FM97.5 / LIVE

ადიგენში ბულინგის საქმეში შსს ჩაერთო

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 02.10.2018
ადიგენის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრები მეოთხეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, რომ მეზობელი, მეექვსეკლასელი ბიჭი, მის შვილს მოკვლით ემუქრება. ერთი წლის წინ დაწყებულ კონფლიქტში სოციალური სამსახური და პოლიცია ჩაერთო.

ადიგენში ბულინგის საქმეში შსს ჩაერთო

დედა გვიყვება, რომ მის 9 და 4 წლის ბიჭებს, მეზობლად მცხოვრები 12 წლის ბიჭი მუდმივად შეურაცხყოფას აყენებს, ეზოში თამაშის უფლებას არ აძლევს და მოკვლით ემუქრება: „ჩემს შვილებს ეუბნება, თქვენ ხართ ჭიამაიები, მოვა დრო და ამ ჭიამაიებს დავხოცავო. სკოლაში ერთხელ კიბეზე ფეხი დაუდო და კინაღამ გადმოაგდო ბავშვი. გასულ კვირას შუა თითი უჩვენა, ცუდი სიტყვა უთხრა და ეძახდა მოგკლავო. სკოლის კიბეებთან, ტუალეტთან უსაფრდება, უნდა რომ მარტო მოიგდოს ხელში. ამის გამო ბავშვი ტუალეტში ვეღარ გადის. გარეთ გასვლის ეშინია, უკან თუ ის მოყვება, ნაბიჯებს უჩქარებს და სახლში მორბის“.

„კიბეზე ჩადიოდა პატარა, უკან მივყვებოდი, იმან კარი ოდნავ გააღო და დაუძახა, არ გამოხვიდე ეზოში, თორემ თითებს დაგამტვრევო და ეს ტირილით უკან გამობრუნდა. უკვე სახლში იკეტებიან ბავშვები, გარეთ გასვლა აღარ უნდათ, ამ თემაზე ლაპარაკიც აღიზიანებთ. ძალიან მეშინია, განსაკუთრებით ჩემი 9 წლის ბიჭი ამოიჩემა, ამასწინად ფანჯარის რაფაზე იჯდა და ეზოდან ცუდი სიტყვებით ეძახდა ჩამოდი უნდა გცემოო. რეალური საფრთხეა მისი მხრიდან რომ ბავშვს რაღაცა მოწიოს“.

ადიგენში ბულინგის საქმეში შსს ჩაერთო

ამ შემთხვევებს წინ მშობლების კონფლიქტი უძღოდა. ორსართულიან კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს შორის უთანხმოება, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც მეორე სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა პირველზე მცხოვრებს ხელი არ მოუწერა ნებართვაზე, რომლის მიხედვითაც მას კორპუსში სველი წერტილი უნდა მიეშენებინა.

12 წლის მოზარდი, რომელსაც უმცროსებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, პირველ სართულზე მცხოვრებ ოჯახს სხვა ორ ბავშვთან ერთად მინდობით აღზრდაში ჰყავს.

„რასაც დედა გიყვებათ სიცრუეა, ჩვენი ბავშვების მხრიდან ეგეთი რამ არასდროს ყოფილა. თვითონ ლანძღავს ეს ქალი ჩვენ ბავშვებს, მათი ბიოლოგიური დედის მისამართით ცუდ სიტყვებს იძახის და უფრო მეტიც, ჩვენ 12 წლის ბიჭზე ფიზიკურადაც იძალადეს“, - ამბობს მიმღები ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

მეზობლად მცხოვრებ, მინდობით აღზრდაში მყოფ 12 წლის ბიჭს რომ ყური ნამდვილად აუწია, ამას მეზობელი ბავშვების მამა ჩვენთანაც ჰყვება და გამოძიებასთანაც აღიარებს: „სვარკის აპარატი მომიტანეს და გარაჟში შევიტანე, რომ გამოვბრუნდი გარეთ ვეღარ გამოვედი, ამ 12 წლის ბიჭმა გარაჟის კარები ჩამიკეტა, აბა, რას მიზამო ყვიროდა. რომ გამოვედი ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ყური მართლა ავუწიე“.

საქმეში სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო. მომხდარს ადიგენის რაიონული სამმართველო სსკ–ის 126–ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს: „გამოკითხულია კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე, სულ 6 მოწმე, ასევე, ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“ – გვითხრეს შსს–ში.

კაცი, რომელსაც მეზობლები ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ამბობს რომ მეზობლის 12 წლის ბიჭმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა არაერთხელ სცადა: „სამსახურეობრივი მანქანა გატეხილი შუშის ბოთლით დამიჩხაპნა. ჩემმა მეუღლემ დაინახა, მაგრამ ბავშვმა თქვა მე არ მიქნიაო. ის მას შემდეგ გახდა ჩვენს მიმართ ასეთი აგრესიული, რაც მის აღმზრდელებს მთავარი კედლის გამონგრევაზე და გაფართოებაზე ხელი არ მოვუწერეთ“.

ადიგენში ბულინგის საქმეში შსს ჩაერთო

კონფლიქტის მიზეზებს სხვაგვარად ხედავს ბავშვების მიმღები ოჯახი. მათი თქმით, სამეზობლო დავა არაფერ შუაშია და მათი 12 წლის ბიჭი 9 წლის დას იცავს, რომელსაც მეზობლის ბავშვები დასცინიან. „მათი 9 წლის ბიჭი, რომელიც ჩვენი 9 წლის გოგოს კლასელია, ჩვენს გოგოს დასცინის. გოგონას განვითარების კუთხით ჩამორჩენა აქვს და იმიტომ. ასე დას იცავს ბავშვი და მხოლოდ ესაა მიზეზი“.

სკოლაში, სადაც ბავშვები სწავლობენ, დაცინვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. კლასის დამრიგებელი ჰყვება, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ერთხელ, გასულ წელს მოხდა: „ბავშვებმა მითხრეს რომ 9 წლის ბიჭს 12 წლის ბიჭი ეჩხუბებოდა და ცემით ემუქრებოდა. მაშინ დავიბარე 12 წლის ბიჭი და ვუთხარი, რომ ასე აღარ მოქცეულიყო და აღარ ვიზამ მასწავლებელოო მითხრა“.

დამრიგებელი ამბობს, რომ ამ ფაქტის შემდეგ კლასს დასვენებაზეც კი არ ტოვებს და ბავშვებს ერთმანეთს არიდებს. სკოლის ტერიტორიაზე მომხდარ მხოლოდ ერთი ინცინდენტის ფაქტს გვიდასტურებს სკოლის დირექტორიც, იხსენებს, რომ მაშინ მშობლებიც დაიბარა - „პატარა კამათი ვის არ მოსდის სკოლაში. წერილობით არაფერი შემოსულა, ამიტომ ჩემი რეაგირებაც ზეპირსიტყვიერი იყო. სკოლაში ასი პროცენტით დავიცავ ბავშვებს, მაგრამ მის ფარგლებს გარეთ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ".

ადიგენში ბულინგის საქმეში შსს ჩაერთო

დირექტორის თქმით, მეორე შემთხვევა, გასულ კვირას, სკოლის გარეთ მოხდა: „9 წლის ბიჭმა მითხრა, სკოლაში არა, თითი ქუჩაში კიბეებთან მიჩვენაო“. თუმცა სკოლამ არცერთ შემთხვევაში მიიჩნია საჭიროდ, მომხდარის შესახებ სოციალური სამსახურისთვის ეცნობებინა, - „ამის საჭიროებას რომ ვხედავდე, მოვიყვანდი სოციალური სამსახურის თანამშრომლებს სკოლაში. ასე მეც და ბავშვებიც უფრო დაცულები იქნებოდნენ, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა და რისთვის?!“

სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციისგან განსხვავებულ ფაქტებზე საუბრობენ უფროსი კლასის მოსწავლეები. მათი თქმით, 12 წლის ბიჭი 9 წლისას ხშირად ემუქრება: „ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ ვიცით რომ ჩაგრავს. იმას კი არა დიდები ვართ და სკოლაში რომ გადმოვიდა, ჩვენთანაც ჰქონდა პრობლემები, მერე დირექტორი შემოვიდა და გვითხრა, ხმა არ გასცეთ თორემ სკოლაში პოლიცია მოვაო. არ გვინდა პრობლემები და ვუთმენთ“.

ადიგენში ბულინგის საქმეში შსს ჩაერთო

სკოლის მიდგომას, რომ ის რაც მის პერიმეტრზე არ ხდება სასწავლებელს არ ეხება, ბავშვთა უფლებების დამცველი ანა აბაშიძე არასერიოზულ დამოკიდებულებად აფასებს. მისი თქმით, სკოლა ბულინგის ფაქტზე ორივე შემთხვევაში, ერთნაირად უნდა რეაგირებდეს: „სკოლას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბავშვებს შორის არ არის ძალადობრივი ურთიერთობა? ამას რის საფუძველზე მიიჩნევს? ეს არ უნდა იყოს ვიღაცის შინაგან რწმენაზე დამოკიდებული, ამიტომ ზედმიწევნით უნდა მოხდეს გამოკვლევა ოჯახის წევრებთან, თანაკლასელებთან გასაუბრება, ბავშვის ქცევაზე დაკვირვება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გადაწყვიტოს სკოლამ, რომ არ არის საჭირო სხვა უწყების ჩართვა. ამ შემთხვევაში კი ვერ ვრწმუნდები, რომ სკოლას ეს პროცესი გავლილი აქვს“.

აბაშიძის თქმით, სკოლას უნდა ჰქოდნეს სპეციალური დოკუმენტი თუ როგორ იქცევა ის ბულინგის შემთხვევაში და ყველა მისი ქმედება სწორედ იქ გაწერილი გეგმის მიხედვით უნდა ხორციელდებოდეს: „ვითარება უნდა შეისწავლოს სოციალურმა სამსახურმა და ეს იქნება სკოლის ქმედების ყველაზე კარგი ინდიკატორი – თუ სოციალური სამსახური იტყვის, რომ ჩვენ აქ გასარკვევი არაფერი გვაქვს, ყველაფერი კარგად არისო, მაშინ სკოლა მართალი ყოფილა. მაგრამ თუ სოცილური სამსახური დაინტერესდება მაინც, მაშინ გამოდის, რომ სკოლას მისთვის აუცილებლად უნდა მიემართა. მიუმართაობით კი რეფერირების კანონი დაარღვია“.

სოციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შესწავლას აუცილებლად დაიწყებენ: „9 წლის ბიჭის დედის განცხადება მისი შვილის ჩაგვრასთან დაკავშირებით 28 სექტემბერს, პარასკევს, შემოვიდა. ბუნებრივია, ერთ დღეში ვერ შევისწავლით სიტუაციას“.

ადიგენში ბულინგის საქმეში შსს ჩაერთო

თუმცა, ვიდრე ვითარების შესწავლას სოციალური სამსახურის თანამშრომლები დაიწყებენ ადიგენის რაიონული სამმართველო საქმეში უკვე მეორედ, ოღონდ ამჯერად 9 წლის ბიჭის მიმართ ბულინგის ფაქტების შესწავლის მიზნით ჩაერთო.

„მივმართე სამართალდამცველებს და ჩემი შვილის დაცვა ვთხოვე“, – ამბობს 9 წლის ბიჭის დედა, რომელმაც პოლიციაში განცხადება, გუშინ, პირველ ოქტომბერს დაწერა.

ადიგენის რაიონულ სამმართველოში 9 წლის ბიჭი უკვე გამოკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დამატებით მოწმეებს კიდევ გამოკითხავენ.

„პოლიციის როლი ყველაზე ნაკლებია ამ წუთში, მითუფრო 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან. პოლიცია მაშინ ერთვება, როცა დანაშაულია სახეზე, ბულინგის დროს კი მთავარი რგოლი სკოლა, სოციალური სამსახური და ოჯახია“, – ამბობს ანა აბაშიძე.

სახალახო დამცველის აპარატში კი ფიქრობენ, რომ 9 წლის ბიჭის შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე, მოსალოდნელი საფრთხის გამო, დედამ სოციალურ სამსახურთან ერთად პოლიციასაც უნდა მიმართოს. ამის შესახებ ბავშვის დედას ომბუდსმენის აპარატიდან წერილობით აცნობეს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2018 ‘მეტალოპლასტმასის ფანჯრებზე პასუხისმგებლობას ვიღებ, კედელი სააგენტომ ამოაშენა’ – მონასტრის წინამძღვარი

22.10.2018 ‘სოფელი დაიცლება’ – ზიკილიელები დაგეგმილი ელექტროგადამცემის მშენებლობაზე

22.10.2018 ახალციხეში საქალაქო ტარნსპორტის დამატებას ითხოვენ [Video]

22.10.2018 ახალციხეში მოსწავლეებისთვის იმიტირებული არჩევნები გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენში ბულინგის საქმეში შსს–მ  სოციალური სამსახური ჩართო
ადიგენში ბულინგის საქმეს  სკოლის დისციპლინარული კომიტეტი შეისწავლის
დედა შვილის ბულინგის გამო განათლების სამინისტროსა და ომბუდსმენს რეაგირებას სთხოვს
ახალციხეში დედას ხუთი წლის შვილის ცემისთვის ასამართლებენ [Video]
მშობელი: ‘აპარატი ღია ინკასატორს დარჩა, ბავშვებს ფული არ მოუპარიათ’
ახალციხის მეხუთე  სკოლაში მასწავლებელს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ
ავარიისას დაშავებული ცხრა წლის ბიჭი საავადმყოფოდან გამოწერეს