FM97.5 / LIVE

ახალქალაქის სამშობიაროში "მაღარიჩს" დღემდე იხდიან

მთავარი 19.07.2013
ახალქალაქის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში პაციენტები არასახარბიელო პირობებს უჩივიან. მშობიარეების ახლობლებს აქ დღემდე უწევთ არაოფიციალური თანხის, ე.წ. მაღარიჩის გადახდა ექიმებისთვის. საავადმყოფოს დირექცია კი ამას მადლიერების გამოხატვას უწოდებს.

ახალქალაქის სამშობიაროში "მაღარიჩს" დღემდე იხდიან
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 28 ივნისის #165–ე განკარგულებით, 1 ივლისიდან მშობიარობა უფასო გახდა.

„მშობიარობა, მეანობა, საკეისრო კვეთა, გეგმიური ქირურგიული ჩარევა, ოპერაციები, ლაბორატორიული ანალიზების არასრული სია, ზოგიერთი კვლევა, მათ შორის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ეს ყველაფერი სამინისტროს განკარგულებაში შედის. თუმცა არსებობს დამატებითი გადასახადიც, გეგმიური ოპერაციების 70%–ს სახელმწიფო, ცენტრალური ბიუჯეტი ანაზღაურებს, ხოლო 30% თავად პაციენტმა უნდა გადაიხადოს. მაგალითად, საკეისრო კვეთისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი დაწესებულებას 800 ლარს უხდის. თუ დაწესებულების ხარჯი ოპერაციისას ამ თანხას ასცდება, ამ შემთხვევაში განსხვავება პაციენტმა უნდა დაფაროს, ესაა სამინისტროს დადგენილება“, – ამბობს ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე ტოროიანი.

მშობიარობისას გადასახდელ სოლიდურ თანხებზე ახალქალაქში უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამდნენ. ამიტომ, ეს ფაქტი ახარებთ, თუმცა, მათ უკმაყოფილებას სამშობიარო განყოფილებაში არსებული არასახარბიელო პირობები იწვევს.

ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში ჩვენს მიერ გამოკითხული 10 მშობიარიდან, პირობებითა და ტექნიკური აღჭურვილობით, ათივე პაციენტი უკმაყოფილოა.

მშობიარეთა ნაწილი უკამყოფილებას გამოთქვამს სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულებაზეც. მომავალი დედებს არც პრესამშობიარო მკურნალობა და ორსულობის პერიოდის გასინჯვები მოსწონთ.

ათიდან ათივე გამოკითხული, საშუალების არსებობის შემთხვევაში, ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში მშობიარობას, სხვა დიდი ქალაქების ან სომხეთის საავადმყოფოში წასვლას ამჯობინებდა.

რაიონული საავადმყოფოს დირექტორის თქმით, პირობების არქონა იმის ბრალია, რომ ხელშეკრულებით დაპირებული ცვლილებები უკეთესობისკენ ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოს ჯერ არ შეეხო.

„სამშობიარო სახლს უნდა ჰქონდეს ბავშვების დაბანის შესაძლებლობა. 2010 წელს ჩვენ საკუთარი ძალებით შევქმენით პირობები, ცხელი და ცივი წყალი, დეზინფექციისა და წყლის სისტემა, რათა ბავშვები გვებანავებინა. მაგრამ 2011 წლის იანვრიდან დაწესებულების მფლობელი შეიცვალა და ეს საკითხები მოუგვარებელი დარჩა. 2013 წლის 1 სექტემბრიდან, ახალქალაქის რაიონს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საავადმყოფო უნდა ჰქონოდა, მაგრამ, როგორც ხედავთ, არ გვაქვს. 1 სექტემბერი უკვე მოახლოვდა. პრეზიდენტი მისსავე ხელმოწერილი ხელშეკრულების პუნქტების შესრულებას არ აკონტროლებს. რატომ? თუ დაინტერესებული იყო, რომ ასე მომხდარიყო და ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილიყო? და ასეც მოხდა“, – ამბობს ალექსანდრე ტოროიანი.

ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოს კოსმეტიკური რემონტის გარდა, ტექნიკური აღჭურვილობაც ესაჭიროება. რემონტი და ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა იყო სწორედ ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს 1 ლარად გაყიდვის პირობა.

გარდა ამისა, თუ ფასიანი მშობიარობის პრობლემა მოგვარებულია, დამატებითი შენატანების საკითხი პრობლემად რჩება.
საქმე ისაა, რომ იმ თანხასთან ერთად, რასაც ახალშობილის მშობლები ოფიციალურად იხდიდნენ, უმეტეს შემთხვევებში მშობლებს არაოფიციალური თანხების გადახდაც უწევდათ. ეს თანხა სოციალურ დონეზე იყო დამოკიდებული. ასეთ არაოფიციალურ გადასახადს ხალხი „მაღარიჩს“ ეძახის. მშობლებისა და მშობიარის ნათესავებისთვის „მაღარიჩი“ რწმენაა, რომ მათ ბავშვსა და დედას კარგად მოუვლიან.

თუმცა სხვა საქმე იქნებოდა, ამ ფულს საკუთარი ნებით, ბავშვის შეძენის სიხარულით რომ იხდიდნენ. მშობლებს არაერთხელ დაუჩივლიათ, რომ ზოგიერთი ექიმი და მედდა მათ „მაღარიჩს“ სთხოვდნენ, გარკვეულ შემთხვევებში კი მოითხოვნენ კიდეც. სოფლის მცხოვრებლებისგან კი, თუ მათ ფული არ ქონდათ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიტანას ითხოვდნენ.

„მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. სიტყვა „მაღარიჩი“ ძალიან უსიამოვნო გამონათქვამია. ეს არის მადლიერების გამოჩენა ადამიანებისადმი, ვინც მათთვის რაღაც გააკეთა. ისევ ღიად, საჯაროდ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს ტელეფონის ნომრები, მათ შორის ჩემი ნომერიც, ნებისმიერ წუთს, ნებისმიერ საათს, დღე იქნება თუ ღამე, თუ საავადმყოფოს თანამშრომლები ასეთ საკითხის წინაშე დააყენებენ, მე საქმის კურსში უნდა ვიყო, ბუნებრივია მათგან, ვინც ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. მზად ვარ იმ წუთას, დაუყოვნებლივ მოვაგვარო ეს საკითხი, – ამბობს რაიონული საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე ტოროიანი და ამატებს, – ჯერჯერობით ასეთი ფაქტები არ მაქვს, მხოლოდ საუბრების დონეზე. ყოველ დღე მოსვლისას მისაღებში ვამბობ, რომ ხალხნო, იცოდეთ, რომ 1 რიცხვიდან მშობიარობა უფასო იქნება. და თუ მზად ხართ 400–500 ლარის გარდა კიდევ რამე გადაიხადოთ, ეს თქვენი ნებაა, კანონით ეს გათვალისწინებული არ არის. დაიცავით თქვენი უფლებები. მე მზად ვარ, ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში გვერდით დაგიდგეთ, მაგრამ თქვენც უნდა დამეხმაროთ“.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის საავადმყოფოს რეანომობილი აჩუქეს
ძვირი მშობიარობა და ადგილობრივი საავადმყოფოს ალტერნატივა
ახალქალაქის საავადმყოფოში „ჩემი ოჯახის კლინიკამ“  ახალშობილები  დაასაჩუქრა [R]
მედიკოსები მცირე ხელფასებს უჩივიან
ახალქალაქში ინფექციური განყოფილება არ აქვთ
მფლობელი ახალქალაქის საავადმყოფოსაც შეეცვალა
ახალქალაქში საყოველთაო დაზღვევას უნდობლად ეკიდებიან