FM97.5 / LIVE

‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.10.2018
ჯავახეთში ყველაზე რთული სეზონი შემოდგომაა. კარტოფილის ამოღება იწყება. კარტოფილს გაზაფხულზე კაცები თესავენ და მერე ექვსი–შვიდი თვით რუსეთში სამუშაოდ მიდიან. ოქტომბრამდე სახლსაც და ნათესებსაც სოფელში მარტოდ დარჩენილი ქალები პატრონობენ.

‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]
თვალუწვდენელ ვაკეზე გაშლილ ჰექტრობით ნაკვეთებში მხოლოდ ქალები მუშაობენ. მათ შორის არიან ჩვენი ფოტოამბის გმირები ახალქალაქის, ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფლებიდან, ხულგომოდან და ოლავერდიდან. ამ შრომაში გადახდილი 35 ლარი ზოგიერთის ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავალია.

საღამოს სავსე ტომრები ნაკვეთის მფლობელს შინ ტრაქტორებით მიაქვს და გადასარჩევად სარდაფში ინახავს. გადარჩევაც ქალების საქმეა - ქალების, რომლებსაც სურდათ პროფესია და თავისი საქმე ჰქონოდათ, თუმცა დღეს კარტოფილის სარფიანად გაყიდვასა და დღიური სამუშაოს შოვნაზე უწევთ ოცნება.


‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

სვეტლანა ჩიფჩიანი, 52 წლის;

ხულგუმოდანაა, 17 წლის გათხოვდა. ასეთ ცხოვრებაზე არ უოცნებია, თუმცა ბედს მაინც არ ემდურის. გათხოვების გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. მთელ დღეს საოჯახო საქმეებში ატარებს, - „ძალიან რთულია აქ ცხოვრება, მთელი დღე კარტოფილს კრეფ, სულ საქმე გაქვს, მაგრამ როცა კარგი ოჯახი გყავს ამ ყველაფერს უძლებ და ეგუები“.

სვეტლანას ორი ბიჭი ჰყავს, ორივე დაოჯახებული. ერთი რძალი მასწავლებელია, მეორე მედდა, - „ უფროსი რძალი მუშაობს მასწავლებლად, პატარას ჩემი შვილი არ აძლევს მუშაობის უფლებას. ძალიან მინდოდა, მაგრამ მეც არ გამიშვა ჩემმა ქმარმა სამუშაოდ. სამაგიეროდ, ბიჭები მუშაობენ, ერთს იურიდიული აქვს დამთავრებული, საკუთარი მაღაზია აქვს და იმას ამუშავებს, პატარა ბიჭმა ერევანში ისწავლა და ახლა ახალქალაქში სპორტის მასწავლებელია“.

‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

ლენა თოფალიანი, 45 წლის;

ლენა 19 წლის იყო, როცა კარტიკამიდან სოფელ ხულგუმოში გარიგებით გაათხოვეს. მომავალ ქმარს არ იცნობდა და არც უყვარდა, თუმცა ახალ ოჯახს მალევე შეეგუა, შვილივით მიმიღესო, ამბობს.

ერთ ჰექტარზე დათესილი კარტოფილი უკვე დააბინავა, ახლა თვეზე მეტია მეზობლების ნაკვეთებში მუშაობს.

„ვიმუშავებ, ფულს შევაგროვებ და მერე მთელ წელზე გავანაწილებ. ჩემი ქმარი ტრაქტორისტია, ისიც კარტოფილებს იღებს. გათენებული არ არის ყანაში მიდის. სულ სამი საათის სძინავს ღამეში. თუ არ იწვალე ისე არაფერი გამოვა“.

უნივერსიტეტში სწავლა და შემდეგ მუშაობის დაწყება უნდოდა, მაგრამ ბევრი საქმის და პატარა შვილების გამო ვერ შეძლო, - „პატარებს მოვლა სჭირდებოდათ და სწავლისთვის ვეღარ მოვიცალე. სამაგიეროდ, ჩემმა შვილებმა ისწავლეს, ორივე გრანტით მოხვდა ჯავახიშვილში, მაგრამ გოგომ სწავლას თავი დაანება და რუსეთში გათხოვდა. იცით რაზე ვოცნებობ?! კარგი ცხოვრება მინდა, კარგი. მინდა ოჯახის წევრები კარგად მყავდნენ და კარტოფილი კარგ ფასად გავყიდო. ერთ კილოგრამში 40 თეთრს გვიხდიან, მეტს არა“.

‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

ანუშ ჩიფჩიანი, 53 წლის;

„სკოლაში ყველაზე მეტად რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლა მიყვარდა. მედდა მინდოდა გამოვსულიყავი. 18 წლის სიყვარულით დავქორწინდი, სამი შვილი გავაჩინე და სწავლა სულ დამავიწყდა“, – ასე იწყებს თავისი ამბის მოყოლას ხულგუმოში მცხოვრები ანუშ ჩიფჩიანი.
მისთვის დღე დილის ექვს საათზე შრომით იწყება და გვიან ღამემდე გრძელდება. ჩქარობს, კარტოფილის ამოღება წვიმების დაწყებამდე მოასწროს, რადგან ჯავახეთში მკაცრი შემოდგომა და ზამთარი იცის.

‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

ეგისაბედ მანველიანი, 53 წლის;

ეგისაბედი პროფესიის გარეშე მამის გადაწყვეტილების გამო დარჩა, ახლა იძულებულია დღიურად იმუშაოს. „მამამ მითხრა ფული არ გვაქვს და ვერ გასწავლიო. მასწავლებლობაზე ვოცნებობდი. 20 წლის გავთხოვდი, ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი მყავს“.

ოჯახის დიასახლისს ხშირად უწევს საოჯახო საქმეების მარტო გაძღოლა, - „ჩემი ბიჭები სეზონურად რუსეთში მიდიან სამუშაოდ. ქმარი ხელოსანია, „კაფელშჩიკია“. უფროსი ბიჭი ახლაც რუსეთშია, იქ ასფალტს აგებს. პატარა აქ არის, მაგთის კომპანიაში მუშაობს, ინტერნეტი გაჰყავს“.

‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

მანუშაკ ელიზბარიანი, 50 წლის;

უმაღლესში მანუშაკიც მამამ არ გაუშვა. „ადრე ასე ამბობდნენ – გოგოს რად უნდა სწავლაო. მედდა მინდოდა გამოვსულიყავი, ვიმუშავებდი და ჩემი ხელფასი მექნებოდა. მედდა არა, მაგრამ მკერავი გავხდი. გათხოვების შემდეგ ახალქალაქში ერთ მკერავთან მივედი და იმან მასწავლა ხელობა. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მაშინ ვკერავ“.

მანუშაკს დიდი ოჯახი აქვს, ამიტომ კარტოფილიც ბევრი უთესია. შემოდგომის წვიმიან ამინდებს რომ მოასწროს ყოველდღიურად ქალებს ქირაობს, რომლებიც აკრეფაში ეხმარებიან- „35 ლარს ვუხდით დღეში, წელს ნორმალური მოსავალია და მარტო ოჯახის წევრები მოსავლის დაბინავებას ვერ მოვასწრებ. ჩემს ბიჭი მუსიკოსია, დაბადების დღეებსა და ქორწილებში უკრავს, მინდოდა ჩემს რძალს მაინც ემუშავა, მაგრამ პატარები ყავს, თან მარტო სკოლა აქვს დამთავრებული. ვისაც პროფესია აქვს მისი ცხოვრება სხვანაირია, კარგი“.

‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

ქენარიკ ეღიაზარიანი, 45 წლის;

მეზობლებისგან განსხვავებით გაუმართლა და სასურველ პროფესიას დაეუფლა. ბუღალტერია, მაგრამ პროფესიით ვერ მუშაობს.
“17 წლისა გავთხოვდი, სწავლა არ შემიწყვეტია. სამსახური იყო მაგრამ ვერ დავიწყე მუშაობა, ბევრი საქმეა სოფელში. დედამთილი საოჯახო საქმეებს აკეთებს, მე მინდორში მეუღლეს და შვილებს ვეხმარები. ერთ ჰექტარზე გვითესია ქერი და კარტოფილი“.

ბედს არ უჩივის, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ გოგო პატარა ასაკში არ უნდა გათხოვდეს.

„რას შეცვლიდი?! ვიმუშავებდი და მერე გავთხოვდებოდი, ამას ვურჩევ ჩემს შვილს. ბევრი საქმე გვაქვს ქალებს სოფელში. ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით არა მაგრამ მაინც ვაკეთებთ. იძულებული ვართ მინდორში ვიმუშაოთ, სოფელში სამსახურები არ გვაქვს“.

„შვილი ახლა ჩამოვიდა რუსეთიდან მშენებლობაზე მუშაობდა. ჩემი ქმარიც სულ დადის. გაზაფხულზე კარტოფილს დათესავენ წავლენ და სექტემბერში ბრუნდებიან. მინდა, რომ ქართველებმა და სომხებმა მომავალშიც ასე მეგობრულად ვიცხოვროთ და მეტი სამუშაო ადგილი იყოს“.

‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

სოფია ზანდარიანი, 62 წლის;

წლის განმავლობაში რამდენიმე თვე მარტო ცხოვრება უწევს. მისი შვილები, ისე როგორც თითქმის ყველა ადგილობრივი, რუსეთში მიდიან სამუშაოდ.

„რთულია აქ ცხოვრება, ძალიან მძიმე, მაგრამ ჩემი სამშობლოა, ჩემი ახლობლები აქ არიან. მომდევნო წელსაც წავლენ ჩემი შვილები რუსეთში და იმედი მაქვს რომ ისევ დაბრუნდებიან. ჩემი ქმარიც დადიოდა, ის ახლა ჩემ გვერდით არის, კარტოფილს ერთად ვაბინავებთ“, – გვიყვება სოფია.
ხულგუმოში მცხოვრები ქალებისგან განსხვავებით, ის გვიან, 29 წლის ასაკში დაქორწინდა. მუშაობაც მოასწრო, -„ ცხრა წელი სოციალურ სამსახურში ვიმუშავე. შვილები რომ გავაჩინე მაშინ დავანებე სამსახურს თავი“.

‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

შოღიკ სარქისიანი, 28 წლის;

ახალციხელი შოღიკ სარქისიანი ქმარმა გაცნობიდან ორ საათში მოიტაცა, ყოფილ მედდას მაშინ შევხვდით, როცა სოფელ ოლავერდში კარტოფილს კრეფდა.

„ოლავერდში ჩემს რძალთან ამოვდიოდი სტუმრად და იქ მოვეწონე ჩემს ქმარს, არ ვიცოდი თუ ვუყვარდი. ერთ დღეს მითხრა მიყვარხარო, ორი საათის მერე მომიტაცა“.

ახალციხიდან ოლავერდში გადასვლა ძალიან გაუჭირდა. ახლა ორი შვილი ჰყავს, ერთის და სამი წლის “.

„იქ 10 მეასედზე ვთესავდით კარტოფილს, აქ ჰექტრებზეა. ერთი წელი ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მედდად ვმუშაობდი, აქ ვეღარ ვიშოვე სამსახური ამიტომ ოჯახს ვეხმარები მოსავლის აღებაში. სხვა კაცებივით ჩემი ქმარიც დადის რუსეთში, ხან მშენებლობაზე მუშაობს, ხან ასფალტის დაგებაზე. როგორ ვუძლებ მარტოობას?! კარგი მულები მყავს, მათთან ვატარებ მთელ დროს. სოფელში იციან რომ სასწრაფოზე ვმუშაობდი და ხან ვინ მეძახის ნემსის გასაკეთებლად, ხან ვინ. ამათ ფულს ხომ არ გამოვართმევ“.

‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

ლუსია ირიციანი, 60 წლის;

„20 წელი ფერმაში ვიმუშავე, თქვენ წარმოიდგინეთ მაშინ უკეთესად ვცხოვრობდი, ბანკის ვალები და კრედიტები არ მქონდა“, – ამბობს ლუსია.

ლუსია სოფელ თოთხამში დაიბადა. ათი და–ძმანი იყვნენ ოჯახში. როგორც თავად ამბობს ბევრი გაჭირვება გამოიარა, წლების და თვეების განმავლობაში, ქმრის გარეშე მარტო უძღვებოდა საოჯახო საქმეებს, - „ახალგაზრდობაში ვართმევდი თავს, ახლა ჩემი ქმარი რომ არ იყოს არ ვიცი რა მეშველებოდა. 96 წლის დედას ვუვლი, შვიდნი ვართ სახლში. ოჯახს რჩენა ხომ უნდა?! ჩემი ბიჭი რუსეთშია, მისი ორი თვის შვილი და მეუღლე სახლში არიან. ორი გოგოც მყავს ერთი ექიმია, მეორე მასწავლებელი. მეც მინდოდა მასწავლებლობა, ალბათ ყველა გოგო ოცნებობდა მაშინ მასწავლებლობაზე, მაგრამ არ გამოვიდა ასე“.

‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

კარტოფილის მკრეფავი ქალების უმრავლესობას ყოველდღიური შრომის გარდა ორი რამ აერთიანებს - მათ ოჯახებსა თუ თემში ფესვგადგმულმა აზრმა, „გოგოს სწავლა რად უნდა“, ისინი პროფესიის გარეშე დატოვა, და ახლა, ამ სტერეოტიპის დარღვევას შვილებისთვის განათლების მიცემით ცდილობენ.

[თინათინ ზაზაძე, ოთარ აწყურელი – ახალქალაქი]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.12.2018 ყინვა და თოვლი, როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

15.12.2018 ადიგენი 2019 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება

14.12.2018 პატრულ–ინსპექტორები პატრულირებას მეწყვილეების გარეშე განახორციელებენ

14.12.2018 ადიგენში 2019 წელს ბუნებრივ აირს სამ სკოლაში შეიყვანენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ისტორიები სოფელ ბუღაშენიდან
ორი „არჩევანი“
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სოფელმაც გარიყა
ცხოვრება ნახევრადდანგრეულ მიწურში
ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]
მეეზოვის ცოცხი მკერავის მაკრატლის ნაცვლად
დრო რომ უკან დაბრუნდებოდეს...