FM97.5 / LIVE

შეგზავნილი თუ მოტყუებული

მთავარიპოლიტიკა 28.05.2012
კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შეგზავნილი ინფორმატორი, თუ “ქართული ოცნებისგან” მოტყუებული მურადაშვილი; რა მოხდა ასპინძის შტაბში

შეგზავნილი თუ მოტყუებული

22 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასპინძის პოლიციის თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული გელა მურადაშვილი დააკავეს. მურადაშვილს პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ასპინძის შტაბის ხელმძღვანელის, ტარიელ ივანიშვილის ცემა ედება ბრალად.

- “გამოძიებიდან დადგინდა, რომ ივანიშვილი მურადაშვილს პოლიტიკური დავალებების შესრულების სანაცვლოდ გააწევრიანებდა და სამსახურს შესთავაზებდა პოლიტიკურ კოალიცია “ქართულ ოცნებაში”. სადაც, მურადაშვილს ექნებოდა მაღალი ანაზღაურება, - ამბობს დეტექტივი გიორგი ბუხრაშვილი - გარკვეული პერიოდის შემდეგ ივანიშვილმა უარი განუცხადა მურადაშვილს, მის მიერ მიცემული პირობის შესრულებაზე. რის გამოც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. ამიტომ მურადაშვილი, საქმის გასარკვევად მივიდა ოფისში ტარეილ ივანიშვილთან, რა დროსაც ბრალდებულმა მურადაშვილმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს”.

ყველაფერი კი უფრო შორიდან დაიწყო.

იმ დროს, როცა “ქართული ოცნება” ოფისისთვის საქირავებლად ბინას ეძებდა, ტარიელ ივანიშვილი ასპინძის შტაბის უფროსად ოფიციალურად დანიშნული არ იყო. თუმცა, მისი სურვილი კოალიციაში გაწევრიანების შესახებ გაცხადებული იყო. შემდგომში, 6 აპრილს, შტაბის გახსნაზე ეს ხმამაღლაც ითქვა. ივანიშვილი შტაბის ხელმძღვანელად ოფიციალურად 18 აპრილს დაინიშნა, მანმადე იგი სამშენებლო კომპანია შპს “ბურჯის” მშენებელ-ინჟინერი იყო.

ივანიშვილის თქმით, ისე როგორც მთელ საქართველოში, ასპინძაშიც ხელისუფლების მხრიდან შტაბის გახსნის გამო ზეწოლა ხორციელდებოდა. გამქირავებლებთან მოლაპარაკებებს იმ ფირმის წარმომადგენლები აწარმოებდნენ, რომლებიც “ქართული ოცნებისთვის” ოფისებს ქვეყნის მასშტაბით ქირაობენ. ერთ-ერთი ასეთი მოლაპარაკება გელა მურადაშვილის ოჯახთან ჰქონდათ. მურადაშვილს “ქართული ოცნებისთვის” ასპინძის ცენტრში, მესხეთის რვა ნომერში მდებარე ბინა უნდა მიექირავებინა. ბინა მურადაშვილის ძმის საკუთრებაა, თუმცა მოლაპარაკებებს დამქირავებელ ფირმასთან ბრალდებული აწარმოებდა.

- “ბინის ფოტოები აჩვენა ამ ფირმის წარმომადგენლებს და მოეწონათ. მაგრამ კორპუსის პირველ სართულზე ბინას კარი იმ მხარეს ჰქონდა გაჭრილი, სადაც არ უნდა ჰქონდეს, ასევე მიშენებული აქვს ღია აივანი, - ამბობს ივანიშვილი - როცა იკითხეს, იყო თუ არა ეს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული, უარყოფითი პასუხი მიიღეს. მსგავსი ნებართვა მიშენებაზე გაცემული არაა”.

დამქირავებლებმა მურადაშვილს ორი კვირა მისცეს ვადა, რომ ეს საკითხი საჯარო რეესტრში ოფიციალურად მოეწესრიგებინა. მოლაპარაკება დაქირავების შესახებ, მხოლოდ ამის შემდეგ შედგებოდა.

- “წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კი “ქართული ოცნება” აქ შევიდოდა, მოვიდოდნენ და მოგვთხოვდნენ მოშენებულის მონგრევასა და უკანონოდ გაჭრილი კარის საჭირო ადგილზე გადმოტანას”, - აცხადებს ივანიშვილი.

თუმცა, მისივე თქმით, მურადაშვილმა მიშენებული ფართი ოფიციალურად ვერ დაიკანონა: “საჯარო რეესტრი არ მიმტკიცებსო, მეზობლებმა ხელი მოაწერეს ნებართვაზე, მაგრამ მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა განიხილოს სხდომაზე. ამიტომ ბინა როგორცაა, ასე იქირავეთო”.

ამაზე მურადაშვილმა უარი მიიღო. ამის შემდეგ იგი ტარიელ ივანიშვილს შტაბის გახსნაზე შეხვდა. “ქართულმა ოცნებამ” ფართი მარჯანიშვილის სამ ნომერში იქირავა. ქირავნობის ხელშეკრულება მედია ცაგარეიშვილის ბინის თაობაზე გაფორმდა.

როგორც ივანიშვილი აცხადებს, შტაბის გახსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ მასთან მივიდა მურადაშვილი და ჰკითხა, რა სამსახურს შესთავაზებდა სამუშაოდ ოფისში: “ვუთხარი, რომ არაფრის შეთავაზება არ შემეძლო, რადგან ჯერ ოფისში არანაირი სამუშაო არ იყო და თუ რაიმე თანამდებობა იქნებოდა, მის კანდიდატურას კოალიციის სხვა წევრებთან ერთად განვიხილავდი”.

გელა მურადაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომელია, მას აღნიშნულ სამსახურში ადმინისტრატორის თანამდებობა უკავია. ივანიშვილს პირდებოდა, რომ თუ “ქართულ ოცნებაში” დაასაქმებდა, მაშინ სამსახურს დატოვებდა, რადგან აქ დაბალი ხელფასი, 100 ლარი ჰქონდა. ივანიშვილმა მურადაშვილს სამსახუში დარჩენა ურჩია.

ამის შემდეგ მურადაშვილი შტაბში ისევ გამოჩნდა. ივანიშვილი მისმა აქტიურობამ დააეჭვა.

- “მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმებულები არ არინ, გულით უნდათ ჩვენთან მოსვლა, მაგრამ საყოველთაო შიშის სინდრომი, ისე როგორც მთელ საქართველოში, აქაც გავრცელებულია; ვინც ჩვენთან მოდის, მის ახლობლებსა და ნათესავებს სამსახურიდან ათავისუფლებენ და ამ დროს მურადაშვილი საჯარო სამსახურის თანამშრომელია და თან “ოცნებაში” დასაქმებას იხვეწება?! - კითხულობს ივანიშვილი და ამატებს, რომ სწორედ ამის გამო გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მურადაშვილს სხვა რამ ამოძრავებდა – ის ასრულებდა ხელისუფლების დაკვეთას, ვერ მოგახსენებთ კონკრეტულად ვისას, მაგრამ მურადაშვილს დავალებული ჰქონდა შტაბიდან ინფორმაცია გაეტანა”.

ინციდენტიდან სამი კვირით ადრე, დაახლოებით ღამის 11 საათისთვის, მაშინ, როცა ტარიელ ივანიშვილი ერთ-ერთ სოფელში სამსახურეობრივ საქმეზე იყო წასული, მას მურადაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა და დაინტერესდა, სად იყო იმ წუთში ივანიშვილი, თან დაუმატა, რომ სასწრაფოდ უნდოდა მისი ნახვა. ივანიშვილმა უპასუხა, რომ ვერ შეხვდებოდა და მეორე დღეს შტაბში შეეძლო ენახა. მომავალი ორი დღის განმავლობაში მურადაშვილი ივანიშვილის სანახავად შტაბში არ მისულა.

ერთი კვირის შემდეგ, სიტუაცია განმეორდა. ღამით ერთ-ერთ სოფელში, კვალავ სამსახურეობრივ საქმეზე გასულ ივანიშვილს მურადაშვილმა დაურეკა და იგივე გაუმეორა. გაღიზიანებულმა ივანიშვილმა უპასუხა, რომ მეორე დღეს მასთან შტაბში აუცილებლად მისულიყო.

შეხვედრისას ივანიშვილს მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი პაატა ქავთარაძე ახლდა.

- “მურადაშვილს ვუთხარი, რომ სხვის დაკვეთას ასრულებდა და ეს არ უნდა გაეკეთებინა, სჯობდა ღირსეულ კაცად დარჩენილიყო. ვუთხარი, რომ შემოგზავნილი ინფორმატორია. თვითონ კი მიმტკიცებდა, რომ პატიოსანია, - გვიყვება ივანიშვილი – სწორედ ამ დროს შევთავაზე, რომ “კარდაკარში” ჩავრთავდი, მაგრამ ეს არ სურდა, უნდოდა ოფისში ემუშავა. თან იმაზე გაღიზიანდა, რომ ინფორმატორი ქავთარაძის თანდასწრებით ვუწოდე. ქავთარაძის შვილთან მეგობრობს და მითხრა, რომ მეგობრის მამის თანდასწრებით ეს არ უნდა მეთქვა, რადგან ამის დადასტურება არ შემეძლო”.

ივანიშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა: “ჩათვალეს, რომ ამოწურული რესურსი, რომელმაც ვერ ივარგა როგორც ინფორმატორმა, ბოლომდე გამოეყენებინათ”.

იმ საღამოს, როცა ინციდენტი მოხდა, ივანიშვილი თბილისიდან ასპინძაში გვიან დაბრუნდა. როგორც ამბობს, საქმე ჰქონდა და რადგან შტაბში მოსასვენებელი ოთახია, დარჩენა გადაწყვიტა. არ ეძინა, როცა ეზოში ჩოჩქოლი შემოესმა. სანამ ტანსაცმელი ჩაიცვა და გარეთ გავიდა, მურადაშვილი იმ ძმასთან ერთად, რომლის ბინის ქირაობასაც აპირებდნენ, აივანზე იყო და ოფისის კარში შემოვარდნას ცდილობდა. ივანიშვილს პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მის ცემას ცდილობდნენ.

- “სამი მუჯლუგუნი მითავაზეს. ჩხუბის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ მე ჩამშვები ვუწოდე. ვცდილობდი თავი დამეცვა და ყურადღებას იმაზე ვამახვილებდი, რომ ხელში ბასრი იარაღი არ სჭეროდათ და არ დავეჭერი. როგორც იქნა მოვახერხე მათი აივანზე გაყვანა. ჩხუბში მურადაშვილს პერანგი შემოეხა, წასვლისას ნაგლეჯები აკრიფა და თქვა რომ კვალი არ უნდა დაეტოვებინა”, - გვიამბობს ივანიშვილი.

დაზარალებულის ზარზე პოლიცია სწრაფადვე მივიდა.

- “მურადაშვილი რამდენჯერმეა შემჩნეული მშობლებზე ფიზიკურ ძალადობაში, ასევე, 1996 წელს ყაჩაღობისთვისაა ნასამართლევი. დღეს ის არის მართვადი კრიმინალი და იმისთვის გამოიყენებენ, რაშიც დასჭირდებათ”, - აცხადებს შტაბის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, მურადაშვილი უკვე გაათავისუფლეს: “დაბაში დაუნახავთ მეზობლებს, 2000 ლარი გადაუხდია ჯარიმა”.

“სამხრეთის კარიბჭემ” მურადაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ნახვა 25 მაისს, საღამოს სცადა. მის საცხოვრებელ ბინაზე ორჯერ მივედით, თუმცა, შინ არავინ დაგვხვდა.

ბრალდებულის თანამშრომლების თქმით, მათ მურადაშვილის სურვილის შესახებ, რომ “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა უნდოდა, არაფერი იციან.

- “პოლიტიკური თამაშებისგან შორს ვართ. გელა ძალიან კარგი ადამიანია და გაგვიკვირდა, ის რაც მოხდა. სამსახურში თავის საქმეს აკეთებდა და ამის შემდეგ რითი იყო დაკავებული, ნამდვილად არ ვიცით”, - ამბობს ასპინძის კულტურის ცენტრის მენეჯერი თამაზ მელიქიძე.

იმის შესახებ, გასამართლების შემდეგაც მუშაობს თუ არა მურადაშვილი კულტურის ცენტრში, ან იყო თუ არა ინფორმირებული სამსახურის უფროსი, რომ მის თანამშრომელს “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანება სურდა, დაკავშირება ასპინძის კულტურის ცენტრის უფროსთან ჯაბა ასპანიძესთან ვცადეთ, თუმცა ინტერვიუს შეთანხმებიდან სამ წუთში იგი “სამხრეთის კარიბჭეს” დაემალა.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს-მ „ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის წევრის ცემაში ბრალდებული დააკავა
“ქართული ოცნება“ ჯერ დუმს
ბიძინა ივანიშვილი 'ქართული ოცნების' თავმჯდომარე იქნება
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 24 ნოემბერს განაცხადებს
სამ საათზე მეტია “ქართული ოცნების” აქტივისტი დაკითხვაზე იმყოფება
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის
დაპირისპირება ადგილობრივებსა და „ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის