FM97.5 / LIVE

შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 06.12.2018
ბორჯომში, ერთ–ერთი სკოლაში, მეცხრე კლასელი ბიჭის დედა, რომელსაც თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია, ამბობს, რომ მცხეთაში ექსკურსიას ჩამორჩა, რის გამოც მას მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ფაქტს კი სკოლაში მისი შვილის მიმართ ზეწოლა მოჰყვა. მომხდარს დისციპლინური კომიტეტი სწავლობს.

შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

ბორჯომში, ერთ–ერთი სოფლის სკოლის მასწავლებლების და ამავე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლის შშმ მშობლის დაპირისპირების მიზეზი 21 ოქტომბერს მოწყობილი ექსკურსია გახდა. ამ დღეს სკოლიდან მცხეთაში ისტორიული და რელიგიური ძეგლების დასათვალიერებლად საჯარო სკოლის მერვე, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები წავიდნენ.

14 მოსწავლეს ექსკურსიაზე ოთხი მასწავლებელი და ერთი მშობელი გაჰყვა. როგორც თავად შშმ მშობელი ამბობს, მასწავლებლებს მისი გამოჩენა მიკროავტობუსთანვე არ ესიამოვნათ.

„ერთ–ერთმა მასწავლებელმა, რომელიც ამ ესქსკურსიის ორგანიზატორი იყო, მითხრა ახლა სხვა მშობლებსაც მოუნდებათ წამოსვლა და რატომ მოდიხარო. მაშინვე ჩამოვედი მარშუტკიდან და ჩემს შვილთან ერთად სახლში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ისევ იმ მასწავლებელმა გამაჩერა. ახლა ამაზე ატყდება ამბები, კარგი, წამოდი ჩვენთან ერთადო“, – გვიყვება მეცხრე კლასელი ბიჭის მშობელი, რომელიც მეორე ჯგუფის ინვალიდია და თავისუფლად გადაადგილება უჭირს.

დედა ამბობს, რომ ექსკურსიაზე შვილის მარტო გაშვება არ უნდოდა: „მამამისმა თქვა, ან შენ წაყვები ექსკურსიაზე, ან არ გაუშვაო. წინა ჯერზე ექსკურსიაზე რომ იყვნენ, ჩემი შვილის კლასელებს ლუდი დაულევიათ და ამიტომ მინდოდა გავყოლოდი“.

მოსწავლეებმა ჯერ შიო მღვიმეს, შემდეგ კი სამთავროს დედათა მონასტერი დაათვალიერეს. მეცხრე კლასელის დედამ და ექსკურსიის სხვა მონაწილეებმა ერთმანეთი სვეტიცხოვლისკენ მიმავალ გზაზე დაკარგეს.

„ისინი მოკლე გზით წასულან, მე სხვა გზით და ერთმანეთს ავცდით. ამათ განგაში აუტეხავთ მშობელი დავკარგეთო“, – იხსენებს მშობელი და ამატებს, რომ დაახლოებით, ნახევარ საათში, მას შემდეგ რაც მოსწავლეები სვეტიცხოვლიდან ავტობუსში დაბრუნდნენ, იგი ერთ–ერთ მასწავლებელს ტელეფონით დაუკავშირდა. – „ამ დროს ჩემს დისშვილთან ერთად ვიყავი სვეტიცხოველთან ახლოს. მან აუხსნა მძღოლს სად ვიყავით და მოგვაკითხეს. ავტობუსში რომ ავედი, მეათე კლასელი მოსწავლე ამბობდა, თუ ვერ დადიოდა რას მოეთრეოდა ექსკურსიაზეო, მოსწავლეები დამცინოდნენ და ჩემი შვილი ცრემლიანი იდგა. ჩემს თავს კი არ ვჩიოდი, შეურაცხყოფა რომ მომაყენეს, ჩემს შვილზე ვნერვიულობდი. მასწავლებლებიც ილანძღებოდნენ“.

შშმ მშობელის დისშვილი ამბობს, რომ დეიდას გზა აებნა და დასახმარებლად მას დაურეკა, რადგან ის მცხეთაში ცხოვრობს: „რომ მივედი საშინლად სტრესულ მდგომარეობაში დამხვდა. დაახლოებით, 500 მეტრი ვატარე სვეტიცხოვლის ტაძრამდე, მივედით და იქ არავინ დაგვხვდა. მარშუტკის მძღოლის ნომერი გავიგე და მას დავურეკე, რომ მოსულიყო. იქიდან წამოვიდა აგრესია, ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ არავის არ მივაკითხავთ, ვინც მოსასვლელია მოვიდეს აქო. ტრანსპორტთან რომ მივედი, პირველი ჩემს დეიდაშვილს ვუთხარი, რატომ დატოვე დედაშენი–მეთქი. გადმოყო მასწავლებელმა თავი და მეუბნება: შენი ჭირიმე, რომ ვერ დადის სად მოდიოდა, საერთოდ არ წამოსულყო, ან მარშუტკიდან არ გადმოსულიყოო“.

სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ამბობენ, რომ მეცხრეკლასელი ბიჭის დედამ სვეტიცხოველში წასვლაზე უარი თქვა და ამიტომ ტაძარში მის გარეშე წავიდნენ.

„მითხრა ნათესავი უნდა ვნახო და მარშუტკაში ვიქნებიო, არ მიკითხავს აქ უნდა მოსულიყო ნათესავი თუ ის უნდა წასულიყო. სვეტიცხოველში ერთი საათი ვიყავით, იქიდან რომ მოვბრუნდით, მშობელი მარშუტკაში აღარ დაგვხვდა. მერე მისმა დისშვილმა დამირეკა და მივაკითხეთ. იქ არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა. ეგრე დავეცი რომ ქალს ქუჩაში გავლანძღავდი?!“, – ამბობს მასწავლებელი, რომელიც ექსკურსიის ორგანიზატორი იყო და ამატებს, რომ მცხეთაში მშობლების წაყვანა განსაზღვრული არ იყო და ამის შესახებ მათ წინასწარ იცოდნენ, მიუხედავად ამისა მეცხრე კლასის მოსწავლის დედა ექსკურსიაზე წასვლას მაინც ითხოვდა: „ყველამ იცოდა, რომ მარტო ბავშვები უნდა გამოეშვათ. დილით როცა მივედი ავტობუსთან ის მშობელი უკვე ტრანსპორტში იჯდა. ვუთხარი, რატომ მაყენებ უხერხულ მდგომარეობაში, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ არავინ არ უნდა წამოსულიყო–მეთქი, მან ტირილი დაიწყო, იძულებული გავხდი წაგვეყვანა“.

„მასწავლებლებს იქ არაფერი უთქვამთ. ჩვენ რომ ყვირილი დაგვიწყო იმისმა დისშვილმა რატომ მიატოვეთო, მე ვთქვი, თუ სიარული არ შეეძლო, რატომ წამოვიდა– მეთქი“, – ამბობს ექსკურსიის ერთ–ერთი მონაწილე მეათეკლასელი ბიჭი.

ორი საჩივარი დისციპლინურ კომიტეტში

ექსკურსიიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, სკოლის დისციპლინურ კომიტეტში შშმ მშობლის ხელმოწერით, ორი საჩივარი შევიდა. პირველში, რომელიც 16 ნოემბრით თარიღდება, იგი ერთი პედაგოგის სკოლიდან გათავისუფლებას ითხოვს, მეორეში კი, რომელიც 19 ნოემბერს დაწერა, კომიტეტის წევრებს სამი პედაგოგისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას სთხოვს. ორივე განცხადებაში წერია, რომ 21 ოქტომბერს მისი როგორც შშმ მშობლის დისკრიმინაცია მოხდა, რადგან ექსკურსიის მონაწილეებმა იგი შვილთან ერთად მცხეთაში მონასტერთან დატოვეს და შიომღვიმეში წავიდნენ. ასევე, ერთ–ერთმა მოსწავლემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასწავლებლის მხრიდან კი ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.

„ამ ფაქტის შესახებ ვაცნობეთ სხვადასხვა ორგანიზაციებს და პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის აღმასრულებელმა თანაშემწემ, ქალბატონმა ნინო გულუამ ფაქტის გადამოწმების მიზნით დარეკა სკოლის დირექტორთან, ამ ფაქტის შემდეგ ერთ–ერთმა მასწავლებელმა ჩემი შვილის თანაკლასელების თანდასწრებით უთხრა, რომ მისი ოჯახი სოფლიდანაა გასაძევებელი, ამასთანავე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უთხრა, რომ ის არის დებილი და ჭორიკანა. გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ამ საკითხს, იმოქმედოთ კანონის და სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად და სამსახურიდან გაათავისუფლოთ აღნიშნული პედაგოგი (ეს არ ყოფილა მისი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის პირველი გამოვლინება)“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სკოლის დისციპლინური კომიტეტი უკვე სწავლობს.

როგორც მშობელი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, წერილში ის ფაქტი, რომ იგი ექსკურსიის მონაწილეებმა ერთ–ერთ მონასტერთან დატოვეს და წავიდნენ არასწორია: „ჩემმა დისშვილმა დაწერა, მე წერა არ შემიძლია, მარტო ხელი მოვაწერე. არ მიუტოვებივარ. მანქანა სამთავრობო მონასტერთან იდგა და მელოდა. მე მხოლოდ იმაზე ვდაობ, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს“.

ექსკურსიაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როგორც შშმ მშობელი ამბობს მის შვილს ინგლისურის მასწავლებელი დაუპირისპირდა.

„კლასში შევიდა და ჩემი შვილი გალანძღა, უთხრა დებილი და ჭორიკანა ხარ და მეცხრე კლასს ვერ აცდებიო“, – ამბობს მეცხრეკლასელი ბიჭის დედა.

ბიჭის ბებია ვარაუდობს, რომ მასწავლებლების უკმაყოფილება ექსკურსიაზე მომხდარი ამბის სოციალურ ქსელში გავრცელება გახდა.
„მეცხრეკლასელის დედამ და ბებიამ ჩემი თანამშრომლები გამოლანძღეს, მათ უწიგნურები და გაუნათლებლები უწოდეს. თან ფეისბუქზე ბევრი ცრუ პოსტი გამოაქვეყნეს. მე ვუთხარი ბავშვს, შენ ვინ მოგცა ამის უფლება მასწავლებლებს ლანძღავთ–მეთქი, თან დავაყოლე, ხვალ შეიძლება სულაც არ ვიყო ამ სკოლის მასწავლებელი და სოფლიდანაც გასაძევებელი ვიყო, მაგრამ შენ არ მოგცემ იმის უფლებას, რომ მასწავლებლებზე ქუჩა–ქუჩა ილაპარაკო და ლანძღო–მეთქი. ამ ბავშვმა მიიტანა სახლში ამბავი,რომ მასწავლებელმა მითხრა, სოფლიდან უნდა გაგაძევოთო“, – გვიყვება მასწავლებელი და ამატებს, რომ მეორე დღეს მოსწავლეს ამ საუბრის გამო ბოდიში მოუხადა.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მეცხრეკლასელი ბიჭის ბებია მის მასწავლებლებს სკოლის მიმდებარედ ნამდვილად დახვდა და გალანძღა, თუმცა პედაგოგს მოსწავლისთვის მსგავსი საყვედური მაინც არ უნდა ეთქვა: „ჩვენ პედაგოგები ვართ და მეტი მოგვეთხოვება. დავიბარე ეს მასწავლებელი და სიმართლე გითხრათ ვეჩხუბე, ხვალვე შეხვალ და სახალხოდ, კლასის წინაშე ბოდიშს მოუხდი–მეთქი. სავარაუდოდ, დისციპლინური კომიტეტი ამ მასწავლებელს სასტიკ საყვედურს გამოუცხადებს“.

მასწავლებლები ამბობენ, რომ მეცხრე კლასელ ბიჭს სწავლაში ჩამორჩენა აქვს, ხშირად თავისივე ნათქვამს უარყოფს, ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ ბავშვს მშობლებთან არასწორი ინფორმაცია მიაქვს, ეს კი მათი უკმაყოფილების მიზეზი ხდება.

„მეცხრეკლასელი ბიჭის მშობლები ამბობენ, რომ მისი მეცხრე კლასიდან გაგდება გვინდა. ეს სიცრუეა. მეცხრე კლასში ყოველთვის ვეკითხებით მოსწავლეს, ხომ არ გეგმავს სკოლიდან გასვლას. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ნამდვილად არ გვინდა მოსწავლემ დატოვოს სკოლა“, – ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი.

მეცხრე კლასელი ბიჭი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ მას სკოლაში სწავლასთან დაკავშირებით მხოლოდ შეკითხვა დაუსვეს: „მასწავლებელმა მკითხა, ხომ არ ვაპირებდი სკოლიდან წასვლას, მეტი არაფერი ყოფილა“.

სკოლაში მომხდარ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ სწავლობს.

„ფაქტია, რომ მასწავლებლებმა შშმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინეს და მას შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს და დავინტერესდებით რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სკოლის დისციპლინური კომიტეტი“, – ამბობს „მშობლები სკოლისთვის“ ერთ–ერთი წარმომადგენელი თაია მახარაშვილი.

[sknews.ge]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მძღოლების დაყოვნების დრო შემცირდება

14.12.2018 სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

14.12.2018 ახალქალაქი-კარწახის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14.12.2018 ახალციხეში ბილიარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბორჯომის სკოლაში მოსწავლის შეურაცხყოფისთვის მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო
მეხუთე კლასელი ბიჭი ამბობს, რომ თანაკლასელმა შეაგინა და ამიტომ სცემა
რატომ ვერ მიიღო ახალციხეში 31–მა მოსწავლემ კომპიუტერი
მეცხრე კლასის  გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა
15 წლის გოგო თანაკლასელ ბიჭს გაუპატიურებასა და მუქარაში ადანაშაულებს
მეხუთე სკოლის მასწავლებელმა, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლის დატოვება გადაწყვიტა
ახალციხის მეხუთე  სკოლაში მასწავლებელს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ