FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთი რობიზონ მაქაძის ობიექტივში – ოპერატორი 35–წლიანი სტაჟით [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.03.2019
მისი კამერა ყოველთვის მზად არის. დაგეგმილ გადაღებაზე ერთი საათით ადრეც კი მიდის. ოფიციალურად ოპერატორია, საქმეში კი სამი ადამიანი: ოპერატორი, ჟურნალისტი და მძღოლი. რობიზონ მაქაძე 35 წელია საზოგადოებრივ მაუწყებელის რეგიონულ ამბებს აწვდის. იღებს, წერს, ჭრის და აგზავნის. ასე იგებს ამ არხის მაყურებელი, რა ხდება სამცხე–ჯავახეთში.

სამცხე–ჯავახეთი რობიზონ მაქაძის ობიექტივში – ოპერატორი 35–წლიანი სტაჟით [Video]

– გამარჯობა, რობიზონ!
– რობიზონს სიცოცხლე!
– ბატონო რობიზონ, ჩვენთან როდის გამოივლით?!

ქუჩაში ნაცნობები ხვდებიან. რობიზონ მაქაძეს ახალციხეში ყველა იცნობს. ის სამცხე–ჯავახეთში ტელევიზიის უხუცესი ოპერატორია. უკვე 35 წელია თავის დიდ კამერასთან ერთად იქ ჩნდება, სადაც მისი საჭიროება დგას. ახლა 60 წლისაა, ამბობს, რომ როცა რაღაც ხდება პროდიუსერებისგან „ლამაზი გოგო–ბიჭებისგან“ მიმართულებას იღებს და კოლეგა „პატარა გოგო–ბიჭებთან“ ერთად ცხელ წერტილში მუშაობას იწყებს. ასეთ დროს ხშირად მარტო ოპერატორი კი არა, ჟურნალისტიც და მძღოლიც თავად არის.

ჟურნალისტიკა, სადაც საკუთარი წლოვანების ნახევარზე მეტი გაატარა, მისი პროფესია არ ყოფილა. სკოლის დასრულების შემდეგ, ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში სწავლობდა, თავისი სპეციალობით მხოლოდ ერთი წელი იმუშავა, შემდეგ კი პროფ–ტექნიკუმ სასწავლებელში ჩააბარა: „ძალიან მიტაცებდა ელექტრო ნივთები: ტელევიზორები, უთოები, მათი შეკეთება. ჩხიკინა ბავშვი ვიყავი და ზოგს ვშლიდი, ზოგს ვაწყობდი. ჩავაბარე პროფესიულ სასწავლებელში, სხვათა შორის კარგ ნიშნებზე დავამთავრე და მომცეს ელექტრიკოსის წოდება. შემდეგ კი მეგობარმა შემომთავაზა, რომ შემეძლო ტელევიზიაში მუშაობა“.

მეგობრის შემოთავაზება იღბლიანი გამოდგა. რობიზონი საზოგადოებრივ მაუწყებელში, მაშინდელ პირველ არხში სამუშაოდ 1983 წელს მივიდა, ოღონდ ელექტრიკოსის პოზიციაზე, „ძირითადად სტუდიას ვემსახურებოდი, თუ რამის შეკეთება იყო საჭირო ჩვენ ვაკეთებდით“.

სტუდიაში მუშაობამ კამერა შეაყვარა და ოპერატორობამ გაიტაცა: „ოპერატორობა ის არ არის, კამერას მოკიდო ხელი და წახვიდე გადასაღებად. თავისებური ნიჭი უნდა გქონდეს ამისი. გადაიღო კარგი კადრები, მიხვდე როგორი კადრი გჭირდება, საიდან ჯობია გადაღება და ა.შ.“ მას შემდეგ კამერა მისი მეგობარი, თითქმის განუყოფელი ნაწილი გახდა.

თბილისში თორმეტი წელი იმუშავა, შემდეგ კი შესთავაზეს პირველი არხისთვის მასალები სამცხე–ჯავახეთის რეგიონიდან მიეწოდებინა. შეთავაზებას დასთანხმდა და საკუთარ მხარეში წამოვიდა. ეს იყო 1995 წელს, მას შემდეგ რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში მუშაობს.



„მაშინ რთული პერიოდი იყო, 90–იანები. ხელფასი 40 ლარი მქონდა. ენთუზიაზმზე ვმუშაობდი, მაგრამ ჩემი საქმისთვის არასდროს მიღალატია. ერთი დიდი კამერა მქონდა, რომელსაც 7 000 ეძახდნენ, „პანასონიკის“ ფირმის იყო და შიგ დიდი კასეტები ჩადიოდა. გადავიღებდი მასალას და შემდეგ თბილისის მარშუტკას ვატანდით. იქ ვინმე დახვდებოდა და წაიღებდა კასეტას ტელევიზიაში. ასე იგებდა საქართველო სამცხე–ჯავახეთის ამბებს“, – იხსენებს რობიზონი.

ამბობს, რომ ოპერატორობა რამდენადაც სასიამოვნო, იმდენად რთული აღმოჩნდა: „ხშირად სიცივეში ვართ, ქარში, ხანძარში, ომში. ბევრჯერ ადამიანები გიხმობენ დასახმარებლად და ყველაზე მთავარია, რომ მათ შენი იმედი აქვთ, ამიტომ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ არ შეიძლება მიკერძოება, ორივე მხარე უნდა გააშუქო, იმიტომ, რომ შენი მსმენელი და მაყურებელი მიხვდეს თუ რა ხდება სინამდვილეში“.



ამბობს, რომ წლებთან ერთად საზოგადოების მოთხოვნილებაც შეიცვალა და ტექნოლოგიებიც: „მაშინ სხვა მოთხოვნები იყო, მხოლოდ ერთი ტელევიზია ფუნქციონირებდა და იქიდან იგებდა ხალხი ახალ ამბებს, დღეს უკვე ძალიან ბევრი ტელევიზიაა. კონკურენციაც მაღალია, ამიტომ ინფორმაციის მოპოვება დასწრებაზეა“.

60 წლის რობიზონ მაქაძე ძალიან პუნქტუალურია. უფრო მეტიც, გადაღებაზე ყოველთვის იმაზე ადრე მიდის, ვიდრე საქმეს სჭირდება. სანამ ჟურნალისტები გადასაღებ მოედანზე გამოჩნდებიან, რობიზონი თავისი განუყრელი ატრიბუტებით, კამერითა და მიკროფონით იქ დგას და კოლეგებს ეგებება: „ყოველთვის ადრე მივდივარ გადაღებაზე. შეიძლება ერთი საათით ადრე წავიდე. ასე გამომიმუშავდა: გადაღებაზე ადრე უნდა მიხვიდე, დამშვიდდე, დაწყნარდე, შეისწავლო გარემო, მიიღო ინფორმაცია და შემდეგ შეუდგე შენს საქმეს. თან კიდევ ერთი ფაქტორია ტექნიკა. მანქანით მიდიხარ, გზაში ან საბურავმა დაგიშვას, ან რამე მოხდეს, ხდება ყველაფერი და გაუთვალისწინებელი საფრთხისგან თავის ასარიდებლად მირჩევნია ადრე წავიდე“.

წლების გამოცდილებამ მიაჩვია, რომ ყოველთვის და ყველგან მახვილი თვალი უნდა ჰქონდეს. ხშირად ადამიანურ ფაქტორს პროფესიული უნარები ფარავს. რთული სიტუაციის დროსაც კი არ ავიწყდება რომ თან კამერა აქვს და უნდა გადაიღოს.



თანამედროვე ტექნოლოგიებთან ფეხის ასაწყობად, რობიზონმა არაერთი სასწავლო კურსი გაიარა. ცდილობს ყველაფერი უნაკლოდ შეასრულოს, იმიტომ, რომ მისი გადაღებული მასალა უნაკლოდ გამოიყურებოდეს. პასუხობს სატელეფონო ზარს, იგებს ინფორმაციას, იღებს კადრებს, წერს ინტერვიუებს, ჭრის და ასუფთავებს მასალას სპეციალურ პროგრამაში, ინტერნეტის საშუალებით აგზავნის საზოგადოებრივ მაუწყებელში. შემდეგ კი ჯდება და „მოამბეს“ გამოშვებაში საკუთარ მასალას ელოდება.

„სულ იმას ვცდილობ, საყვედური არ მივიღო. რა თქმა უნდა, შენიშვნა არ არის ცუდი, პირიქით, ვსწავლობ რაღაცა ახალს. ჩემს უფროსებთან, ჩემს გოგო–ბიჭებთან ურთიერთობა ძალიან მიადვილებს მუშაობას. თავიდან, 20 წლის განმვალობაში ჟურნალისტი არ მყავდა, ოპერატორიც, ჟურნალისტიც და მძღოლიც მე ვიყავი, მაგრამ ერთი წუთით არ მიგრძვნია, რომ მარტო ვარ, ჩემი პროდიუსერები ძალიან მეხმარებოდნენ“, – გვიყვება რობიზონი.

ამბობს, რომ ოპერატორობა მარტივი საქმე არ არის. ყოფილა შემთხვევები, როცა ღამეს გადაღებაზე ათენებდა. იხსენებს, რომ ყველაზე რთული პერიოდი ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს ჰქონდა: „ყველაზე დიდი საშიშროება იყო ხანძარი. ღამეები მაქვს ნათენები ხანძართან ერთად ტყეში. მიდიხარ და როდის დაბრუნდები არ იცი. არ უნდა გამოგრჩეს არაფერი. ყველაფერი უნდა დააფიქსირო. ასეთია ჩვენი სამუშაო. რთული, მაგრამ სასიამოვნო შედეგით“.



ღრმა სიბერეში რობიზონს სოფელში ცხოვრება აქვს გადაწყვეტილი. ახლა მყუდრო სოფელში მყუდრო სახლს იშენებს, ტკბილი სიბერისთვის: „ტკბილი სიბერე მინდა, სოფელში, პატარა სახლში, სიმწვანეში. ოჯახის წევრებთან, შვილიშვლებთან, შვილებთან და ჩემს მეგობრებთან. არ მინდა სიბერე, მაგრამ დროს თავისი მიაქვს“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.02.2020 ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმინდეს

14.02.2020 JNEWS.ge უკვე ქართულ ენაზე

14.02.2020 დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია

14.02.2020 ხაშური-აწყურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

‘ბევრის სიცოცხლე გადამირჩენია’ – 25 წელი სახანძრო სამსახურში
‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]
ტყეში გატარებული ნახევარი საუკუნე – სამცხე–ჯავახეთის ტყის მცველები [Video]
ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“
ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]
”ნახატებს მხატვრის ხასიათი ყოველთვის ემჩნევა’’