FM97.5 / LIVE

ზურაბიშვილს ნინოწმინდაში ნათქვამის გამო, ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ [Audio]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება, არჩევნები 03.10.2018
„ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის წარმომადგენელიც დღეს არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

ზურაბიშვილს ნინოწმინდაში ნათქვამის გამო, ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ [Audio]

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ორ ოქტომბერს, ნინოწმინდაში გამართულ შეხვედრაზე, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წინა პრეზიდენტმა ეთნიკურად თურქ მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლება მისცა, ეთნიკური სომხები კი დღემდე ამ პრობლემის წინაშე დგანან.



„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებები ხელს უწყობს, რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას.

„ოცნების“ მთავარი მიზანია, ამ ქვეყანაში აირიოს სიტუაცია და მერე ეს ქვეყანა ჩააბარონ რუსეთის ფედერაციას. ასეთი მიზანი აქვს მის უფროსსაც ბიძინა ივანიშვილსაც და კანდიდატსაც სალომე ზურაბიშვილს. ნებისმიერი დესტაბილიზაცია, შუღლი ქართველებსა და სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შორის არის მათი მიზანი“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.
არ იზიარებენ ოპოზიციური პარტიის მოსაზრებას მმართველ გუნდში: „ეს გამოსვლა ისე გაიგეს, როგორი შინაგანი ხედვაც თავად აქვთ და როგორც თვითონ აანალიზებენ სიტუაციას“, – ამბობს გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მისამართით.

მისი თქმით, გამოსვლა არ იყო საფრთხის შემცველი და იგი მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსაც ეხებოდა: „ითქვა რომ არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მნიშვნელობა არა აქვს რომელი ერის იქნება ის, მისცე მოქალაქეობა, შენი მოქალაქეები კი რომლებიც არიან ქვეყნის მიმართ ლოიალურები, გყავდეს ისე, რომ არ აძლევდე მოქალაქეობისა და საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალებას. ეს შენიშვნა უკვე მარგველაშვილს ეკუთვნის და ვფიქრობ, რომ ასე უნდა გავაანალიზოთ, ასე უნდა შევხედოთ ამ სიტუაციას“.

სალომე ზურაბიშვილის ნინოწმინდაში გამოსვლას არასერიოზულსა და მოუმზადებელს უწოდებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. მისი თქმით, ზურაბიშვილი ამ გზით ეთნიკური სომეხი მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა: „ეს უპასუხისმგებლო ფრაზა, არის საფრთხის შემცველი და არ ვარ დარწმუნებული, რომ შეგნებულად ლაპარაკობდა ამ თემაზე. მის მიმართ რაიმე სახის სიმპატია სომხებს არ უნდა გაუჩნდეთ. როცა მეოცნებე პოლიტიკოსები მის დამსახურებად თვლიან, რომ სალომემ რუსული ჯარი გაიყვანა საქართველოდანო, ისიც უნდა დავაყოლოთ, რომ ამ ჯარის ქვედანაყოფები მან სომხეთში განალაგა და ეს სომხეთისათვის დღემდე დიდი საფრთხეა“.

საპრეზიდენტო კანდიდატის სიტყვებს, ასევე, საფრთხის შემცველად მიჩნევს, პოლიტოლოგი უჩა ბლუაშვილი. ამბობს, რომ მსგავსი გამოსვლა შეიძლება ერთგვარი წაქეზებაც იყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში. ბლუაშვილი აცხადებს, რომ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებას მსგავსი მეთოდებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიმართავდნენ: „ეს განცხადება ძალიან სახიფათოა, გარდა იმისა, რომ არასწორია, ერთმანეთთან წაქეზების, ერთმანეთის მიმართ კბენის პოლიტიკასაც ჰგავს“.

პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაში საფრთხეს ვერ ხედავენ სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ჯავახეთის სტაბილუობა–არა სტაბილურობა მსგავს განცხადებებზე არ არის დამოკიდებული. ყველა კანდიდატს თავისი სტრატეგია აქვს და თავისი გადაწყვეტილებაა რა კუთხით წარუდგენს თავს ამომრჩეველს. რას შესთავაზებს და რას დააბრალებს მოწინააღმდეგე მხარეს. ძალიან სუბიექტურად მიმაჩნია ეს განცხადება, მაგრამ არა მგონია ამან რამე სერიოზული გამოიწვიოს“, – ამბობს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი გია ანდღულაძე.

გამართლებულია თუ არა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მსგავსი განცხადებით მოსახლეობისთვის მიმართვა, ამის შესახებ იურისტი გიგი ჩიხლაძე ამბობს, რომ საკითხი სამართლებრივად განსახილველი არ არის: „ამის თქმით, კანონს არ არღვევს, სიტყვის თავისუფლებაა, მაგრამ სხვა საკითხია მორალურად რამდენად გამართლებულია“.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოპონენტების განცხადებებზე გამოხმაურებას არ აპირებს: „დიდი ხანია მე ოპონენტების განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებ და ვერც ამაზე გეტყვით რამეს“, – გვითხრა მან დღეს, სამ ოქტომბერს ახალციხეში მესხეთის თეატრში ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

NGO–ები: ნინოწმინდაში ზურაბიშვილის განცხადება ქსენოფობიურია და შუღლს აღვივებს
რას ამბობს ზურაბიშვილი ორმაგ მოქალაქეობაზე საკუთარი განცხადების შესახებ
საია ნინოწმინდის საოლქოს ზურაბიშვილის ქსენოფობიური განცხადების შესწავლას სთხოვს
ნინოწმინდის მერი: ’პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის საკითხში დახმარება ვთხოვე’
სალომე ზურაბიშვილი: უცხო ქვეყნის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას არ უნდა იწვევდეს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე
სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობას ხვდება [R]