ნეტგაზეთის ფოტოუწყების ინფორმაციით, ე.წ. მარიხუანას ფესტივალის ორგანიზების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 13 ოქტომბერს „გირჩის“ მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით დაიწყო, რაც მცენარე კანაფის/მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.
„ფესტივალის ორგანიზატორებს მოვუწოდეთ, თავი შეეკავებინათ ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაციის, სამართალდარღვევების ჩადენის წახალისების და ღონისძიების ორგანიზებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ჩამდენი ნებისმიერი პირის (მათ შორის გირჩის წარმომადგენლების თუ პრეზიდენტობის კანდიდატის) მიმართ გამოყენებული იქნებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გაფრთხილებების მიუხედავად, 20 ოქტომბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, „დედა ენის ბაღში“, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას გასაღების და მოხმარების მიზნით, შეიკრიბნენ „გირჩის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, თუმცა, დედა ენის ბაღში შეკრებილებმა ვერ შეძლეს ე.წ. ფესტივალის გამართვა.
სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკის ჩასატარებლად პოლიციის დაწესებულებაში გადაიყვანეს ფესტივალის მონაწილე 8 პირი. აღნიშნულ პირებს, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, ჩაუტარდათ ჩხრეკა და გამოკითხვის შემდეგ დატოვეს პოლიციის დაწესებულება. ჩხრეკის შედეგად ორი პირისგან ამოღებული იქნა მცირე ოდენობით სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელსაც უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.
სამართალდამცველებმა, ასევე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, დააკავეს 6 პირი.
რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, შსს–ს განმარტებით ე.წ. ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მის მიმართ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძემ ფესტივალის მიმდინარეობისას სხვადასხვა პირზე გაასაღა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
„ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში გაჰყვა ნებაყოფლობით, სადაც მას ჩაუტარდა ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობით და გამოკითხვის შემდეგ დატოვა პოლიციის დაწესებულება. მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკის შესახებ საარჩევნო კოდექსის 103-ე მუხლის საფუძველზე, ცესკო-ს ინფორმირების მიზნით, ეცნობა საქართველოს პროკურატურას“, –ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, „დედაენის ბაღში“ ‘კანაფის ლეგალიზების ფეტივალი’ გუშინ, 20 ოქტომბერს გაიმართა. აღნიშნულ ფესტივალზე სამართალადმაცავებმა სხვა პირებთან ერთად „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე რამდენიმე საათით
დაკავეს.
[sknews.ge]