FM97.5 / LIVE

ტორტები და ზეიმები – რა შეიცვალა ახალციხის ბაღებში

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.02.2019
ახალციხის ბაღებში, გარდა გამოსაშვები ღონისძიებისა, ზეიმებზე მშობლების და ოჯახის წევრების დასწრება აიკრძალა. ასევე, აიკრძალა ბავშვების დაბადების დღეებზე ბაღებში ტორტების მიტანა.

ტორტები და ზეიმები – რა შეიცვალა ახალციხის ბაღებში

თამრიკო გვალიას ახალციხის მეორე საბავშვო–ბაღში უფროსი შვილი ექვს წლამდე დაჰყავდა, მეორე შვილიც ამავე ბაღის აღსაზრდელია. დედა ამბობს, რომ ერთი ზეიმისთვის, დაახლოებით, 50 ლარი სჭირდებოდა, აქედან თანხის ნაწილი საზეიმო კაბის ქირაობაში, ან ყიდვაში ეხარჯებოდა.

„ნორმალური თანხაა, ბავშვები ზეიმზე ლამაზად გამოიყურებოდნენ. ხანდახან შეიძლება ზეიმისთვის 50 ლარზე ნაკლებიც დაგვჭირვებოდა, როგორც მშობლები გადაწყვეტდნენ ისე იყო ხოლმე. მე რამდენსაც მეტყოდნენ იმდენი მომქონდა, ახლა შიდა ზეიმებს აკეთებენ, ჩვენ სამწუხაროდ ვეღარ შევდივართ“, – ამბობს გვალია.

ახალციხის ბაღებში ზეიმები თითქმის ყველა სეზონზე – საახალწლოდ, საგაზაფხულოდ და საშემოდგომოდ ეწყობა. ასევე, იმართება გამოსაშვები ღონისძიება, იმ აღსაზრდელებისთვის, რომლებიც საბავშვო ბაღში სწავლას ამთავრებენ.

„ზეიმები და დიდი კაბები კარგი იყო, ბავშვები დედოფლებს ჰგავდნენ და ძალიან მომწონდა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე კაბებში ფული არასდროს გადამიხდია“, – ამბობს მშობელი მანანა ბლიაძე.

მშობლების ნაწილი კი ამბობს, რომ ზეიმებზე სწორედ ლამაზი კაბებისა და მორთულობების გამო ბევრი ბავშვი იჩაგრებოდა, რადგან ახალი ტანსაცმლის ყიდვის, ან ქირაობის საშუალება ყველა მშობლეს არ ჰქონდა.

„ლამაზი კაბები კარგი იყო და მეც მომწონდა, მაგრამ ზოგს ამისი საშუალება არ ჰქონდა და განიცდიდა. გარდა ამისა, ზოგი ბავშვი ზეიმზე მშობელს რომ ხედავდა, ტირილს იწყებდა და ლექსს აღარ ყვებოდა. არადა მე ძალიან მომწონდა ღონისძებებზე დასწრება“, – ამბობს მშობელი ნათია არჩვაძე.

გარდა ზეიმებზე მშობლების დასწრებისა, ბაღებში, ასევე, აიკრძალა ბავშვების დაბადების დღეებზე ტორტების მიტანაც. ამის შესახებ საბავშვო ბაღებში გამოკრულიცაა, მიუხედავად ამისა, თუ რომელიმე მშობელი ტორტს მაინც მიიტანს, ბაღის მენეჯერი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციიდან საყვედურს მიიღებს. ზეიმებისგან განსხვავებით, ეს აკრძალვა მშობლების დიდი ნაწილისთვის მისაღებია.

„არ არის მისაღები ტორტების მიტანა, ჯერ ერთი ყველას არ აქვს ძვირიანი ტორტების ყიდვის საშუალება, მეორეც არ არის ბავშვებისთვის კარგი, შეიძლება მოიწამლონ კიდეც“, – გვითხრა მანანა ბლიაძემ.

„ტორტები ზედმეტი იყო, ზოგი ბავშვი ალერგიულია კრემზე და ვერ იტანს, იქ კი ყველა განურჩევლად ჭამდა“, – ამბობს ნათია არჩვაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ ბავშვები ზეიმებზე მშობლების დანახვისას ტიროდნენ, იძაბებოდნენ და ღონისძიებების ფორმატი ამიტომ შეცვალეს.

„შეცვლილი ფორმატით ჩავატარეთ საახალწლო ზეიმები, გვყავდა თოვლის ბაბუა და ფიფქია, გაერთნენ ბავშვები. რაც შეეხება ტორტებს, დიდი ხანია აკრძალულია დაბადების დღეების აღნიშვნა ბაღებში. ასევე, აკრძალულია სხვა ნებისმიერი პროდუქტის შეტანა სააღმზრდელო დაწესებულებებში. ამ საკითხზე მენეჯერები გაფრხილებულები არიან“, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელძღვანელი მარინა მერაბიშვილი და ამატებს – "თუ ვინმე ბაღში სხვა პროდქუტს შეიტანს, მენეჯერს პირველ რიგში გაფრთხილებას მივცემთ, შემდეგ კი სხვა ღონისძიებებს მივმართავთ“.

მერაბიშვილის თქმით, ამ დრომდე გაფრთხილება არცერთი საბავშვო ბაღის მენეჯერს არ მიუღია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ბაღების გაერთიანებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის მომენტიდან დაიწყოს ბავშვებისთვის თანასწორობის და ადამიანის უფლებების ღირებულებების სწავლება არა თეორიულად, არამედ შეგრძნებების დონეზეც კი. თუ ერთ მშობელს აქვს შესაძლებლობა და დაბადების დღეზე ძვირფასი ტორიტით აღუნიშნავს, მეორე ბავშვს ალბათ ექნება გულისწყვეტა, რომ მის მშობელს ამის საშუალება არ აქვს. ეს გადაწყვეტილება ასეთი უთანასწორობის გამოვლენის საშუალებას ამცირებს. ბაღის ასაკიდან უნდა იცოდნენ პატარებმა, რომ არავინ არ არის არავისზე უპირატესი, ყველა განსხვავებული ვართ, მაგრამ ყველა თანასწორი“.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 26 საბავშვო–ბაღია, სადაც 2 024 აღსაზრდელი სწავლობს.

ტორტები და ზეიმები – რა შეიცვალა ახალციხის ბაღებში

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

300–მდე აღსაზრდელი შესაძლოა ახალციხის ბაღებში აღარ მიიღონ
ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
რატომ არ განახლდა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბაღებში
ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ადგილები აღარ არის
ორ წლამდე ასაკის პატარები ბაგა-ბაღებს მიღმა დარჩნენ
ახალციხის ბაღებში დეზინფექცია ტარდება