FM97.5 / LIVE

ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.11.2018
ახალციხეში არსებულ სილამაზის სალონებსა და სამკერვალოებში ყოველთვის ხალხმრავლობაა. აქ მომუშავე ქალების უმრავლესობა ეთნიკურად სომეხია. ისინი ყოველდღიურად ათობით ადამიანის გემოვნებაზე ფიქრობენ და ცდილობენ შემკვეთი კმაყოფილი გაუშვან. სალონებსა და სამკერვალოებში მომუშავე ქალების ნაწილმა უმაღლესი განათლების მიღებაზე უარი თქვა, ნაწილმა სწავლა მიატოვა, სხვებმა კი განათლების მიღების შემდეგ, უპირატესობა მაინც ხელობას მიანიჭეს და შემოსავლის წყარო საყვარელ საქმიანობად აქციეს.

სვეტლანა – არჩევანის წინაშე


ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]

სვეტლანა თათევოსიანი 20 წლისაა. წელს, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ჩააბარა და 1+4 პროგრამაზე სწავლობს. დღის პირველ ნახევარში უნივერსიტეტშია, შუადღიდან კი სილამაზის სალონში მანიკურს აკეთებს. ამბობს, რომ ეს საქმე უყვარს და უმაღლესი განათლების მიღებამდე, დამოუკიდებლობისთვის ხელობას დაეუფლა: "ექვსთვიანი კურსი გავიარე ერევანში, შემდეგ ახალციხეში ჩამოვედი და მუშაობა დავიწყე. უკვე ექვსი თვეა ვმუშაობ, პარალელურად, უნივერსიტეტში მოსამზადებელ კურსზე ვარ, მინდა პროგრამისტი გავხდე, მაგრამ ჯერ არ ვიცი მივატოვებ თუ არა ხელობას. ეს საქმე ძალიან მიყვარს".

სვეტლანა მიიჩნევს, რომ მანიკურის გაკეთებისას, მომხმარებლების უსაფრთხოებისათვის, ყველაზე მთავარი ხელსაწყოების სტერილიზაციაა: "მინდა ცოდნა გავიღრმაო, ქიმიური მანიკურის გაკეთებას ვისწავლი ანუ ადამიანს, ვისაც ფრჩხილზე აქვს რაიმე დაავადება, შევძლებ, რომ მოვაცილო და ლაქი წავუსვა".

ელმირა – "კიდევ ერთხელ რომ დავიბადო, ისევ ამ ხელობას ავირჩევდი".


ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]

სილამაზის სალონში მუშაობის გადაწყვეტილება 25 წლის ასაკში მიიღო, სვეტლანას დედამ. ელმირა უსნიანს თმის სტილისტობა დამ ურჩია, რომელიც თავადაც სალონში მუშაობდა. "მითხრა ყველაფერი გამოგივაო, მივხვდი რომ ეს ჩემი საქმე იყო, თან ჩემი შემოსავალი მქონდა".

სალონში მუშაობის დაწყების შემდეგ, უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა: "პედაგოგიურზე ვსწავლობდი, მესამე კურსზე მივატოვე სწავლა, მივხვდი, რომ ის არ იყო ჩემი პროფესია. მერე როცა დავიწყე პარიკმახერობა მივხვდი, რომ ეს არის ჩემი საქმე".

ამბობს, რომ მისთვის პრეტენზიულ მომხმარებლებთან მუშაობა პრობლემას არ წამოადგენს, რადგან მათგანაც შეუძლია რაღაც ახალი ისწავლოს. "მომწონს საქმის დაწყებაც და საბოლოო შედეგიც. იწყებ ნერვიულობით. ფიქრობ, რა გააკეთო, რომ კლიენტი კმაყოფილი წავიდეს. ეს ჩემი ოცნება იყო. შანსი რომ მქონდეს, კიდევ ერთხელ დავიბადო, ისევ ამ ხელობას ავირჩევდი".

ნაზელი – "კოსმეტოლოგი ნაზი"


ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]

"ჩვენი მუშაობა გამუდმებული სწავლაა. თუ გავჩერდით ძველ მეთოდებზე, დავრჩებით ჭაში. ამიტომ, ვცდილობ, რომ უფრო მეტი ვისწავლო" – ნაზელ გასპარიანი უკვე 15 წელია ახალციხეში "კოსმეტოლოგი ნაზია". ამბობს, რომ ქართველმა "კლიენტებმა" მისი სახელი ასე დაიმახსოვრეს და "ნაზი" უკვე მისთვისაც მისაღებია.

სანამ კოსმეტოლოგი გახდებოდა, ნაზიმ ერევანში სამედიცინო სასწავლებელი დაამთავრა: "ძალიან ემოციური ვარ, როცა ავადმყოფებს ვხედავ მეც ცუდად ვარ, მათი ტკივილი ჩემზეც გადმოდის და ამიტომ მივხვდი, რომ ეს საქმე არ შემეძლო".

ექიმობა საკუთარი განცდების გამო არ გამოუვიდა, ამიტომ შეეცადა ახლა უკვე ხელობას დაუფლებოდა, რომელიც მისთვის შემოსავლის წყარო გახდებოდა – "კოსმეტოლოგია, ჩემი სფეროა. როცა აქ ვმუშაობ, ვერ ვიღლები. დილის ექვსიდან საღამოს ათამდეც რომ ვიმუშაო, არ დავიღლები. ყველაფერს ვასწრებ, სახლში საქმესაც კი".

ნაზისთვის პრეტენზიული მომხმარებელი არ არსებობს: არის ასეთი გამოთქმა, "კლიენტი ყოველთვის მართალია". ამიტომ უნდა გააკეთო ისე, როგორც თავად უნდა. შეიძლება მე არ მომწონს წარბის რაღაც გარკვეული ფორმა ან მაკიაჟის სტილი, მაგრამ იმ ქალს მოსწონს. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ის არის პრეტენზიული".

ანა – "ამ ხელობით კომფორტულად ვმუშაობ"


ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]

"5–6 წლის როცა ვიყავი, "მანიკური" და "პომადა" ძალიან იშვიათი იყო მაშინ, მაგრამ მე ჩუმად ვისვამდი და ვიმალებოდი რომ მამას არ დავენახე", – აბობს ანა კაზარიანი. ახლა ორმოცი წლისაა, კოსმეტოლოგად მუშაობა ოთხი წლის წინ დაიწყო. ამბობს რომ ეს საქმე უყვარს, რადგან დამოუკიდებლობასაც აძლევს და მსურველებსაც სიამოვნებით ემსახურება.

"მესამე კურსზე ვიყავი, უნივერსიტეტში სწავლა რომ შევწყვიტე. გავთხოვდი და მაგიტომ. მერე ბავშვები გავაჩინე და როცა გაიზარდნენ, დეიდაშვილმა მირჩია კოსმეტოლოგიის კურსები გამევლო. სამი თვე ვისწავლე ერევანში, შემდეგ თბილისში. ახლა აქ ვმუშაობ".

ანა მიიჩნევს, რომ ხელობის ცოდნა ადამიანს დამოუკიდებელს ხდის – "ჩემი შვილი, ბიჭი, 18 წლისაა და მამამისთან ერთად მუშაობს, მანქანების ხელოსნები არიან. გოგონას კი ჩემს ხელობას ვასწავლი. ასეთი პროფესიის ქონა უმჯობესია, რადგან უფრო კომფორტულად იმუშავებ".

"კარინას სწრაფი ხელი აქვს, ნაირა – კარგად ჭრის, არუსა კი ფანტაზიის კარგი უნარით გამოირჩევა". უკვე ათ წელზე მეტია, ახალციხის ერთ–ერთ ვიწრო სამკერვალოში, სამი მკერავი ერთად მუშაობს. მათ ერთი ხელობა და განსხვავებული ისტორიები აქვთ.

არუსა – ფანტაზიის კარგი უნარით


ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]

არუსა ეგოიანი ახლა 49 წლისაა, განათლება რუსეთში მიიღო, ტექნიკუმ სასწავლებელში საბუღალტრო საქმე ისწავლა, მაგრამ პროფესიით არასდროს უმუშავია – "საქართველოში რომ ჩამოვედი, აქ უკვე 90–იანი წლები იყო და ვეღარ ვიმუშავებდი. მერე, როცა შვილები გაიზარდნენ და საკუთარი თავის მოვლა შეეძლოთ, მეც მუშაობა დავიწყე. 2006 წელს ჩემს დასთან ერთად დავიწყე კერვა, მანამდე კი სახლში ვკერავდი და ვქსოვდი ჩემი შვილებისთვის".

არუსასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი კმაყოფილი შემკვეთია. თუმცა პრაქტიკის განმავლობაში, პრეტენზიული მომხმარებლებიც ჰყავდა.
"იცი რა მომწონს? რაღაცას რომ გთავაზობენ, რაღაც ახლის შეკერვას რომ გთხოვენ. მაგალითად, ერთხელ მამლის ფორმის შეკერვა მთხოვეს. ასეთი ამბავი გადამხდა: ვიღაცას სტიქაროსანის ფორმა არ მოეწონა, ფული არ გადაიხადა და შეკერილი სტიქარი არ წაიღო. გავიდა დრო და ერთი ქალი მოვიდა, მითხრა მამლის ფორმის შეკერვა მინდაო, გამახსენდა ის სტიქარი, გამოვიტანე და მაგ ნაჭრით შევკერე. მეც კმაყოფილი ვიყავი და კლიენტიც",– იხსენებს არუსა.

მამლის ფორმას, ჭიანჭველის, პინგვინისა და სხვა ცხოველების ფორმები მოჰყვა. ერთხელ პატარა გოგონას საყვარელ თოჯინას ტანიც კი შეუკერა. ამბობს, რომ რთული ფორმების შეკერვა მისთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე უბრალოდ შარვლის დამოკლება – "თუ გიყვარს შენი პროფესია, ყველაზე კარგი სამსახური ესაა. ყველამ რომ მაგისტრის დიპლომისთვის იბრძოლოს, მაშინ ასეთ საქმიანობაზე ვინ უნდა იმუშაოს? ხელობა ისეთი რამეა, შუადღემდე შეიძლება მშიერი იყო, მაგრამ შუადღის შემდეგ უკვე ფული გექნება პურისთვის".

ნაირა – "ვწვალობთ, მაგრამ მაინც მომწონს"


ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]

არუსას დას ნაირა ჰქვია. ისიც მკერავია. მათ თორმეტი წლის წინ კერვა ერთად დაიწყეს და დღემდე ერთად მუშაობენ.

ნაირა სანოსიანისთვის ჭრა–კერვა არავის უსწავლებია. პრაქტიკამ გამოცდილება მისცა, "მკერაობაზე არ მიოცნებია, სხვა რამეზე ვოცნებობდი, მაგრამ საშუალება არ მქონდა რომ მესწავლა. ჯერ საბუღალტრო კურსები დავასრულე, შემდეგ სამედიცინო, საავადმყოფოში ვისწავლე და 9 თვე პრაქტიკაზე ვიყავი. მაგრამ ვერ ვიმუშავე ჩემი სპეციალობით. ახლა მიხარია, რომ ამ ხელობით ვმუშაობ".

თავიდან ყველაზე მეტად პიჯაკების შეკერვა გაუჭირდა, რაშიც დახმარება მეგობარ მკერავს სთხოვა. პიჯაკებზე რთული კი საქორწილო კაბა აღმოჩნდა. ამბობს, რომ ბევრი იმუშავა, მაგრამ საბოლოოდ შემკვეთი კმაყოფილი გაუშვა და კაბების შესაკერად დღემდე აკითხავს.

"ხელობა იმით სჯობს სხვაგან მუშაობას, რომ იმას სულ უნდა ელოდო, როდის მოვა ხელფასი, ეს კი შენზეა დამოკიდეული რამდენი გექნება და როდის აიღებ გასამრჯელოს. ძალიან ვწვალობთ, მაგრამ მაინც მომწონს".

ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]

პატარა სამკერვალოში ყველაზე სწრაფი ხელი კარინა ბროიანს აქვს. ფოტოს გადაღება არ უყვარს. ახლა 56 წლისაა და სკოლის დამთავრების შემდეგ, 1980 წლიდან მკერავად მუშაობს.

"ეს ხელობა დედაჩემმა მასწავლა. ექვსი თვის განმავლობაში მისი მოწაფე ვიყავი. უნდოდა რომ ეს საქმე მეც მცოდნოდა. მერე ორივე ერთად ახალციხეში "მოდების ატელიეში" ვმუშაობდით".

კერვა მისთვის ყოველდღიური საქმიანობაა. იღლება, მაგრამ თუ შემკვეთი კმაყოფილია, კარინაც მშვიდად არის. ამბობს, რომ კერვის გარდა სხვადასხვა ტიპის ადამიანთან უხდება ურთიერთობა და ესეც ერთგვარი გამოწვევაა მისთვის – "ხშირად რამის შესაკერად კაცებიც მოდიან, ისინი უფრო პრეტენზიულები არიან. მილიმეტრი მილიმეტრზე უნდა დაუსვა. ზოგჯერ ძალიან ვნერვიულობთ, მაგრამ ხმას არ ვიღებთ. რა უნდა ვქნათ, თუ ასე უნდა, უნდა გაუკეთო კიდეც".

ამ ქალებისთვის ხელობა პირველ რიგში შემოსავლის და დამოუკიდებლად თავის რჩენის წყაროა. ამბობენ, რომ ასე სამსახურსა და ხელფასზე დამოკიდებულები არ არიან და საარსებო თანხას თავადვე გამოიმუშავებენ. ყველა მათგანის საქმიანობა აქტუალურია და შესაბამისად, მომხმარებელიც ყოველდღიურად ჰყავთ. ხელობით დაინტერესებას ახლა უკვე ახალ თაობებს ურჩევენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ოთარ აწყურელი – ახალციხე]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]
‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]
დრო რომ უკან დაბრუნდებოდეს...

ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“
ბრძოლისა და წარმატების 17 წლიანი ისტორია [Video]
რთული, მაგრამ ბედნიერი 34 წელიწადი  – ცხოვრება დაუნის სინდრომით