FM97.5 / LIVE

‘სახლებს წვავდნენ და თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 09.12.2018
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს ოთხი სახლი და ოთხი მანქანა დაუწვეს. გადამწვარი სახლებიდან ორი ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას ეკუთვნოდა, თუმცა ბრალდებულის ოჯახი სარგებლობდა. რა ხდებოდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ. ე.წ. ხალხის სამართალი ნინოწმინდაში, რომელიც პოლიციამ ვერ აღკვეთა.

‘სახლებს წვავდნენ და  თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

ნინოწმინდაში, ფოკაში სამ დეკემბერს, შუადღეს, სოფლის ცენტრში 33 წლის კაცი ოთხი გასროლით მოკლეს. ბრალდების მხარისა და თანასოფლელების თქმით, ახალგაზრდა კაცი თანაკლასელმა მოკლა: „იარაღი ზედატანის სახელოში ჰქონდა დამალული, უცებ გამოიღო და ესროლა, ძირს რომ დაეცა ორჯერ კიდევ ესროლა და საკონტროლო გასროლა ბოლოს თავში დაახალა“.

გარდაცვლილის თანაკლასელი მომხდარიდან ერთ საათში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

რა მოხდა მკვლელობამდე


გარდაცვლილი და ბრალდებული ერთმანეთთან დაპირისპირებულები ჯერ კიდევ 15 წლის ასაკიდან იყვნენ. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ გარდაცვლილის დეიდა ყვება: „მაშინ ისეთი არაფერი მომხდარა, ჩვეულებრივი ჩხუბი იყო, არც მახსოვს რაზე“.

მას შემდეგ თანაკლასელები ურთიერთობას აგრძელებდნენ. თუმცა, მიმდინარე წლის შემოდგომით ისევ შეკამათდნენ, ამჯერად მიზეზი თევზაობის თემა იყო. გარდაცვლილს სათევზაოდ ნავის ყიდვა სურდა, თუმცა, ფინანსურად ამისი საშუალება არ ჰქონდა, ბრალდებულმა მას ნავის ყიდვა შესთავაზა, სანაცვლოდ კი გარდაცვლილს მისი ცხვრები უნდა გაეკრიჭა.

„ჩემმა დისშვილმა უარი უთხრა, არც ნავი მინდა და არც ცხვარს გაგიკრიჭავო. ამ დროს თანასოფლელის მანქანაში ისხდნენ და ბრალდებულმა იქვე ჩაარტყა ჩემ დისშვილს უარის გამო“, – გვიყვება გარდაცვლილის დეიდა.

ეს შელაპარაკება თანაკლასელებს შორის 26 სექტემბერს სოფლის სასაფლაოსთან მოხდა. ამ დღეს გარდაცვლილი თანასოფლელთან ერთად თევზაობისათვის ბადეების საყიდლად მიდოდა, ბრალდებულმა კი თან გაყოლა სთხოვა: „მაგრამ იჩხუბეს, გადმოვიდნენ მანქანიდან და ჩემმა დისშვილმა მას თავში ქვა ჩაარტყა“, – ამბობს გარდაცვლილის დეიდა.

სასაფლაოსთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად მიღებული ტრავმის გამო ბრალდებულს რომ თვეზე მეტხანს მკურნალობა დასჭირდა, ამაზე მისი ადვოკატი ავთანდილ თელიაშვილიც საუბრობს: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გარდაცვლილმა სასაფლაოსთან ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. აქედან ის სასწრაფომ წაიყვანა. ერთი თვე მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობდნენ, ბოლო თვეები კი ამბულატორიულად მკურნალობდა“.

მაშინ გარდაცვლილმა ბრალდებული რომ სასიკვდილოდ გაიმეტა, ამის შესახებ ფოკელებიც ყვებიან. მათი თქმით, გარდაცვლილმა ბრალდებული სასაფლაოსთან უგონო მდგომარეობაში მიატოვა და წავიდა.

„მთელი ძალით ჩაარტყა ბლაგვი საგანი თავში და გონება დაკარგული ორი საათი ეგდო ძირს“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რომელიც ბრალდებულის ოჯახთან მეგობრობდა.

მკვლელობის დღე


ამ ფაქტის შემდეგ გარდაცვლილი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა პირობითი მსჯავრისა და ჯარიმის სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამიტომ ყოველ ორშაბათს, ნინოწმინდის პოლიციაში თითის ანაბეჭდისა და ხელმოწერის დასატოვებლად მიდიოდა.

„მკვლელობის დღესაც იქ მიდიოდა. სოფლის ცენტრში, იუსტიციის სახლთან დახვდა მკვლელი და ოთხი ტყვია ესროლა. თან ყვიროდა არავინ დაეხმაროთო. იქვე ორი არასრულწლოვანიც იდგა, თუმცა საუბრის ეშინიათ“,– გვიყვება გარდაცვლილის მამა.

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ამ დღეს, გარდაცვლილი „ბირჟაზე“ იდგა: „მკვლელობაში ბრალდებულმა ახლოს ჩაიარა. გარდაცვლილმა კი მიაძახა, შენ კიდევ ცოცხალი ხარო?? ამის გაგონების შემდეგ ბრალდებული სახლში წავიდა, იარაღი აიღო და ესროლა“.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ავთანდილ თელიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარდაცვლილი მუდმივად ავიწროებდა:„სასაფლაოსთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ სულ ემუქრებოდა და სტრესში ჰყავდა“.

იგივეს ჰყვება მიტროპოლიტი ნიკოლოზიც: „ბრალდებულს სულ ემუქრებოდა, მაინც მოგკლავ, მაშინ სასაფლაოზე როგორ გადამირჩიო. ალბათ ამან თავდაცვის მიზნით მოკლა“.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა–ტარებასაც ედავებიან. მას ხუთ დეკემბერს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

რა მოხდა მკვლელობის შემდეგ


თუმცა, ვიდრე სასამართლო მას განაჩენს გამოუტანს, ხალხმა ფოკაში „საკუთარი სამართლის აღსრულება“ დაიწყო. მას შემდეგ რაც ბრალდებული დააკავეს, გარდაცვლილი კი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს, გვიან ღამით, ფოკაში ორი სახლი და ოთხი მანქანა დაიწვა. ერთ სახლში ბრალდებულის მშობლები, მეუღლე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობდა, მეორე სახლი კი მის ბაბუას ეკუთვნოდა.

„ბრალდებულის სახლთან პირველი მე მივედი, რომ გადამეწვა, მერე ამომიდგნენ გვერდში თანასოფლელები. როცა ყველა ერთად მის სახლ–კარსა და მანქანებს ვწვავდით, პოლიციელები იქ იდგნენ და გვიყურებდნენ, თუმცა წინააღმდეგობა არ გაუწევიათ“, – გვიყვება მოკლულის მამა.

‘სახლებს წვავდნენ და  თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, სამართალდამცველებმა ბრალდებულის ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს. რაც შეეხება ხალხის მიერ მისი სახლ–კარისა და მანქანების დაწვას, შსს–ში ამბობენ, რომ მომხდარზე ძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყეს.
„არ მივცემთ უფლებას ჩემი შვილის მკვლელის ოჯახის წევრებს, რომ ამ სოფელში დაბრუნდნენ, ისინი არიან მდიდრები და ამპარტავნები. სადაც უნდა იქ იცხოვრონ, ოღონდ არა ამ სოფელში“, – აცხადებს გარდაცვლილის მამა.

ფოკაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფლის დიდ ნაწილს ბრალდებულის ოჯახის გასახლება გაუხარდა: „სოფელში ყველაზე მდიდრები ეგენი იყვნენ, ბრალდებულის მამა ფულს აპროცენტებდა და თითქმის ყველა ოჯახს მათი ვალი ჰქონდა. ახლა ამ ვალების გადახდა აღარ მოუწევთ. ჟივილ–ხივილით წვავდნენ სახლებს, თან სელფებს იღებდნენ“.

მომხდარიდან ორი დღის შემდეგ მეზობელ სოფელში, ასფარაში კიდევ ორი სახლი დაიწვა. ეს სახლები ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას ეკუთვნოდა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მათ ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები იყენებდნენ. სამართალდამცველებმა ვერც ამ ფაქტის აღკვეთა შეძლეს.

„ასფარაში ბრალდებულის ოჯახს მეურნეობა ჰქონდა. ამიტომ ხშირად ეპარქიის საკუთრებაში არსებულ ბინებში იყვნენ. მივიდნენ და ის სახლებიც დაწვეს. ერთი შიგ სოფელში ასფარაშია, მეორე ბინა კი ფარავნის ტბის მეორე მხარეს“, – გვიყვება მიტროპოლიტი ნიკოლოზი და ამატებს – „ ამ მხარეში 1992 წლიდან ვარ და სულ ასეთი ფაქტები ხდება. თუ ვინმე ვინმეს კლავს, მერე გარდაცვლილის ახლობლები მიდიან და ბრალდებულის სახლებს წვავენ. აქ ე.წ. ხალხის სამართალია“.

უფლებადამცველები პოლიციის როლსა და პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, მომხდარის შემდეგ მათ ბრალდებულის სახლები და ქონება უნდა დაეცვათ: "როცა ერთი სახლი დაწვეს, მეორეს გადაწვა აღარ უნდა დაეშვათ. მითუფრო ამის შემდეგ მესამე და მეოთხე სახლი აღარ უნდა დამწვარიყო. პოლიციას ამის წინასწარ აღკვეთა, ბუნებრივია, შეეძლო".

ახლა გადამწვარ სახლებთან სამართალდამცველების მანქანები დგას. ამბობენ, რომ საგამოძიებო ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. ახალციხის რაიონული სასამართლო კი ბრლადებულის საქმის არსებით განხილვას 24 იანვარს დაიწყებს.

‘სახლებს წვავდნენ და  თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს
რა მოხდა ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობამდე
ნინოწმინდაში სახლების და მანქანების დაწვიდან ერთი წლის თავზე პოლიციას არავინ დაუკავებია
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს მესამე სახლი დაუწვეს
ბოლო 16 საათია ფოკაში იწვის 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის 2 სახლი და 4 მანქანა [Photo/Video]
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
ფოკაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამა დაკითხეს