორი რამ ერთმანეთს ხელს არ უშლის“.
გაკვეთილების დასრულების შემდეგ, როგორც მართლმადიდებელი, ისე მუსლიმი მოსწავლეები, ზარზმის მონასტერს ხშირად სტუმრობენ. აქ ბავშვები მეცადინებენ და სხვადასხვა დავალებას ასრულებენ.

„ერთს თუ დაუძახებ, მერე ყველა მორბის. უხარიათ ბავშვებს მონასტერში მოსვლა“.



ბერდიაკვანი ნაზარი (ჩხიკვაძე), ზარზმის მამათა მონასტერში, პირველად, 2005 წელს, მეგობრებთან ერთად ჩავიდა. მხოლოდ რამდენიმე კვირა დაჰყო. მაშინ სტუდენტი იყო და მალევე მოუწია თბილისში დაბრუნება, - „ამ პერიოდმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მამების ცხოვრება და ის ყველაფერი რაც აქ ვნახე ზეაღმატებული იყო. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ისევ ზარზმაში დავბრუნებულიყავი“.

ერთ წელიწადში დაბრუნდა. მას შემდეგ, უკვე 13 წელია, მონასტრული ცხოვრებით ცხოვრობს. ამბობს, რომ ღვთისმსახურებასთან ერთად ზარზმაში გატარებულ დღეებს კიდევ უფრო საინტერესოს ბავშვებთან ურთიერთობა ხდის, ამიტომ აქედან წასვლაზე არასდროს იფიქრებს.

ბერდიაკვანი მარკოზი


ზარზმის მამათა მონასტრის 11 წევრიდან, ხუთი სკოლაში ასწავლის. მათ შორისაა ბერდიაკვანი მარკოზი (სიფრაშვილი), ინგლისურის მასწავლებელი.

„სკოლაში მნიშვნელოვანი განათლების მიცემაა. წლებია ვასწავლით და მოსახლეობისგან, ჩვენი აღმსარებლობის გამო, ერთი პრეტენზიაც კი არ გაგვიგია. ვფიქრობ ეს იმის დამსახურეებაა, რომ მათთან ურთიერთობისას არანაირი რელიგიური ნიშანი არ არსებობს“.

ზარზმის მონასტერში ისიც 13 წლის წინ მივიდა, საფარის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ და პედაგოგიურ საქმიანობაშიც მალევე ჩაება, - „ბერებთან ერთად ვგალობ კიდეც, მაგრამ ჯერ, შეიძლება ითქვას, რომ სამოყვარულო დონეზე ვარ“.



სამი კვირაა, ზარზმის სკოლაში სწავლა შეწყდა. სკოლაში რემონტია და ბავშვები დროებით მეზობელ სოფელ მლაშეში დადიან. ზარზმელი მოსწავლეები საკუთარი სოფლის სკოლას სექტემბერში დაუბრუნდებიან, ამ დროს დაუბრუნდებიან კლასებს პედაგოგი ბერებიც. მანამდე კი ბავშვები მათ მონასტერში თითქმის ყოველდღე აკითხავენ.

სოფელი




სოფელში, სადაც 65 ოჯახიდან მართლმადიდებელი მხოლოდ შვიდია, მონასტრის ბერებისა და ადგილობრივების ურთიერთობა მხოლოდ სკოლაში ჩატარებული გაკვეთილებით არ შემოიფარგლება.

„სულ ვეხმარებით ერთმანეთს სხვადასხვა საქმეში, სოფლის საჭირბოროტო საკითხებსაც ერთად ვწყვეტთ ხოლმე. ჩვენს შორის არანაირი რელიგიური ბარიერი არ არსებობს. სარწმუნოება საერთოდ არ გვიშლის ხელს იმაში, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს ერთმანეთში“,– ამბობს ზარზმაში მცხოვრები ბეჟან ღორჯომელაძე.

მასწავლებლები ზარზმის მონასტრიდან [Photo/Video]

სოფელში მართლმადიდებელი ბერებისა და მუსლიმი თემის ურთიერთობა ძალიან ეამაყებათ, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, რეგიონში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტების ფონზე.

მასწავლებლები ზარზმის მონასტრიდან [Photo/Video]

„ადიგენში, ერთადერთი თუ არა ერთ-ერთ სოფელი ნამდვილად ვართ, სადაც მართლმადიდებლებს და მუსლიმებს კარგი, მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს და ჩვენი მიზანი ერთმანეთზე გადაკიდება კი არა, დამეგობრება და ერთმანეთის დახმარებაა. ჩვენ სკოლას რომ მოხედეს და გვირემონტებენ, ამ ბერების დამსახურებაა. ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს განათლებას აძლევენ, მეტი რაღა უნდა გააკეთონ“, – ამბობს ზარზმაში მცხოვრები ჟენია საგინაძე.



ზარზმის ბერები, სამონასტრო და პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად აკეთებენ ტიხრულ მინანქარს, ხეზე კვეთენ ხატებს, აქვთ პატარა სამჭედლო, ამზადებენ საკმეველს. ეს ყველაფერი ძირითადად ტაძრისთვისაა, თუმცა სურთ, ამ საქმიანობაში ადგილობრივი ახალგაზრდებიც ჩართონ, ხელობასაც ვასწავლით და ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებსაც უკეთ გაეცნობიანო.

მასწავლებლები ზარზმის მონასტრიდან [Photo/Video]

თავად ზარზმელ ბერებს კი ყველაზე მეტად მათი გალობით იცნობენ. მათ მიერ შესრულებულ საგალობლებს იუთუბის არხებსა თუ სოციალურ ქსელებში ასიათასობით ნახვა და მოწონება აქვს.



[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე–ადიგენი]


21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

21.04.2019 სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს

21.04.2019 ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება

21.04.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება
შელაპარაკება ზარზმის მეჩეთისა და მონასტრის წინამძღვრებს შორის
დღეს ადიგენში ზარზმობას აღნიშნავენ
ჭექა-ქუხილმა ზარზმის მონასტრის ჯვარი დააზიანა
ადგილი, სადაც ზუსტად იციან რა არის ბედნიერება - ზარზმელი ბერები [Video]
შელაპარაკება ზარზმაში –  მუსლიმები სამუფთო სამმართველოს მიმართავენ
სოფიო შამანიდი მოხეს სკოლაში მიმდინარე მოვლენებზე