FM97.5 / LIVE

არის ერთი ქალი . . .

მთავარისიახლე, ბლოგები 11.11.2018
მატასის ბლოგი

არის ერთი ქალი . . .
ახალციხის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს. 84 წლისაა, მაისის თვეშია დაბადებული. მაღალია, ხმელი და გამართულად დადის.

აი, ისე მოცეკვავეები რომ დადიან რაღაცნაირად ნარნარით, ოღონდ არა ნაზად და კეკლუცად, არამედ მტკიცედ.

იცის რომ ფოტოს არ გადავუღებ,(თავიდანვე შემითანხმდა) თუმცა კაბა მაინც გამოიცვალა. უკან გადაწეული გრძელი შავი თმა და მწვანე თვალები აქვს.

ოჯახში მესამე შვილია, ბიჭის ეშხით გაჩენილი. ბიჭი მეხუთე დაიბადა.

ამბობს, რომ სუფრაზე მამასთან და ძმასთან ერთად სულ რამდენჯერმე იჯდა. კი არავინ უშლიდა, უბრალოდ სურვილი არ ჰქონდა, რადგან ვაითუ ის პურის ყუა აეღო, რომელიც მის ძმას უნდოდა, ან ქათმის ბარკალი მოსწონებოდა, რომელსაც აუცილებლად მის ძმას აჭმევდნენ. ერთხელ ახსოვს როგორ დააგდებინა ბებიამ ქათმის თეთრი ხორცი - არ იცი შენ ძმას ეგ ნაწილი როგორ უყვარს, - ჰოდა, მის შემდეგ სამზარეულოში იჯდა პატარა მაგიდასთან და იქ სადილ -ვახშმობდა მარტო.

დედაზე არ საუბრობს, მხოლოდ ხელი ჩაიქნია და თქვა -,,უბედური ქალი იყო საცოდავი“ .

არ უყვარს ძველი ამბების გახსენება, მაგრამ რახან ვესტუმრე უარი ვერ მითხრა. ნოემბრის მზიანი დღეა. ეზოში ვართ. დაბალ ხის სკამზე ზის წელში საოცრად გამართული და მიყვება:

,,იასამანი მიყვარს ძალიან. ადრე მომიტანა ერთმა ბიჭმა და სახლში ვერც შევიტანე, მომკლავდნენ მშობლები. ან შემეტანა და მეთქვა ეზოში დავკრიფე, რამ გადამაყრევინა მისი მოტანილი“, -ამბობს და სადღაც 70 წლის წინ განცდილ ამბავზე ახლაც ნერვიულობს.
,,მშობლებს არ მოსწონდათ და სხვაზე გამათხოვეს. ახლა ჩემს შვილიშვილს როგორ ვეტყვი ეგ ბიჭი არ ვარგა არ წაყვეო? უხეიროც რომ იყოს არ ვეტყვი. მისი არჩევანია და მაგიტო“.

-რომ გაპარულიყავით? -ვეკითხები მე.
-არა, არ შემეძლო, -მიპასუხა მოკლედ.

,,ბიჭი რომ გამიჩნდა მომინდა მისი სახელი დამერქვა, მაგრამ ქმარს ვერ ვაკადრე“.
შვილიშვილების სასიყვარულო ისტორიები იცის.

,,ყველაფერს მიყვებიან, ერთმა შეყვარებულიც გამაცნო. ბიჭმა ორივე დაგვპატიჟა კაფეში. 20 წელია დაახლოებით ახალციხეში არ ვყოფილვარ და წავედი. თამარ მეფის ძეგლიც დაუდგამთ. მანდ იყო ის კაფეც. მეზობელი მაგიდებიდან ინტერესით გვიყურებდნენ. ამ მოხუცს რაღა უნდა აქო, ფიქრობდნენ ალბათ. მოხუცი თუ ხარ გამოდის დასრულდა ცხოვრებაც? არა, რატომ? თან არ მივყავარ ჯერ იმ დალოცვილს და აქ რატომ უნდა ვიქცე ლოდად?

ახლა დიდი ოჯახი ყავს - ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და სამი შვილთაშვილით.

,, არასდროს არ მომწონდა მშობლების სახლი მხოლოდ ბიჭს რომ უნდა დარჩენოდა. ჩემმა ბიჭმა გვერდით ააშენა სახლი, ეს სახლი კი უფროს გოგოს ვაჩუქე და ვცხოვრობ მეც მასთან ერთად. ისე ყოველ საღამოს ყველა ერთად ვვახშმობთ. ჯერ კიდევ შემიძლია რაღაცეების გაკეთება და მოსწონთ ჩემი ნახელავი“.

ამბობს რომ ტელევიზორს არ უყურებს, თუმცა ქვეყნის ამბები მაინც ყველაფერი იცის.

დიდ ოჯახში მისი სიტყვა გადამწყვეტია - შვილიშვილს ცხვირის გახრეტა უნდოდა, ბებიამ თანხმობა მისცა და მამამ ხმა აღარ ამოიღო.
ამბობს რომ ადამიანი თავისუფალი იბადება და არავის აქვს უფლება ეს თავისუფლება წაართვას.

როცა საუბრის ბოლოს წამოვდექი ისიც წამოდგა. მთელი ერთი თავით მაღალი იყო ჩემზე. მიუხედავად იმისა, რომ ახლაც საოცრად ლამაზია საუბარში ერთხელაც არ უხსენებია როგორი იყო.

ჭიშკრამდე მომაცილა.

ვიცი რომ მაღლა, ზემოთ, სოფელში ცხოვრობს ქალი, რომელიც არის სასწაული და ვიცი რომ იმ ოჯახში ისევ ავალ სხვა წევრების გასაცნობად. სასწაულები მიყვარს!

[მატასი]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

23 წლის ბიჭი დის ცემის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სოფელმაც გარიყა
აღარ დარჩეთ სახლებში გოგოებო!
,,საუბარი“ მამასთან
სოფელში ორღობეებმაც იციან დარდი
დრო რომ უკან დაბრუნდებოდეს...
‘ორივე ხელი მოტეხეს,  საოპერაციოა’ – ახალციხეში  დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდა დაშავდა