FM97.5 / LIVE

‘ფული დამჭირდება, მაგრამ ფონდს არ მივმართავ’ – გოგაშნელები კვიციანის ინიციატივაზე

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 04.03.2019
„ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრის“ ინფორმაციით, მათთან სოფელ გოგაშენიდან 30 განცხადება შევიდა, სადაც ახალგაზრდები წერენ, რომ დაოჯახებას ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ. თავად გოგაშნელი ახალგაზრდები კი ამბობენ, რომ ცენტრისთვის არ მიუმართავთ.

‘ფული დამჭირდება, მაგრამ ფონდს არ მივმართავ’ – გოგაშნელები კვიციანის ინიციატივაზე

„სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით, მაგრამ გიდასტურებთ, რომ გოგაშენიდან განცხადებები ნამდვილად შემოვიდა, სადაც მითითებულია, რომ ფინანსური პრობლემების გამო ვერ ხერხდება ოჯახების შექმნა“, – განმარტავს „სამხრეთის კარიბჭესთან“ „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრის“ დირექტორი ნუნუ შალამბერიძე.

სოფელ გოგაშენში ამ თემაზე საუბარი არ სურთ, უფრო მეტიც, ადგილობრივები კატეგორიულად უარყოფენ, რომ ემზარ კვიციანის მიერ შექმნილ ფონდში განცხადება გააგზავნეს.

„არაფერი ვიცით, ინფორმაცია არ გვაქვს, თქვენგან გავიგე პირველად. მე არ შევავსებდი მსგავს განცხადებას“, – ამბობს 22 წლის ჯემალ ნათენაძე.

თანასოფლელის მსგავსად, ამ თემაზე არაფერი იცის 30 წლის ნაზი ხოსიტაშვილმაც: „არ გამიგია მსგავსი რამ, თუ ახალგაზრდებს დაეხმარებიან კარგი იქნება, მაგრამ მე არ გავაგზავნიდი განცხადებას. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ფული ნამდვილად დამჭირდებოდა“.

ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ახალგაზრდებისგან განსხვავებით, „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრის“ ინიციატივას მიესალმებიან უფროსი თაობის წარმომადგენლები.

„კარგია მომწონს ეს ამბები, ახალგაზრდებს თუ რამით დაეხმარებიან მივესალმები“, – ამბობს ბეჟან ნათენაძე.

ინიციტივა მოსწონს ფატი ნათენაძესაც: „დაეხმარონ, ამაზე კარგი რა იქნება, თუ ხელს შეუწყობენ და სოფელშივე დარჩებიან ახალგაზრდები. ბევრი დასაქორწინებელია. არ გვაქვს პირობები ჩემი უფროსი შვილი ჯარშია და იქ ჰყავს ცოლ–შვილი, პატარას კი არ ჰყავს ცოლი“.

‘ფული დამჭირდება, მაგრამ ფონდს არ მივმართავ’ – გოგაშნელები კვიციანის ინიციატივაზე

გოგაშნელი ვაჟა გოხაძე ინიციატივის შეთავაზებას ძმისთვის აპირებს: „სოფელი იცლება ახალგაზრდებისგან, თუ მართლა დაეხმარებიან ჩემი ძმის სახელზეც შევავსებ განცხადებას. ყველა გასულია სამ–ოთხ ბიჭს ვეღარ ნახავ გოგაშენში. სკოლაში კლასები აღარაა, ბავშვები არ არიან“.
ამავე სოფელში მცხოვრები 60 წლის მედიკო დიასამიძე კი ფიქრობს, რომ ახალგაზრდების დაუქორწინებლობა ფინანსებს არ უაკვშირდება: „ფინანსების კი არა, მიუდგომელი და უპერსპექტივო სოფელია გოგაშენი, ამიტომ არ მოყვებიან ჩვენს ბიჭებს“.

სოფელი გოგაშენი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი მაღალმთიანი სოფელია, სადაც 70–მდე ოჯახი ცხოვრობს. დასახლება ზღვის დონიდან 1740 მეტრზე, ახალქალაქის პლატოზე მდებარეობს, აქ მხოლოდ ერთმანეთის მსგავსი, ქვის ორსართულიანი სახლები დგას, ნაწილი მიტოვებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მკაცრი კლიმატური პირობების გამო, გოგაშენში ცხოვრება რთულია. მოსახლეობის ნაწილს არ აქვს წყალი, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლითაც ქალაქს დაუკავშირდებიან.

„ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ცენტრში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალდაქროწინებული ოჯახების დახმარებას გეგმავენ, თუმცა 600–მდე განცხადებიდან, რომელიც ცენტრში შევიდა, ახალდაქორწინებულების განაცხადი არცერთი მათგანია.

„ახლადშექმნილმა ოჯახმა უნდა მოგვმართოს. აუცილებელია ქორწინების მოწმობა და სამოტივაციო წერილი. უნდა დაწერონ რატომ სურთ მთაში დასახლება. აქვთ თუ არა იქ სახლი. თუ არ ექნებათ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მოვუძიოთ საცხოვრებლი ფართი. მოხდება ინფორმაციის გაცვლა. ამ ეტაპზე, ფინანსებიდან გამომდინარე მხოლოდ მაღალმთიან სოფელს მოვიცავთ, შემდეგ პროექტი მთელს ქვეყენაში განხორციელდება“, – ამბობს ცენტრის დირექტორი ნუნუ შალამბერიძე.

მისი თქმით, ახლა ფინანსების მოძიების პროცესში არიან, რათა ახალდაქორწინებულ წყვილს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 1000 ლარამდე დაურიცხონ: „მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინვესტორებთან თანხის ჩარიცხვაზე. ერთი თვის შემდეგ დავიწყებთ დახმარების გაცემას“.

მოსახლეობაში ინფორმაციის გასავრცელებლად ცენტრის წარმომადგენლები ფლაერებსაც დაბეჭდავენ და დაარიგებენ.

‘ფული დამჭირდება, მაგრამ ფონდს არ მივმართავ’ – გოგაშნელები კვიციანის ინიციატივაზე

„ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“ პარლამენტის დეპუტატმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა შექმნა და 13 თებერვალს საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა.

„წყვილების დახმარების ცენტრში“ 500 ლარი ჩარიცხა „ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა. ყოველთვიურად ჩარიხავს თანხის გარკვეულ ნაწილს ემზარ კვიციანიც.

„ჩემ მიერ 43 ლარია ჩარიცხული და პირველი მარტიდან ყოველთვიურად ხელფასის 2% ავტომატურ რეჟიმში ჩაირიცხება. ჩვენ ემიგრაციაში უამრავი ადამიანი გვყავს, რომელიც არის წარმატებული ბიზნესმენი, რომლებსაც არ უჭირთ და სურთ, ვიღაცებს დაეხმარონ. მათ არ აჰქონდათ ამის საშუალება, რადგან არავის არ შეუქმნია მსგავსი ცენტრი. ამიტომაც მომმართეს მე დასახმარებლად. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი ინიციატივა იყო. ბიზნესმენი ემიგრანტები აპირებენ ცენტრის დაფინანსებას,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან ემზარ კვიციანმა.

‘ფული დამჭირდება, მაგრამ ფონდს არ მივმართავ’ – გოგაშნელები კვიციანის ინიციატივაზე

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს:კვიციანის ინციდენტს სამართლებრივი შეფასება მიეცემა
ზანაველები მომავლის იმედით ცხოვრობენ [Video]
სოფელ გოგაშენში მგელმა 60 სული ცხვარი დაგლიჯა [Photo]
ახალგაზრდებისგან დაცლილი სოფელი თოკი [Video]
უპირისპირდება თუ არა მეორე სკოლის ახალ დირექტორს მშობლების ნაწილი
მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით  ყველა ვერ სარგებლობს
როგორ შეირჩა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლები